ჯოან ინგლისელი (1210-1238)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯოან ინგლისელი
JoanEngland.jpg
შოტლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 21 ივნისი, 1221
მმართ. დასასრული: 4 მარტი, 1238
წინამორბედი: ერმენგრადა დე ბემონი
მემკვიდრე: მარი დე კუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ივლისი, 1210
გარდ. თარიღი: 4 მარტი, 1238, (27 წლის)
მეუღლე: ალექსანდრე II, შოტლანდიის მეფე
დინასტია: პლანტაგენეტები
მამა: ჯონი, ინგლისის მეფე
დედა: იზაბელა ანჟულიმელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჯოან ინგლისელი (ინგლ. Joan of England, შოტლ. Joan o Ingland; დ. 22 ივლისი, 1210 — გ. 4 მარტი, 1238) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოსა და დედოფალ იზაბელა ანჟულიმელის ასული. შოტლანდიის დედოფალი 1221-1238 წლებში როგორც ალექსანდრე II-ის პირველი მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოანი დაიბადა 1210 წლის 22 ივლისს. იგი იყო ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოსა და მისი მეუღლის, დედოფალ იზაბელა ანჟულიმელის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. თავდაპირველად იგი დანიშნული იყო საფრანგეთის მეფე ფილიპ II-ის უფროს ვაჟ ლუიზე. 1214 წელს მამამისმა ჩაშალა საფრანგეთის მეფესთან არსებული მოლაპარაკებები და ჯოანის ხელს დაჰპირდა ლა მარკის გრაფ უგო X ლუზინიანელს. ახალგაზრდა ჯოანის მზითვს შეადგენდა სენტი, სენტოჟი და ოლერონის კუნძული. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ უეცრად უგომ მისი მზითვის გადაცემა ქორწილამდე მოითხოვა, რაც ინგლისელებმა არ შეასრულეს, რასაც მოჰყვა ნიშნობის ჩაშლა.

1216 წელსვე, მეფე ჯონის გარდაცვალების შემდეგ, უგო X ლუზინიანელს თავად ჯოანის დედა, იზაბელა ანჟულიმელი გაჰყვა ცოლად. აღსანიშნავია, რომ დედამისმა ქორწინების შემდეგ ჯოანი თან წაიყვანა ახალი ქმრის სასახლეში, საიდანაც იგი მხოლოდ რომის პაპის სერიოზული ჩარევის შემდეგ დააბრუნეს უკან, ინგლისში. 1212 წლიდან ინგლისის კარზე იმყოფებოდა შოტლანდიის მეფე ალექსანდრე II, რომელთანაც 1220 წლის 15 მაისს ჯოანის ძმამ, მეფე ჰენრი III-მ დაიწყო მოლაპარაკებები. ჰენრი III ალექსანდრე II-ს მის დაზე, ჯოანზე დაქორწინების სანაცვლოდ დაჰპირდა ჩრდილო ნორთუმბრიის მზითვად გატანებას, რაც შოტლანდიელთათვის ოცნება იყო.

1221 წლის 18 ივნისს ალექსანდრემ ოფიციალურად გადააფორმა ჰასენდენის, ჯედბურგის, კინგჰონისა და კრეილის მიწები ჯოანის სახელზე, რაც ჰენრის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. 21 ივნისს ჯოანი და ალექსანდრე იორკის კათედრალში დაქორწინდნენ. ამ დროს ალექსანდრე 23 წლის იყო, ჯოანი კი მხოლოდ 11-ის. ამის გამო, მეფეს არ შეეძლო დედოფალთან სარეცელის გაზიარება და არც მემკვიდრის იმედი უნდა ჰქონოდა. ასეთი სარისკო მდგომარეობის გამო, ალექსანდრე განქორწინებაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ ეშინოდა, რომ ეს ინგლისელთა მხრიდან ომის პროვოცირებას გამოიწვევდა. დედოფალ ჯოანს შოტლანდიაში არც ისე მყარი პოზიცია ჰქონდა, რომლის სამეფო კარზეც მისი დედამთილი, დედოფალი ერმენგრადა დომინირებდა. მიუხედავად მისი პიროვნული თვისებებისა, მისმა ინგლისელმა მოკავშირეებმა იგი მაინც მნიშვნელოვან პირად აქციეს. 1236-1237 წლებში ჯოანი თან ახლდა ალექსანდრეს ინგლისში ვიზიტისას, სადაც იგი იორკში თავის ძმასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა სადავო ჩრდილოეთის მიწების გამო. როგორც ფრანგი მემატიანე მოგვითხრობს, ამ ვიზიტის შემდეგ ჯოანმა ინგლისში დარჩენა მოინდომა, მისმა ძმამ კი ნება დართო იორკში დარჩენილიყო და იქ ეცხოვრა. იორკში ყოფნისას ჯოანი და მისი რძალი, დედოფალი ელეანორ პროვანსელი ერთმანეთს შეხვდნენ და წმინდა თომას ბეკეტის საფლავზეც იყვნენ მოსალოცად.

ამ ამბიდან მალევე, 1238 წელს ჯოან ინგლისელი გარდაიცვალა. იგი თავის ძმებს, ჰენრი III-სა და რიჩარდ კორნუოლელს ჩააკვდა ხელებში და მისივე სურვილის მიხედვით დაკრძალეს კროუფორდის სააბატოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rosalind K. Marshall: “Scottish Queens: 1034–1714”
  • Richard Oram: “The Kings and Queens of Scotland”
  • Timothy Venning: “The Kings and Queens of Scotland”
  • Mike Ashley: “British Kings and Queens”
  • Elizabeth Ewan, Sue Innes and Sian Reynolds: “The Biographical Dictionary of Scottish Women”