ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება
Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine

ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება
ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ლიდერი დრაგან ჩოვიჩი
იდეოლოგია ქრისტიანული დემოკრატია
კონსერვატიზმი
ფედერალიზმი
ხორვატული ნაციონალიზმი
ევროპული აკრედიტაცია ევროპის სახალხო პარტია
ფერები ლურჯი     
წარმომადგენელთა პალატა
4 / 42

ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება (ხორ. Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; შემოკლებით HDZ BiH) — ბოსნიელ ხორვატთა პოლიტიკური გაერთიანება. დაარსდა 1990 წლის 18 აგვისტოს სარაევოში, როგორც ხორვატების დემოკრატიული გაერთიანების წარმომადგენლობა ბოსნია და ჰერცეგოვინაში. მას შემდეგ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილეა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუგოსლავიის დაშლის პროცესის დასაწყისში, როცა ნაციონალისტური ძალები გააქტიურდნენ და მოახერხეს არჩევნებში გამარჯვებაც, ბოსნიაში გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა – დემოკრატიული მოქმედების პარტია (ბოსნ. Stranka demokratske akcije; SDA), რომელსაც ბოსნიელი ალია იზეთბეგოვიჩი ედგა სათავეში, სერბთა დემოკრატიული პარტია (სერბ. Српска демократска Странка; СДС) რომლის ლიდერი იყო რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება, სტეპან კლუიჩით სათავეში. სამივე მათგანი ანტიკომუნისტი იყო და იდევნებოდა დისიდენტობისთვის იუგოსლავიის პერიოდში, თუმცა კარაჯიჩს, ისევე როგორც ბოსნიელ სერბთა დიდ ნაწილს, სურდა იუგოსლავიის შენარჩუნება, სადაც დომინანტი სერბეთი იყო. იზეთბეგოვიჩი კი პირიქით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარჩენილიყო იუგოსლავიის ნაწილად, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხორვატია და სლოვენია, რომლებიც მეტ–ნაკლებად აბალანსებდნენ სერბეთის გავლენას, გამოეყვნენ ფედერაციას. კლუიჩი მხარს უჭერდა იზეთბეგოვიჩის მთავრობას, თუმცა ბოსნიის ხორვატთა უმეტესობას ხორვატიასთან შეერთება სურდა, რასაც მხარს უჭერდა ხორვატიის პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანიც.
ტუჯმანისა და გოიკო შუშაკის ძალისხმევით ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანებაში დაწინაურდნენ რადიკალური პოზიციის მქონე ლიდერები – მათე ბობანი, დარიო კორდიჩი, მარიო ჩერქეზი და სხვები. ტუჯმანი ყველანაირად უჭერდა მხარს ბოსნიელი ხორვატების რადიკალიზაციას, მათ სეპარატისტულ მისწრაფებებს და ბოსნიის ხორვატული მხარეების ეთნიკურ წმენდას არახორვატებისგან.[1][2]
1991 წლის 12 ნოემბერს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანების რადიკალურმა ფრთამ მიიღო მანიფესტი, რომლის თანახმად, ბოსნიის ხორვატებს უნდა ემოქმედათ, რომ აესრულებინათ ხორვატი ხალხის საუკუნოვანი ოცნება — ერთიან ხორვატულ სახელმწიფოში ცხოვრება.[3][4]
1991 წლის 18 ნოემბერს მათე ბობანმა და დარიო კორდიჩმა შექმნეს ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა ერთობა, როგორც განსხვავებული პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და ტერიტორიული მთლიანობა ბოსნიის ტერიტორიაზე. ჰააგის ტრიბუნალის დასკვნით, მათ სურდათ ამ მთლიანობის გაწმენდა არახორვატებისგან და ამის მისაღწევად უკან სამხედრო დანაშაულებზეც არ დაუხევიათ.[5][6]
1992 იანვარში ტუჯმანის მითითებით ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანების რადიკალურმა ფრთამ დაიწყო მიზეზების ძიება, რომ სტეპან კლუიჩი პარტიის ლიდერობიდან გადაეყენებინათ, რადგან იგი ბოსნიელებთან თანამშრომლობის მომხრე იყო და მის მაგიერ მოეყვანათ მათე ბობანი, რომელიც კარაჯორჯევოს შეთანხმების თანახმად, ბოსნიის ხორვატული ტერიტორიების ხორვატიასთან შეერთების მომხრე იყო.[7]
ბოსნიის ომის დაწყებიდან ორ დღეში, 1992 წლის 8 აპრილს ჰერცეგ-ბოსნიის ხელმძღვანელობამ შექმნა თავისი შეიარაღებული ორგანიზაცია – ხორვატთა თავდაცვის ვეჩე. ბოსნიის ომის დროს ვეჩეს მებრძოლები იკავებდნენ ჰერცეგ-ბოსნიის ტერიტორიად მიჩნეულ მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ ბოსნიელ ლიდერებს აძევებდნენ, დაამყარეს კონტროლი რადიო- და ტელესადგურებზე, საიდანაც გადასცემდნენ ხორვატულ პროპაგანდას, ხორვატული სიმბოლიკა და ვალუტა იქნა შემოღებული მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მრავალ ბოსნიელი და სერბი გაათავისუფლეს სახელმწიფო სამსახურიდან ან წაართვეს კერძო ბიზნესი. ჰუმანიტარული დახმარება არახორვატების საზიანოდ ნაწილდებოდა. ბევრი არახორვატი დაპატიმრებული და გადაყვანილი იქნა საკონცენტრაციო ბანაკებში – ჰელიოდრომში, დრეტელში, გაბელაში, ვოინოში, სუნეში და სხვაგან.[6][4]
პარტიის ლიდერთა სეპარატისტული მისწრაფებები დასრულდა, როდესაც ხორვატთა ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ სერბებთან შეთანხმებით და ეთნიკური წმენდის კამპანიის გაგრძელებით მას შესაძლოა დაეკარგა დასავლეთის მხარდაჭერა, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ იგი დათანხმდა ბოსნიელებთან მოლაპარაკებებს.
1994 წლის 18 მარტს ვაშინგტონსა და ვენაში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის. შეთანხმებას ხელს აწერდნენ ჰარის სილაიჯიჩი ბოსნიის რესპუბლიკის მხრივ, კრეშიმირ ზუბაკი ჰერცეგ-ბოსნიის მხრივ და მათე გრანიჩი ხორვატიის მხრივ. ეს შეთანხმება ასრულებდა ომს ბოსნიის ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის, ქმნიდა ფედერაციას, რომელიც ათ კანტონად იყო დაყოფილი. ჰერცეგ–ბოსნია, რომელიც არაღიარებულ წარმონაქმნს წარმოადგენდა, გაუქმდა და ნებაყოფლობით შევიდა ბოსნიის რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომელიც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციად გარდაიქმნა. ამ შეთანხმებამ დაასრულა ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის ომი სამხრეთ ბოსნიაში.[8] პარტიის ლიდერების ნაწილი, მათ შორის დარიო კორდიჩი ჰააგის ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო.[4]

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია 2000 წლამდე ხორვატული ელექტორატის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობდა და მონაწილეობდა მთავრობის ჩამოყალიბებაში. 2002 წლის არჩევნებში იგი ხორვატული კოალიციის წევრად გამოდიოდა და მოიპოვა ხმების 9,5%, რითაც წარმომადგენელთა პალატაში 5 ადგილი მიიღო, ხოლო ფედერალურ წარმომადგენლობით პალატაში – 16. 2006 წელს პარტია შეუერთა ხორვატი ხალხის ასამბლეას, ბოსნიის ხორვატთა პოლიტიკური პარტიების ალიანსს. პარტიიდან გამოიყო ორი ფრაქცია – ახალი ხორვატული ინიციატივა (ხორ. Nova hrvatska inicijativa; NHI), რომელსაც კრეშიმირ ზუბაკი ლიდერობს და ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება 1990 (ხორ. Hrvatska demokratska zajednica 1990), ბოჟო ლუბიჩის ხელმძღვანელობით.

პარტიის ლიდერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]