ჯეიმზ ჰეპბერნი
ჯეიმზ ჰეპბერნი | |
---|---|
ბოთუელის ერლი, ფაიფის მარკიზი და ორკნის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1556 |
მმართ. დასასრული: | 1567 |
წინამორბედი: | პატრიკ ჰეპბერნი |
მემკვიდრე: | ჯეიმზ დუგლასი |
შოტლანდიის მეფე-კონსორტი | |
მმართ. დასაწყისი: | 15 მაისი, 1567 |
მმართ. დასასრული: | 24 ივლისი, 1567 |
წინამორბედი: | ჰენრი სტიუარტი |
მემკვიდრე: | ანა დანიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1534 |
დაბ. ადგილი: | ედინბურგი, შოტლანდია |
გარდ. თარიღი: | 14 აპრილი, 1578, (44 წლის) |
გარდ. ადგილი: | ზელანდი, დანია |
მეუღლე: |
ჯეინ გორდონი მერი სტიუარტი |
მამა: | პატრიკი, ბოთუელის ერლი |
დედა: | აგნესა სინკლერი |
ჯეიმზ ჰეპბერნი (შოტლ. James Hepburn; დ. 1534 — გ. 14 აპრილი, 1578) — შოტლანდიელი დიდგვაროვანი. ბოთუელის ერლი, ფაიფის მარკიზი და ორკნის ჰერცოგი 1556-1567 წლებში. შოტლანდიის მეფე-კონსორტი 1567 წლის მაისიდან ივლისამდე როგორც მერი I სტიუარტის მესამე და უკანასკნელი ქმარი. იგი მონაწილეობდა მერის მეორე ქმრის, დარნლის ლორდ ჰენრი სტიუარტის მკვლელობაში. შემდგომში სწორედ ჯეიმზისა და მერის ქორწინებამ უბიძგა ხალხს სახელმწიფო გადატრიალებისკენ, რა დროსაც მათ დაამხეს დედოფალი და ტახტზე მისი მცირეწლოვანი ვაჟი ჯეიმზ VI დასვეს. ამ დროს მერი სტიუარტი ინგლისში გაიქცა, ჯეიმზი კი დანიაში, სადაც იგი კანონდარღვევისთვის დააპატიმრეს. საბოლოოდ მან სწორედ ციხის საკანში მოიკლა თავი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯეიმზი დაიბადა 1534 წელს ედინბურგში, შოტლანდიაში. იგი იყო ბოთუელის ერლ პატრიკ ჰეპბერნისა და მისი ცოლის, ლორდი ჰენრი სინკლერის ასულ აგნესა სინკლერის უფროსი ვაჟი. 1556 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მან მემკვიდრეობით მიიღო ბოთუელის ერლის წოდება, რის შემდეგაც იგი სწორედ ამ სახელით იყო ცნობილი.
ქორწინებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც შოტლანდიის დიდი ადმირალი, ბოთუელი მთელი ევროპის გარშემო მოგზაურობდა. 1559 წელს იგი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენს ეწვია, სადაც ადგილობრივ დიდგვაროვან ქალთან, ანა ტრონდზენთან გააბა რომანი. წარმოშობით იგი ნორვეგიელი დიდგვაროვნის, კრისტოფერ ტრონდზენის ქალიშვილი იყო. ანას მამა ნორვეგიის ადმირალი და დანიის სამეფო კონსული იყო, ამიტომაც, მას დიდი გავლენები ჰქონდა სამეფო კარზე. ამიტომ, ბოთუელი იძულებული გახდა ანაზე დანიშნულიყო, თუმცა ნიშნობიდან მალევე იგი ჩუმად გაიპარა ფლანდრიაში, რაც შემდგომში მას ძვირად დაუჯდა.
1566 წლის გაზაფხულზე ჯეიმზმა ცოლად შოტლანდიელი არისტოკრატი ქალბატონი, ლედი ჯეინ გორდონი შეირთო, ჰანთლის ერლის ასული და სირ ჯონ გორდონის საყვარელი და. ქორწინება უიღბლო და უნაყოფო აღმოჩნდა, რის გამოც ბოთუელი და ჯეინი 1567 წლის 7 მაისს განქორწინდნენ.
მერისთან შეხვედრა საფრანგეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დანიიდან გამოქცეული ბოთუელი ჯერ ფლანდრიაში ჩავიდა, საიდანაც იგი საფრანგეთში გადავიდა და სამეფო კარს ეწვია, სადაც საფრანგეთის დედოფალი ამ დროისათვის შოტლანდიელი დედოფალი მერი სტიუარტი იყო და შოტლანდიელებს დიდი გალვენა ჰქონდათ. დედოფალმა მერიმ და მეფე ფრანსუა II-მ იგი დიდი პატივით, გულთბილად მიიღეს და თვიურ პენსიად 600 კრონა გამოუყვეს. ამის შემდეგ ბოთუელი დროებით დაბრუნდა შოტლანდიაში, სადაც იგი დიდად დაუახლოვდა მერის დედას, დედოფალ-რეგენტ მარი დე გიზს.
მარი დე გიზის რეგენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოთუელი დედა-დედოფალსა და რეგენტ მარი დე გიზს შოტლანდიაში პირველად პროტესტანტი ლორდების კონგრესზე შეხვდა. მან დიდად მოხიბლა დედოფალი თავისი გამჭრიახობითა და იუმორის გრძნობით, რის გამოც მისი თვიური პენსია 6, 000 კრონამდე გაიზარდა. იგი მარი დე გიზს ეხმარებოდა ადგილობრივ პროტესტანტებთან და ინგლისელებთან ბრძოლაში, რის გამოც დედოფალი დიდად მადლიერი იყო მისდამი. 1559 წელს ბოთუელმა წარმატებით დაამარცხა არანისა და ორმისტონის ლორდების კოალიცია, რომელიც დედოფლის დამხობას ისახავდა მიზნად. ამ დამსახურებისათვის ბოთუელმა საჩუქრად ბორვიკის სასახლე მიიღო. სწორედ ამ დროს შოტლანდიის სამეფო კარზე კიდევ ერთი სკანდალი აგორდა, რომელშიც ბოთუელი თავისდა უნებურად გაეხვა. საქმე იმაში იყო, რომ მისმა დამ, ლედი ჯეინ ჰეპბერნმა რომანი ინგლისის ელჩ თომას რანდოლფთან გააბა.
დედოფალ მერის სამეფო კარზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარი დე გიზი 1560 წლის ივლისში გარდაიცვალა, რასაც ამავე წლის დეკემბერში ფრანსუა II-ის გარდაცვალება მოჰყვა, რის გამოც მერი სტიუარტი იძულებული გახდა საფრანგეთი დაეტოვებინა და შოტლანდიაში დაბრუნებულიყო. მის ჩამოსაყვანად 1561 წლის 5 ივლისს ბოთუელი ორკნის ეპისკოპოსთან და ეგლინტონის ერლთან ერთად ჩავიდა პარიზში.
მარი დე გიზის გარდაცვალების შემდეგ პროტესტანტმა ლორდებმა დიდი ძალაუფლება მოიპოვეს, რასაც კათოლიკური საფრანგეთის მხარდაჭერის დაკარგვაც დაერთო. მერი სტიუარტი ფაქტობრივად მარტო დარჩა უამრავი მტრის წინაშე, რა დროსაც მან პირველად შეამჩნია ლორდი ბოთუელი, რომელიც მალე მისი ნდობით აღჭურვილი პირი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი და ბოთუელი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, თავიდან მათი ურთიერთობა მხოლოდ თანამშრომლობითა და მეგობრობით შემოიფარგლებოდა. ამას დაერთო ისიც, რომ 1566 წელს ბოთუელი დაქორწინდა და მთლიანად თავის ცოლზე გადაერთო, რასაც ამავე წლის ივლისში მერი სტიუარტის თავის ბიძაშვილზე, დარნლის ლორდ ჰენრი სტიუარტზე ქორწინება დაერთო. ჰენრი სტიუარტი საშინელი ქმარი აღმოჩნდა და მერი ნამდვილად ცუდ დღეში ჩავარდა. იგი ყველანაირად ცდილობდა მისთვის თავის არიდებას, რა დროსაც იგი თავის იტალიელ მუსიკოს დევიდ რიჩოსთან ატარებდა დროს. მალე ჰენრიმ და შოტლანდიელმა დიდგვაროვნებმა შეთქმულება მოაწყვეს და რიჩო პირდაპირ ორსული დედოფლის თვალწინ მოკლეს, მას კი ძალაუფლება ჩამოართვეს და კოშკში გამოკეტეს. ამ დროს სწორედ ბოთუელმა შესძლო დედოფლის გამოხსნა და ამბოხებულთა ჯარების დამარცხება. მალე პრინცი ჯეიმზიც დაიბადა.
დარნლის მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1567 წლის 10 თებერვალს ჰენრი სტიუარტი თავის რეზიდენციაში ააფეთქეს, თუმცა ბევრი ვარაუდობდა, რომ იგი აფეთქებისას არ დაღუპულა. ბევრის აზრით მან სასახლიდან გამოასწრო, თუმცა იგი ეზოში გაგუდეს, მაგრამ ხელისუფლება იუწყებოდა, რომ მისი ცხედარი აფეთქებისას გადმოვარდა გარეთ. დედოფლის ქმრის მკვლელობაში ხალხიცა და არისტოკრატიაც ერთხმად ადანაშაულებდა ლორდ ბოთუელს. მის ბრალდებაში განსაკუთრებით ჰენრის მამა, ჰერცოგი ლენოქსი და სხვა ნათესავები აქტიურობდნენ, თუმცა დედოფალი ბოთუელის დასჯას არ ჩქარობდა. მერიმ მას მხოლოდ სასამართლო მოუწყო, რომელმაც იგი უდანაშაულოდ სცნო. ამის შემდეგ დაიბადა ეჭვი, რომ ჰენრის მკვლელობაში დედოფალიც იყო გარეული.
ქორწინება დედოფალ მერიზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დარნლის მკვლელობიდან მომდევნო ოთხშაბათს, 19 თებერვალს დედოფალმა პარლამენტის შენობაში გადაინაცვლა, სადაც მან თავის ახალ ქორწინებასთან დაკავშირებით წამოჭრა საკითხი. მას თან ახლდა ბოთუელიც. ორთვიანი განხილვის შემდეგ, 19 აპრილს, შაბათ დღეს რვა ეპისკოპოსმა, ცხრა ერლმა და შვიდმა ლორდმა მოაწერა ხელი ახალ მანიფესტს, იმის თაობაზე, რომ დედოფალი ამჯერად აუცილებლად თავის თანამემამულეზე, ანუ შოტლანდიელ კაცზე უნდა გათხოვილიყო.
ოთხშაბათს, 24 აპრილს 800 კაციანი ამალით დედოფალი მერი ლინლითგოუს სასახლიდან ედინბურგისკენ გაემართა. ედინბურგელები დარნლის სიკვდილში მერის ადანაშაულებდნენ, ამიტომაც ბოთუელმა დედოფალს სთხოვა იქ არ ჩასულიყო, რის გამოც მერიმ გვერდი აუარა დედაქალაქს და ბოთუელთან, დუნბარის სასახლეში მივიდა, სადაც მათ ღამე ერთად გაატარეს, მიუხედავად იმისა, რომ ლედი ბოთუელიც სასახლეში იმყოფებოდა. მალევე დედოფალმა განაცხადა, რომ იგი ბოთუელის ტყვე იყო და კი არ დანებდა, არამედ იგი გააუპატიურეს. მიუხედავად ასეთი "დამცირებისა", "მსხვერპლმა" ბოთუელზე დაქორწინება განიზრახა. ამისათვის საჭირო გახდა ბოთუელის განქორწინება, რომელიც მხოლოდ 7 მაისს მოხდა. 12 მაისს დედოფალი და ბოთუელი ედინბურგში შევიდნენ, 15 მაისს კი ჰოლირუდის სამეფო სასახლის დიდ დარბაზში ჯვარიც დაიწერეს.
დედოფლის ქორწინებამ მისი ქმრის მკვლელზე შოტლანდია ორ ბანაკად გაყო: ისინი ვინც მაინც მერის მხარეს იჭერდნენ და ისინი, ვისაც მისი დამხობა სურდა. სანამ უშუალოდ სამოქალაქო ომი დაიწყებოდა ინგლისის დედოფალი ელიზაბეთ I და საფრანგეთის დედოფალი ეკატერინე მედიჩი მერის დაუყოვნებლივ განქორწინებისა და ბოთუელის დასჯისკენ მოუწოდებდნენ, რითაც მართლაც აიცილებდა თავიდან მოსალოდნელ არეულობას, თუმცა ბოთუელზე შეყვარებული დედოფალი ყურს არავის უგდებდა. ახლად დაქორწინებული წყვილის ბედნიერებამ ზუსტად ერთ თვეს გასტანა. მათი ქორწინებიდან ერთი თვის თავზე, 1567 წლის 15 ივნისს მერი I-ისა და ლორდი ბოთუელის ჯარები სასტიკად დაამარცხეს აჯანყებულებმა, რის შემდეგაც ბოთუელი გაიქცა, ხოლო დედოფალი ტყვედ ჩავარდა.
დანიაში გაქცევა და დაპატიმრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასტიკი დამარცხების შემდეგ მერი და ბოთუელი სასწრაფოდ გაქცევას აპირებდნენ. ბოთუელმა მართლაც მოასწრო ნორვეგიაში გაქცევა, თუმცა დედოფალი შოტლანდიელებმა ტყვედ ჩაიგდეს. სამთვიანი ტყვეობის შემდეგ მერი I ტახტიდან გადადგა თავისი ვაჟის, ჯეიმზ VI-ის სასარგებლოდ, რომლის რეგენტიც მერის ნახევარ-ძმა გახდა. ამის შემდეგ მერი გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც მან დატოვა შოტლანდია და ინგლისში გაიქცა, სადაც იგი დედოფალ ელიზაბეთ I-ის ტყვე გახდა და ოცწლიანი პატიმრობის შემდეგ მერი სტიუარტს თავი მოჰკვეთეს ღალატისათვის. უკეთესი ბედი არც თავად ბოთუელს ეწია. შოტლანდიიდან ბოთუელი ოთხი გემით გაიქცა ნორვეგიისაკენ, სადაც გერმანიის სანაპიროებთან საშინელ ქარიშხალში ორი გემი ნაწილებად დაიმსხვრა, რის შემდეგაც მან ძლივს ჩააღწია ნორვეგიამდე.
მერისა და ბოთუელის შეთანხმებით, მას დახმარება უნდა ეთხოვა დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ II-ისათვის. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ფრედერიკი მათ სამხედრო ძალებით დაეხმარებოდათ და მერი ტახტს დაიბრუნებდა. ამის იმედს ისიც აძლევდათ, რომ მანამდე მერისა და ფრედერიკს შორის მათ შვილების დაქორწინების მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. როგორც კი ბოთუელმა დანიის მიწაზე დაადგა ფეხი, ეს ამბავი ანა ტრონდზენს შეატყობინეს, მის პირველ, მიტოვებულ საცოლეს, რომელიც საშინლად იყო გამწარებული მისი საქციელის გამო. ანას მამა ძალიან გავლენიანი კაცი იყო და ტრონდზენებმა ბოთუელს უჩივლეს. ტრონდზენებთან დაახლოვებულმა ფრედერიკ II-მ ბოთუელი დამნაშავედ სცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას არა მხოლოდ ანას ჩივილი, არამედ დარნლის მკვლელობის საქმეც დაერთო, რომელიც იმ ხანად მთავარი სალაპარაკო თემა გახდა ევროპელ მონარქებში.
დაპატიმრებული ბოთუელი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კოპენჰაგენის ციხეში, სადაც იგი ბნელ და ბინძურ საკანში მოათავსეს. ბოთუელს წლების მანძილზე ჰქონდა მერის დახმარების იმედი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ შოტლანდიელი პატიმრისგან შეიტყო, რომ იგი დედოფალი აღარ იყო, აღარც იქნებოდა და რომ ისიც მასავით პატიმარი იყო.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლოს ბოთუელი კოპენჰაგენიდან დასავლეთით 75 კილომეტრში მდგარ დრაგშოლმის ციხეში გადაიყვანეს, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები. ცნობილია, რომ ბოლოს იგი ჭკუიდან შეირყა და 1578 წლის 14 აპრილს საკნის კედელს შეგნებულად ძალიან მაგრად მიარტყა თავი და თავი გაიხეთქა, რითაც იგი გარდაიცვალა.
მისი სხეული ციხის გვერდით მდგარი ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ათწლეულების შემდეგ, ჰეპბერნების ოჯახმა სცადა მისი ნეშტის შოტლანდიაში გადასვენება, თუმცა მოთხოვნაზე რამდენჯერმე მიიღეს უარი, რის გამოც ჯეიმზ ჰეპბერნი დღემდე დანიაში განისვენებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Стефан Цвейг. Мария Стюарт. Мария Антуанетта. — М.: Мысль, 1992. — С. 3—352. — 830 с. — ISBN 5-244-00654-1.
- Маргарет Джордж. Тайна Марии Стюарт = Mary Queen of Scotland and the Isles. — М.: Эксмо, 2014. — ISBN 978-5-699-74507-4.
- Маргарет Джордж. Ошибка Марии Стюарт = Mary Queen of Scotland and the Isles. — М.: Эксмо, 2015. — ISBN 978-5-699-75839-5.
- Маргарет Джордж. Последний танец Марии Стюарт = Mary Queen of Scotland and the Isles. — М.: Эксмо, 2015. — ISBN 978-5-699-82952-1.
- Marie Stuart, reine de France et d'Écosse, par Antonia Fraser, Laffont, 1973
- The Royal Families of England Scotland and Wales, with their descendants, etc., by John and John Bernard Burke, London, 1848, volume 2, pedigree XII.
- Scottish Kings, a Revised Chronology of Scottish History, 1005 - 1625, by Sir Archibald H. Dunbar, Bart., Edinburgh, 1899, p. 256.
- Lines of Succession, by Jiri Louda & Michael Maclagan, London, 1981.