კლასიციზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარშავის დიდი თეატრი

კლასიციზმი (ლათ. classicus – სამაგალითო) — მე-17 საუკუნის ევროპაში წარმოშობილი ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმდინარეობა.

კლასიციზმის ესთეტიკა[რედაქტირება]

კლასიციზმი აბსოლუტური მონარქიის იდეოლოგიის ფონზე წარმოიშვა. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანტიკურ ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ-ესთეტიკურ ეტალონებად, ნორმებად გამოცხადება. ამ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს რაციონალიზმი. კლასიციზმის ესთეტიკაში შემდეგი პრინციპები გაირჩევა:

  • გონება უპირისპირდება გრძნობას და მთავარ ადგილს იკავებს.
  • არსებობს აბსოლუტური იდეალი, რომელთან მიახლოვებაც არის ხელოვნების მიზანი.
  • ბუნების მხატვრული გარდაქმნა ამავე დროს მისი წვდომაცაა. ამდენად, ხელოვნებას ეკისრება სამყაროს იდეალური კანონზომიერებების გამოაშკარავების ფუნქცია. კლასიციზმის ესთეტიკა მხოლოდ მარადიულს აფასებს.
  • კლასიციზმი ეძებს არა რეალობას ან გამოგონილს, არამედ დამაჯერებლობას, შესაძლებელს, მისაღებს. გამორიცხულია ყველაფერი ექსტრავაგანტული და არაბუნებრივი. დაუშვებელია პუბლიკის შოკირება.
  • კლასიციზმში შემოქმედს მხოლოდ შთაგონება არ ჰყოფნის, შთაგონებას და წარმოსახვას უნდა აკონტროლებდეს გონება.
  • სტილზე მუშაობისას ხელოვანმა უნდა მიბაძოს ანტიკურ ავტორებს, რადგან ისინი ეტალონებად მიიჩნევიან.

კლასიციზმი ლიტერატურაში[რედაქტირება]

კლასიციზმი, როგორც დასრულებული ლიტერატურული მიმდინარეობა, ჩამოყალიბდა საფრანგეთში. მისი დებულებები 1674 წელს ნიკოლა ბუალომ წარმოადგინა თავის პოეტურ ტრაქტატში „პოეტური ხელოვნება“. კლასიციზმმა ლიტერატურული ჟანრები დაჰყო მაღალ და დაბალ ჟანრებად. მაღალ ჟანრებში შედიოდა ტრაგედია, ეპიკური პოემა, ოდა, ჰიმნი. დაბალ ჟანრებად კი მოიაზრებოდა კომედია, იგავ-არაკი, ზღაპარი. ჟანრების ურთიერთშერევა იკრძალებოდა. შემოფარგლული იყო პერსონაჟებიც: მაღალი ჟანრების მოქმედი პირები უნდა ყოფილიყვნენ ღმერთები, მეფეები და გმირის დონეზე ასული არისტოკრატები. ბურჟუაზიის და დაბალი ფენების წარმოდგენა მხოლოდ დაბალ ჟანრებში შეიძლებოდა.

კლასიციზმმა ტრაგედიისთვის დაადგინა ეწ. სამი ერთიანობის კანონი: დროის (24 საათი), ადგილის (აუცილებლად მეფის სასახლე, ისიც ერთი რომელიმე დარბაზი), მოქმედების (ტრაგიკული მოქმედების საფუძველი მხოლოდ ერთი ინტრიგა უნდა ყოფილიყო).

ფრანგული კლასიცისტური ლიტერატურა წარმოდგენილია ბუალოს, რასინის, კორნელის, მოლიერის, მადამ დე ლაფაიეტის, ლა ფონტენის შემოქმედებით.

კლასიციზმი არქიტექტურაში[რედაქტირება]

არქიტექტურაში კლასიციზმმა ფეხი მოიკიდა XVII საუკუნიდან და აქტუალური რჩებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე. მიმდინარეობის მთავარი დამახასიათებელი თვისება ანტიკური ხუროთმოძღვრების ფორმებთან მიბრუნება იყო, როგორც ჰარმონიის, უბრალოების, სიმკაცრის, ლოგიკური სიმარტვისა და მონუმენტალობის ეტალონისკენ. კლასიციზმის არქიტექტურისთვის ზოგადად დამახასიათებელია დაგეგმვისა და ფორმის უნიფორმულობა. მის საფუძველს ანტიკურობასთან მიახლოებული ფორმებისა და პროპორციების ორდერი, თავშეკავებული დეკორაციული გაფორმება და რეგულარული სისტემა წარმოადგენდა.

კლასიციზმის ხელოვნება[რედაქტირება]

XVII საუკუნის ევროპის კულტურაში ორი ეპოქალური სტილი: ბაროკო და კლასიციზმი თანაარსებობს. კლასიციზმი, როგორც ერთიანი მხატვრული სისტემა, საფრანგეთში ჩაისახა. მას ხშირად აბსოლუტიზმის კულტურასაც უწოდებენ, რადგან XVII საუკუნის საფრანგეთში აბსოლუტური სახელმწიფოს კლასიკური სახე ჩამოყალიბდა. ამის მიუხედავად, კლასიციზმის ხელოვნება არ უნდა დავიყვანოთ აბსოლუტიზმის მსახურებამდე. კლასიციზმი განადიდებდა არა მონარქიისადმი უსიტყვო მორჩილებას, არამედ მოქალაქეობრიობის იდეას. ეს მოძღვრება ხელისუფლებისა და ქვეშევრდომებისაგან თანაბრად ითხოვდა გონივრულ ქმედებებს, წესრიგისა და ზომიერებას. კლასიციზმი გააზრებული და რაციონალური ხელოვნებაა. კლასიციზმის თეორეტიკოსებს ხელოვნების მთავარ ამოცანად საზოგადოების აღზრდა მიაჩნდათ. ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი სულისკვეთების ხელოვნების იდეალი ანტიკური სამყარო იყო - მისი ფილოსოფია, მსოფლმხედველობა და ხელოვნება.

XVII საუკუნის საფრანგეთისათვის დამახასიათებელია კლასიციზმის ნიშნების შერწყმა გვიან რენესანსულ, გუთუს და ბაროკულ ნიშნებთან, თუმცა, ამის მიუხედავად, კლასიციზმი იყო ძირითადი მიმართულება, დანარჩენი კი - მეორეხარისხოვანი. ინგლისური კლასიციზმი XVII საუკუნისა დასაწყისიდან ყალიბდება. ეს პერიოდი დაემთხვა ქვეყნის ეკონომიკის ენერგიულ განვითარებას. კლასიციზმის სტილის პირველი მსხვილმასშტაბიანი ნიმუშების ავტორი არქიტექტორი ინიგოუ ჯოუნზი იყო. ფერწერაში კლასიცისტური მიმართულების საფუძველი ჩაუყარა ფრანგმა ნიკოლა პუსენმა, რომელიც არა მარტო პრაქტიკოსი, არამედ ბრწყინვალე თეორეტიკოსიც იყო. კლასიციზმის ისტორიული დანიშნულება რაციონალური საწყისის გაგრძელება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ამ ტენდენციამ ძალზე მშრალი და გონებისმიერი ელფერი მიიღო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

"მსოფლიო ხელოვნება" ნანა მაჭარაშვილი, ნინო სილაგაძე

კლასიცისტი მხატვრები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]