ნაშენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კინგსტონ-რაინკლიფის ხიდი, ნიუ იორკი — ნაგებობა.
არქიტექტურული ობიექტი
არქიტექტურული ობიექტი
კაშხალი

ნაშენი — ძირითადი არქიტექტურული ობიექტი, შექმნილი ადამიანთა მხატვრულ-ესთეტიურ და ყოფით მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ნაშენი არის ორი სახის: შენობა და ნაგებობა, რომლებიც ასევე იყოფიან სხვადასხვა ტიპებად. შენობა, თავის მხრივ არის ისეთი ნაშენი, სადაც ძირითადი ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სათავსის (სათავსების) არსებობა, მაგ. საცხოვრებელი სახლი (ცხოვრებისთვის აუცილებელია სათავსი). ნაგებობა კი - ისეთი ნაშენი, სადაც ამგვარი პროცესის უზრუნველსაყოფად, არ არის აუცილებელი სათავსის (სათავსების) არსებობა, მაგ. კედელი, ხიდი, ანძა, კაშხალი. თითეულ მათგანს შეიძლება ჰქონდეს სათავსები, თუმცა ისინი დამხმარე ფუნქციით გამოიყენება და არა ძირითადი ტექნოლოგიური პროცესისთვის.

კლასიფიკაცია[რედაქტირება]

საქართველოში შენობა-ნაგებობები მათი მშენებლობისა და ვარგისად აღიარებისთვის იყოფა 5 კლასად. დაყოფა ხდება რისკის ფაქტორის მიხედვით.

  • I კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის ფაქტორის გარეშე;
    • შენობები 60 მ²-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობით, 5 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავებით;
    • ნაგებობები 20 მ³-მდე მოცულობით, 10 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავებით;
  • II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით;
    • შენობები, განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით კ-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც კ-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ²-მდე ფართობით, 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავებით;
    • ნაგებობები, 60 მ³-მდე მოცულობით, 10 მ-დან 15 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-დან 15 მ-მდე ჩაღრმავებით;
  • III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით;
    • შენობები, სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ²-დან 6 000 მ²-მდე ფართობით, 12 მ-დან 22 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავებით;
    • ნაგებობები, 60 მ³-დან 200 მ³-მდე მოცულობით, 15 მ-დან 30 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 15 მ-დან 20 მ-მდე ჩაღრმავებით;
  • IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით;
    • შენობები, სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6 000 მ²-ზე მეტი ფართობით, 22 მ-ზე მეტი სიმაღლით;
    • ნაგებობები, 200 მ³-დან 1000 მ³-მდე მოცულობით, 30 მ-დან 50 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 20 მ-დან 30 მ-მდე ჩაღრმავებით;
  • V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).
    • შენობები - სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები და გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები;
    • ნაგებობები- 1000 მ³-ზე მეტი მოცულობით, 50 მ-ზე მეტი სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 30 მ-ზე მეტი ჩაღრმავებით;

გარდა ჩამოთვლილისა, საქართველოს სამშენებლო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა დეტალურ მახასიათებლებსაც თითოეულ კლასში, ნაშენთა უფრო კონკრეტული შეფასებისთვის, თუმცა მათ არსებითი მნიშვნელობა, მხოლოდ მშენებლობის ნებართვისთვის ენიჭებათ.

შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო გეგმარით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას კლასი მცირდება, მაშინ კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით.

თუ ერთ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასს განსაზღვრავს ყველაზე მაღალი მახასიათებელი, რომელიც მას გააჩნია[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ (DOC). საქართველოს მთავრობის დადგენილება №57. თბილისის არქიტქეტურის სამსახური (2009-03-24). წაკითხვის თარიღი: 2010-03-27.