მანჯურიის ოპერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანჯურიის ოპერაციასაბჭოთა შეიარაღებული ძალებისა და მონღოლეთის სახალხო რევოლუციური ჯარების სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია 1945 წლის 9-19 აგვისტო სსრკ-იაპონიის ომში, მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დამამთავრებელ ეტაპზე. მისი მიზანი იყო იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურება, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო პროვინციების (მანჯურიისა და შიდა მონღოლეთის), ლაიოდუნის ნახევარკუნძულის, კორეის ნახევარკუნძულის განთავისუფლება. აზიის კონტინენტზე აგრესიის პლაცდარმისა და იაპონიის დიდი სამხედრო-ეკონომიკური ბაზის ლიკვიდაცია. მანჯურიის ომის ფრონტი გაიშალა 4600 კმ-ზე, 200-820 კმ სიღრმეზე. კვანტუნის არმიის შემადგენლობაში იყო 1320 ათასი კაცი, 6260 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 1155 ტანკი, 1990 თვითმფრინავი და სუანგარის სამხედრო ფლოტილია. იაპონელების გეგმა ითვალისწინებდა შეეჩერებინა საბჭოთა ჯარების წინსვლა მანჯურიის სიღრმეში, კონტრდარტყმებით უკუეგდო ისინი და ჩინეთიდან და კორეიდან მიღებული რეზერვებით შეჭრილიყო სსრკ-ისა და მონღოლოლეთის სრ-ის ტერიტორიაზე. საბჭოთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობის გეგმაში შედიოდა კვანტუნის არმიის განადგურება, მონღოლთა სრ-ისა და საბჭოთა პრიმორიეს ტერიტორიიდან მანჯურიის ცენტრის მიმართულებით ერთდროულად 2 მთავარი და რამდენიმე დამხმარე დარტყმით მტრის ძალების დაქუცმაცება და ლიკვიდაცია. მანჯურიის ოპერაციაში მონაწილეობდნენ იმიერბაიკალის, შორეული აღმოსავლეთის I და II ფრონტები, მონღოლეთის სახალხო რევოლუციური არმიის ჯარები, წყნარი ოკეანის ფლოტის ძალები და ამურის სამხედრო ფლოტილია. 9 აგვისტოს საბჭოთა ჯარები შეტევაზე გადავიდნენ, ავიაციამ დაარტყა სამხედრო ობიექტებს ხარბინში, ჩანჩუში და გირინში; იაპონელთა ჯარების თავმოყრის რაიონებს, კავშირგაბმულობის კვანძებსა და კომუნიკაციებს. წყნარი ოკეანის ფლოტი იაპონიის ზღვაში შევიდა, გადაჭრა მანჯურიასა და კორეასთან იაპონიის დამაკავშირებელი კომუნიკაციები და მტრის სამხედრო-საზღვაო ბაზებს დაარტყა. იმიერბაიკალსი ფრონტის ჯარებმა გადალახეს უწყლო უდაბნო-სტეპის რაიონები, დიდი ხინგანის ქედი; სძლიეს იაპონიის ჯარებს და 18-19 აგვისტოს მანჯურიის უმნიშვნელოვანეს სამრეწველო და ადმინისტრაციულ ცენტრებს მიადგნენ. კვანტუნის არმიის დატყვევების დასაჩქარებლად 18 აგვისტოს ხარბინში, გირინში, ჩანჩუსა და მუკდენში საჰაერო დესანტი გადასხეს. შორეული აღმოსავლეთის I ფრონტის ჯარებმა გაარღვიეს მტრის საზღვრისპირა გამაგრებული რაიონების ზოლი, 19 აგვისტოს გირინთან გავიდნენ და წყნარი ოკეანის ფლოტის დესანტთან თანამოქმედებით გაათავისუფლეს ჩრდილო კორეის რამდენიმე პორტი. შორეული აღმოსავლეთის II ფრონტის ჯარებმა ამურის სამხედრო ფლოტილიასთან თანამოქმედებით გადალახეს მდინარეები ამური და უსური, გაარღვიეს იაპონელთა თავდაცვის ზღუდე და 20 აგვისტოს ხარბინი დაიკავეს. ჯარებმა წინ წაიწიეს დასავლეთიდან 500-800 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან 200-300 კმ-ზე და ჩრდილოეთიდან 200 კმ-ზე დაქსაქსეს იაპონელთა ჯარები იზოლირებულ ჯგუფებად და გარს შემოერტყნენ მათ 19 აგვისტოს. იაპონელებმა თითქმის ყველგან იწყო ტყვედ ჩაბარება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]