შინაარსზე გადასვლა

ვენესუელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა
República Bolivariana de Venezuela
ვენესუელა
ვენესუელის
დროშა გერბი
დევიზი: Dios y Federación
ჰიმნი: Gloria al Bravo Pueblo
ვენესუელის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
კარაკასი
10°30′ ჩ. გ. 66°58′ დ. გ. / 10.500° ჩ. გ. 66.967° დ. გ. / 10.500; -66.967
ოფიციალური ენა ესპანური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას მადურო
ფართობი
 -  სულ 916 445 კმ2 (33-ე)
 -  წყალი (%) 0.32
მოსახლეობა
 -  2010 შეფასებით 29 105 632 (მე-40)
 -  2001 აღწერა 23 054 210 
 -  სიმჭიდროვე 30,2 კაცი/კმ2 (173-ე)
მშპ (მუპ) 2010 შეფასებით
 -  სულ $346.973 მილიარდი[1] (30-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $11 889[1] (63-ე)
აგი (2010) 0.792 (მაღალი) (75-ე)
ვალუტა ვენესუელის ბოლივარი (VEF)
დროის სარტყელი UTC-04:00
ქვეყნის კოდი VEN
Internet TLD .ve
სატელეფონო კოდი 58

ვენესუელა, ოფიციალურად — ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა (ესპ. República Bolivariana de Venezuela) — სამხრეთი ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ტროპიკული ქვეყანა. დასავლეთით ესაზღვრება კოლუმბია, აღმოსავლეთით — გაიანა და სამხრეთით — ბრაზილია. მისი ჩრდილოეთი სანაპირო ხაზის სიგრძე დაახლოებით 2 800 კილომეტრია და მოიცავს მრავალ კუნძულს კარიბის ზღვაში, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანეს. ვენესუელის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს კარიბის კუნძულები, ისეთები, როგორებიცაა ტრინიდადი და ტობაგო, გრენადა, კიურასაო, ბონაირე, არუბა და ლევარდის კუნძულები. ვენესუელის ტერიტორია მოიცავს 916 445 კმ²-ს. მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 29 105 632 ადამიანს. ვენესუელა გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით. მისი ბიოტოპი მოიცავს აღმოსავლეთით ანდებს ხოლო სამხრეთით ამაზონის ტროპიკულ ტყეებს.

ესპანეთის მიერ ვენესუელის კოლონიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ 1522 წელს დასრულდა. იგი იყო ესპანეთის პირველი ამერიკული კოლონია რომელმაც 1811 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა (ვენესუელის პირველი რესპუბლიკა), თუმცა ვერ მოახერხა დამოუკიდებლობის გამყარება 1821 წლამდე, როდესაც ის გახდა დიდი კოლუმბიის ფედერაციის ნაწილი. საბოლოო დამოუკიდებლობა მოიპოვა 1830 წელს. XIX საუკუნეში ვენესუელა განიცდიდა პოლიტიკურ პრობლემებს და მოქცეული იყო დიქტატურის ქვეშ. XX საუკუნეში ვენესუელაში ბატონობდა სამხედრო მმართველობა. პირველი დემოკრატიული მმართველობა განხორციელდა 1945-1948 წლებში, ხოლო შემდგომ რამდენიმე დიქტატორული რეჟიმის შემდეგ 1958 წლიდან. 1980-1990 წლების ეკონომიკურ კრიზისს თან მოყვა პოლიტიკური კრიზისიც. ამის შედეგი იყო 1998 წლის არჩევნების ჩავარდნა და უგო ჩავესის მიერ ვენესუელის რევოლუციის ჩამოყალიბება. რომელიც 1999 წლის საკონსტიტუციო ყრილობით და ახალი კონსტიტუციის მიღებით დაიწყო.

  • ოფიციალური: ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა.
  • ეროვნული: República Bolivariana de Venezuela.
  • ეტიმოლოგია: მიიჩნევა, რომ სახელის „ვენესუელა“ წარმოშობა მომდინარეობს ამერიგო ვესპუჩისაგან, რომელმაც, ალონსო დე ოხედასთან ერთად 1499 წელს იმოგზაურა ვენესუელის ყურის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ლა-გუახირის ნახევარკუნძულთან მოგზაურებმა შენიშნეს სოფლები ე. წ. პალაფიტოები (palafitos) სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლები წყალზე ჰქონდათ აგებული. ამან ვესპუჩის ქალაქი ვენეცია მოაგონა (იტალია) და ამ ადგილს „ვენეზუოლა“ უწოდა, რაც იტალიურად პატარა ვენეციას ნიშნავდა. ესპანურშიც სუფიქსი "zuela" კნინობით ფორმას აძლევს სიტყვას. ამიტომ ამ სიტყვის შინაარსი იგივენაირად განიმარტება ამ შემთხვევაშიც.

მარტინ ფერნადეს დე ენცისო, რომელიც ვესპუჩისა და ოხედასთან ერთად მოფზაურობდა, თავი ნაშრომში Summa de Geogrfia წერს, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი საკუთარ მიწას „ვენეცუიელას“ უწოდებდნენ. შესაძლოა, რომ სახელი სწორედ ამ ადგილობრივი ტერმინიდან განვითარდა. თუმცა ვესპუჩის ისტორია უფრო მეტად პოპულარული რჩება. ინგლისურ ენაში ვენესუელა წარმოითქმის, როგორც „ვენეზუეილა“, ხოლო ესპანურში როგორც „ბენესველა“.

ადამიანთა დასახლებები ვენესუელის ტერიტორიაზე ჩნდება 15 000 წლის წინათ. ქვეყნის მრავალ ადგილზე აღმოჩენილია ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი საბრძოლო, სანადირო და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოები, რაც ამ დროისათვის ადგილობრივი ცივილიზაციისაკენ მიუთითებს.

1498 წელს ვენესუელის სანაპიროები ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. 1499 წელს ა. დე ოხედას ექსპედიციმ, რომელმაც მარაკაიბოს ყურეში, ხიმინჯებზე შემდგარი ინდიელთა ნაგებობანი ნახა, ქვეყანას ვენესუელა („პატარა ვენეცია“) უწოდა. XVI საუკუნეში, კერძოდ 1522 წელს ესპანეთის იმპერიამ მოახდინა ვენესუელის ტერიტორიის კოლონიზაცია. გაშენდა შაქრის ლერწმის, ბამბის, თამბაქოს პლანტაციები; განვითარდა მესაქონლეობა. ძირითად მუშახელს წარმოადგენდნენ ინდიელები და აფრიკიდან შემოყვანილი ზანგი მონები. XVI საუკუნეში ქვეყანა ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო 1777 წელს გარდაიქმნა საგენერალ-საკაპიტნო ადგილად. მოსახლეობა ესპანეთის მთავრობის უკმაყოფილო იყო. 1749 წელს მოეწყო ანტიესპანური აჯანყება დე ლეონის მეთაურობით, 1797 წელს — შეთქმულება ლა-გუაირასა და კარაკასში. 1806 წელს ბრძოლას სათავეში ჩაუდა ფრანსისკო მირანდა.

მხოლოდ 1811 წელს შეძლო ვენესუელამ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, თუმცა ის ძალზედ ხანმოკლე აღმოჩნდა. რეალური დამოუკიდებლობა ვენესუელას მოუტანა სიმონ ბოლივარმა ე. წ. ბოლივარ განმათავისუფლებელმა, რომელმაც კარაბობოს ბრძოლაში გამარჯვებით შექმნა დიდი კოლუმბიის სახელმწიფო. ამ სახელმწიფოდან ვენესუელამ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა 1830 წელს.

XX საუკუნის დასაწყისის ვენესუელა სამხედრო რეჟიმებით ხასიათდება. პირველი მსოფლიო ომის დროს ნავთობინდუსტრიამ ვენესუელის ეკონომიკის ბუმი განაპირობა. ყველაზე მდიდარ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში სამხრეთ ევროპიდანაც კი დაიწყო ემიგრაცია. თუმცა 80-იანი წლების ნავთობის ფასების ვარდნამ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია ნავთობზე დამოკიდებულ ქვეყანაში.

1992 წელს ყოფილმა სამხედრომ (პარაშუტისტი) — უგო ჩავესმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. პრეზიდენტ კარლოს ანდრეა პერესის გადაგდება ვერ შეძლო მან ვერც მისი შემდგომი მცდელობის დროს. თუმცა 2002 წელს ჩავესმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და გაიმარჯვა, რეოგორც იმ დროს არსებული რეჟიმის რეაქციულმა ოპოზიციონერმა. ჩავესმა დაიწყო საკუთარი იდეოლოგიის „ბოლივარიზაციის“ განხორციელება.

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: კოლუმბია, ბრაზილია, გაიანა. ფართობი: 912 050 კვ. კმ.

ვენესუელა მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კარიბის ზღვა, სამხრეთით — ბრაზილია, აღმოსავლეთით — გაიანა, ხოლო დასავლეთით კოლუმბია. ქვეყნის საერთო ფართობი 916 445 კვადრატული კილომეტრია, ხოლო ხმელეთის ფართობი — 882 050 კვადრატული კილომეტრი. ვენესუელის სანაპირო ზოლის სიგრძე 2800 კილომეტრს შეადგენს.

2800 კმ სიგრძის სანაპირო ზოლში სხვადასხვა სახის ლანდშაფტი არსებობს. უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი უჭირავს ანდებს რომელიც ვენესუელის ჩრდილო-დასავლეთამდე აღწევს და გაგრძელება ჩრდილოეთ კარიბის ზღვის სანაპიროზე. ამ რეგიონში მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი წერტილი, 4979 მეტრის სიმაღლის მწვერვალი ბოლივარის პიკი. ქვეყნის ცენტრალური ნაწილი ხასიათდება ლიანოსით, რომლებიც წარმოადგენს ფართო ვაკეს, გადაჭიმულს კოლუმბიის საზღვრიდან მდინარე ორინოკოს დელტამდე.

სამხრეთით, გვიანის მაღალმთიანეთში მდებარეობს ამაზონის აუზის ჩრდილოეთის განტოტებები და მსოფლიოში ყველაზე მაღალი — ანხელის ჩანჩქერი, ასევე, კანაიმის ეროვნული პარკი მაგიდის მოყვანილობის მთები (ტეპუი). ალუვიონით მდიდარი მდინარე ორინოკო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამდინარო სისტემას ქმნის. ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი მდინარეებია კარონი და აპურე.

ვენესუელის დაყოფა კლიმატური და ბიოგეოგრაფიული თვალსაზრისით შეიძლება ათ გეოგრაფიულ ერთეულად. ჩრდილოეთით არის ვენესუელის ანდები და კოროს რეგიონის მთიანი ზოლი, რომელზეც მდებარეობს რამდენიმე ხეობა. მათგან აღმოსავლეთით არის დაბლობები რომელთაც ესაზღვრება მარაკაიბოს ტბა და ვენესუელის ყურე. ცენტრალური ქედი სანაპიროს პარალელურად გასდევს და კარაკასის მიმდებარე მთიანეთს მოიცავს; აღმოსავლეთ ქედი, რომელიც ცენტრალური ქედისგან კარიაკოს ყურით არის გამოყოფილი, მოიცავს სუკრესა და ჩრდილოეთ მონაგასის შტატებს.

  • სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ნიკოლას მადურო.
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (165 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 23 შტატი (estado), 1 ფედერალური ოლქი (distrito federal) და 1 სამფლობელო (dependencia federal).
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Venezuela. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 10 October 2010.