შამქორის ოპერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შამქორის ოპერაციაამიერკავკასიაში ბოლშევიკური მმართველობის დამყარების მცდელობა ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, 1918 წლის იანვარ-თებერვალში.

ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნამ რსფსრ-ს წინაშე დააყენა ამიერკავკასიაში ბოლშევიკური მმართველობის დამყარების საკითხი. ამ მიზნის განმახორციელებლ ძალად მიჩნეულ იქნენ კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი ბოლშევიზებული რუსი სამხედროები. რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით სტეფანე შაუმიანი იქნა დანიშნული კავკასიის საგანგებო კომისრად და მას გადაეცა 500 ათასი ოქროს მანეთი. რსფს-ის გეგმა ითვალისწინებდა თბილისის აღებას, ბაქო-თბილისი-ბათუმის რკინიგზის გაკონტროლებას და ამიერკავკასიიაში ბოლშევიკური მმართველობის დამაყრებას. ამ მიზნით რსფსრ-ს მზადყოფნაში ჰყავდა სარიყამიშის ფრონტიდან მოხსნილი 7 000 და ყარსის ფრონტიდან მოხსნილი 9 ათასი ჯარისკაცი, სულ 16 ეშელონი, შეიარაღებული სამთო ქვემეხებით. ოპერაციას შაუმიანთან ერთად ხელმძღვანელობდნენ კუზნეცოვი და პეტრენკო.

მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საგანგებო განცხადებით მიმართა ქართველ ერს. 1918 წლის 4 იანვარს გადაწყდა თბილისის დაცვა და მოსული ეშელონების განიარაღება. ოპერაციის ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი. მახათას მთასა და სოღანლუღის ქედზე დაიდგა ზარბაზნები. ნოე რამიშვილის ბრძანებით კახეთიდან გამოწვეულ იქნა ჯავშნოსანი მატარებელი როტმისტრ ევგენი აფხაზავას მეთაურობით. ამ უკანასკნელის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ნავთლუღის სადგურსი შესული 16 ეშელონის გაგზავნა ყარაიასა და ელიზავეტოპოლისკენ. ეშელონებს თავს ესხმოდნენ აზერბაიჯანელი მუსლიმები. შამქორში აფხაზავას მკვლელობის შემდეგ ჯავშნოსანის უფროსად დაინიშნა ვალოდია გოგუაძე. მას დაევალა ეშელონების გაცილება რკინიგზის სადგურ ევლახამდე. 9 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით ქართულმა ძალებმა განაიარაღეს რუსების 5 ეშელონი. აზერბაიჯანელ მუსლიმებთან შეტაკებებში დაიღუპა რამდენიმე ქართველი სამხედრო. ეშელონებისთვის ჩამორთმეული აღჭურვილობა 15 ათასი შაშხანა, 70 ტყვიამფრქვევი და 20 ზარბაზანი თბილისის არსენალში გადაიტანეს.

1918 წლის თებერვალში საქართველსოკენ დაიძრა რუსი ჯარისკაცების მეორე ნაკადი. სადგურ ნავთლუღში შესული რუსული ეშელონები სადგურ ევლახამდე კვლავ ჯავშნოსანმა მატარებელმა გააცილა ვალოდია გოგიაძის მეთაურობით. 8 თებერვალს თბილისიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე უკვე თავმყორილი იყო 13 ეშელონი (15 ათასი ჯარისკაცი). გოგუაძემ გააფრთხილა რუსები, რომ თუ თბილისისკენ დაიძვრებოდნენ, ცეცხლს გაუხსნიდა მათ ჯავშნოსანიდან. მისი ენერგიული მოქმედებების შედეგად 16 ტებერვალს ეშელონები დაიძრნენ ყარაიასა და ტაუზის მიმართულებით. 10 კილომეტრის მანძილზე განლაგებული ეშელონების უსაფრთხოებას აზერბაიჯანელების თავდასხმისგან იცავდა გოგუაძის ჯავშნოსანი. 19 თებერვალს რუსული ეშელონები სადგურ ევლახში მივიდნენ.

ამით რსფსრ-ის გეგმა ფრონტიდან მოხსნილი ეშელონებით თბილისის აღებისა, ჩაიშალა.

ვიკიციტატა
„როცა ასი ათასი მშიერი და თავზე ხელაღებული ლაშქარი მოჰსწყდა ოსმალეთის ფრონტს და მოადგა თბილისს, მის წითელ დროშას საქართველომ წინ დაუყენა წითელივე დროშა. თბილისი გადარჩა განადგურებას. ეს იყო დიდი ეროვნული საქმე. თბილისის აკლებით და დაკარგვით რუსები და სომხები არაფერს ჰკარგავდნენ, საქართველო კი ჰკარგავდა ყველაფერს. რა ჭკუაა ვიდაოთ იმაზე — არის თუ არა ჭეშმარიტება ... წითელ დროშაში? დაფასების კრიტერიუმი სულ სხვაგან დევს. დაფასების ეს კრიტერიუმი საქართველოს არგასაბჭოებაში და დამოუკიდებლობისთვის შესაბამისი საფეხურის მომზადებაში მდგომარეობს.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვადაჭკორია შ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 476-477.
  • ვადაჭკორია შ. „ქართული ეპოსიდან ამოზიდული ლეგენდა“, თბილისი, 2014
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ V, თბილისი, 1972