ჯოან ინგლისელი (1321-1362)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ეს სტატია ეხება შოტლანდიის დედოფალ ჯოან ინგლისელს, იმავე სახელის მქონე სხვა პიროვნებების სანახავად გთხოვთ იხილოთ გვერდი ჯოან ინგლისელი

ჯოან ინგლისელი
Joan Queen of Scotland.jpg
შოტლანდიის დედოფალი
კორონაცია: ნოემბერი, 1331
მმართ. დასაწყისი: 7 ივნისი, 1329
მმართ. დასასრული: 7 სექტემბერი, 1362
წინამორბედი: ელიზაბეთ დე ბურგი
მემკვიდრე: მარგარეტ დრუმონდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 ივლისი, 1321
დაბ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 7 სექტემბერი, 1362, (41 წლის)
გარდ. ადგილი: ჰერტფორდშირი, ინგლისი
დაკრძ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
მეუღლე: დეივიდ II, შოტლანდიის მეფე
დინასტია: პლანტაგენეტები
მამა: ედუარდ II, ინგლისის მეფე
დედა: იზაბელა ფრანგი
რელიგია: კათოლიციზმი

ჯოან ინგლისელი (ინგლ. Joan of England), აგრეთვე ცნობილია როგორც ჯოან ტაუერელი (ინგლ. Joan of the Tower; დ. 5 ივლისი, 1321, ლონდონი, ინგლისი — გ. 7 სექტემბერი, 1362, ჰერტფორდშირი, ინგლისი) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ედუარდ II-ისა და დედოფალ იზაბელა ფრანგის ასული. შოტლანდიის დედოფალი 1329-1362 წლებში როგორც მეფე დეივიდ II-ის პირველი ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოანი დაიბადა 1321 წლის 5 ივლისს ლონდონში, ტაუერში, რის გამოც მას მეტსახელად „ტაუერელი“ შეარქვეს. იგი იყო ინგლისის მეფე ედუარდ II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ იზაბელა ფრანგის უმცროსი ქალიშვილი. მისი და-ძმები იყვნენ ინგლისის მეფე ედუარდ III, კორნუოლის ჰერცოგი ჯონ ელტმენი და გელდერნის ჰერცოგინია ელიზაბეთ ვუდსკოკელი.

1328 წლის 17 ივლისს, ჯოანა ნორთჰემპტონის ხელშეკრულების საფუძველზე ბერვიკ-აფრონ-ტვიდში დააქორწინეს შოტლანდიის მეფე რობერტ I-ის ვაჟ დეივიდზე. ამ დროს პატარძალი შვიდი წლის იყო, ხოლო სიძე ოთხის. მათი ქორწინება 34 წელს გაგრძელდა, რომელიც უნაყოფო და უიღბლო აღმოჩნდა.

მეფე დეივიდ II და დედოფალი ჯოან ინგლისელი მუხლს იყრიან საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის წინაშე

1329 წლის 7 ივნისს რობერტ I გარდაიცვალა, რითაც ჯოანი და დეივიდ II შოტლანდიის მეფე-დედოფალი ხდებიან. 1331 წლის ნოემბერში, სკონეს სააბატოში შედგა მათი კორონაცია.

1333 წელს ედუარდ III-მ ფრანგებთან მოკავშირეობის გამო შოტლანდიელების დასჯა გადაწყვიტა. მან სასტიკად დაამარცხა დეივიდ II-ის ჯარები ჰალიდონის ბრძოლაში 1333 წლის ივლისში, რის გამოც მეფე დეივიდ II და დედოფალი ჯოან ინგლისელი უსაფრთხოების მიზნით საფრანგეთში გაიქცნენ. 1334 წლის მაისში, ბულონ-სურ-მერში ისინი საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ს შეხვდნენ. მეფე ფილიპემ ისინი შატო დე გილარში დააბინავა, სადაც გაატარეს შემდგომი რამდენიმე წელი. მათი საფრანგეთში ცხოვრების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი.

1341 წელს დეივიდი და ჯოანი შოტლანდიაში დაბრუნდნენ, სადაც მათ დაიბრუნეს თავიანთი ხელისუფლება. 1346 წლის 17 ოქტომბერს, დეივიდ II ედუარდ III-მ სასტიკად დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ნევილის ბრძოლაში, რის შემდეგაც შოტლანდიის მეფემ თერთმეტი წელი ინგლისელთა ტყვეობაში გაატარა. ამგვარ პირობებში დედოფალ ჯოანს მისი ძმა, ინგლისის მეფე ნებას რთავდა პერიოდულად სტუმრებოდა თავის ქმარს ტაუერში, თუმცა იგი მაინც ვერ ორსულდებოდა. 1357 წელს ედუარდმა იგი გაანთავისუფლა, მაგრამ ჯოანმა ინგლისში დარჩენა გადაწყვიტა. დედოფალი ამ პერიოდში განსაკუთრებით დაუახლოვდა დედამისს, იზაბელა ფრანგს, რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავად უვლიდა. დედოფალი იზაბელა 1358 წელს გარდაიცვალა, 63 წლის ასაკში.

დედის გარდაცვალების მიუხედავად ჯოანი ინგლისში დარჩა, თუმცა სამეფო კარზე არ ცხოვრობდა. იგი გარდაიცვალა 1362 წლის 7 სექტემბერს ჰერტფორდშირში, 41 წლის ასაკში, უშვილოდ. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ლონდონში, გრეიფაირის სააბატოში. მისი გარდაცვალების შემდეგ მეფე დეივიდი მეორედ დაქორწინდა მარგარეტ დრუმონდზე, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, რომელიც მალევე დაიღუპა. ამის გამო შეწყდა ბრიუსების დინასტია და შოტლანდიაში სტიუარტები გამეფდნენ.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ashley, Mike. The Mammoth Book of British Kings and Queens. London: Robinson Publishers, 1999. ISBN 1-84119-096-9
  • Brown, Michael. The Wars of Scotland, 1214–1371. Edinburgh: Edinburgh University Press, 2004. ISBN 978-0748612383
  • Marshall, Rosalind. Scottish Queens 1034–1714. East Linton: Tuckwell Press, 2003. ISBN 978-0859766777
  • Mortimer, Ian. The Perfect King The Life of Edward III, Father of the English Nation. London: Vintage, 2008. ISBN 978-0099527091
  • Panton, James. Historical Dictionary of the British Monarchy. Lanham, MD: Scarecrow Press, 2011. ISBN 978-0810857797