არხი (ჰიდროგრაფია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„სამეფო არხი“ ირლანდიაში
შუა გერმანიის არხი
არხი ჩეხეთში

არხიგრუნტში გაყვანილი (თხრილში ან ყრილში) გაყვანილი კალაპოტი (წყალსატარი), რომელშიც წყალი დაწნევის გარეშე მიედინება. დანიშნულების მიხედვით არხი შეიძლება იყოს ენერგეტიკული (სადერივაციო), სარწყავი (საირიგაციო), სანაოსნო (სანავიგაციო), სადრენაჟო (ჭაობების ამოსაშრობი), წყალმომარაგების, ხე-ტყის დასაცურებელი, თევზსატარი, კომპლექსური და სხვ.

არხის განივი კვეთის ფორმას განაპირობებს მისი დანიშნულება, გრუნტის სამშენებლო თვისებები, მიწის სამუშაოთა შესრულების პირობები და სხვ. რბილ გრუნტში გაყვანილი არხის კვეთი უმთავრესათ ტრაპეციული და პოლიგონალური ფორმისაა.

არხების სახეობები[რედაქტირება]

ვეებერთელა სახომალდო არხებმა, რომლებიც ზღვებსა და ოკეანეებს აერთებენ, საოცრად შეამცირა დრო, რომლებიც გემებს მსოფლიოს გარშემო შემოსასვლელად სჭირდებოდა. სუეცის არხი ხმელეთშუა და წითელ ზღვებს აერთებს, რითაც ევროპიდან მიმავალ გემებს საშუალებას აძლევს, ისე ჩავიდნენ ინდოეთსა და ჩინეთში, რომ აფრიკას არ შემოუარონ. სხვა არხები მდინარეებსა და ტბებს აკავშირებს. წმინდა ლავრენტის არხი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ერისა და ონტარიოს ტბებს შორის გაჭრეს, ზემო ტბის უკიდურეს დასავლეთს ატლანტის ოკეანესთან აკავშირებს საზღვაო გზით, რომლის სიგრძე 3830 კბი-ია. ევროპაში ფართო ქსელი აერთიანებს რაინს, რონასა და სხვა მთავარ მდინარეებს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელი გახდა დიდი ტვირთის გადაზიდვა შორს მანძილზე, ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტის მთელ ტერიტორიაზე.

რაბი[რედაქტირება]

წყალს არ შეუძლია აღმართზე ასვლა, ამიტომ თუ არხი მთაგორიან ადგილზე გაჰყავთ, გზადაგზა რაბებს აყენებენ. რაბი არხის ნაწილია, რომელსაც თავსა და ბოლოში წყალგაუმტარი ტიხარი აქვს. ტიხრების წყლის დონე აქეთ-იქით განსხვავებულია. რაბში წყლის დონის ცვალებადობით გემს და ნავს შეუძლია წყლის ერთი დონიდან მეორეზე გადავიდეს. რაბში, რომელსაც ბიეფი ჰქვია, ნავი შეიძლება 9 მეტრამდე აწიოს ან დაწიოს.

არხების ისტორია[რედაქტირება]

სარწყავი არხების გათხრა სულ ცოტა ძვ.წ. 3000 წლიდან დაიწყეს. რომაელებს ჩრდილოეთ ევროპაში არხთა მთელი სისტემები გადაჰყავდათ სამხედრო გადაზიდვისათვის. XIII და XIV საუკუნეებში ნიდერლანდებში საშრობ (სადრენაჟო) არხებს იყენებდნენ ნავებით ტვირთის გადასატანად. XVII საუკუნეში რამდენიმე მნიშვნელოვანი არხი გაიყვანეს საფრანგეთში. დიდ ბრიტანეთში არხების გაყვანა დაახლოებით 1750 წელს, ლანკაშირში ბრინდლის მიერ გაყვანილი ბრიჯოუტერის არხით დაიწყო. ასევე სარწყავი არხები გაჰყავდათ უძველეს დროში ეგვიპტეში, ჩინეთში და ინდოეთის გვალვიან რაიონებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]