ბალატონის თავდაცვითი ოპერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალატონის თავდაცვითი ოპერაცია 1945მეორე მსოფლიო ომში (1941-1945) უკრაინის III ფრონტის ჯარების (სარდალი საბჭოთა კავშირის მარშალი თევდორე ტოლბუხინი) ოპერაცია უნგრეთში, ბალატონის ტბის მიდამოებში 1945 წლის 6-15 მარტს.

გერმანიის სარდლობამ მიზნად დაისახა აღედგინა მდინარე დუნაიზე თავდაცვის ზღუდე, მოესპო საშიშროება, რომელიც გერმანიის სამხრეთ რაიონებს ემუქრებოდა, შეეჩერებინა საბჭოთა ჯარების შეტევა ავსტრიის, იუგოსლავიის და ჩეხოსლოვაკიის მიმართულებით და აეძულებიდა საბჭოთა სარდლობა ბერლინის მიმართულებიდან გადმოეყვანა ჯარები. ამისათვის დასავლეთ ევროპის ფრონტიდან ბალატონის ტბის მიდამოებში გადმოისროლა „სს“-ის მე-6 სატანკო არმია და შექმნა ძლიერი დაჯგუფება (ნახევარ მლნ-მდე კაცი, 5600 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 900-მდე ტანკი, 850 საბრძოლო თვითმფრინავი).

საბჭოთა სარდლობამ დროულად გამოიცნო ეს ჩანაფიქრი. უკრაინის III ფრონტის ჯარებს შეუპოვარ თავდაცვით ბრძოლაში უნდა გდენადგურებინა მტრის მოიერიშე ძალები და ხელსაყრელი პირობები შეექმნა შეტევაზე გადასასვლელად. 6 მარტს დილით გერმანელები შეტევაზე გადმოვიდნენ. 10 დღეს გრძელდებოდა მტრის ქვეითი და სატანკო ნაწილების იერიში. საბჭოთა ჯარებმა მოიგერიეს გერმანელთა შეტევა, მოსპეს მტრის 40 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი, 500-ზე მეტი ტანკი და საიერიშო ქვემეხები, 300 ქვემეხი და ნაღმსარტყორცნი.

ბალატონის თავდაცვითი ოპერაციის წარმატებით დამთავრებამ საშუალება მისცა უკრაინის II და III ფრონტებს დაეწყოთ შეტევა ქ. ვენის მიმართულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 167, თბ., 1977