შენობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თანამედრო შენობის აბსტრაქტული გამოსახულება

შენობა - ნაშენის ისეთი სახე, სადაც ძირითადი ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სათავსის (სათავსების) არსებობა, მაგალითად: საცხოვრებელი სახლი, რომლის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესის წარმართვისთვის - ცხოვრებისთვის, აუცილებელია სათავსის (სათავსების) არსებობა. საქართველოს მთავრობის დადგენილება №57 მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ შენობას ამგვარად განმარტავს: „შენობა - ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;“[1]

თავისი დანიშნულებით შენობები განსხვავდება: ფუნქციის, ფორმის, კონსტრუქციის, სტილის, ტიპის და ა. შ. მიხედვით. არსებობს შემდეგი ფუნქციის შენობები: საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, საკულტო, სამრეწველო, ადმინისტრაციული და სხვა, ან შერეული. ფორმის მიხედვით შენობას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა გეომეტრიული მოყვანილობის ფორმა: სწორკუთხა, მრუდე, წრიული, ამორფული და ა. შ., როგორც გეგმაში, ისე მოცულობაში ზოგადად. კონსტრუქციის მიხედვით იყოფა: მზიდკედლიანად, კარკასულად და ბაგიროვანად. თანამედროვე შენობების აბსოლუტური უმეტესობა კარკასულია, შემდეგ მოდის მზიდკედლიანი და შემდეგ ბაგიროვანი. არსებობს ასობით განსხვავებული სტილის შენობა მოყოლებული ანტიკური ხანიდან: ბერძნული, რომაული, ჩინური, რომანული, გოთიკური, რენესანსული, კლასიცისტური, ბაროკოს, მოდერნის, ბრუტალისტური, ჰაი-ტექის და ა.შ., ან სულაც შეიძლება იყოს ეკლექტური. ტიპის მიხედვით შენობები იყოფა უშუალოდ ფუნქციის, კონსტრუქციის ან სტილის შიგნით. მაგალითად, საკულტო შენობების შემთხვევაში შეიძლება იყოს: როტონდული, ბაზილიკური, გუმბათოვანი, ჯვრული, ჯვარგუმბათოვანი და ა. შ.

შენობების ისტორია იწყება პრეისტორიულ ხანაში, როდესაც ადამიანი გამოვიდა გამოქვაბულიდან და შექმნა პირველი მარტივი თავშესაფარი - ფარდული, ხისგან და ტყავებისგან. ამას მოყვა უფრო რთული - ხისა და ალიზის სახლები. პირველი ფუქნცია ამ შენობებისა იყო საცხოვრებელი, საზოგადოების განვითარებასთან ერთად ჩნდება: საკულტო, ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, სამრეწველო ფუქნციის შენობებიც. რაც უფრო რთულდება საზოგადოებრივი ფორმაცია, მით უფრო რთულდება შენობების არქიტექტურა შინაარსობრივად და კონსტრუქციულად. XIX საუკუნემდე ძირითადი სამშენებლო მასალა შენობებში იყო: ხე, ქვა, აგური და კირი, ლითონის გამოყენება ხდებოდა ძალიან იშვიათად, ისიც მხოლოდ მცირე კვანძებში. XIX ს. ლითონის გამოყენება კარკასში სულ უფრო და უფრო მატულობს, 1825 წელს პორტლანდცემენტის გამოგონებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბეტონის თვისებები[2], ხოლო უკვე 1867 წელს რკინაბეტონის აღმოჩენამ, სამშენებლო რევოლუცია მოახდინა, შესაძლებელი გახდა უფრო რთული კონსტრუქციის მქონე შენობების აგება. XIX-XX სს. მიჯნაზე ამერიკაში (ჩიკაგო, ნიუ იორკი) იწყება ცათამბრჯენების ციებ-ცხელება, რომელიც მალევე ედება მსოფლიოს.



იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. თავი I. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება, პუნქტი 78., საქართველოს მთავრობის დადგენილება №57 2009 წლის 24 მარტი ქ. თბილისი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.
  2. ბეტონი ცნობილი სამშენებლო მასალაა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში (მაგ.: მაქსცენსიუსის ბაზილიკა, პანთეონის გუმბათი, აკვედუკები და ა. შ.).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: