ალია იზეთბეგოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალია იზეთბეგოვიჩი
Alija Izetbegović
Izetbegovic.jpg
Flag of Bosnia and Herzegovina (1992-1998).svg ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი
მმართ. დასაწყისი: 3 მარტი 1992
მმართ. დასასრული: 14 მარტი 1996
წინამორბედი: გამოცხადდა დამოუკიდებლობა
მემკვიდრე: პრეზიდენტი შეცვალა მრავალეთნიკურმა პრეზიდიუმმა
Flag of Bosnia and Herzegovina.svg ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის პირველი ბოსნიელი წევრი
მმართ. დასაწყისი: 5 ოქტომბერი 1996
მმართ. დასასრული: 15 ოქტომბერი 2000
წინამორბედი: საბჭო ჩამოყალიბდა
მემკვიდრე: ხალიდ გენაცი
Flag of SR Bosnia and Herzegovina.svg ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდიუმის მეცხრე თავმჯდომარე
მმართ. დასაწყისი: 20 დეკემბერი 1990
მმართ. დასასრული: 3 მარტი 1992
წინამორბედი: ობრად პილაკი
მემკვიდრე: გამოცხადდა დამოუკიდებლობა
პარტია: დემოკრატიული მოქმედების პარტია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 აგვისტო 1925
დაბ. ადგილი: ბოსანსკი შამაცი, Flag of the Kingdom of Yugoslavia.svg სერბების, ხორვატების და სლოვენების სამეფო
გარდ. თარიღი: 19 ოქტომბერი 2003
გარდ. ადგილი: სარაევო, Flag of Bosnia and Herzegovina.svg ბოსნია და ჰერცეგოვინა
დაკრძ. ადგილი: კოვაჩის სასაფლაო, სარაევო
მეუღლე: ხალიდა იზეთბეგოვიჩი
შვილები: ბაქირ იზეთბეგოვიჩი
მამა: მუსტაფა იზეთბეგოვიჩი
დედა: ჰიბა იზეთბეგოვიჩი
რელიგია: ისლამი
სამხედრო კარიერა
ეროვნება National Symbol of Bosniaks in Sandzak.png ბოსნიელი
კუთვნილება Flag of Independent State of Croatia.svg ხორვატთა დამოუკიდებელი სახელმწიფო (1942/3–45)

Flag of Bosnia and Herzegovina (1992-1998).svg ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა (1992–94) Flag of the Federation of Bosnia and Herzegovina (1996-2007).svg ბოსნიელებისა და ხორვატების კონფედერაცია (1992–96) Flag of Bosnia and Herzegovina.svg ბოსნია და ჰერცეგოვინა (1996–2000)

მეთაურობდა Logo of the Army of the Republic of Bosnia and Herzegovina.svg ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია
ბრძოლები/ომები ბოსნიის ომი
ჯილდოები

მეფე ფაისალის საერთაშორისო პრემია (1994)[1]
Ribbon of a Grand Order of Queen Jelena.png დედოფალ ელენას ორდენი (1995)[2]
Order of the State of Republic of Turkey.png სახელმწიფო ორდენი (1997)[3]


ალია იზეთბეგოვიჩი (ბოსნ. Alija Izetbegović; დ. 8 აგვისტო 1925, ბოსანსკი შამაცი, სერბების, ხორვატების და სლოვენების სამეფო — გ. 19 ოქტომბერი 2003, სარაევო) — ბოსნიელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1990 წელს იუგოსლავიაში ნაციონალიზმის ზრდის ფონზე მისმა დემოკრატიული მოქმედების პარტიამ მოიპოვა გამარჯვება და იგი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე გახდა. მან 1993 წლის 3 მარტს გამოაცხადა დამოუკიდებლობა ბოსნიის რეფერენდუმის საფუძველზე. იგი ასევე რამდენიმე წიგნისა და თხზულების ავტორია, მათ შორის ისლამური დეკლარაციისა (ბოსნ. Islamska deklaracija; 1970 წ.) და ისლამი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის (ბოსნ. Islam između Istoka i Zapada; 1980 წ.).

დაბადება და ცხოვრების პირველი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალია იზეთბეგოვიჩი 1925 წლის 8 აგვისტოს დაიბადა ბოსანსკი შამაცში.[4] მას ერთი ძმა და სამი და ჰყავდა. წარმოშობით მისი ოჯახი ოსმალთა პერიოდის არისტოკრატიას ეკუთვნოდა. მისი წინაპარი, 'იზზათ–ბეგ იაჰიჩი 1868 წელს ბელგრადიდან გადასახლებულა შკოდერში სერბეთის ოსმალეთიდან დამოუკიდებლობის შემდეგ, ხოლო ბაბუამისი შკოდერიდან ბოსანსკი შამაცში წასულა საცხოვრებლად, სადაც ქალაქის თავად აირჩიეს. 1914 წლის ივნისში, სარაევოს მკვლელობის შემდეგ, მას გადაურჩენია 40 სერბი, რომლის მოკვლაც ადგილობრივ ავსტრო–უნგრელ ხელისუფლებას ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობაზე შურის საძიებლად გადაეწყვიტათ.[5]
იზეთბეგოვიჩის მამა პირველი მსოფლიო ომის დროს ავსტრია–უნგრეთის არმიაში იბრძოდა იტალიის ფრონტზე. ჭრილობების გამო იგი ნახევრად პარალიზებული იყო თითქმის ათი წლის განმავლობაში, ამისდა გამო 1927 წელს გამოაცხადა თავისი პატარა ბუხჰალტრული კომპანიის გაკოტრება. შემდეგ წელს, უკეთესი მომავლის საძიებლად ოჯახი სარაევოში გადავიდა, სადაც იზეთბეგოვიჩმა მიიღო საერო განათლება.[6]
მეორე მსოფლიო ომის დროს იზეთბეგოვიჩი უერთდება ახალგაზრდა მუსლიმების (ბოსნ. Mladi Muslimani) ორგანიზაციას. ამავე პერიოდში ბოსნიის ტერიტორია გერმანიის მოკავშირე ხორვატთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილი ხდება. მათ მოწინააღმდეგეთა ძირითად ძალას კი ტიტოს კომუნისტი პარტიზანები წარმოადგენდნენ. ბოსნიაში მათ წინააღმდეგ მოქმედებდა ხანჯარის დივიზია, რომლის 60% ბოსნიელი მოხალისეები შეადგენდნენ. საზოგადოების პოლარიზაციასთან ერთად ახალგაზრდა მუსლიმების ორგანიზაციაც გაყოფილი აღმოჩნდა პარტიზანებისა და ხანჯარის მხარდამჭერებს შორის, იზეთბეგოვიჩი კომუნისტების წინააღმდეგ, ხანჯარის მხარდამჭერთა შორის აღმოჩნდა.[7] ომის დასასრულს იზეთბეგოვიჩი სერბმა მონარქისტებმა, ჩეტნიკებმა დაატყვევეს, თუმცა ბაბუამისის მიერ 1914 წელს 40 გადარჩენილი სერბის სამადლობელოდ გაათავისუფლეს.[5] ომის შემდეგ იგი დააპატიმრეს და სამი წელი მიუსაჯეს, თუმცა არა ხანჯარის მხარდაჭერის, არამედ ტიტოს რეჟიმის ოპოზიციისთვის.[8]
დაპატიმრებამდე მან სარაევოს უნივერსიტეტიდან მიიღო იურისტის დიპლომი.[9]
იგი ოთხჯერ იყო დაქორწინებული, საიდანაც ეყოლა ვაჟი ბაქირი და ასევე ორი ქალიშვილი.[7]

დისიდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს იზეთბეგოვიჩმა გამოაქვეყნა ისლამური დეკლარაცია. იგი ყოველგვარი მოდერნიზაციის საფუძვლად ყურანს განიხილავდა და სურდა ისლამის კანონით ცხოვრება, თუმცა უთითებდა, რომ: "ისლამური კანონმდებლობის აუცილებელ კომპონენტია მოსახლეობაში მუსლიმური უმრავლესობა, სხვა შემთხვევაში ეს კანონი ტირანიად იქცევა. არამუსლიმი უმცირესობების უფლებები ასევე უნდა იყოს დაცული, როგორც მუსლიმებისა"[10] იზეთბეგოვიჩს ორი მაგალითი მოჰყავდა – პირველი იყო ათათურქის თურქეთი, რომელიც მოდერნიზაციას რელიგიის, კულტურისა და ტრადიციისგან გამიჯვნით ეცადა და საბოლოოდ ეს სტაგნაციით დასრულდა, ხოლო მეორე იყო იაპონია, რომელმაც მოდერნიზაციისას სხვა კულტურებისა და ტრადიციების საუკეთესო ნაწილი გადმოიღო, თავისი კულტურისა და ტრადიციების საუკეთესო ნაწილს დაურთო და მიაღწია აყვავებას.[11]
მთავრობამ ეს რელიგიური ცხოვრებისკენ მოწოდებად (რაც კომუნისტურ რეჟიმში წარმოუდგენელი იყო) ჩათვალა და წიგნის გამოქვეყნება აკრძალა.[12] ეს ნაშრომი დღემდე საწინააღმდეგო მოსაზრებებს აღძრავს. იზეთბეგოვიჩის ოპონენტები ხშირად იყენებდნენ ამ პუბლიკაციას, რათა მიენიშნებინათ იზეთბეგოვიჩის რადიკალიზმსა და ფუნდამენტალიზმზე. სერბები ხშირად იყენებდნენ ციტატებს მისი ამ წიგნიდან პროპაგანდისთვის, სადაც ისინი იზეთბეგოვიჩს ბოსნიაში ირანის მსგავსი სახელმწიფოს აშენების სურვილსა და ფუნდამენტალიზმში სდებდნენ ბრალს,[7] თუმცა თავად იზეთბეგოვიჩი ამ ბრალდებებს უარყოფდა.[12]
მის შემდგომ ნაშრომში ისლამი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც 1980 წელს გამოქვეყნდა, იგი უფრო დაწვრილებით აღწერს თავის შეხედულებებს და მოდერნიზაციისას გადმოსატან ღირებულებებში ახსენებს რენესანსის მიღწევებს, დასავლური დემოკრატიის ტრადიციას.[10]

დაპატიმრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წელს იზეთბეგოვიჩი დააპატიმრეს. მელიქა სალიჰბეგოვიჩთან, ადემ ბიჩაკჩიჩთან ომერ ბეჰმენთან, მუსტაფა სპაჰიჩთან, ჰასან ჩენგიჩსა და სხვა ბოსნიელ აქტივისტებთან ერთად მათ წაუყენეს ბრალი "ანტისაზოგადოებრივ და ძირგამომთხრელ საქმიანობაში, რაც მუსლიმური ნაციონალიზმით იყო ინსპირირებული." იზეთბეგოვიჩს ასევე ბრალად წაუყენეს ირანში მუსლიმურ კონგრესზე დასწრება. ყველა ბრალდებულს ბრალი დაუმტკიცდა, იზეთბეგოვიჩს 14 წელი მიუსაჯეს.[7]
ერთი წლის შემდეგ განაჩენი 12 წელზე ჩამოიყვანეს, ხოლო 1988 წელს, კომუნისტების ძალაუფლების ვარდნასთან ერთად იგი გაათავისუფლეს, თუმცა მისი ჯანმრთელობა ძლიერ შეირყა ციხეში.

პრეზიდიუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იუგოსლავიის დაშლა.

იუგოსლავიაში კომუნისტების ძალაუფლების შემცირებასთან ერთად დაშვებული იქნა მრავალპარტიული არჩევნები. იზეთბეგოვიჩი და მისი თანამოაზრეები აფუძნებენ დემოკრატიული მოქმედების პარტიას (ბოსნ. Stranka demokratske akcije; SDA), რომელიც ბოსნიელთა ინტერესების გამტარებელი იყო და ამ ეთნიკურ ჯგუფთან ასოცირდებოდა. ბოსნიის ორ დიდ უმცირესობას ასევე ჰყავდა თავისი პარტიები – სერბთა დემოკრატიული პარტია (სერბ. Српска демократска Странка; СДС) რომლის ლიდერი იყო რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება (ხორ. Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH), სტეპან კლუიჩით სათავეში.
ფიქრეთ აბდიჩი, ველიკა კლადუშას აგროკომერცის დირექტორი უძღოდა წინ დემოკრატიული მოქმედების პარტიის საარჩევნო სიას. არჩევნების შედეგად პრეზიდიუმში (რომელიც 7 წევრისგან შედგებოდა – 2 ბოსნიელი, 2 სერბი, 2 ხორვატი და 1 იუგოსლავი) აღმოჩნდნენ იზეთბეგოვიჩი და აბდიჩი. პრეზიდიუმის თავმჯდომარეობა ბოსნიელს ეკუთვნოდა, პრემიერ–მინისტრის პოსტი – ხორვატს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეობა – სერბს. პრეზიდიუმის თავმჯდომარედ იზეთბეგოვიჩი აირჩიეს.
მეზობელ ხორვატიაში ომის წამოწყების შემდეგ აშკარა გახდა, რომ კონფლიქტი ბოსნიასაც ვერ აუვლიდა გვერდს. ხორვატები ემხრობოდნენ იუგოსლავიიდან გამოყოფას, ხოლო სერბები, რომლებიც ბოსნიის მოსახლეობის მესამედს შეადგენდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ ამას. სერბი და ხორვატი ნაციონალისტები მათი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებას ითხოვდნენ, რაც შეუძლებელი იყო, რამდენადაც ისინი ურთიერთგამომრიცხავნი იყვნენ. იზეთბეგოვიჩმა სახალხოდ განაცხადა, რომ მისი არჩევანი ისეთივე ძნელი იყო, როგორც ადამიანისა, რომელსაც ლეიკემიასა და ტვინის კიბოს შორის უწევს არჩევანის გაკეთება.[13]
მოგვიანებით, როცა იზეთბეგოვიჩმა გააცნობიერა, რომ ხორვატიისა და სლოვენიის გარეშე იუგოსლავიაში სერბეთის დამბალანსებელი ძალა არ დარჩებოდა, ის იუგოსლავიიდან გამოსვლის მომხრეებისკენ გადაიხარა, ხოლო 1992 წლის თებერვალში განაცხადა: "გავწირავ მშვიდობას სუვერენიტეტისთვის... მაგრამ სუვერენიტეტს მშვიდობისთვის – ვერა."[14] სერბები მეტად და მეტად ეწინააღმდეგებოდნენ ბოსნიის იუგოსლავიიდან გამოყოფას, ხოლო როდესაც 1992 წლის თებერვალში დაინიშნა რეფერენდუმი ბოსნიის დამოუკიდებლობაზე, სერბთა ლიდერებმა ხალხს მოუწოდეს, ბოიკოტი გამოეცხადებინათ მისთვის, რადგან ბოსნიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში ისინი ისლამურ სახელმწიფოში არსებული უუფლებო უმცირესობა გახდებოდნენ,[15] ხოლო ბოიკოტის ეფექტურობის გასაზრდელად იყენებდნენ გასამხედროებულ ჯგუფებს, რომლებიც არბევდნენ საარჩევნო პუნქტებს, იტაცებდნენ ბიულეტენებსა და საარჩევნო ყუთებს, აშინებდნენ ხალხს და ა.შ.[16]
სერბების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. რეფერენდუმი 1992 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს ჩატარდა. რეფერენდუმზე ბოსნიის მოსახლეობის 64% გამოცხადდა, მათმა 93%–მა კი ხმა მისცა ბოსნიის დამოუკიდებლობას. სერბები აყალიბებენ თავის ცალკე სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს ბოსნიის ტერიტორიაზე სერბთა რესპუბლიკას, რომელიც იღებს დახმარებას სერბეთიდან, რომლის კონტროლქვეშაც აღმოჩნდა ფედერალური არმიის არსენალი. 1992 წლის 6 აპრილს იწყება ომი ბოსნიაში.

ბოსნიის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბოსნიის ომი.

იზეთბეგოვიჩი იმედოვნებდა, რომ ბოსნიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ახალი რესპუბლიკა საერთაშორისო საზოგადოების დახმარებას მიიღებდა, სერბეთისა და მისი სატელიტის სამხედრო ძალისგან მას გაეროს სამშვიდობო ძალები დაიცავდნენ. იზეთბეგოვიჩს იმედები გაუცრუვდა, რადგან გაეროს სამშვიდობო ძალები მართლაც შევიდნენ ბოსნიაში, მაგრამ მათი მანდატი ძალიან შეზღუდული იყო. გაეროს მშვიდობისმყოფელები იძულებულნი იყვნენ დამკვირვებლის როლით დაკმაყოფილებულიყვნენ სასტიკი ეთნიკური წმენდების დროს.[17] სერბთა რესპუბლიკა ბოსნიის დე–იურე ტერიტორიის 70%–ს აკონტროლებდა, მათ პირდაპირი დარტყმით სარაევოს აღება ვერ შეძლეს, ამიტომ ალყაში მოაქციეს იგი და გარშემო სიმაღლეებიდან სერბული არტილერია, ნაღმმტყორცნები და სნაიპერები დაუსჯელად ხოცავდნენ მოქალაქეებს სარაევოში.[18]
ამ სიტუაციაში იზეთბეგოვიჩმა კიდევ ერთი დიდი დარტმა მიიღო ყოფილი მოკავშირეებისგან – ბოსნიელი ხორვატებისგან. ისინი უკმაყოფილო იყვნენ სარაევოს ცენტრალური მთავრობისა, რომელიც მეტწილად ბოსნიელებისგან შედგებოდა. ამას დაერთო ხორვატიის მხარდაჭერა და ისიც, რომ სერბებისა და ხორვატების ტერიტორიული პრეტენზიები ბოსნიაში, მათ შორის კომპრომისის გამონახვის საშუალებას იძლეოდა. ბოსნიის ხორვატების დიდმა ნაწილმა ზურგი აქცია სტეპან კლუიჩს, რომელიც ბოსნიის ერთობის შენარჩუნების მომხრე იყო და მის ნაცვლად მათე ბობანი წამოაყენა წინ, რომელიც სამხრეთ და ცენტრალურ ბოსნიაში ხორვატული სახელმწიფოს შექმნისა და საბოლოოდ ხორვატიასთან შეერთებას უჭერდა მხარს. 1992 წლის 6 მაისს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი და ბობანი ხვდებიან ერთმანეთს გრაცში, სადაც თანხმდებიან გაიყონ ბოსნია და ჰერცეგოვინა. ხორვატულ და სერბულ ნაწილებს შორის რჩებოდა მცირე ბუფერი, რომელსაც "ალიას საფაშო" უწოდეს. შეთანხმების მიხედვით, ბოსნიელების კონცენტრაცია აქ უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც სერბები და ხორვატები თავის ტერიტორიებს გაწმენდდნენ მათგან.[19] შეხვედრაზე ბობანმა განაცხადა: სერბები ჩვენი ძმები არიან ქრისტეში, ხოლო მუსლიმები კი – არაფერი! გარდა იმისა რომ ასწლეულების განმავლობაში აუპატიურებდნენ ჩვენს დედებსა და დებს! კარაჯიჩმა კვერი დაუკრა მას და განაცხადა: ხორვატებსა და სერბებს გასაყოფი არაფერი აქვთ, 1918 წლამდე ჩვენ არასდროს გვქონია კონფლიქტი. როდესაც ჩვენი ტერიტორიების გამიჯვნა მოხდება, ჩვენ აღარასდროს გვექნება კონფლიქტი.[20]
იზეთბეგოვიჩის ყოფილი თანაპარტიელი და თანამებრძოლი, ფიქრეთ აბდიჩი, განაწყენებული იმით, რომ იზეთბეგოვიჩმა ვიცე–პრეზიდენტად ეიუბ ღანიჩი დანიშნა და არა თავად აბდიჩი, გადადის იზეთბეგოვიჩის ოპოზიციაში. იგი წავიდა მშობლიურ ველიკა კლადუშაში, სადაც სერბებისა და ხორვატების დახმარებით შეძლო თავისი ხელისუფლების დამყარება. თავის კონტროლირებად ტერიტორიას დასავლეთ ბოსნიის ავტონომიური პროვინცია უწოდა. ხორვატებსა და სერბებს აწყობდათ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ცენტრალური მმართველობის შესუსტება დასავლეთ ბოსნიაში, ამიტომ ისინი აბდიჩს დაუზავდნენ (1993 წლის 14 სექტემბერს ხორვატები და 22 ოქტომბერს სერბები). დაზავების შემდეგ აბდიჩის კორპორაცია აგროკომერცს თავისუფალი ვაჭრობის ნებას აძლევდნენ როგორც ხორვატები, ასევე სერბები, რის შედეგადაც ამ კომპანიას აბდიჩის მინი–სახელმწიფოსთვის საკმარისი დოვლათის მოტანა შეეძლო.[21]
ამგვარ სიტუაციაში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია აკონტროლებდა რესპუბლიკის დე–იურე ტერიტორიის დაახლოებით 25%–ს, ხოლო მისი, ისევე როგორც მთავრობისა და ადმინისტრაციის შევსება სულ უფრო და უფრო მეტად ხდებოდა ერთი ეთნოსის წარმომადგენლებით.
იზეთბეგოვიჩი ალყაშემორტყმულ სარაევოში ცხოვრობდა და როდესაც ნახა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მცირედ იყო დაინტერესებული ბოსნიის კონფლიქტში, მან დისიდენტობის პერიოდში ისლამურ სამყაროში არსებული კონტაქტების გამოყენებით გადაწყვიტა ისლამის ფაქტორის გამოყენება. შეიარაღებითა და ტექნიკით აღმატებული სერბებისა და ხორვატების მიერ მუსლიმთა შევიწროების ფაქტებმა ბევრი მუსლიმი აღაშფოთა, ზოგიერთი ბოსნიაში საომრად გამოეშურა, მუსლიმებს შორის გროვდებოდა შემოწირულობები იარაღისა და პირველი საჭიროების საყიდლად ბოსნიელებისთვის. პაკისტანისა და ირანის სპეცსამსახურები აქტიურად იყვნენ ჩართული ბოსნიელებისთვის იარაღის შეტანის საქმეში. მუსლიმი მოხალისეების შენაერთმა, რომელიც რამდენიმე ასეულ ადამიანს ითვლიდა, აქტიური მონაწილეობა მიიღო ბოსნიის ომში.[22]

ვაშინგტონის შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლის 18 მარტს ვაშინგტონსა და ვენაში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცეგ–ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის. ეს შეთანხმება ასრულებდა ომს ბოსნიის ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის, ქმნიდა ფედერაციას, რომელიც ათ კანტონად იყო დაყოფილი. ჰერცეგ–ბოსნია, რომელიც არაღიარებულ წარმონაქმნს წარმოადგენდა, ნებაყოფლობით შედიოდა ბოსნიის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ამ შეთანხმებამ საშუალება მისცა ბოსნიელებსა და ხორვატებს გაერთიანებულიყვნენ სერბების აღმატებული სამხედრო ძალის წინააღმდეგ.[23]

დეიტონის შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბების მიერ გაეროს უსაფრთხო ზონებში სამოქალაქო პირებზე გამუდმებული თავდასხმების გამო, ომის დაწყებიდან სამ წელზე მეტის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება ჩაერია კონფლიქტში. ნატომ მძიმე დარტყმა მიაყენა ბოსნიელ სერბთა ინფრასტრუქტურას. ამის შემდეგ ბოსნიელებმა და ხორვატებმა წამოიწყეს საერთო შეტევა და დაიკავეს სერბების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ნაწილი. სერბები იძულებულნი გახდნენ მოლაპარაკებებზე წამოსულიყვნენ.[24][25]
ომის დამამთავრებელ დეიტონის შეთანხმებას ხელი მოეწერა 1995 წლის 14 დეკემბერს, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკას წარმოადგენდა იზეთბეგოვიჩი, ბოსნიელ სერბებს წარმოადგენდა იუგოსლავიის ფედერაციის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, ბოსნიელ ხორვატებს კი ხორვატიის პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი. შეთანხმების მიხედვით ბოსნია და ჰერცეგოვინა დაიყო ორ სუბიექტად – ბოსნიის კონფედერაციად (ბოსნიელებისა და ხორვატების) და სერბთა რესპუბლიკად. გაეროს სამშვიდობო ძალებს უნდა უზრუნველეყოთ შეთანხმების შესრულება და მშვიდობის დაცვა ბოსნიის ტერიტორიაზე. სერბთა რესპუბლიკის არმიისა და ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ინტეგრაცია უნდა მომხდარიყო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიაში. პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა პრეზიდიუმი სამი წევრით – ბოსნიელით, სერბითა და ხორვატით, რომლებიც რამდენიმე თვეში ერთხელ შეცვლიდნენ ერთმანეთს, თუმცა ნებისმიერ ბოსნიურ ინსტიტუტზე მეტი ძალაუფლება გადაეცა უმაღლეს წარმომადგენელს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ნიშნავდა.[26]

ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზეთბეგოვიჩი პრეზიდიუმის ბოსნიელ წევრად რჩებოდა ომის შემდეგაც და პრეზიდიუმის თავმჯდომარეობა რამდენიმეჯერ მოუწია (პრეზიდიუმის წევრობა სამხედრო დანაშაულში ბრალდებულებს აკრძალული აქვთ, ასე რომ მისი მოწინააღმდეგეები – რადოვან კარაჯიჩი, მათე ბობანი, დარიო კორდიჩი და სხვ. ვერ მონაწილეობენ პრეზიდიუმში). 2000 წელს, 75 წლის იზეთბეგოვიჩი გადადგა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.[27]
გადადგომიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, 2003 წლის 19 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა გულის დაავადებით, რაც წაქცევისას დაცემით მიღებულმა ტრავმამ გაურთულა.[7] მის გარდაცვალებასთან ერთად შეწყდა ჰააგის ტრიბუნალის კვლევა, რომელიც ამოწმებდა ბოსნიის სამხედრო დანაშაულებთან იზეთბეგოვიჩის კავშირს.[28][29] ბოსნიელებს სურდათ სარაევოს ცენტრალური, მარშალ ტიტოს ქუჩისთვის და სარაევოს საერთაშორისო აეროპორტისთვის იზეთბეგოვიჩის სახელი ეწოდებინათ, მაგრამ სერბი პოლიტიკოსებისა და ბოსნიაში გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის წინააღმდეგობის გამო სახელის მინიჭება ვერ მოხერხდა.[30]
2006 წლის 11 აგვისტოს იზეთბეგოვიჩის საფლავი კოვაჩის სასაფლაოზე უცნობებმა ააფეთქეს. ვანდალების ვინაობა დღემდე დაუდგენელია.[31]

იზეთბეგოვიჩის ვაჟი, ბაქირ იზეთბეგოვიჩი (დაბ. 28 ივნისი 1956) ბოსნიის პრეზიდიუმის ბოსნიელი წარმომადგენელია 2010 წლის 10 ნოემბრიდან.[32]

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისლამური დეკლარაცია (ბოსნ. Islamska deklaracija); 1970 წ.
  • ისლამი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის (ბოსნ. Islam između Istoka i Zapada); 1980 წ.
  • სიტყვები და წერილები (ბოსნ. Govori i pisma); 1994 წ.
  • ომი და მშვიდობა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში (ბოსნ. Rat i mir u Bosni i Hercegovini); 1998 წ.
  • სირბილი თავისუფლებისკენ: წერილები ციხიდან 1983–1988 (ბოსნ. Moj bijeg u slobodu: Bilješke iz zatvora 1983-1988); 1999 წ.
  • მოგონებები (ბოსნ. Sjećanja); 2000 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SAUDI ARABIA : President of Bosnia Wins Islamic Prize Los Angeles Times; April 12, 1993.
  2. Awards Conferred Upon Secretary Albright and Other Administration Officials by Croatian Delegation U.S. Department of State; August 9, 2000.
  3. Dostluk İlişkilerine Katkının Altın Sembolü: Devlet ve Cumhuriyet Nişanları haberler.com; 14 Şubat 2013.
  4. Hamilton, Neil A. (2014). "Izetbegović, Alija", War in the Balkans: An Encyclopedic History from the Fall of the Ottoman Empire to the Breakup of Yugoslavia. Santa Barbara, California: ABC-CLIO. ISBN 978-1-6106-9031-7. 
  5. 5.0 5.1 Shay, Shaul (2007). Islamic Terror and the Balkans. Piscataway, New Jersey: Transaction Publishers. ISBN 978-1-4128-0931-3. 
  6. Alija Izetbegović: Introduction. Alija Izetbegović Museum. წაკითხვის თარიღი: 15 January 2015.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Binder, David. “Alija Izetbegovic, Muslim Who Led Bosnia, Dies at 78“, 20 October 2003. 
  8. Hoare, Marko Attila (2014). Bosnian Muslims in the Second World War. Oxford University Press, გვ. 12. ISBN 9780199327850. 
  9. Bartrop, Paul R. (2012). "Izetbegović, Alija (1925-2003)", A Biographical Encyclopedia of Contemporary Genocide: Portraits of Evil and Good. ABC-CLIO, გვ. 140. ISBN 9780313386787. 
  10. 10.0 10.1 Malcolm, Noel Bosnia: A short history, გვ. 219-220
  11. Banac, Ivo. Bosnian Muslims: From Religious Community to Socialist Nationhood and Post communist Statehood, 1918-1992, გვ. 147-148
  12. 12.0 12.1 Obituary: Alija Izetbegović. BBC (19 October 2003). წაკითხვის თარიღი: 1 January 2010.
  13. After the Peace by Robert L. Rothstein; ISBN 1-55587-828-8; ISBN 978-1-55587-828-3
  14. Andjelic, Neven Bosnia-Herzegovina: The End of a Legacy
  15. Toal, Gerard; Dahlman, Carl T. (2011) Bosnia Remade: Ethnic Cleansing and Its Reversal. New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-973036-0. 
  16. Gow, James (2003). The Serbian Project and its Adversaries: A Strategy of War Crimes. London: C. Hurst & Co.. ISBN 978-1-85065-646-3. 
  17. Flashback: The Ahmici massacre“, BBC News, 14 January 2000. 
  18. Hoare, Marko Attila (March 1997). "The Croatian Project to Partition Bosnia-Hercegovina, 1990-1994". East European Quarterly 31 (1): 121–138.
  19. Warring Factions Agree on Plan to Divide up Former Yugoslavia By Blaine Harden; The Washington Post; Friday, May 8, 1992
  20. The Denial of Bosnia Rusmir Mahmutćehajić; Penn State Press, 2000. pp. 45
  21. A Man who Divided the People of Krajina AIM; Sarajevo; July 31, 2001.
  22. WE FOUGHT WITH THE BH ARMY, BUT NOT UNDER ITS COMMAND
  23. Confederation Agreement Between The Bosnian Government And Bosnian Croats
  24. Serbs Threaten To Pull Out Of Cease-Fire; Muslims, Croats Reportedly Within 9 Miles of Key City The Washington Post; October 14, 1995.
  25. Сражения в Босанской Краине в сентябре-октябре 1995 года srpska.ru; 10.3.2006.
  26. Dayton Accords; U.S. Department of State
  27. Izetbegovic steps down BBC news; 14 October, 2000.
  28. Bosnia leader was war crimes suspect“, 22 October 2003. 
  29. Dead Bosnia Hero Focus of War Crimes Inquiry“, 23 October 2003. 
  30. Bajramovic, Dino. “Street Name Change Splits Bosnian Capital“, 21 February 2005. 
  31. Izetbegović grave damaged. BBC News (11 August 2006). წაკითხვის თარიღი: 1 January 2010.
  32. Izetbegoviću 34,8 posto glasova, Komšiću 60,9, a Radmanoviću 49,8 Klix; 05.10.2010.