ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა
ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა Hrvatska Republika Herceg-Bosna | ||||||
შეუერთდა ბოსნიის რესპუბლიკას | ||||||
| ||||||
| ||||||
სიტუაცია ბოსნიაში 1994 წელს
| ||||||
დედაქალაქი | მოსტარი | |||||
ენები | სერბოხორვატული ენა | |||||
რელიგია | სეკულარული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
პრეზიდენტი | ||||||
- | 1992–1993 | მათე ბობანი | ||||
- | 1993–1994 | კრეშიმირ ზუბაკი | ||||
ისტორიული ერა | იუგოსლავიის დაშლა | |||||
- | გამოცხადდა | 27 აპრილი 1992 | ||||
- | გრაცის შეთანხმება | 6 მაისი 1992 | ||||
- | ხორვატებისა და ბოსნიელების კონფლიქტი | 17 ივნისი 1994 | ||||
- | ვაშინგტონის შეთანხმება | 18 მარტი 1994 | ||||
ვალუტა | ხორვატული დინარი | |||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა (ხორ. Hrvatska Republika Herceg-Bosna; ასევე ხორ. Hrvatska Zajednica Herceg-Bosna ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა ერთობა) — ბოსნიელ ხორვატთა სეპარატისტული წარმონაქმნი, რომელიც არსებობდა 1992 წლიდან 1994 წლამდე ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე. ამ რესპუბლიკის წარმომადგენლების განცხადებით, იგი წარმოადგენდა განსხვავებულ პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ მთლიანობას ბოსნიაში.[1] მეორე მხრივ, ხორვატების მტკიცებით, ჰერცეგ-ბოსნიას არასდროს გამოუცხადებია ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკიდან გამოყოფა, ან დაუსახავს ასეთი მიზანი რომელიმე ოფიციალურ განცხადებაში და იგი ყოველთვის ცნობდა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის სუვერენიტეტს.[2] თუმცა ჰააგის ტრიბუნალის გამოძიებამ დაასკვნა, რომ ჰერცეგ-ბოსნია სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ბოსნიის ხორვატებით დასახლებული ტერიტორიები გამოყოფოდა შემდგომში ხორვატიასთან შეერთების მიზნით.[3] ეს მიზნები, ასევე მხარდაჭერილი ხორვატიის რესპუბლიკის მხრივ, დამატებით დასტურდება იმითაც, რომ ხორვატია საშუალებას აძლევდა ამ წარმონაქმნს გამოეყენებინა ხორვატულ ვალუტა და ხორვატული პასპორტები.[1] ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა ერთობა უკანონო ორგანიზაციად გამოაცხადა 1992 წლის 14 სექტემბერს.[1] წარმონაქმნმა ოფიციალურად არსებობა შეწყვიტა 1994 წელს, როდესაც იგი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციას შეუერთდა ვაშინგტონის შეთანხმების საფუძველზე ხორვატიასა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკას შორის. რესპუბლიკის ოფიციალურ დედაქალაქს წარმოადგენდა მოსტარი, მაგრამ რადგან მოსტარი საომარი ზონა იყო (აღმოსავლეთ მოსტარი ომის დასასრულამდე ბოსნიის არმიის კონტროლქვეშ იყო), ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობდა ქალაქ გრუდეში.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი ჰერცეგ-ბოსნია მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მას ზოგიერთი ბოსნიელი იყენებდა მთელი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიის აღსანიშნავად. მაგალითად ჰამდია კრეშევლაკოვიჩი, ვლადკო მაჩეკი, იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I კარაჯორჯევიჩი.
90-იანების დასაწყისში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება (ხორ. Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH) იყენებდა ამ ტერმინს იგივე მნიშვნელობით. ჰერცეგ-ბოსნიის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ კი მან უკვე კონკრეტული მნიშვნელობა შეიძინა. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციის ერთ-ერთი კანტონი ატარებდა სახელს ჰერცეგ-ბოსნია, მაგრამ 1997 წელს ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სახელი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ცნო და ამ კანტონს უბრალოდ მეათე კანტონი ეწოდა.[4]
იუგოსლავიის დაშლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუგოსლავიის დაშლის პროცესის დასაწყისში, როცა ნაციონალისტური ძალები გააქტიურდნენ და მოახერხეს არჩევნებში გამარჯვებაც, ბოსნიაში გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა – დემოკრატიული მოქმედების პარტია (ბოსნ. Stranka demokratske akcije; SDA), რომელსაც ბოსნიელი ალია იზეთბეგოვიჩი ედგა სათავეში, სერბთა დემოკრატიული პარტია (სერბ. Српска демократска Странка; СДС) რომლის ლიდერი იყო რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება (ხორ. Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH), სტეპან კლუიჩით სათავეში. სამივე მათგანი ანტიკომუნისტი იყო და იდევნებოდა დისიდენტობისთვის იუგოსლავიის პერიოდში, თუმცა კარაჯიჩს, ისევე როგორც ბოსნიელ სერბთა დიდ ნაწილს, სურდა იუგოსლავიის შენარჩუნება, სადაც დომინანტი სერბეთი იყო. იზეთბეგოვიჩი კი პირიქით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარჩენილიყო იუგოსლავიის ნაწილად, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხორვატია და სლოვენია, რომლებიც მეტ–ნაკლებად აბალანსებდნენ სერბეთის გავლენას, გამოეყვნენ ფედერაციას. კლუიჩი მხარს უჭერდა იზეთბეგოვიჩის მთავრობას, თუმცა ბოსნიის ხორვატთა უმეტესობას ხორვატიასთან შეერთება სურდა, რასაც მხარს უჭერდა ხორვატიის პრეზიდენტი ტუჯმანიც.
ტუჯმანისა და გოიკო შუშაკის ძალისხმევით ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანებაში დაწინაურდნენ რადიკალური პოზიციის მქონე ლიდერები – მათე ბობანი, დარიო კორდიჩი, მარიო ჩერქეზი და სხვები. ტუჯმანი ყველანაირად უჭერდა მხარს ბოსნიელი ხორვატების რადიკალიზაციას, მათ სეპარატისტულ მისწრაფებებს და ბოსნიის ხორვატული მხარეების ეთნიკურ წმენდას არახორვატებისგან.[5][6]
კარაჯორჯევოს შეთანხმება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტუჯმანსა და ჯერ კიდევ იუგოსლავიის პრეზიდენტ მილოშევიჩს შორის 1991 წლის 25 მარტს კარაჯორჯევოს ნაკრძალში მომხდარი შეხვედრის დროს, მოხდა შეთანხმება იუგოსლავიის გადანაწილების გეგმაზე. ამ გეგმის თანახმად, სერბეთისა და ხორვატიის საზღვრები გადაიხედებოდა ეთნიკური საზღვრების გასწვრივ იმგვარად, რომ სერბებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები ხორვატიაში სერბეთის შემადგენლობაში შევიდოდა, ხოლო ხორვატია მიიღებდა ბოსნიას მდინარე ნერეტვამდე, სადაც ძირითადად ხორვატები ცხოვრობდნენ. დანარჩენი ბოსნია სერბეთის კუთვნილება გახდებოდა. ზუსტი დეტალები უცნობია, რადგან ხრვოიე შარინიჩის, იმჟამად პრეზიდენტ ტუჯმანის მრჩევლის თქმით, პრეზიდენტები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ განმარტოებით.[7]
ხორვატიის ომის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხორვატიის ომის დაწყებისას ბოსნიის ხორვატები ბოსნიელების მხარდაჭერით წინააღმდეგობას უწევდნენ ფედერალურ არმიას, ცდილობდნენ მათი ქვედანაყოფების ბლოკირებას ხორვატიისკენ მიმავალ გზებზე. 1991 წლის 20 სექტემბერს იუგოსლავიის სახალხო არმიამ ვუკოვარის ფრონტზე დამატებითი ძალები გადაისროლა ჩრდილო–აღმოსავლეთ ბოსნიის გავლით. ადგილობრივმა ბოსნიელებმა და ხორვატებმა ბარიკადები აღმართეს და კოლონა, რომელიც 60 ტანკისგან შედგებოდა, შეაჩერეს. ძალის გამოყენებით კოლონამ მაინც შეძლო გავლა მეორე დღეს. ხუთი დღის შემდეგ არმიის არტილერიამ დაბომბა ხორვატული სოფელი რავნო აღმოსავლეთ ბოსნიაში, რომელიც აყოვნებდა დუბროვნიკისკენ მიმავალ სამხედრო ნაწილებს.[8]
ხორვატული სეპარატიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლის 12 ნოემბერს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანების რადიკალურმა ფრთამ მიიღო მანიფესტი, რომლის თანახმად, ბოსნიის ხორვატებს უნდა ემოქმედათ, რომ აესრულებინათ ხორვატი ხალხის საუკუნოვანი ოცნება — ერთიან ხორვატულ სახელმწიფოში ცხოვრება.[3][9]
1991 წლის 18 ნოემბერს მათე ბობანმა და დარიო კორდიჩმა შექმნეს ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა ერთობა, როგორც განსხვავებული პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და ტერიტორიული მთლიანობა ბოსნიის ტერიტორიაზე. ჰააგის ტრიბუნალის დასკვნით, მათ სურდათ ამ მთლიანობის გაწმენდა არახორვატებისგან და ამის მისაღწევად უკან სამხედრო დანაშაულებზეც არ დაუხევიათ.[10][11]
1992 იანვარში ტუჯმანის მითითებით ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანების რადიკალურმა ფრთამ დაიწყო მიზეზების ძიება, რომ სტეპან კლუიჩი პარტიის ლიდერობიდან გადაეყენებინათ, რადგან იგი ბოსნიელებთან თანამშრომლობის მომხრე იყო და მის მაგიერ მოეყვანათ მათე ბობანი, რომელიც კარაჯორჯევოს შეთანხმების თანახმად, ბოსნიის ხორვატული ტერიტორიების ხორვატიასთან შეერთების მომხრე იყო.[8] 1992 წლის 9 იანვარს სერბები აცხადებენ სერბთა რესპუბლიკას. მათი განცხადებით, ბოსნიელ სერბთა უმცირესობაში ყოფნა მეორე მსოფლიო ომის დროს უსტაშების მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგი იყო, ხოლო ისინი ამგვარი გენოციდის გამეორებას არ დაუშვებდნენ. სერბთა პოზიციის დასაძლევად ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალია იზეთბეგოვიჩმა დანიშნა საყოველთაო რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. რეფერენდუმი 1992 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს ჩატარდა. სერბებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ რეფერენდუმზე ბოსნიის მოსახლეობის 64% გამოცხადდა, მათმა 93%–მა კი ხმა მისცა ბოსნიის დამოუკიდებლობას.[12]
ბოსნიის დამოუკიდებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წლის 3 მარტს, ცხადდება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.[13] ამ დროს სარაევო დაყოფილია ეთნიკური ნიშნით და მიმდინარეობს სისხლიანი დაპირისპირება – 1992 წლის 1 მარტს სერბული ქორწილის დროს მექორწილეებმა სერბული დროშით გაიარეს ბაშჩარშიას ბაზართან. შეიარაღებულმა პირებმა ისინი გააჩერეს და მოსთხოვეს დროშის ჩამოხსნა. შელაპარაკება სროლაში გადაიზარდა, რასაც ნეფის მამა, ნიკოლა გარდოვიჩი (რომელსაც დროშა ეკავა) ემსხვერპლა.[14] სერბული ცნობებით, მკვლელობა ჩაიდინეს მწვანე ბერეტების ოთხმა მებრძოლმა – მუჰამმად შვრაკიჩმა (მწვანე ბერეტების ფორმირების მეთაურის, ემინ შვრაკიჩის ვაჟი), სუად შაბანოვიჩმა, ტაიბ ტორლაკიჩმა და რამიზ დელალიჩმა.[15] მეორე დღეს სერბული ფორმირებები იკავებენ სერბულ უბნებს და აწყობენ ბლოკპოსტებს, ხოლო მათი ნაწილი ცდილობს ბოსნიის პარლამენტის შენობის ბლოკირებას, თუმცა სარაევოს ათასობით მცხოვრები ახერხებს მათ განეიტრალებას. შეტაკებებში ოთხი ადამიანი დაიღუპა.[13]
ომისწინა კრიზისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იზეთბეგოვიჩმა მოითხოვა გაეროს ჯარების შეყვანა ქვეყანაში, რადგან მის ხელთ აღმოჩნდა მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული ტერიტორიული თავდაცვის ძალები, რომლებსაც იუგოსლავიაზე საგარეო აგრესიის დროს პარტიზანული ბრძოლა უნდა ეწარმოებინათ, ხოლო იუგოსლავიის სახალხო არმიის მთავარი შტაბი ბელგრადში იმყოფებოდა. ისინი მხარს უჭერდნენ სერბთა გამოყოფას ბოსნიიდან და მათ დასახმარებლად შემდეგი მოიმოქმედეს – ბოსნიაში მყოფი სამხედრო ნაწილები ბოსნიელი სერბებით შეავსეს, ამგვარად ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკამ მიიღო აბსოლუტური სამხედრო უპირატესობა როგორც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიასა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებზე, ასევე ხორვატთა ადგილობრივ ფორმირებებზე. იარაღის ემბარგო[16], რომელიც ბოსნიას დაუწესდა, რეალურად სწორედ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიას აზარალებდა, რადგან სერბები და ხორვატები ახერხებდნენ იარაღის შემოტანას თავისი მხარდამჭერი ქვეყნებიდან – სერბეთიდან და ხორვატიიდან.
ბრძოლები და შეტაკებები მთელი ბოსნიის ტერიტორიაზე ხდებოდა. 1992 წლის 25–26 მარტს სიეკოვაცში, ხორვატიის საზღვართან მოკლეს 12 სერბი სამოქალაქო პირი, თუმცა მათი მიზანმიმართული დახოცვა არ დადასტურდა, თვითმხილველების (მათ შორის სერბების) განცხადებით, ისინი სროლაში მოყვნენ, ან იარაღს ატარებდნენ.[17]
სერბულ ფორმირებებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებები მოხდა ცაპლინასთან 7 მარტს, ბოსანსკი ბროდში 15–24 მარტს და გორაჟდესთან 15 მარტს, არმიის არტილერიამ დაბომბა ნეუმი 19 მარტს, ხოლო მარტის ბოლოს სერბებმა დაიკავეს ბიელინა, სადაც სერბ მოხალისეთა გვარდიის შენაერთებმა ჩაატარეს ეთნოწმენდა – ადგილობრივი ბოსნიელები აიძულეს ქალაქი დაეტოვებინათ.[18]
3 აპრილიდან 11 აპრილამდე ბოსნიის ხორვატულ ქალაქ კუპრესთან მიმდინარეობდა ბრძოლა ბოსნიელ ხორვატ მებრძოლებსა და იუგოსლავიის არმიას (ბოსნიელ სერბთა მხარდაჭერით) შორის. ბოსნიელ ხორვატებს სურდათ დახმარებოდნენ თავის თანამემამულეებს, რომლებიც კნინის კრაინაში სერბ სეპარატისტებს ებრძოდნენ და მოეხდინათ მათი ბლოკირება. ბრძოლა იუგოსლავიის არმიის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ბრძოლას ორივე მხრიდან 200–ზე მეტი ადამიანი შეეწირა.[8]
ბოსნიის ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოსნიის ომის დაწყებიდან ორ დღეში, 1992 წლის 8 აპრილს ჰერცეგ-ბოსნიის ხელმძღვანელობამ შექმნა თავისი შეიარაღებული ორგანიზაცია – ხორვატთა თავდაცვის ვეჩე. ბოსნიის ხორვატებს ასევე ჰქონდათ მეორე სამხედრო ორგანიზაცია – ხორვატთა თავდაცვის ძალები, რომელსაც ბლაჟ კრალევიჩი ედგა სათავეში. კრალევიჩი ზომიერ პოლიტიკას ემხრობოდა და არ იზიარებდა ხორვატ სეპარატისტთა მიზნებს. ბოსნიის ომის დროს ვეჩეს მებრძოლები იკავებდნენ ჰერცეგ-ბოსნიის ტერიტორიად მიჩნეულ მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ ბოსნიელ ლიდერებს აძევებდნენ, დაამყარეს კონტროლი რადიო- და ტელესადგურებზე, საიდანაც გადასცემდნენ ხორვატულ პროპაგანდას, ხორვატული სიმბოლიკა და ვალუტა იქნა შემოღებული მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მრავალ ბოსნიელი და სერბი გაათავისუფლეს სახელმწიფო სამსახურიდან ან წაართვეს კერძო ბიზნესი. ჰუმანიტარული დახმარება არახორვატების საზიანოდ ნაწილდებოდა. ბევრი არახორვატი დაპატიმრებული და გადაყვანილი იქნა საკონცენტრაციო ბანაკებში – ჰელიოდრომში, დრეტელში, გაბელაში, ვოინოში, სუნეში და სხვაგან.[3][11]
გრაცის შეთანხმება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წლის 6 მაისს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი და ბობანი ხვდებიან ერთმანეთს გრაცში, სადაც თანხმდებიან გაიყონ ბოსნია და ჰერცეგოვინა. ხორვატულ და სერბულ ნაწილებს შორის რჩებოდა მცირე ბუფერი, რომელსაც "ალიას საფაშო" უწოდეს. შეთანხმების მიხედვით, ბოსნიელების კონცენტრაცია აქ უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც სერბები და ხორვატები თავის ტერიტორიებს გაწმენდდნენ მათგან.[19] შეხვედრაზე ბობანმა განაცხადა: "სერბები ჩვენი ძმები არიან ქრისტეში, ხოლო მუსლიმები კი – არაფერი! გარდა იმისა რომ ასწლეულების განმავლობაში აუპატიურებდნენ ჩვენს დედებსა და დებს!" კარაჯიჩმა კვერი დაუკრა მას და განაცხადა: "ხორვატებსა და სერბებს გასაყოფი არაფერი აქვთ, 1918 წლამდე ჩვენ არასდროს გვქონია კონფლიქტი. როდესაც ჩვენი ტერიტორიების გამიჯვნა მოხდება, ჩვენ აღარასდროს გვექნება კონფლიქტი."[20]
შეთანხმებამ ორად გაყო ბოსნიის ხორვატები – ნაწილი მხარს უჭერდა ბოსნიის ერთობას, ხოლო დიდი ნაწილი ემხრობოდა გრაცის შეთანხმებას. ბოსნიის ერთობის მომხრე ხორვატთა ლიდერები: ბლაჟ კრალევიჩი, სტეპან კლუიჩი, ტომისლავ დრეტარი ბობანმა მიზანში ამოიღო. 1992 წლის 9 აგვისტოს მისმა მომხრეებმა მოლაპარაკების საფარქვეშ მოიწვიეს ბლაჟ კრალევიჩი და გზაში მოკლეს, მისი ორგანიზაცია დაიშალა, მისი მეომრების ნაწილი ბოსნიის არმიას შეუერთდა, ნაწილი კი – ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს.[21] დრეტარი რამდენიმე მკვლელობის მცდელობას გადაურჩა და შეუერთდა ბოსნიელების ბიჰაჩის გარნიზონს. კლუიჩი სარაევოში იმყოფებოდა და მასზე თავდასხმის ორგანიზება ბობანის ხალხმა ვერ მოახერხა.[22]
ლაშვას ხეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხორვატები თანდათანობით გადავიდნენ იგივე ტაქტიკაზე, რაზეც სერბები. 1992 წლის ოქტომბერში ხორვატები თავს დაესხნენ ქალაქ პროზორს, გადაწვეს ბოსნიელთა სახლები და აიძულეს ბოსნიელები დაეტოვებინათ იგი.
ცენტრალურ ბოსნიაში ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ სცადა ნოვი ტრავნიკისა და გორნი ვაკუფის აღება, თუმცა ბოსნიელთა წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შეძლეს. ეს ორივე ქალაქი მნიშვნელოვანი იყო მათთვის, რადგან მათი სეპარატისტული წარმონაქმნის ორ ძირითად ნაწილს – ლაშვის ხეობასა და ჰერცეგოვინას შორის მდებარეობდა.
1993 10 იანვარს ხორვატთა ძალების ადგილობრივმა ლიდერმა, ლუკა შეკერიამ მოითხოვა პოლკოვნიკ ტიხომირ ბლაშკიჩისა და ჰერცეგ–ბოსნიის პრემიერ–მინისტრ დარიო კორდიჩისგან ნაღმმტყორცნის ჭურვები, ხოლო მეორე დღეს ხორვატები შეეცადნენ ბოსნიის რესპუბლიკის არმიის შტაბის აფეთქებას გორნი ვაკუფში. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ქალაქში ატყდა სროლები, ხოლო ღამით ქალაქი ხორვატთა არტილერიამ და ნაღმმტყორცნებმა დაბომბეს.[3]
ხორვატების განცხადებით, გორნი ვაკუფში თავს აფარებდნენ ელ-მუჯაჰიდის რაზმის მეომრები, მაგრამ გაეროს სამშვიდობო ძალების ბრიტანულმა ბატალიონმა, რომელიც გორნი ვაკუფში იყო განლაგებული, უარყო იქ მუჯაჰიდების ყოფნა. ხორვატებმა ბოსნიის არმიას მოსთხოვეს იარაღის დაყრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქის მიწასთან გასწორებით დაიმუქრნენ. ბოსნიის არმიამ მოთხოვნა უარყო და ხორვატებმა საარტილერიო დაბომბვის შემდეგ რამდენიმეჯერ სცადეს ქალაქი აღება, მაგრამ წარუმატებლად. მათ დაიკავეს გორნი ვაკუფის გარშემო მყოფი ბოსნიელების სოფლები – ბისტრიცა, უზრიჩე, დუშა, ჟდრიმცი, ჰრასნიცა. ამ სოფლებში მათ დახოცეს ბოსნიელები, გადარჩენილები ზოგი დაატყვევეს და ტყვეთა ბანაკებში გადაიყვანეს, ზოგი კი აიძულეს დაეტოვებინათ საცხოვრებლები.[3]
1993 წლის 13 აპრილს ელ-მუჯაჰიდის მეომრებმა, რომლებიც ზენიცასთან ახლოს იყვნენ განლაგებული, ტყვეებში გადაცვლის მიზნით მოიტაცეს რამდენიმე ხორვატი ოფიცერი – თავდაცვის ვეჩეს ბრიგადის მეთაურის მოადგილე სამ თანხმლებ ოფიცერთან ერთად, ხოლო 15 აპრილს ვეჩეს სამხედრო პოლიციის უფროსი ჟივკო ტოტიჩი.[23]
ხორვატებმა განაახლეს იერიში ბოსნიურ პოზიციებზე, დაიკავეს მდინარე ლაშვას ხეობაში მდებარე ბოსნიელთა სოფლები და ქალაქები: ბუსოვაჩა, აჰმიჩი, კრუშჩიცა, ლონჩარი, მერდანი, პუტიში და სხვები. წმენდის მეთოდიკა სერბების ანალოგიური იყო – დასახლების დაკავების შემდეგ რამდენიმე ბოსნიელს კლავდნენ, დანარჩენებს კი აძევებდნენ და ატყვევებდნენ,[24][25] დატყვევებულები გადაჰყავდათ ჯერ ადგილობრივ ბანაკებში კაონიკთან და ვიტეზთან, შემდეგ კი დიდ ბანაკებში ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე, როგორებიც იყო ჰელიოდრომი, დრეტელი, ჩელებიჩი და სხვა. მამაკაცების მკვლელობა და ქალებზე ძალადობა აქაც ხდებოდა, თუმცა უფრო მცირე მასშტაბებში. ხეობის წმენდის კულმინაცია იყო აჰმიჩის ხოცვა-ჟლეტა 1993 წლის 16 აპრილს. აჰმიჩის 1178 მცხოვრებიდან 509 იყო ბოსნიელი, 592 ხორვატი, 30 სერბი და 47 სხვა ეროვნების. 16 აპრილს გამთენიისას ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ იერიში მიიტანა სოფელზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი და მომზადებული, რადგან ხორვატი ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია ბრძოლის დაწყებამდე მოხდა. სოფლის აღების შემდეგ მოკლეს 120 ბოსნიელი, მათ შორის 32 ქალი და 11 ბავშვი.[3] ხორვატებმა გადაწვეს ბოსნიელთა სახლები და ააფეთქეს მეჩეთი.[11] დარიო კორდიჩმა უარყო აჰმიჩის ხოცვაში მისი ჯარისკაცების მონაწილეობა და განაცხადა, რომ მისი ჯარისკაცები კარგი ქრისტიანები იყვნენ და ამგვარ რამეს არ იკადრებდნენ.[26] თუმცა მოგვიანებით ხორვატიის პრეზიდენტმა სტეპან მესიჩმა ჰააგის ტრიბუნალს გადასცა ჩანაწერები, რომლებიც ამტკიცებს, რომ მის წინამორბედს, ფრანიო ტუჯმანს, სურდა მოეწყო აჰმიჩის მსგავსი შეტევა, რომელსაც ლაშვას ხეობის ბოსნიელებში შიში უნდა დაეთესა და ეიძულებინა ისინი დაეტოვებინათ ლაშვას ხეობა, ხოლო მოგვიანებით იგი მონაწილეობდა ამ და სხვა დანაშაულების მიჩქმალვაში.[5][6]
იაბლანიცა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგივე პერიოდში ხორვატიის თავდაცვის ვეჩე სამხრეთიდან აქტიურად უტევდა იაბლანიცას, რომელიც ასევე დიდი ბოსნიური ქალაქი იყო ლაშვას ხეობასა და ჰერცეგოვინას შორის. არტილერიის დახმარებით მათ მოახერხეს დაეკავებინათ სოფლები სოვიცი და დოლიანი, თუმცა თავად იაბლანიცაზე შეტევა ვეღარ მოახერხეს.
მოსტარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1993 წლის 9 მაისს ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ ალყაში მოაქცია მოსტარის აღმოსავლეთ უბანი, სადაც ბოსნიური უმრავლესობა ცხოვრობდა. დაიწყო ქალაქის ამ ნაწილის დაბომბვა არტილერიით. მოსტარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაიკეტა ვეჩეს ძალების მიერ, გაეროს სამშვიდობო ძალებს აეკრძალათ მოსტარში შესვლა. ხორვატებმა მოსტარის რადიოს საშუალებით გამოაცხადეს, რომ ყოველ ბოსნიელს სახლზე თეთრი დროშა გამოეფინა დანებების ნიშნად.[27]
დასავლეთ მოსტარიდან ბოსნიელები აღმოსავლეთ მოსტარში განდევნეს, რასაც თან ახლდა ძალადობა, გაუპატიურებები, მკვლელობები, დაშინება და ა.შ.[28] მოსტარის ალყამ 9 თვე გასტანა, ხორვატთა საარტილერიო ცეცხლმა შეიწირა აღმოსავლეთ მოსტარის შენობების უმრავლესობა, ხოლო 1993 წლის 9 ნოემბერს ხორვატებმა გაანადგურეს მოსტარის ძველი ხიდი, რომელიც მოსტარის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებდა (დანარჩენი სამი ხიდი – ცარინსკის, ტიტოვისა და ლუცკის ხიდები იუგოსლავიის სახალხო არმიამ დაანგრია).[29] ძველი ხიდის ნაცვლად ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ მოსტარს ბოგირი აკავშირებდა, 2004 წელს კი ხიდი პირვანდელი სახით აღადგინეს.
რესპუბლიკის გამოცხადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანების ხელმძღვანელობა მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, რომლის მიხედვითაც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორია უნდა გადანაწილებულიყო. მაგრამ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკამ (რომელიც ძირითადად ბოსნიელებს წარმოადგენდა) უარი თქვა ამაზე. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, 1993 წლის 23 აგვისტოს სეპარატისტ ხორვატთა ლიდერებმა გამოაცხადეს ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა. ამგვარი გამოცხადება უკანონოდ ცნო ბოსნიის სასამართლომ 1994 წლის 20 იანვარს.[30]
ვაშინგტონის შეთანხმება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხორვატთა ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ სერბებთან შეთანხმებით და ეთნიკური წმენდის კამპანიის გაგრძელებით მას შესაძლოა დაეკარგა დასავლეთის მხარდაჭერა, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ იგი დათანხმდა ბოსნიელებთან მოლაპარაკებებს.
1994 წლის 18 მარტს ვაშინგტონსა და ვენაში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის. შეთანხმებას ხელს აწერდნენ ჰარის სილაიჯიჩი ბოსნიის რესპუბლიკის მხრივ, კრეშიმირ ზუბაკი ჰერცეგ-ბოსნიის მხრივ და მათე გრანიჩი ხორვატიის მხრივ. ეს შეთანხმება ასრულებდა ომს ბოსნიის ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის, ქმნიდა ფედერაციას, რომელიც ათ კანტონად იყო დაყოფილი. ჰერცეგ–ბოსნია, რომელიც არაღიარებულ წარმონაქმნს წარმოადგენდა, გაუქმდა და ნებაყოფლობით შევიდა ბოსნიის რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომელიც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციად გარდაიქმნა. ამ შეთანხმებამ დაასრულა ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის ომი სამხრეთ ბოსნიაში.[31]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერცეგ-ბოსნიის ხელმძღვანელობა, მათ შორის დარიო კორდიჩი, მარიო ჩერქეზი,[3] იადრანკო პრლიჩი, ბრუნი სტოიჩი, სლობოდან პრალაკი, მილივოი პეტკოვიჩი, ვალენტინ ჩორიჩი, ბერისლავ პუშიჩი,[28] მლადენ ნალეტინიჩი, ვინკო მარტინოვიჩი,[27] ტიხომირ ბლაშკიჩი[11] და სხვები ცნობილ იქნენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, ეთნიკურ წმენდასა და სამხედრო დანაშაულებში ჰააგის ტრიბუნალის მიერ. ამ დანაშაულებში მათ მხარს უჭერდა და მფარველობდა ხორვატიის მთავრობა და პირადად პრეზიდენტი.[5][6]
2005 წლიდან ბოსნიელი ხორვატი პოლიტიკოსები ახმიანებენ იდეას ჰერცეგ-ბოსნიის აღდგენის შესახებ. ივო მირო იოვიჩმა განაცხადა – "მე არ ვეწინააღმდეგები სერბებს, მაგრამ თუ მათ აქვთ სერბთა რესპუბლიკა), ასევე უნდა შეიქმნას ხორვატთა და ბოსნიელთა რესპუბლიკებიც!" ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭოს ხორვატი წევრის, ჟელკო კომშიჩის თქმით, ასეთი რამ დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ზოგიერთი ბოსნიელი ხორვატი პოლიტიკოსი ითხოვს ხორვატულ წარმონაქმნს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.[32]
ქალაქ გრუდეს ცენტრში იქნა აღმართული მემორიალური დაფა ჰერცეგ-ბოსნიისა და მათე ბობანის პატივსაცემად. ქალაქში ასევე არის ბობანის სახელობის ქუჩაც. ბობანის ქუჩა ასევე არის კუპრესში,[33] ჩაპლინაში, ლივნოში, პოსუშეში, ლუბუშკიში და ხორვატული უმრავლესობით დასახლებულ სხვა ადგილებში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 ICTY - Mladen Naletilic and Vinko Martinovic judgment.
- ↑ Lučić, Ivica (2013). Uzroci rata. Zagreb: Hrvatski institut za povijest. ISBN 978-953-7892-06-7.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 ICTY - Kordic and Cerkez judgment - E. The Parties' Cases and Trial Chamber Findings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-03-02. ციტირების თარიღი: 2015-05-02.
- ↑ U-11/97. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-19. ციტირების თარიღი: 2015-05-02.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Secret recordings link dead dictator to Bosnia crimes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-15. ციტირების თარიღი: 2015-05-02.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Tudjman tapes reveal plans to divide Bosnia and hide war crimes
- ↑ WITNESS: HRVOJE SARINIC; ICTY; Thursday, 22 January 2004
- ↑ 8.0 8.1 8.2 Sabrina P. Ramet, The Three Yugoslavias: State-building and Legitimation, 1918-2005, Indiana University Press, 2006, ISBN 9780253346568.
- ↑ „Plans for a 'Greater Croatia' (document)“. Bosnian Report. 1. Bosnian Institute. November–December 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2015-05-02.
- ↑ Naletilic and Martinovic (IT-98-34-PT).
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 ICTY: Blaškić.
- ↑ REPORT: THE REFERENDUM ON INDEPENDENCE IN BOSNIA-HERZEGOVINA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-22. ციტირების თარიღი: 2015-05-02.
- ↑ 13.0 13.1 Malcolm, Noel (1996). Bosnia: A Short History. New York University Press. ISBN 0-8147-5561-5.
- ↑ Robert J. Donia, Sarajevo: A Biography, University of Michigan Press, 2006, ISBN 9780472115570.
- ↑ KRVAVA SVADBA: Zločin kojim je pre 21 godinu počeo građanski rat u BiH!
- ↑ UN Security Council, Resolution 713 (1991) Adopted by the Security Council at its 3009th meeting, on 25 September 1991, 25 September 1991, S/RES/713 (1991)
- ↑ Nizich, Ivana (1993). War crimes in Bosnia-Hercegovina. ISBN 1-56432-083-9.
- ↑ MOMČILO KRAJIŠNIK; JUDGEMENT.
- ↑ Warring Factions Agree on Plan to Divide up Former Yugoslavia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-10. ციტირების თარიღი: 2015-05-02.
- ↑ Rusmir Mahmutćehajić, The Denial of Bosnia, Penn State Press, 2000, ISBN 9780271038575.
- ↑ RAT U RATU (HRVATSKO-MUSLIMANSKI SUKOB)
- ↑ Klip, André; Sluiter, Göran (2001) Annotated leading cases of international criminal tribunals. Hart Publishing, გვ. 348. ISBN 90-5095-375-1.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-05-02.
- ↑ ICTY: Initial indictment for the ethnic cleansing of the Lasva Valley area - Part I. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-09. ციტირების თარიღი: 2015-05-02.
- ↑ ICTY: Initial indictment for the ethnic cleansing of the Lasva Valley area - Part II. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-25. ციტირების თარიღი: 2015-05-02.
- ↑ André Klip, Göran Sluiter, The International Criminal Tribunal for the Former Yugoslavia 2001, Intersentia nv, 2005, ISBN 9789050953757. pp. 396
- ↑ 27.0 27.1 NALETILIĆ & MARTINOVIĆ
- ↑ 28.0 28.1 The Prosecutor v. Jadranko Prlić, Bruno Stojić, Slobodan Praljak, Milivoj Petković, Valentin Ćorić & Berislav Pušić
- ↑ Coward, Martin (2009). Urbicide: The Politics of Urban Destruction. London: Routledge, გვ. 1–7. ISBN 0-415-46131-6.
- ↑ Jadranko Prlić profile დაარქივებული 2009-02-28 საიტზე Wayback Machine. , secnet069.un.org;
- ↑ Washington Agreement
- ↑ Staff. Bosnia: Regionalization proposal on table. B92. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-22. ციტირების თარიღი: 2015-05-02.
- ↑ HRVATSKI DOM - GRADSKA KNJIŽNICA KUPRES დაარქივებული 2015-02-04 საიტზე Wayback Machine. BIBLIOTEKA SARAJEVA ADRESAR