მატილდა I ბულონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატილდა I ბულონელი
ინგლისის დედოფალი
კორონაცია: 22 მარტი, 1136
მმართ. დასაწყისი: 22 დეკემბერი, 1135
მმართ. დასასრული: 7 აპრილი, 1141
წინამორბედი: ადელაიდა დე ლუვენი
მემკვიდრე: თანამდებობა ვაკანტური იყო
ინგლისის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 ნოემბერი, 1141
მმართ. დასასრული: 3 მაისი, 1152
წინამორბედი: თანამდებობა ვაკანტური იყო
მემკვიდრე: ელეონორ აკვიტანიელი
სხვა წოდებები: ბულონის გრაფინია (1125-1152)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1105
დაბ. ადგილი: ბულონი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 3 მაისი, 1152, (46-47 წლის)
გარდ. ადგილი: ესექსი, ინგლისი
მეუღლე: სტეფანი, ინგლისის მეფე
შვილები: ოსტას IV, ბულონის გრაფი
მარი I, ბულონის გრაფინია
გულიემ I, ბულონის გრაფი
დინასტია: ფლანდრიელები
მამა: ოსტას III, ბულონის გრაფი
დედა: მერი შოტლანდიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მატილდა I ბულონელი (ფრანგ. Matilde Ier de Boulogne, ინგლ. Matilda I of Boulogne; დ. 1105 — გ. 3 მაისი, 1152) — ინგლისის ორგზის დედოფალი 1135-1141 და 1141-1152 წლებში როგორც მეფე სტეფან ბლუელის ერთადერთი მეუღლე. ბულონის გრაფინია 1125-1152 წლებში როგორც გრაფ ოსტას III-ის ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატილდა დაიბადა 1105 წელს ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ ბულონში. იგი იყო ბულონის გრაფ ოსტას III-ისა და მისი მეუღლის, გრაფინია მერი შოტლანდიელის ქალიშვილი. დედამისი იყო შოტლანდიის მეფე მალკოლმ III-ისა და დედოფალ მარგარეტ შოტლანდიელის ასული, რომლის ხაზითაც მატილდა ინგლისის მეფეთა შთამომავალი იყო.

ბულონის გრაფინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1125 წელს მატილდა დააქორწინეს მორტენის გრაფ სტეფან ბლუელზე. იმავე წელს მატილდას მამა გარდაიცვალა, რის გამოც ის და მისი ქმარი გახდნენ ბულონის თანა-მმართველები.

მათი თანა-მმართველობის პერიოდში მატილდამ ხუთი შვილი გააჩინა, აქედან სამი ვაჟი და ორი გოგონა. მას შემდეგ, რაც ინგლისის ტახტზე ჰენრი I ავიდა, რომელსაც ცოლად მატილდას დეიდაშვილი, მატილდა შოტლანდიელი ჰყავდა, ის და მისი ქმარ-შვილი ლონდონში, ინგლისის სამეფო კარზე გადასახლდნენ. სწორედ აქ გააჩინა მატილდამ თავისი ვაჟი ბალდუინი, რომელსაც სახელი იერუსალიმის მეფე ბალდუინ I-ის პატივსაცემად დაარქვეს. ასევე აქ გააჩინა ქალიშვილი მატილდა, რომელსაც სახელი დედოფალ მატილდა შოტლანდიელის პატივსაცემად დაარქვა.

ინგლისის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1135 წელს, ინგლისის მეფე ჰენრი I-ის უვაჟოდ დაღუპვის შემდეგ სტეფანმა ბულონის პორტებიდან სასწრაფოდ გამოიყვანა თავისი საზღვაო არმია და დაამარცხა ჰენრის ერთადერთი ასული, გერმანიის დედოფალი მატილდა. ამის შემდეგ სტეფანი ინგლისის მეფე გახდა, ხოლო მატილდა ბულონელი დედოფალი. მატილდა ბულონელი ამ პერიოდში ორსულად იყო, რის გამოც ვერ მოაცხერხა საფრანგეთის დატოვება. რამდენიმე თვეში მან ვაჟი გააჩინა, სახელად გულიემი. ამის შემდეგ იგი ახალშობილთან ერთად ჩავიდა ინგლისში, სადაც მათ სტეფანი ელოდებოდათ. მხოლოდ ამის შემდეგ, 1136 წლის 22 მარტს შედგა სტეფან ბლუელისა და მატილდა ბულონელის ინგლისის მეფე-დედოფლად კორონაცია.

დედოფალი მატილდა იყო ტამპლიერთა ორდენის მომხრე. მან 1137 და 1139 წლებში, ესექსსა და ოქსფორდში დააარსა ტამპლიერთა მონასტრები. როგორც მისი წინამორბედი მატილდა შოტლანდიელი, ისიც მფარველობდა ლონდონის წმინდა სამების სახელობის ეკლესიას, სადაც განისვენებს მისი ორი ქალიშვილი.

გამეფებიდან რამდენიმე წელიწადში, გერმანიის დედოფალმა მატილდამ თავის მხარდამჭერებთან ერთად სამოქალაქო ომი დაიწყო, სადაც სტეფანის ყველაზე დიდი მხარდამჭერი მისი საყვარელი მეუღლე იყო. როდესაც 1138 წელს მატილდას ჯარები ინგლისში შეიჭრა, დედოფალმა საპასუხოდ თავისი ჯარები გამოიხმო ბულონიდან და მისი მოკავშირე ფლანდრიიდან. იგი დამხმარე ჯარებს დუვრში შეეგება და მათთან ერთად უფრო ჩრდილოეთით, დურჰაიმისკენ გაემართა, სადაც 1139 წელს ხელშეკრულება დადო შოტლანდიის მეფე დევიდ I-თან.

1141 წელს მეფე სტეფანი სასტიკად დამარცხდა ლინკოლნის ბრძოლაში, რის გამოც მან დაკარგა ინგლისის ტახტი, რომელზეც დედოფალი მატილდა ავიდა თავის ახალ, ანჟუელ ქმართან ერთად. აღსანიშნავია, რომ დედოფალმა მატილდამ სტეფანსა და მატილდა ბულონელს აიძულა ლონდონში ჩასვლა და მის კორონაციაზე დასწრება. იმავდროულად სტეფანის ძმამ, ჰენრიმ დიდი ჯარები შეაგროვა და სულ რამდენიმე თვეში მან სასტიკად დაამარცხა მატილდა ვინჩესტერის ბრძოლაში. გაქცეულ მატილდას უკან მატილდა ბულონელი თავისი ჯარებით მიჰყვა, სადაც ტყვედ ჩაიგდო მისი ნახევარ-ძმა რობერტ გლოსტერელი. ამის შემდეგ ორმა მატილდამ მოილაპარაკა და ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამავე შეთანხმების საფუძველზე მატილდამ უარი თქვა ინგლისზე სტეფანის სასარგებლოდ, თუმცა იმ პირობით, რომ სტეფანის შემდეგ მეფე მატილდას ვაჟი, ჰენრი პლანტაგენეტი გახდებოდა, რაც ასეც მოხდა.

დედოფალი მატილდა ბულონელი გარდაიცვალა 1152 წლის 3 მაისს 46-47 წლის ასაკში სრულიად მოულოდნელად, ციებ-ცხელებისაგან. იგი დაკრძალეს ფავერშემის სააბატოში, რომელიც მან და მისმა ქმარმა დააარსეს. სტეფან ბლუელი მეორედ აღარ დაქორწინებულა და იგი 1154 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ინგლისის მეფე დედოფალ მატილდას ვაჟი, ჰენრი II პლანტაგენეტი გახდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ოსტას IV, ბულონის გრაფი, ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი VI-ის ასული კონსტანცია, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  2. ბალდუინი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. მატილდა, ცოლად გაჰყვა უორცესტერის ერლ უალერან დე ბემონს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  4. მარი I, ბულონის გრაფინია, ცოლად გაჰყვა მეთიუ ალსაკელს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  5. გულიემ I, ბულონის, მორტენისა და სარის გრაფი, ცოლად შეირთო იზაბელ დე უარენი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Norgate, Kate (1894). "Matilda of Boulogne". Dictionary of National Biography. 38. pp. 53–53.
  • Marjorie Chibnall, ‘Matilda (c.1103–1152)’, Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004 [1].
  • Duggan, Anne (1997). Queens and Queenship in Medieval Europe: Proceedings of a Conference Held at King's College London, April 1995. The Boydell Press.
  • Hilton, Lisa (2008). Queens Consort, England's Medieval Queens. Great Britain: Weidenfeld & Nichelson. ISBN 978-0-7538-2611-9.
  • Matthew, Donald (2002). King Stephen. Carnegie Publishing.