ბრინჯაოს ხანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრინჯაოს ხანის იარაღები და ორნამენტები

ბრინჯაოს ხანა — საზოგადოების განვითარების ისტორიულ–კულტურული პერიოდი, როდესაც საბრძოლო და სამუშაო იარაღების დასამზადებელი ძირითადი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოს ხანას წინ უსწრებდა ენეოლითი.

ბრინჯაოს ხანა მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდს მოიცავდა. ბრინჯაოს უძველესი (ძვ. წ. IV ათასწლ.) ნაწარმი აღმოჩენილია სამხრეთ ირანში, თურქეთსა და შუამდინარეთში. ძვ. წ. IV ათასწლ. ბოლოდან ბრინჯაო გავრცელდა ეგვიპტეში, III ათასწლეულის ბოლოდან – ინდოეთში, II ათასწლეულიდან – ევროპაში, II ათასწლეულის შუახანიდან – ჩინეთში. ამერიკაში ბრინჯაოს ხანას დამოუკიდებელი ისტორია აქვს; იქ მეტალურგიული ცენტრი პერუსა და ბოლივიის ტერიტორიაზე იყო (VI-X სს. ე. წ. გვიანი ტიუანაკოს კულტურა). ცენტრალურ აფრიკაში ბრინჯაოს წარმოების დამოუკიდებელი კერები უნდა აღმოცენებულიყო არა უგვიანეს ძვ. წ. I ათასწლეულისა.

ბრინჯაოს ხანაში განსაკუთრებით მკვეთრად იჩინა თავი ისტორიული განვითარების უთანაბრობამ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (შუამდინარეთი, ელამი, ეგვიპტე, სირია) ვითარდებოდა კლასობრივი საზოგადოებები და უძველესი სახელმწიფოები. ძვ. წ. III-II ათასწლეულებში მწარმოებლური მეურნეობის ამ ცენტრებს გარეთაც გარცელდა და შეიქმნა ახალი ცივილიზაციები: ჰარაფის კულტურა ინდოეთში, ინის სახელმწიფო ჩინეთში, ხური-მითანის, ხეთებისა და სხვ. სახელმწიფოები წინა აზიაში; კრეტა-მიკენის კულტურა ევროპაში.

ევრაზიის უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი ბრინჯაოს ხანაში იყო კავკასია. ბრინჯაოს ხანა აქ სამ ეტაპად იყოფა: ადრეული (ძვ. წ. III ათასწლ.), შუა (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) და გვინი (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ.). კავკასიაში გამოიყოფა ადრებრინჯაოს ხანის თავისებური მატერიალური კულტურები: კოლხეთის დაბლობზე, ჩრდ.– დას. კავკასიაში (ე. წ. მაიკოპის კულტურა) და ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელიც ძირითადად გავრცელებული იყო ცენტრ. და აღმ. ამიერკავკასიაში, ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, ანატოლიაში, ჩრდილო ირანში.

შუა ბრინჯაოს ხანაში კავკასიაში რამდენიმე დამოუკიდებელი კულტურა იქმნება: თრიალეთის, სევან-უზერლიქის, თაზაქენთ-ყიზილვანქის, დას. საქართველოსა და ჩრდ. კავკასიის კულტურები. ფიქრობენ, რომ ამ დროს იქმნებოდა ტომთა დიდი კავშირები, რომლებსაც ეს ცალკეული კულტურები შეესაბამებოდა.

გვიანბრინჯაოს ხანის მასალები კავკასიაში ორგანულად უკავშირდება როგორც წინამორბედ, ისე მომდევნო პერიოდის ძეგლებს და ადგილობრივი კულტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურს წარმოადგენს. გვიანბრინჯაოს ხანაში კავკასიაში მოხდა დიდი სამეურნეო და სოციალურ-პოლიტიკური ძვრები. საწარმოო ძალთა და წარმოების საშუალების განვითარების ერთ–ერთი ძირითადი შედეგი იყო რკინის აღმოჩენა და ათვისება (ძვ. წ. II ათასწლ. დასასრ.), რამაც რევოლუციური როლი შეასრულა საზოგადოების განვითარების ისტორიაში. მოხდა შრომის მესამე დანაწილება. ხელოსნობა გამოეყო მიწათმოქმედებას. გაცხოველდა აღებ-მიცემობა. გაღრმავდა პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის პროცესი, მომზადდა საფუძვლები კლასობრივ საზოგადოებათა ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოების შექმნისათვის .

ლიტერატურა[რედაქტირება]