შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ გოგუაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგუაძე.
ვლადიმერ გოგუაძე
ვალოდია გოგუაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1880
დაბადების ადგილი ჭანჭათი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1954
გარდაცვალების ადგილი ლევილი, საფრანგეთი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
წოდება პორუჩიკი
ბრძოლები/ომები
ჯილდოები საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი
კავშირი ნამეტია ბერძენიშვილი (მეუღლე)

ვლადიმერ (ვალოდია) საბას ძე გოგუაძე (გოგვაძე; დ. 1880, ჭანჭათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 1954, ლევილი, საფრანგეთი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე კავკასიაში. 1918-1921 წლებში საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაური. ჰქონდა „რესპუბლიკის გმირის“ წოდება (1918).

ვალოდია გოგუაძე დაიბადა გურიაში ღარიბი, მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. მის მშობლებს, ელისაბედსა და საბას 11 შვილი ჰყავდათ, აქედან ოთხი ყვავილით დაეხოცათ, დარჩათ ხუთი ვაჟი და ორი ასული. ბავშვობაში ჩაბმული იყო ოჯახის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. გოგუაძეების ოჯახს მცირე მიწა ჰქონდა, ამიტომ ოჯახი იჯარით ამუშავებდა თავადების მიწებს ნიგოითში, გრიგოლეთსა და ლეკიანში, თუმცა იჯარით აღებული მიწის დამუშავებიდან ოჯახს მიზერული შემოსავალი რჩებოდა. 1887-1890 წლებში სწავლობდა სკოლაში. სიღარიბის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და 11 წლიდან მუშაობდა მოჯამაგირედ ბიძასთან, სოფელ ხაჯალიაში. 12 წლისა წავიდა მუშად ბათუმის ქარხნებში. რიხნელის ქარხანაში დღეში 11 საათს მუშაობდა და იღებდა ორ აბაზს. შემდეგ მუშაობდა როტშილდის ქარხანაში, სადაც დღიურად თხუთმეტ შაურს იღებდა. 18 წლის ასაკში დაბრუნდა მშობლიურ სოფელში. ერთი წელი მოჯამაგირედ იმუშავა სუფსა-გრიგოლეთის მიდამოებში ხის ჭრაზე.

1900 წელს გაიწვიეს რუსეთის არმიაში. მსახურობდა ოდესაში მეოთხე მსროლელ ბრიგადაში. 1901 წლის ივნისში გადაიყვანეს მანჯურიაში, სადაც მონაწილეობდა მანჯურიაში რუსეთის ინტერვენციაში. გოგუაძემ მანურიაში დაჰყო 1902 წლის იანვრამდე. ამის შემდეგ მსახურებას კვლავ ოდესაში აგრძელებდა. მის რაზმს დაევალა ოდესის მუშათა ერთ-ერთი დემონსტრაციის დარბევა, თუმცა გოგუაძის რაზმმა მუშებისთვის სროლაზე უარი განაცხადა და ამისთვის დაისაჯა. ამ პერიოდში გოგუაძე მორწმუნე და მონარქისტი ახალგაზრდა იყო და უარს ამბობდა მაშინ მიმდინარე რევოლუციურ პროცესებში ჩართვაზე. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ გადაწყვიტა რკინიგზაზე ემუშავა და შევიდა თბილისის რკინიგზის სასწავლებელში, სადაც სამი თვე გაატარა. 1903 წლიდან დაიწყო მუშაობა ბაქოს რკინიგზაზე. მუშაობდა საბარგო მატარებლის კონდუქტორად ბაქო-აჯიქაბულის ხაზზე. ბაქოში გოგუაძე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. დაიწყო არალეგალური ლიტერატურის კითხვა, ესწრებოდა მუშათა დემონსტრაციებს, უსმენდა ისიდორე რამიშვილის, პავლე საყვარელიძის, სეით დევდარიანის გამოსვლებს. 1904 წლის ნოემბერში გაწევრიანდა ბაქოს რკინიგზელთა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში, სადაც უმრავლესობა მენშევიკებს ჰქონდათ მოპოვებული. მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციურ გამოსვლებში ბაქოში, სადაც 45 დღით დაპატიმრებული იყო როგორც გამოცდილი მებრძოლი, ის რკინიგზის მუშების სამხედრო რაზმის უფროსად აირჩიეს. რევოლუციური კომიტეტის მიერ გოგუაძეს დავალებული ჰქონდა რკინიგზის არალეგალური ლიტერატურის გავრცელება, ასევე მონაწილეობდა იარაღით დატვირთული ვაგონების გატაცებაში. ბაქოში მას „დიდი ვალოდია“ შეარქვეს. 1906 წლის მარტში ის გახდა წევრი სამხედრო რევოლუციური საბჭოსი, სადაც სამხედრო საწყობები ებარა. ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა იარაღის არალეგალურად დამზადებას, ჩაიდინა რამდენიმე ტერორისტული აქტი და მოუვიდა შეიარაღებული შეტაკებები პოლიციასთან. 1906 წლის ზაფხულიდან გოგუაძე ბაქოში გამოცხადდა კანონგარეშედ, მის მოკვლასა და დაჭერაზე დაინიშნა ჯილდო.

ვიკიციტატა
„ტერორისტულ აქტებზე მეტწილად მარტო მივდიოდი, რადგან მიყვარდა თავისუფალი მოქმედება. ამას გარდა, ხშირად თან მყოლი ამხანაგები იბნეოდნენ ხოლმე და მეც ხიფათში მაგდებდნენ“

გოგუაძემ ბაქოში დაჰყო 1908 წლის ბოლომდე, რის შემდეგაც, გართულებული ჯანმრთელობის გამო, რევოლუციურმა კომიტეტმა დართო ნება, გადასულიყო სოხუმში. 1909 წლის იანვრის ბოლოს სოხუმში ოპერაცია გაიკეთა და წავიდა გურიაში. გურიაში გოგუაძის რევოლუციური საქმიანობის შესახებ არ იყო ცნობილი, მას არც პოლიცია დასდევდა, ერთი წლის განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდა სახლში და მისდევდა სოფლის მეურნეობას. 1910 წელს ბაქოს პოლიციამ ოზურგეთის მაზრის ხელმძღვანელობას აცნობა გოგუაძის შესახებ და დაიწყო მასზე თავდასხმები. გოგუაძე გურიაშიც ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის მუშაობაში. იქ გამრავლებული იყო ყაჩაღების და ავაზაკების ბანდები, რომელთა განეიტრალებას სცდილობდა კომიტეტი. 17 ნოემბერს სოფელ გუთურში გამართა კრება, სადაც 97 ფირალი მონაწილეობდა. გოგუაძე რსდმპ კომიტეტის სახელით ითხოვდა ყაჩაღობის შეწყვეტას. 1910-1916 წელს მონაწილეობდა ყაჩაღის განიარაღებაში გურიაში, მათ შორის ბახმაროში. 1916 წელს გოგუაძე ხიდისთავში ყაჩაღებთან შეტაკების დროს დაიჭრა მუხლში. დაჭრილი გოგუაძე სხვადასხვა სოფლებში ოჯახიდან ოჯახში გადაჰყავდათ, რათა ჟანდარმერიაას მისთვის არ მიენო და ისე მკურნალობდნენ. 1917 წლის თებერვალში მოუსწრო თებერვლის რევოლუციამ და შესაძლებელი გახდა გოგუაძის გადაყვანა თბილისში, საავადმყოფოში, სადაც იმავე წლის მარტში, აპრილსა და აგისტოში გაიკეთა ოპერაციები. სექტემბრიდან უკვე შეძლო ყავარჯნის გამოყენებით სიარული.

1917 წლის შემოქდგომიდან მონაწილეობდა სახალხო გვარდიის შექმნაში. 12 დეკემბერს ხელმძღვანელობდა ხელმძღვანელობდა თბილისის არსენალის აღებას, რომლითაც დაიწყო ქართული შეიარაღებული ძალის ფორმირება. 1918 წლის იანვარში სათავეში ჩაუდგა ჯავშნოსანი მატარებლის რაზმს 80 კაცის შემადგენლობით, რომელიც მთელ საქართველოში მოძრაობდა წესრიგის აღასადგენად, ამბოხებათა ჩასახშობად, დეზერტირებისგან შემდგარი მოთარეშე შეიარაღებული ბანდების გასანადგურებლად. ხელმძღვანელობდა შამქორის ოპერაციას, როდესაც ჯავშნოსანი მატარებლის მეშვეობით მოხერხდა პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდან მობრუნებული რუსეთის 200 ათასიანი ჯარის ეშელონებით თბილისისთვის არიდება და აზერბაიჯანში გადაყვანა. შეთანხმების მიხედვით ჯავშნოსანს უნდა გაეცილებინა ბაქოსკენ მიმავალი ფრონტიდან მობრუნებული რუსული არმიის ეშელონები, გზაზე მათ თავს ესხმოდნენ თათრების შეიარაღებული ბანდები, რომელთა შორის მრავლად იყვნენ ოსმალეთის ოფიცრები. ადრე 1918 წლის იანვარში შამქორთან რუსის ჯართან ბრძოლაში, დაიღუპა პირველი ჯავშნოსანის მეთაური როტმისტრი აფხაზავა, მაგრამ ჯარი თბილისში არ შემოუშვა. განსაკუთრებული გმირობა გოგუაძის რაზმმა გამოიჩინა 1918 წლის აპრილში აჭარასა და გურიაში შეჭრილი ოსმალეთის ჯარების წინააღმდეგ. მან ჯერ ჩაქვში დაიხსნა ალყაში მოქცეული პოლკოვნიკ ყარალაშვილის ჯარი. აქ, ვინაიდან ჯავშნოსანი მატარებელი ვერ უახლოვდებოდა ალყაშემორტყმულ ყარალაშვილის დაჯგუფებას, გოგუაძემ პორფილე გორგოშიძის ხელმძღვანელობით გადასხა 25 კაციანი რაზმი, რომელმაც მოახერხა ზურგში მოქცეოდა ოსმალეთის რაზმს და უეცარი შეტევით გაანადგურა პანიკაში ჩავარდნილი მრავალრიცხოვანი მტერი. ამის შემდეგ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩოლოქის ბრძოლაში გამარჯვებაში. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის აზრით, საჭირო იყო ჯავშნოსანი მატარებელი არიერგარდში ყოფილი, თუმცა შემდეგ მან გაიზიარა გოგუაძის უფრო თამამი გეგმა.

ვიკიციტატა
„7 აპრილს გენერალმა მაზნიაშვილმა უკან დახევა ბრძანა. უკან დახევის დროს ჯავშნიანით არიერგარდში ვყოფილიყავი და მტრის თავდასხმისგან იგი დამეცვა, ბოლოს ამეფეთქებინა რკინის გზის ხიდები და სუფსაში მივსულიყავი. მე მას ჩემი გეგმა მოვახსენე: მტრის პოზიციებში შევიჭრები და ბრძოლას გავუმართავ-მეთქი. გენერალმა ეს განზრახვა არ გაიზიარა და ამიკრძალა კიდეც: ტყუილა-უბრალოდ დაიღუპებითო. მე თუ არიერგარდში უმოქმედოდ ვიქნებოდი, მაშინ მტრის არტილერია დამაზიანებდა. გენერალმა ბოლოს მითხრა და დამლოცა: ნახე! როგორც სჯობდეს, ისე მოიქეციო. ჯავშნოსანის მხედრებს არ ეძინათ. უკვე ორი საათი იყო. მებრძოლები შევკრიბე და მათ მდგომარეობა განვუმარტე, ჩემი გადაწყვეტილებაც გავაცანი...დილით ხუთ საათზე ჩოლოქის ხიდს მივადექით. ოსმალო გუშაგები დავიჭირეთ, მტრის ბანაკში შევედით და შუა ადგილი დავიპყრეთ. ოსმალების ჯარს იქაურობა აევსო. რკინის გზის აღმოსავლეთით ნაყანევი ადგილები მტრის ჯარებით იყო გავსებული. მე სროლა არ ავტეხე. მტერს ვაგრძნობინე, რომ მე შეცდომით მოვხვდი მტრის ბანაკში და ვნებდები. უკვე გათენდა და ოსმალნი ჩვენი ჯავშნოსანისაკენ გამოიქცნენ. ახლოს მოვიდნენ. მატარებლის საფეხურებზეც ამოცოცდნენ, ზარბაზნებისა და ტყვიამფრქვეველების ლულებს ჩამოეკიდნენ. ჯავშნიანი მატარებელი ჩაკეტილი იყო, შიგ შემოსვლა არავის შეეძლო. ოსმალთა იქ მყოფი ჯარი შეგროვდა რკინის გზასთან. როცა აქ ყველამ მოიყარა თავი, მაშინ გავეცი ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ. შეიქნა სასტიკი ბრძოლა. მოწინააღმდეგე მამაცად იბრძოდა. ერთი საათის ბრძოლის დროს ბევრი ოსმალო დაიღუპა. შემდეგ ოსმალებმა მიაშურეს საფარს და იქიდან დაგვიწყეს სროლა. მე დავიწყე მანევრების კეთება და სადაც ოსმალოებს უფრო მეტი ჯარი ჰყავდათ, სწორედ იქითკენ გავხსენი მომაკვდინებელი ცეცხლი. მტრის უმთავრესი ძალა უკვე განადგურებული იყო“

11 საათისთვის ბრძოლა უკვე თითქმის მოგებული იყო, როდესაც ჯავშნოსანის ერთი ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა. ოსმალებმა მასზე დასავლეთიდან მიიტანეს იერიში. გოგუაძე აპირებდა ჯავშნოსანის აფეთქებას, თუმცა დეტონატორმა არ იმოქმედა, რადგან ომის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობის კაბელი დაზიანებულიყო. ამასობაში ჯავშნოსანს მიუსწრო სახალხო გვარდიის გორის შენაერთის 400-მა გვარდიელმა.

1918 წ. 13 აპრილს ამიერკავკასიის საოლქო დელეგატების სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ირაკლი წერეთლის და ევგენი გეგეჭკორის წარდგინებით გოგუაძე ეროვნულ გმირად აღიარეს და რევოლუციის პირველი გმირის წოდება მიანიჭეს. გოგუაძე ჯავშნოსანი მატარებელით მონაწილეობდა მთელ რიგ სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის სამხედრო ნაწილების ამბოხების ჩახშობაში ქუთაისსა და თელავში (1918 წ. თებ.), ყაზახის მაზრაში (1918 წლის მაისი), ბორჩალოს მაზრაში (1918 წ. ივნ.), სომხეთთან ომში (1918 წ. დეკ.), საბჭოთა რუსეთთან ბრძოლებში (1921 წლის თებ.). ვალოდია გოგუაძესთან ჯავშნოსანზე მსახურობდა მისი სამი ძმაც: ალფესი, ნოე და მელენტი.

საბჭოთა რუსეთთან ომის დროს მძიმედ დაჭრილი გოგუაძე მეგობრებმა სტამბოლშო წაიყვანეს, სადაც ის ფრანგულ ჰოსპიტალში მკურნალობდა. სტამბოლში მას მეუღლემ ჩააკითხა. 1923 წელს ისინი რუმინეთ-პოლონეთის გავლით პარიზში ჩავიდნენ და თავი ლევილის მამულს შეაფარეს. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1] გოგუაძემ ემიგრაციაში დაწერა ვრცელი „მოგონებები“, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარების საფრანგეთში შესვლისას ავტორმა ხელნაწერები ცეცხლს მისცა. გოგუაძის „მოგონებების“ ფრაგმენტები, რომელიც ძირითადად 1890-1919 წწ. პერიოდს ასახავს, გადაარჩინა და 1963 წ. პარიზში ქართულად გამოსცა მისმა მეუღლემ, ნამეტია ბერძენიშვილმა.

გარდაიცვალა იქვე. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ვიკიციტატა
„ვალოდია ამოზრდილი იყო ქართული ეპოსითგან. ფესვმაგარი, მტკიცე, ურყევი, უდრეკი, უტეხი, უშიშარი: როგორც თავგამოდებული მებრძოლი თავისუფლებისათვის სამშობლოისა. თვითონ ჯავშანი – საარაკო ბელადი შემმართებელი „ჯავშნოსანისა“. არავითარი სიძნელის წინაშე უკან არ დამხევი – ძალაყრით მოშვიდული, ყოველი დაბრკოლების გადამლახავი“
  • სილაქაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 100-101.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]