შინაარსზე გადასვლა

ხორვატთა თავდაცვის ვეჩე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორვატთა თავდაცვის ვეჩე
Hrvatsko vijeće obrane

ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ალამი
შეიქმნა 8 აპრილი 1992
დაიშალა 14 დეკემბერი 1995
ნაწილები მოსტარის კორპუსი
ვიტეზის კორპუსი
ორაშეს კორპუსი
ტომისლავგრადის კორპუსი
შტაბი გრუდე
მოსტარი
ხელმძღვანელობა
პრეზიდენტი მათე ბობანი
კრეშიმირ ზუბაკი
თავდაცვის მინისტრი იადრანკო პრლიჩი
შტაბის უფროსი მილივოი პეტკოვიჩი
ინდუსტრია
უცხოელი მომწოდებლები ხორვატია
ისტორია ბოსნიის ომი

ხორვატთა თავდაცვის ვეჩე (ხორ. Hrvatsko vijeće obrane; HVO) — ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები 1992 წლის აპრილიდან ბოსნიის ომის დასასრულამდე. ბოსნიის ხორვატებს ჰყავდათ მეორე შეიარაღებული ძალაც – ხორვატთა თავდაცვის ძალები, რომელიც არ ეთანხმებოდა ხორვატიის ხელმძღვანელობის გეგმებს იუგოსლავიის გადანაწილების შესახებ. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ლიდერი ბლაჟ კრალევიჩი ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს მებრძოლებმა მოკლეს, იგი დაიშალა და მისი მებრძოლების ნაწილი თავდაცვის ვეჩეს, ნაწილი კი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიას შეუერთდა.

იუგოსლავიის დაშლის პროცესის დასაწყისში, როცა ნაციონალისტური ძალები გააქტიურდნენ და მოახერხეს არჩევნებში გამარჯვებაც, ბოსნიაში გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა – დემოკრატიული მოქმედების პარტია (ბოსნ. Stranka demokratske akcije; SDA), რომელსაც ბოსნიელი ალია იზეთბეგოვიჩი ედგა სათავეში, სერბთა დემოკრატიული პარტია (სერბ. Српска демократска Странка; СДС) რომლის ლიდერი იყო რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება (ხორ. Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH), სტეპან კლუიჩით სათავეში. სამივე მათგანი ანტიკომუნისტი იყო და იდევნებოდა დისიდენტობისთვის იუგოსლავიის პერიოდში, თუმცა კარაჯიჩს, ისევე როგორც ბოსნიელ სერბთა დიდ ნაწილს, სურდა იუგოსლავიის შენარჩუნება, სადაც დომინანტი სერბეთი იყო. იზეთბეგოვიჩი კი პირიქით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარჩენილიყო იუგოსლავიის ნაწილად, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხორვატია და სლოვენია, რომლებიც მეტ–ნაკლებად აბალანსებდნენ სერბეთის გავლენას, გამოეყვნენ ფედერაციას. კლუიჩი მხარს უჭერდა იზეთბეგოვიჩის მთავრობას, თუმცა ბოსნიის ხორვატთა უმეტესობას ხორვატიასთან შეერთება სურდა, რასაც მხარს უჭერდა ხორვატიის პრეზიდენტი ტუჯმანიც.
ტუჯმანისა და გოიკო შუშაკის ძალისხმევით ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანებაში დაწინაურდნენ რადიკალური პოზიციის მქონე ლიდერები – მათე ბობანი, დარიო კორდიჩი, მარიო ჩერქეზი და სხვები. ტუჯმანი ყველანაირად უჭერდა მხარს ბოსნიელი ხორვატების რადიკალიზაციას, მათ სეპარატისტულ მისწრაფებებს და ბოსნიის ხორვატული მხარეების ეთნიკურ წმენდას არახორვატებისგან.[1][2]

კარაჯორჯევოს შეთანხმება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუჯმანსა და ჯერ კიდევ იუგოსლავიის პრეზიდენტ მილოშევიჩს შორის 1991 წლის 25 მარტს კარაჯორჯევოს ნაკრძალში მომხდარი შეხვედრის დროს, მოხდა შეთანხმება იუგოსლავიის გადანაწილების გეგმაზე. ამ გეგმის თანახმად, სერბეთისა და ხორვატიის საზღვრები გადაიხედებოდა ეთნიკური საზღვრების გასწვრივ იმგვარად, რომ სერბებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები ხორვატიაში სერბეთის შემადგენლობაში შევიდოდა, ხოლო ხორვატია მიიღებდა ბოსნიას მდინარე ნერეტვამდე, სადაც ძირითადად ხორვატები ცხოვრობდნენ. დანარჩენი ბოსნია სერბეთის კუთვნილება გახდებოდა. ზუსტი დეტალები უცნობია, რადგან ხრვოიე შარინიჩის, იმჟამად პრეზიდენტ ტუჯმანის მრჩევლის თქმით, პრეზიდენტები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ განმარტოებით.[3]

ხორვატიის ომის დასაწყისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განადგურებული იუგოსლავიური ტანკი დრნისის გზაზე

ხორვატიის ომის დაწყებისას ბოსნიის ხორვატები ბოსნიელების მხარდაჭერით წინააღმდეგობას უწევდნენ ფედერალურ არმიას, ცდილობდნენ მათი ქვედანაყოფების ბლოკირებას ხორვატიისკენ მიმავალ გზებზე. 1991 წლის 20 სექტემბერს იუგოსლავიის სახალხო არმიამ ვუკოვარის ფრონტზე დამატებითი ძალები გადაისროლა ჩრდილო–აღმოსავლეთ ბოსნიის გავლით. ადგილობრივმა ბოსნიელებმა და ხორვატებმა ბარიკადები აღმართეს და კოლონა, რომელიც 60 ტანკისგან შედგებოდა, შეაჩერეს. ძალის გამოყენებით კოლონამ მაინც შეძლო გავლა მეორე დღეს. ხუთი დღის შემდეგ არმიის არტილერიამ დაბომბა ხორვატული სოფელი რავნო აღმოსავლეთ ბოსნიაში, რომელიც აყოვნებდა დუბროვნიკისკენ მიმავალ სამხედრო ნაწილებს.[4]

ხორვატული სეპარატიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 12 ნოემბერს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანების რადიკალურმა ფრთამ მიიღო მანიფესტი, რომლის თანახმად, ბოსნიის ხორვატებს უნდა ემოქმედათ, რომ აესრულებინათ ხორვატი ხალხის საუკუნოვანი ოცნება — ერთიან ხორვატულ სახელმწიფოში ცხოვრება.[5][6] 1991 წლის 18 ნოემბერს მათე ბობანმა და დარიო კორდიჩმა შექმნეს ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა ერთობა, როგორც განსხვავებული პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და ტერიტორიული მთლიანობა ბოსნიის ტერიტორიაზე. ჰააგის ტრიბუნალის დასკვნით, მათ სურდათ ამ მთლიანობის გაწმენდა არახორვატებისგან და ამის მისაღწევად უკან სამხედრო დანაშაულებზეც არ დაუხევიათ.[7][8]
ბოსნიაში ხორვატიის მთავრობა ატარებს პოლიტიკას, რომელიც კარაჯორჯევოს შეთანხმებითაა ნაკარნახევი – 1991 დეკემბერში ტუჯმანი საიდუმლოდ ატყობინებს ბოსნიელ ხორვატებს, რომ ბოსნიის სუვერენიტეტს პერსპექტივა არ გააჩნდა, თუმცა ჯერჯერობით მისთვის მხარდაჭერა ჯობდა სერბებზე ზეწოლის მოსახდენად, 1992 იანვარში ტუჯმანის მითითებით ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანების რადიკალურმა ფრთამ დაიწყო მიზეზების ძიება, რომ სტეპან კლუიჩი პარტიის ლიდერობიდან გადაეყენებინათ, რადგან იგი ბოსნიელებთან თანამშრომლობის მომხრე იყო და მის მაგიერ მოეყვანათ მათე ბობანი, რომელიც კარაჯორჯევოს შეთანხმების თანახმად, ბოსნიის ხორვატული ტერიტორიების ხორვატიასთან შეერთების მომხრე იყო.[4]
1992 იანვარში ტუჯმანის მითითებით ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანების რადიკალურმა ფრთამ დაიწყო მიზეზების ძიება, რომ სტეპან კლუიჩი პარტიის ლიდერობიდან გადაეყენებინათ, რადგან იგი ბოსნიელებთან თანამშრომლობის მომხრე იყო და მის მაგიერ მოეყვანათ მათე ბობანი, რომელიც კარაჯორჯევოს შეთანხმების თანახმად, ბოსნიის ხორვატული ტერიტორიების ხორვატიასთან შეერთების მომხრე იყო.[4] 1992 წლის 9 იანვარს სერბები აცხადებენ სერბთა რესპუბლიკას. მათი განცხადებით, ბოსნიელ სერბთა უმცირესობაში ყოფნა მეორე მსოფლიო ომის დროს უსტაშების მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგი იყო, ხოლო ისინი ამგვარი გენოციდის გამეორებას არ დაუშვებდნენ. სერბთა პოზიციის დასაძლევად ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალია იზეთბეგოვიჩმა დანიშნა საყოველთაო რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. რეფერენდუმი 1992 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს ჩატარდა. სერბებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ რეფერენდუმზე ბოსნიის მოსახლეობის 64% გამოცხადდა, მათმა 93%–მა კი ხმა მისცა ბოსნიის დამოუკიდებლობას.[9]

ბოსნიის დამოუკიდებლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 3 მარტს, ცხადდება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.[10] ამ დროს სარაევო დაყოფილია ეთნიკური ნიშნით და მიმდინარეობს სისხლიანი დაპირისპირება – 1992 წლის 1 მარტს სერბული ქორწილის დროს მექორწილეებმა სერბული დროშით გაიარეს ბაშჩარშიას ბაზართან. შეიარაღებულმა პირებმა ისინი გააჩერეს და მოსთხოვეს დროშის ჩამოხსნა. შელაპარაკება სროლაში გადაიზარდა, რასაც ნეფის მამა, ნიკოლა გარდოვიჩი (რომელსაც დროშა ეკავა) ემსხვერპლა.[11] სერბული ცნობებით, მკვლელობა ჩაიდინეს მწვანე ბერეტების ოთხმა მებრძოლმა – მუჰამმად შვრაკიჩმა (მწვანე ბერეტების ფორმირების მეთაურის, ემინ შვრაკიჩის ვაჟი), სუად შაბანოვიჩმა, ტაიბ ტორლაკიჩმა და რამიზ დელალიჩმა.[12] მეორე დღეს სერბული ფორმირებები იკავებენ სერბულ უბნებს და აწყობენ ბლოკპოსტებს, ხოლო მათი ნაწილი ცდილობს ბოსნიის პარლამენტის შენობის ბლოკირებას, თუმცა სარაევოს ათასობით მცხოვრები ახერხებს მათ განეიტრალებას. შეტაკებებში ოთხი ადამიანი დაიღუპა.[10]

ბოსნიის ომი და ვეჩეს შექმნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს სამკლაური

ბოსნიის ომის დაწყებიდან ორ დღეში, 1992 წლის 8 აპრილს ჰერცეგ-ბოსნიის ხელმძღვანელობამ შექმნა თავისი შეიარაღებული ორგანიზაცია – ხორვატთა თავდაცვის ვეჩე. ხორვატმა გენერალმა იანკო ბობეტკომ 1992 წლის გაზაფხულზე გრუდეში გაგზავნა ხორვატიის არმიის ოფიცერი მილივოი პეტკოვიჩი, რომელმაც სეპარატისტულად განწყობილი ხორვატებისგან ჩამოაყალიბა ბრიგადა, რომელიც საფუძვლად დაედო ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს. თუმცა ზოგადად ხორვატთა სახელმწიფო წარმონაქმნი საომარ მდგომარეობაში იყო ბოსნიურ და სერბულ წარმონაქმნებთან, ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ნაწილები ფრონტის სხვადასხვა უბანზე განსხვავებულ მხარეებზე უწევდათ დგომა.

1992 წლის 6 მაისს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი და ბობანი ხვდებიან ერთმანეთს გრაცში, სადაც თანხმდებიან გაიყონ ბოსნია და ჰერცეგოვინა. ხორვატულ და სერბულ ნაწილებს შორის რჩებოდა მცირე ბუფერი, რომელსაც "ალიას საფაშო" უწოდეს. შეთანხმების მიხედვით, ბოსნიელების კონცენტრაცია აქ უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც სერბები და ხორვატები თავის ტერიტორიებს გაწმენდდნენ მათგან.[13] შეხვედრაზე ბობანმა განაცხადა: "სერბები ჩვენი ძმები არიან ქრისტეში, ხოლო მუსლიმები კი – არაფერი! გარდა იმისა რომ ასწლეულების განმავლობაში აუპატიურებდნენ ჩვენს დედებსა და დებს!" კარაჯიჩმა კვერი დაუკრა მას და განაცხადა: "ხორვატებსა და სერბებს გასაყოფი არაფერი აქვთ, 1918 წლამდე ჩვენ არასდროს გვქონია კონფლიქტი. როდესაც ჩვენი ტერიტორიების გამიჯვნა მოხდება, ჩვენ აღარასდროს გვექნება კონფლიქტი."[14]

ბლაჟ კრალევიჩი

შეთანხმებამ ორად გაყო ბოსნიის ხორვატები – ნაწილი მხარს უჭერდა ბოსნიის ერთობას, ხოლო დიდი ნაწილი ემხრობოდა გრაცის შეთანხმებას. ბოსნიის ერთობის მომხრე ხორვატთა ლიდერები: ბლაჟ კრალევიჩი, სტეპან კლუიჩი, ტომისლავ დრეტარი ბობანმა მიზანში ამოიღო. განსაკუთრებით დიდ პრობლემებს ქმნიდა ხორვატთა თავდაცვის ძალების ლიდერი კრალევიჩი. იგი აქტიურად მოქმედებდა სერბების წინააღმდეგ და მრავალი ხორვატი მიიმხრო. მისმა ორგანიზაციამ გაათავისუფლა ჩაპლინა, ნეუმი, სტოლაჩი, მოსტარის დიდი ნაწილი. ივლისის ბოლოს ჩაპლინაში 700 ვეჩეს წევრი შეუერთდა თავდაცვის ძალებს. ვეჩე ასევე დატოვეს მებრძოლებმა ტომისლავგრადში, ლივნოში, მოსტარში.[15]
1992 ივლისში ხორვატთა თავდაცვის ძალებმა შეტევა წამოიწყეს ტრებინესა და ბილეჩზე. ეს ტერიტორია გრაცის შეთანხმებით სერბებს ეკუთვნოდათ, ხოლო ხორვატების შეტევა ამ სოფლებზე ამ შეთანხმებას ანულებდა. ხორვატიასა და ჰერცეგ-ბოსნიაში საბოლოოდ გადაწყვიტეს კრალევიჩის მოშორება და ამის გაკეთება იმგვარადვე დაგეგმეს, როგორც ხორვატთა თავდაცვის ძალების ლიდერისა ხორვატიაში, ანტე პარაჯიკის.[16] 1992 წლის აგვისტოს დასაწყისში, ტრებინეს ოპერაციის შემდეგ ალია იზეთბეგოვიჩმა კრალევიჩი მიიწვია ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიის გენერალური შტაბის წევრად. მიწვევიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, კრალევიჩი მოლაპარაკებაზე მიიწვია ბობანმაც. გზად სოფელ კრუშევოსთან ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს მებრძოლებმა მლადენ ნალეტინიჩის მეთაურობით მანქანებში ჩაცხრილეს მოლაპარაკებაზე მიმავალი კრალევიჩი და მისი რვა თანმხლები, ხორვატთა თავდაცვის ძალების შტაბის წევრები. ბოსნიაში ხორვატთა თავდაცვის ძალების ახალ ლიდერად აირჩიეს ანტე პრკაჩინი, რომელიც 1993 აპრილში ხორვატი სეპარატისტების მხარეზე გადავიდა და თავდაცვის ვეჩეს შეუერთდა. ხორვატთა თავდაცვის ძალები დაიშალა, მათი ნაწილი პრკაჩინთან ერთად გადავიდა თავდაცვის ვეჩეში, ნაწილი კი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიაში შევიდა.[17] დრეტარი რამდენიმე მკვლელობის მცდელობას გადაურჩა და შეუერთდა ბოსნიელების ბიჰაჩის გარნიზონს. კლუიჩი სარაევოში იმყოფებოდა და მასზე თავდასხმის ორგანიზება ბობანის ხალხმა ვერ მოახერხა.[18]

ხორვატებისა და ბოსნიელების დაპირისპირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიის ომის დროს ვეჩეს მებრძოლები იკავებდნენ ჰერცეგ-ბოსნიის ტერიტორიად მიჩნეულ მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ ბოსნიელ ლიდერებს აძევებდნენ, დაამყარეს კონტროლი რადიო- და ტელესადგურებზე, საიდანაც გადასცემდნენ ხორვატულ პროპაგანდას, ხორვატული სიმბოლიკა და ვალუტა იქნა შემოღებული მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მრავალ ბოსნიელი და სერბი გაათავისუფლეს სახელმწიფო სამსახურიდან ან წაართვეს კერძო ბიზნესი. ჰუმანიტარული დახმარება არახორვატების საზიანოდ ნაწილდებოდა. ბევრი არახორვატი დაპატიმრებული და გადაყვანილი იქნა საკონცენტრაციო ბანაკებში – ჰელიოდრომში, დრეტელში, გაბელაში, ვოინოში, სუნეში და სხვაგან.[6][8]

ხორვატები თანდათანობით გადავიდნენ იგივე ტაქტიკაზე, რაზეც სერბები. 1992 წლის ოქტომბერში ხორვატები თავს დაესხნენ ქალაქ პროზორს, გადაწვეს ბოსნიელთა სახლები და აიძულეს ბოსნიელები დაეტოვებინათ იგი.

ვიტეზში ხორვატების მიერ მოკლულ ბოსნიელთა დასაფლავება

ცენტრალურ ბოსნიაში ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ სცადა ნოვი ტრავნიკისა და გორნი ვაკუფის აღება, თუმცა ბოსნიელთა წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შეძლეს. ეს ორივე ქალაქი მნიშვნელოვანი იყო მათთვის, რადგან მათი სეპარატისტული წარმონაქმნის ორ ძირითად ნაწილს – ლაშვის ხეობასა და ჰერცეგოვინას შორის მდებარეობდა.
1993 10 იანვარს ხორვატთა ძალების ადგილობრივმა ლიდერმა, ლუკა შეკერიამ მოითხოვა პოლკოვნიკ ტიხომირ ბლაშკიჩისა და ჰერცეგ–ბოსნიის პრემიერ–მინისტრ დარიო კორდიჩისგან ნაღმმტყორცნის ჭურვები, ხოლო მეორე დღეს ხორვატები შეეცადნენ ბოსნიის რესპუბლიკის არმიის შტაბის აფეთქებას გორნი ვაკუფში. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ქალაქში ატყდა სროლები, ხოლო ღამით ქალაქი ხორვატთა არტილერიამ და ნაღმმტყორცნებმა დაბომბეს.[6]
ხორვატების განცხადებით, გორნი ვაკუფში თავს აფარებდნენ ელ-მუჯაჰიდის რაზმის მეომრები, მაგრამ გაეროს სამშვიდობო ძალების ბრიტანულმა ბატალიონმა, რომელიც გორნი ვაკუფში იყო განლაგებული, უარყო იქ მუჯაჰიდების ყოფნა. ხორვატებმა ბოსნიის არმიას მოსთხოვეს იარაღის დაყრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქის მიწასთან გასწორებით დაიმუქრნენ. ბოსნიის არმიამ მოთხოვნა უარყო და ხორვატებმა საარტილერიო დაბომბვის შემდეგ რამდენიმეჯერ სცადეს ქალაქი აღება, მაგრამ წარუმატებლად. მათ დაიკავეს გორნი ვაკუფის გარშემო მყოფი ბოსნიელების სოფლები – ბისტრიცა, უზრიჩე, დუშა, ჟდრიმცი, ჰრასნიცა. ამ სოფლებში მათ დახოცეს ბოსნიელები, გადარჩენილები ზოგი დაატყვევეს და ტყვეთა ბანაკებში გადაიყვანეს, ზოგი კი აიძულეს დაეტოვებინათ საცხოვრებლები.[6] 1993 წლის 13 აპრილს ელ-მუჯაჰიდის მეომრებმა, რომლებიც ზენიცასთან ახლოს იყვნენ განლაგებული, ტყვეებში გადაცვლის მიზნით მოიტაცეს რამდენიმე ხორვატი ოფიცერი – თავდაცვის ვეჩეს ბრიგადის მეთაურის მოადგილე სამ თანხმლებ ოფიცერთან ერთად, ხოლო 15 აპრილს ვეჩეს სამხედრო პოლიციის უფროსი ჟივკო ტოტიჩი.[19]

აჰმიჩის მეჩეთი აფეთქების შემდეგ.

ხორვატებმა განაახლეს იერიში ბოსნიურ პოზიციებზე, დაიკავეს მდინარე ლაშვას ხეობაში მდებარე ბოსნიელთა სოფლები და ქალაქები: ბუსოვაჩა, აჰმიჩი, კრუშჩიცა, ლონჩარი, მერდანი, პუტიში და სხვები. წმენდის მეთოდიკა სერბების ანალოგიური იყო – დასახლების დაკავების შემდეგ რამდენიმე ბოსნიელს კლავდნენ, დანარჩენებს კი აძევებდნენ და ატყვევებდნენ,[20][21] დატყვევებულები გადაჰყავდათ ჯერ ადგილობრივ ბანაკებში კაონიკთან და ვიტეზთან, შემდეგ კი დიდ ბანაკებში ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე, როგორებიც იყო ჰელიოდრომი, დრეტელი, ჩელებიჩი და სხვა. მამაკაცების მკვლელობა და ქალებზე ძალადობა აქაც ხდებოდა, თუმცა უფრო მცირე მასშტაბებში. ხეობის წმენდის კულმინაცია იყო აჰმიჩის ხოცვა-ჟლეტა 1993 წლის 16 აპრილს. აჰმიჩის 1178 მცხოვრებიდან 509 იყო ბოსნიელი, 592 ხორვატი, 30 სერბი და 47 სხვა ეროვნების. 16 აპრილს გამთენიისას ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ იერიში მიიტანა სოფელზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი და მომზადებული, რადგან ხორვატი ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია ბრძოლის დაწყებამდე მოხდა. სოფლის აღების შემდეგ მოკლეს 120 ბოსნიელი, მათ შორის 32 ქალი და 11 ბავშვი.[6] ხორვატებმა გადაწვეს ბოსნიელთა სახლები და ააფეთქეს მეჩეთი.[8] დარიო კორდიჩმა უარყო აჰმიჩის ხოცვაში მისი ჯარისკაცების მონაწილეობა და განაცხადა, რომ მისი ჯარისკაცები კარგი ქრისტიანები იყვნენ და ამგვარ რამეს არ იკადრებდნენ.[22] თუმცა მოგვიანებით ხორვატიის პრეზიდენტმა სტეპან მესიჩმა ჰააგის ტრიბუნალს გადასცა ჩანაწერები, რომლებიც ამტკიცებს, რომ მის წინამორბედს, ფრანიო ტუჯმანს, სურდა მოეწყო აჰმიჩის მსგავსი შეტევა, რომელსაც ლაშვას ხეობის ბოსნიელებში შიში უნდა დაეთესა და ეიძულებინა ისინი დაეტოვებინათ ლაშვას ხეობა, ხოლო მოგვიანებით იგი მონაწილეობდა ამ და სხვა დანაშაულების მიჩქმალვაში.[1][2]

იგივე პერიოდში ხორვატიის თავდაცვის ვეჩე სამხრეთიდან აქტიურად უტევდა იაბლანიცას, რომელიც ასევე დიდი ბოსნიური ქალაქი იყო ლაშვას ხეობასა და ჰერცეგოვინას შორის. არტილერიის დახმარებით მათ მოახერხეს დაეკავებინათ სოფლები სოვიცი და დოლიანი, თუმცა თავად იაბლანიცაზე შეტევა ვეღარ მოახერხეს.

სარაევოს ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს შევრონი

სარაევოს ხორვატები აქტიურად უჭერდნენ მხარს იუგოსლავიიდან გამოყოფას. ისინი ძირითადად პატრიოტთა ლიგას ემხრობოდნენ, 1992 წლის 29 მაისიდან კი მათ ჩამოაყალიბეს ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ადგილობრივი უჯრედი. უჯრედის ლიდერი იყო მარინკო პეიჩი. როდესაც ჰერცეგ–ბოსნიის ხელმძღვანელობა გაურიგდა სერბთა რესპუბლიკას ბოსნიის გადანაწილებაზე, სარაევოელი ხორვატების ნაწილი სერბთა რესპუბლიკის არმიის მხარდამხარ მოქმედებდა.[23]
რესპუბლიკის არმიის შტაბის უფროსად რასიმ დელიჩის დანიშვნის შემდეგ, მან გადაწყვიტა ბოლო მოეღო ავტონომიური და ნახევრად დამოუკიდებელი ფორმირებების არსებობისთვის. 1993 წლის 6 ნოემბერს მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ოპერაცია "ტრებევიჩ–2". მეფე ტვრტკოს ბრიგადა განაიარაღეს პირველი კორპუსის ნაწილებმა, მის წევრთა ნაწილისგან კი მოგვიანებით პირველი კორპუსის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა იგივე სახელის ბრიგადა, რომელსაც ვლადიმირ შაფის ნაცვლად რესპუბლიკის არმიის ხორვატი ოფიცერი, ნედელკო ვერაი ხელმძღვანელობდა. მებრძოლების ნაწილმა უარი თქვა რესპუბლიკის არმიაში სამსახურზე, თუმცა უმრავლესობა დათანხმდა.[24]

1993 წლის 9 მაისს ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ ალყაში მოაქცია მოსტარის აღმოსავლეთ უბანი, სადაც ბოსნიური უმრავლესობა ცხოვრობდა. დაიწყო ქალაქის ამ ნაწილის დაბომბვა არტილერიით. მოსტარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაიკეტა ვეჩეს ძალების მიერ, გაეროს სამშვიდობო ძალებს აეკრძალათ მოსტარში შესვლა. ხორვატებმა მოსტარის რადიოს საშუალებით გამოაცხადეს, რომ ყოველ ბოსნიელს სახლზე თეთრი დროშა გამოეფინა დანებების ნიშნად.[25]

ბოგირი ხორვატების მიერ დანგრეული ხიდის ადგილას

დასავლეთ მოსტარიდან ბოსნიელები აღმოსავლეთ მოსტარში განდევნეს, რასაც თან ახლდა ძალადობა, გაუპატიურებები, მკვლელობები, დაშინება და ა.შ.[26] მოსტარის ალყამ 9 თვე გასტანა, ხორვატთა საარტილერიო ცეცხლმა შეიწირა აღმოსავლეთ მოსტარის შენობების უმრავლესობა, ხოლო 1993 წლის 9 ნოემბერს ხორვატებმა გაანადგურეს მოსტარის ძველი ხიდი, რომელიც მოსტარის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებდა (დანარჩენი სამი ხიდი – ცარინსკის, ტიტოვისა და ლუცკის ხიდები იუგოსლავიის სახალხო არმიამ დაანგრია).[27] ძველი ხიდის ნაცვლად ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ მოსტარს ბოგირი აკავშირებდა, 2004 წელს კი ხიდი პირვანდელი სახით აღადგინეს.

ვაშინგტონის შეთანხმება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატთა ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ სერბებთან შეთანხმებით და ეთნიკური წმენდის კამპანიის გაგრძელებით მას შესაძლოა დაეკარგა დასავლეთის მხარდაჭერა, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ იგი დათანხმდა ბოსნიელებთან მოლაპარაკებებს.
1994 წლის 18 მარტს ვაშინგტონსა და ვენაში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის. შეთანხმებას ხელს აწერდნენ ჰარის სილაიჯიჩი ბოსნიის რესპუბლიკის მხრივ, კრეშიმირ ზუბაკი ჰერცეგ-ბოსნიის მხრივ და მათე გრანიჩი ხორვატიის მხრივ. ეს შეთანხმება ასრულებდა ომს ბოსნიის ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის, ქმნიდა ფედერაციას, რომელიც ათ კანტონად იყო დაყოფილი. ჰერცეგ–ბოსნია, რომელიც არაღიარებულ წარმონაქმნს წარმოადგენდა, გაუქმდა და ნებაყოფლობით შევიდა ბოსნიის რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომელიც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციად გარდაიქმნა. ამ შეთანხმებამ დაასრულა ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის ომი სამხრეთ ბოსნიაში.[28]

ვაშინგტონის შეთანხმების შემდეგ ხორვატთა თავდაცვის ვეჩე და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია გაერთიანდნენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციის არმიად. ისინი ერთად მოქმედებდნენ სერბთა რესპუბლიკის არმიის წინააღმდეგ. ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ნაწილები ასევე მონაწილეობდნენ ხორვატიის არმიის ოპერაციებში კრაინის რესპუბლიკის წინააღმდეგ.

ბიჰაჩში ალყაშემორტყმული ბოსნიის არმიის მეხუთე კორპუსზე დაწოლის შესასუსტებლად ხორვატებმა და ბოსნიელებმა წამოიწყეს შეტევა სამხრეთიდან კუპრესის მიმართულებით 1994 წლის 20 ოქტომბერს. ვაშინგტონის შეთანხმების შემდეგ ეს პირველი ერთობლივი ოპერაცია იყო. შეტევის მიმდინარეობისას მოკავშირეებმა გაათავისუფლეს კუპრესი 3 ნოემბერს, რომელიც 1992 წლის აპრილიდან სერბების კონტროლქვეშ იყო. მოკავშირეთა კონტროლქვეშ აღმოჩნდა სპლიტ–ლივნო–კუპრეს–ბუგოინოს გზატკეცილი, რაც მებრძოლი მხარეების მომარაგების პრობლემებს ხსნიდა. დუდაკოვიჩის მეხუთე კორპუსი ბიჰაჩის ალყიდან ასევე ცდილობდა ალყის გარღვევას მოკავშირეთა მიმართულებით.

ხორვატებმა ბოსნიელების მხარდაჭერით გააგრძელეს შეტევა კუპრესის ჩრდილოეთით ბიჰაჩის ალყის გასარღვევად. თუმცა მათ მოახერხეს გარკვეული წარმატებების მიღწევა, სერბებმა აბდიჩის მომხრეებთან ერთად წამოიწყეს კონტრშეტევა, მოახერხეს ბიჰაჩში შეღწევა და ბრძოლა საკუთრივ ქალაქში მიმდინარეობდა.

ოპერაცია ზამთარი '94 გაგრძელების მიზნით და ბიჰაჩის დასახმარებლად ხორვატებმა და ბოსნიელებმა გაზაფხულზე ჩაატარეს ოპერაცია ნახტომი 1 და ნახტომი 2. მათი მიზანი იყო სერბების იძულება რეზერვები ბიჰაჩიდან კუპრესისა და ლივნოსკენ გადმოესროლათ, თუმცა სერბთა რესპუბლიკის შტაბის უფროსმა, რადკო მლადიჩმა, გადაწყვიტა, რომ ბიჰაჩი უფრო მნიშვნელოვანი იყო და ბიჰაჩზე შეტევა არ შეუჩერებია. ამის მიუხედავად სერბებმა ბიჰაჩის აღება ვერ მოახერხეს.[29]

5 მაისიდან 10 ივნისამდე სერბები ცდილობდნენ დაეკავებინათ ხორვატული ქალაქი ორაშე ჩრდილოეთ ბოსნიაში. ერთთვიანი ბრძოლების შემდეგ ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ ხორვატიისა და ბოსნიის მხარდაჭერით შეძლო სერბთა რესპუბლიკის არმიის უკუგდება.[30]

ოპერაცია ქარიშხალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლის ზაფხულში ხორვატებმა გადაწყვიტეს გადამჭრელი ზომები მიეღოთ ხორვატიის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული კრაინის რესპუბლიკის წინააღმდეგ. დაიგეგმა ოპერაცია ქარიშხალი, რომლის მიხედვითაც ხორვატულ არმიას მთელი კრაინის ტერიტორია უნდა დაეკავებინა, ხოლო ბოსნიური არმიის მეხუთე კორპუსს აბდიჩის სეპარატისტები უნდა გაენადგურებინა. ოპერაცია დაიწყო 1995 წლის 4 აგვისტოს და 5 დღის შემდეგ ხორვატებისა და ბოსნიელების გამარჯვებით დასრულდა. კრაინის რესპუბლიკა ლიკვიდირებული იქნა, ისევე როგორც აბდიჩის ფორმირებები. ბიჰაჩის ალყა გაირღვა.[31]

ორგანიზაცია და სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად თავდაცვის ვეჩე ბრიგადის დონის ფორმირებებისგან შედგებოდა და იყოფოდა ოთხ ოპერატიულ მიმართულებად – სამხრეთ-აღმოსავლეთ ჰერცეგოვინა (შტაბი – მოსტარი), ჩრდილო-დასავლეთ ჰერცეგოვინა (შტაბი ტომისლავგრადი), შუა ბოსნია (შტაბი – ვიტეზი) და ბოსნიის პოსავინა (შტაბი – ორაშე). 1993 წლის ნოემბერში ხორვატიიდან ჩამოსულმა კადრის ოფიცრებმა მოახდინეს მისი რეორგანიზაცია. ბრიგადები დაშალეს და სახალხო თავდაცვის პოლკებად გადააკეთეს. დარჩა ხუთი გვარდიული ბრიგადა, რომელიც პროფესიონალი ჯარისკაცებით დაკომპლექტდა. ოპერატიული მიმართულებები კორპუსებად გადააკეთეს, რომლებსაც სახელი საშტაბო ქალაქის მიხედვით ეწოდა. 1995 წლის ზაფხულში შეიქმნა ბიჰაჩის კორპუსიც. საერთო ჯამში 1993 წლის მდგომარეობით ვეჩეში იყო 38 ბრიგადის დონის შენაერთი, დაახლოებით 50 ტანკი, 400 ქვემეხი და 200 ჯავშანტრანსპორტიორი. ვეჩეს პირადი შემადგენლობა 34 080 კაცს შეადგენდა (რეზერვიანად 55 000)[32]

სამხედრო დანაშაულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერცეგ-ბოსნიისა და ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ხელმძღვანელობა, მათ შორის დარიო კორდიჩი, მარიო ჩერქეზი,[6] იადრანკო პრლიჩი, ბრუნი სტოიჩი, სლობოდან პრალაკი, მილივოი პეტკოვიჩი, ვალენტინ ჩორიჩი, ბერისლავ პუშიჩი,[26] მლადენ ნალეტილიჩი, ვინკო მარტინოვიჩი,[25] ტიხომირ ბლაშკიჩი[8] და სხვები ცნობილ იქნენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, ეთნიკურ წმენდასა და სამხედრო დანაშაულებში ჰააგის ტრიბუნალის მიერ. მათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯათ. ამ დანაშაულებში მათ მხარს უჭერდა და მფარველობდა ხორვატიის მთავრობა და პირადად პრეზიდენტი.[1][2]

  1. 1.0 1.1 1.2 Secret recordings link dead dictator to Bosnia crimes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-15. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  2. 2.0 2.1 2.2 Tudjman tapes reveal plans to divide Bosnia and hide war crimes
  3. WITNESS: HRVOJE SARINIC; ICTY; Thursday, 22 January 2004
  4. 4.0 4.1 4.2 Sabrina P. Ramet, The Three Yugoslavias: State-building and Legitimation, 1918-2005, Indiana University Press, 2006, ISBN 9780253346568.
  5. „Plans for a 'Greater Croatia' (document)“. Bosnian Report. 1. Bosnian Institute. November–December 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 ICTY - Kordic and Cerkez judgment - E. The Parties' Cases and Trial Chamber Findings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-03-02. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  7. Naletilic and Martinovic (IT-98-34-PT).
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 ICTY: Blaškić.
  9. REPORT: THE REFERENDUM ON INDEPENDENCE IN BOSNIA-HERZEGOVINA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-22. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  10. 10.0 10.1 Malcolm, Noel (1996). Bosnia: A Short History. New York University Press. ISBN 0-8147-5561-5. 
  11. Robert J. Donia, Sarajevo: A Biography, University of Michigan Press, 2006, ISBN 9780472115570.
  12. KRVAVA SVADBA: Zločin kojim je pre 21 godinu počeo građanski rat u BiH!
  13. Warring Factions Agree on Plan to Divide up Former Yugoslavia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-10. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  14. Rusmir Mahmutćehajić, The Denial of Bosnia, Penn State Press, 2000, ISBN 9780271038575.
  15. Peratović, Željko (12 May 2003). „Je li Tuta platio atentatorima po pet tisuća maraka“. Vjesnik. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 3 მაისი 2015. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |7= (დახმარება)
  16. Serbs and Croats Now Join In Devouring Bosnia's Land The New York Times; October 22, 1992.
  17. RAT U RATU: (HRVATSKO-MUSLIMANSKI SUKOB) 1992. – 1995. Erich Rathfelde; 1998.
  18. Klip, André; Sluiter, Göran (2001) Annotated leading cases of international criminal tribunals. Hart Publishing, გვ. 348. ISBN 90-5095-375-1. 
  19. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  20. ICTY: Initial indictment for the ethnic cleansing of the Lasva Valley area - Part I. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-09. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  21. ICTY: Initial indictment for the ethnic cleansing of the Lasva Valley area - Part II. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-25. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  22. André Klip, Göran Sluiter, The International Criminal Tribunal for the Former Yugoslavia 2001, Intersentia nv, 2005, ISBN 9789050953757. pp. 396
  23. Nigel Thomas, Darko Pavlovic, K Mikulan, The Yugoslav Wars (2): Bosnia, Kosovo and Macedonia 1992-2001, Osprey Publishing, 2013, ISBN 9781472801968.
  24. Очерки военной истории конфликта в Югославии (1991-1995)
  25. 25.0 25.1 NALETILIĆ & MARTINOVIĆ
  26. 26.0 26.1 The Prosecutor v. Jadranko Prlić, Bruno Stojić, Slobodan Praljak, Milivoj Petković, Valentin Ćorić & Berislav Pušić
  27. Coward, Martin (2009). Urbicide: The Politics of Urban Destruction. London: Routledge, გვ. 1–7. ISBN 0-415-46131-6. 
  28. Washington Agreement
  29. The army which completed the most sacred of all tasks - defending and freeing the Homeland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-08. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  30. Operacija "Osveta" i pobjeda HVO-a
  31. Падение Республики Сербская Краина
  32. The-Muslim-Croat-Civil-War-in-Central-Bosnia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2015-05-03.