ერგი (გეოგრაფია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერგი (მრავალმნიშვნელოვანი).

ერგი — უმეტესად აფრიკისა და არაბეთის უდაბნოებში გავრცელებული ქვიშიანი მასივების საერთო სახელწოდება. წარმოიქმნება უმთავრესად რელიეფის დადაბლებულ ადგილებში (უდიდესია აღმოსავლეთი დიდი ერგი, დასავლეთი დიდი ერგი). სახელწოდება მომდინარეობს არაბული სიტვისაგან ʿarq (عرق), რომელიც ნიშნავს „დიუნების ველს“[1].

დამახასიათებელია ბარხანების, დიუნების, მფრინავი ქვიშებისა და მლაშობების ერთობლიობა. მოკლებულია ნაწილობრივ ან მთლიანად მცენარეულ საფარს. მსოფლიოს უდიდეს უდაბნოში — საჰარაში გვხვდება მრავალრიცხოვანი ერგები, რომელთაგან აღსანიშნავია: ერგ-შეში და ერგ-ისავანი. ერგი კონცენტრირებულია უმეტესად ორ მხარეში: ჩ.გ. 40° 20° და ს. გ. 20° 40° შორის. ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, დასავლეთსა და ცენტრალურ აზიასა და ცეტრალურ ავსტრალიაში.

სამხრეთ ამერიკაში ერგი შემოფარგლულია ანდების მთათა სისტემით, თუმცა პერუსა და არგენტინის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში გვხვდება დიდი ზომის დიუნები. შედარებით მცირე ფართობზე გვხვდება ბრაზილიის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროზე.

არაბეთში ამგვარ წარმონაქმნებს ნეფუდს უწოდებენ, შუა აზიაში — ყუმს.

ერგი სხვა ციურ სხეულებზე[რედაქტირება]

ერგი, მარსი. ფოტო Mars Global Surveyor

ერგი წარმოადგენს ლანდშაფტის ფორმას, რომელსაც შეიძლება წავაწყდეთ ისეთ პლანეტებზე, სადაც მიმდინარეობს ხანგრძლივი ქარისმიერი ეროზია, რომელსაც საბოლოოდ მოჰყვება ქვიშის წარმოქმნა და დაგროვება. დღეისათვის მზის სისტემაში ერგი გვხვდება სამ ციურ სხეულზე: ვენერაზე, მარსზე და ტიტანზე.

ვენერაზე НАСА-მ მიაგნო ასე თუ ისე ორ ერგს: აგლაონისისა (ფართობი 1,290 კვ. კმ) და მეშკენიტის (~17,120 კვ. კმ) ზონებში[2]. აღნიშნული დიუნები არათანაბრად არიან განლაგებული.

პლანეტა მარსზე არსებობს უზარმაზარო ზომის ერგები, სადაც დიუნები საკმაოდ დიდ ზომებს აღწევენ[3]. 2005 წლის ოქტომბერს მსხვილ დიუნებს მიაგნეს ასევე სატურნის თანამგზავრ ტიტანზე, რომლის წარმონაქმნი დედამიწის იდენტური იყო. ერთ-ერთი ერგი 1497 კმ-ზე იყო გადაჭიმული[4]. ტიტანზე ერგების წარმოშობა დაკავშირებულია უძლიერეს ქარებთან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Краткая географическая энциклопедия, Том 4/Гл.ред. Григорьев А.А. М.:Советсвкая энциклопедия - 1964, 448 с. с илл., 10 л. карт

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Summary: Sand Seas/Ergs/Dune Fields. Desert Guide. United States Army Corps of Engineers. წაკითხვის თარიღი: 2006-05-18.
  2. Greeley, R., et al. (1992), Aeolian features on Venus: Preliminary Magellan results, J. Geophys. Res., 97(E8), 13,319–13,345.
  3. Britt, Robert Roy. (2003-11-10)Sand Dunes on Mars Reach Dizzying Heights. Space.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2004-02-18-ში.
  4. Stiles, Lori. (2006-05-04)Titan's Seas Are Sand. UA News. University of Arizona.