პენეპლენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პენეპლენი, რომელმაც მეოთხეულში გამყინვარება განიცადა და საბოლოოდ დაბალმთიან პლატოდ გადაიქცა

პენეპლენი (ინგლ. peneplain < ლათ. paene – თითქმის და ინგლ. plain – ვაკე) — დენუდაციური ვაკე, რომელიც წარმოიქმნება დანგრეული მთების ადგილას ჰუმიდური ჰავის პირობებში. ტერმინი შემოგვთავაზა უილიამ მორის დეივისმა, რომელიც ალბრეხტ პენკთან, ვალტერ პენკთან და ლესტერ კინგთან ერთად ითვლება პენეპლენის კონცეფციის ფუძემდებლად[1].

პენეპლენი და პენეპლენიზაცია გეომორფოლოგიური პროცესების ერთობლიობაა.[2]

აკუმულაციური მოსწორების ზედაპირისაგან განსხვავებით პენეპლენი არის დენუდაციური ვაკე, რომელსაც ნაოჭა ან კრისტალური სუბსტრატი გააჩნია და რომელიც წარმოქმნილია დიდი ტექტონიკური ციკლების ბოლოს (დედამიწის ქერქის განვითარების ოროგენიული ეტაპიდან ბაქნურზე გადასვლის დროს). ხშირად პენეპლენი დაფარულია ქიმიური გამოფიტვის ქერქით, რომლის სიმძლავრემ შეიძლება რამდენიმე ათეულ მეტრს მიაღწიოს.

პენეპლენის განვითარების კარგი მაგალითია მაგ., ალთაის, ტიან-შანის, ყაზახეთის წვრილგორაკებისა და სალაირის ჭიუხის განაპირა მხარეები, რომლებიც პენეპლენიზებული იყო გვიანდელ ცარცულ პერიოდში. მთელი ეს ტერიტორია წარმოადგენს პლანაციას, რომელიც სუსტად დანაწევრებულია და გამოირჩევა პლატოსებრი მოყვანილობით.

ასეთი რელიეფი შენარჩუნდა პალეოგენის ბოლომდე, როდესაც დაიწყო უძველესი დენუდაციური ნაოჭა სტრუქტურების აღორძინება. ცარცულ-პალეოგენური ასაკის პენეპლენი ნაწილობრივ დანგრეული იყო, დენუდირებული, გადაადგლებული სხვადასხვა ჰიფსომეტრიულ დონეზე.

პლანაციები საქართველოში[რედაქტირება]

საქართველოში არსებობს ე. წ. „ახალგაზრდა“ და „ძველი“ პენეპლენი. ახალგაზრდა პენეპლენიზებული ზედაპირი გააჩნია მაგ.: გომბორის ქედს, რომლის პენეპლენი ცივის წყების ქვეშიდანაა ამონათხარი. მიოცენში დაიძირა რა ზღვაში, პლიოცენში ნალექების ქვეშ იმარხებოდა და ცივის წყების დისლოცირებასთან პარალელურად აზევებას განიცდიდა.

ძველი პენეპლენი გამოვლინდა ძირულისა და ლოქის მასივებზე. ძირულის მასივის პენეპლენი ყველაზე ძველია (გვიანდელ მეზოზოური) და საქართველოში ყველაზე მაღლაა აზევებული. საქართველოს დენუდაციური სიბრტყეების ასაკი მერყეობს ნეოგენ-ანთროპოგენურ პერიოდებს შორის.

მეტად საყურადღებოა იმერეთის მაღლობის გეომორფოლოგია. პენეპლენი, რომელიც აქ პალეოზოური ერის დასასრულისათვის გამომუშავდა, მთელი შემდგომი ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდიდა ზომიერი ამპლიტუდის რხევით მოძრაობებს, — ხან მცირე სიღრმეში იძირებოდა, ხან კი ოკეანის დონიდან მცირე სიმაღლეზე აზევდებოდა. ნალექი საფარი, რომელიც დროგამოშვებით ყალიბდებოდა დაძირული პენეპლენის ზედაპირზე, მომდევნო აზევებისას ირეცხებოდა, მაგრამ იმავე დროს თვით პენეპლენიზებული ზედაპირი იმდენად არ დაზარალდებოდა ეროზიისაგან, რომ დაეკარგა თავისი ერთობლივი მორფოლოგიური იერი.

თანადროული საშუალო და დაბალმთიანი რელიეფი აქ ქვედა პლიოცენის შემდეგ ჩამოყალიბდა, ე. ი. საქართველოს ამ ნაწილში გეოტექტონიკური რეჟიმის შებრუნების შემდეგ. პენეპლენიზაცია იგრძნობა ქედთა თხემების თანაბარსიმაღლიანობაში და სწორ პროფილში და აგრეთვე წყალგამყოფებზე შემორჩენილი ბრტყელი რელიეფის ფრაგმენტების არსებობაში (მაგ., მ. დედაბერას ჩრდილოეთით ლიხის ქედის თხემზე).

ამ ადგილთა ერთობლივი გეომორფოლოგიური იერი მოგვაგონებს შოტლანდიაში მდებარე გრამპიანის მთების რელიეფს — აზევებულსა და ნაგვიანევი სიჭაბუკის მდგომარეობამდე დანაწევრებულ პალეოზოურ პენეპლენს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • Геологический словарь, т2, М-Я., М. 1955.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ივანე სემიონის ძე შჩუკინის ერთ-ერთ კაპიტალურ ნაშრომში მოცემული გეომორფოლოგიური ცნობები «Общая геоморфология». — М.: Издательство МГУ, 1, 2 и 3 издания (1960, 1964 и 1974 годы), ასევე : Р. Дж. Райс. Основы геоморфологии. — М.: Прогресс, 1980. — С. 328.
  2. Phillips, Jonathan D. (2002), "Erosion, isostatic response, and the missing peneplains", Geomorphology, Vol. 45, No. 3-4. Elsevier, 15 June 2002, pp. 225-241. doi:10.1016/S0169-555X(01)00156-8.