ვენესუელის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვენესუელა, სატელიტური ფოტო
ვენესუელის მცენარეული საფრის რუკა

ვენესუელა (ესპ. Venezuela) — ქვეყანა სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთით აკრავს კარიბის ზღვა და ატლანტის ოკეანე. დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება კოლუმბია (2,050 კმ)[1] სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრაზილია (2,200 კმ)[1], აღმოსავლეთით გაიანა (743 კმ)[1]. ფართობი — 916,445 კმ². მოსახლეობა დაახლოებით 29 105 632 კაცი.

საზღვრების საერთო სიგრძეა 4993 კმ. სანაპირო ხაზისა – 2,800 კმ. ვენესუელის ჩრდილოეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს ანდების სისტემას – სიერა-დე-პერიხისა (სიმაღლე 3540 მ-მდე) და კორდილიერა-დე-მერიდის (ბოლივარის პიკი, 4981) ქედებს (მათ შორის არის მარაკაიბოს ღრმული და ტბა) და კარიბის ანდებს; ცენტრალურ ნაწილში ორინოკოს ვაკეებია (ლიანოსი), სამხრეთ-აღმოსავლეთში – გვიანის ზეგნის ამაღლებული ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილი.

გეოგრაფიული კოორდინატები: 8°00′ ჩ. გ. 66°00′ დ. გ. / 8.000° ჩ. გ. 66.000° დ. გ. / 8.000; -66.000

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფში მკვეთრად გამოიყოფა ოთხი რეგიონი: მარაკაიბოს დაბლობი, ანდები, ლიანოსი და გვიანის ზეგანი.

მარაკაიბოს დაბლობის ფსკერი ოვალური ფორმისაა, რომელიც სამივე მხრიდან ჩაკეტილია მთებით, ხოლო ჩრდილოეთით გახსნილია კარიბის ზღვისკენ. დაბლობის ყველაზე დადაბლებული მონაკვეთი უკავია მარაკაიბოს ტბას. ტბის დასავლეთი და სამხრეთი ნაწილები დაჭაობებულია. ტბის მიდამოებში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, ასევე ნავთობის მოპოვება.

ვენესუელის დასავლეთ ნაწილში (კოლუმბიის საზღვართან) ვრცელდება სიერა-დე-პერიხის ქედი, რომელიც წარმოადგენს მარაკაიბოს ტბის აუზისა და მდინარე სეზარის წყალგამყოფს. ჩრდილოეთ-დასავლეთ ვენესუელაში გადაჭიმულია კორდილიერა-დე-მერიდის ქედი, რომელზედაც აღმართულია ვენესუელის უმაღლესი მწვერვალი ბოლივარის პიკი (4981 მ).

ლიანოსი წარმოადგენს საკმაოდ ვრცელ ტროპიკული სავანებით დაფარულ ვაკეს, რომელიც იკავებს ვენესუელის ცენტრალურ ნაწილს და რომელიც განფენილია მდინარე ორინოკოს მარცხენანაპირეთში. ფართობი 300 000 კმ². მაღალი ლიანოსი მთისწინეთია, რომელიც ამაღლებულია 100-იდან 200 მ-მდე. შემოსილია სავანითა და ფოთოლმცვივანი ტყით. აქვეა დაბალი ლიანოსი, რომელიც წვიმების დროს იტბორება. ლიანოსი უკიდურეს აღმოსავლეთში გადადის დაჭაობებულ სანაპიროსა და ორინოკოს დელტაში.

გვიანის ზეგანი ვრცელდება ორინოკოსა (ჩრდილოეთით) და ამაზონის (სამხრეთით) დაბლობებს, ანდებსა (დასავლეთით) და ატლანტის ოკეანეს (აღმოსავლეთით) შორის. წარმოადგენს სამხრეთ ამერიკის ბაქნის შვერილს. აგებულია უმთავრესად არქეული მეტამორფული ქანებით, რომლებიც ზოგან პროტეროზოური კვარციტული ქვიშაქვებითა და დანალექი საფრის კონგლომერატებითაა დაფარული. რელიეფში ჭარბობს ცოკოლიანი დენუდაციური ვაკეები, რომლებზეც ცალკეული მწვერვალებია აღმართული. ზეგნის ცენტრალური ნაწილი მთაგორიანია, გვხვდება ქვიშაქვებით აგებულა ციცაბო ფერდობებიანი მაგიდა პლატოებიტეპუი, რომლის კალთებიდან ეშვება არაერთი მაღალი წყალვარდნილი.

ვენესულის მეზორელიეფური ფორმებიდან გამოსაყოფია კანიონები. ანხელის წყალვარდნილის ძირში მდებარეობს ე.წ. „ეშმაკის კანიონი“. აღსანიშნავია ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო და ღრმა კავასის კანიონი, რომელიც სიღრმეში 122 მ-ს აღწევს, ხოლო სიგანეში მხოლოდ 1.2 მ-ს. მნიშვნელოვანია აგრეთვე ნაჩას კანიონი. მდინარის კანიონებს შეიცავს კორდილიერა-დე-მერიდის ქედი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავა თითქმის მთელ ვენესუელაში სუბეკვატორულია, ცხელი. მაღალმთიანეთში არის ალპური ჰავა. ტერიტორიის დიდ ნაწილში მკვეთრად გამოიყოფა წვიმიანი სეზონები, რომელიც ვრცელდება მაისიდან ნოემბრამდე. გამოიყოფა ოთხი ჰორიზონტალური ტემპერატურული ზონა. ლიანოსზე საშუალო თვიური ტემპერატურები 25-იდან 29ºС-მდეა. ზღვის დონიდან 800-2000 მ-მდე ტემპერატურა 12°-იდან 25°C-მდეა. 2000-3000 მ სიმაღლეზე ტემპერატურა ეცემა 9-11°C-მდე. ნალექები 280 მმ-იდან ჩრდილო-დასავლეთით 2000-3000 მმ-მდე სამხრეთ-აღმოსავლეთით და კორდილიერა-დე-მერიდის ჩრდილოეთ კალთებზე. მაღალმთიანეთში (ზღვის დონიდან 4700 მ-მდე) მუდმივი თოვლია, ტემპერატურა უდრის 8°C-ს.

კარიბის ზღვის სანაპიროზე განვითარებულია ცხელი ჰავა, სადაც გაბატონებულია მშრალი ნიადაგი. აღნიშნული კლიმატური არე ვრცელდება მარაკაიბოს ჩრდილოეთ ნაწილიდან კარიბის ზღვის კუნძულებამდე. ზღვის დონიდან 600-800 მ სიმაღლეზე ტემპერატურა იცვლება 23-იდან 29°С-მდე. აღნიშნული კლიმატი კარგად არის გამოხატული ფალკონის შტატი. ორინოკოს დელტაში არის ცხელი და მშრალი კლიმატი.

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარეთა ქსელი ხშირია, მიეკუთვნება უმთავრესად მდინარე ორინოკოს აუზს. მთავარი მდინარეა ორინოკო, რომელიც სათავეს იღებს სერა-პარიმის მთების დასავლეთ კალთებზე, გვიანის ზეგნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მდინარე ორინოკო ზემო დინებაში და მისი მარჯვენა შენაკადები ჭორომიანია და ქმნის ბევრ დიდ ჩანჩქერს. სიგრძე 2140 კმ. მიედინება გვიანის დაბლობზე, ერთვის ატლანტის ოკეანეს, სადაც ქმნის ფართო დელტას. ვენესუელის ფარგლებში ორინოკოს მთავარი შენაკადებია: ვენტუარი, არაუკა, აპურე, კარონი და სხვ. ორინოკოს გამოეყოფა მდინარე კასიკიარე, რომელიც კლასიკურ ბიფურკაციას ქმნის. ორინოკოს აუზსს მიეკუთვნება მდინარე ჩურუნი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალ წყალვარდნილს ქმნის.

ტბებიდან აღსანიშნავია მარაკაიბოსა და ვალენსიის ტბები. მარაკაიბოს ტბის სამხრეთ ნაწილში წყალი მტკნარია, ჩრდილოეთში – მომლაშო. მარაკაიბოს ნაპირები დაბალია და დაჭაობებული. საზრდოობს მრავალრიცხოვანი მდინარეებით, რომელთაგან უდიდესია კატატუმბო. მდინარე კატატუმბოს შესართავთან, მარაკაიბოს ტბაში წარმოიქმნება ატმოსფერული ფენომენი – კატატუმბოს ელვა.

ვალენსიის ტბას უკავია არაგუის ხეობის ნაწილი, რომელიც მიკრულია კარიბის ანდებთან. მდებარეობს 410 მ სიმაღლეზე. ფართობი 350 კმ², უდიდესი სიღრმე 39 მ. ბევრია კუნძული.

მდინარე კარონის კანიონში მდებარეობს გურის წყალსაცავი.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. ტყეებს უკავია ვენესუელის ტერიტორიის 56%. სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთით გავრცელებულია ჰილეა. დიდი ფართობზე გვხვდება პარამოსი, რომელიც წარმოადგენს ნეოტროპიკულ ეკოსისტემას. იგი ტროპიკული ანდების (ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის) მაღალმთის ქსერომორფული მცენარეულობაა, რომელსაც ქმნის რთულყვავილოვანთა ოჯახის ენდემური Espeletia-ს გვარის სახეობები. გადაჭიმულია კორდილიერა-დე-მერიდიდან (ვენესუელა) ხუანკაბამბას ღრმულამდე (პერუ). ვენესუელაში ხშირია ცვალებადნოტიო ტროპიკული ტყე, მაღალბალახოვანი სავანა, სავანური და მშრალი ნათელი ტყეები, მანგროვიანი. ნიადაგებიდან ჭარბობს წითელი ლატერიტული ნიადაგი.

ცხოველთა სამყარო ძალზე მდიდარია. გვხვდება ფართოცხვირიანი მაიმუნი, ჯავშნოსისებრნი, ჭიანჭველაჭამიები, კაპიბარა, პეკარი, ოპოსუმისებრნი, ირემი, წავი, პუმა, იაგუარი და სხვ. ორნითოფაუნას ქმნიან ტუკანი, თუთიყუში, ყანჩა და სხვა. ქვეწარმავლებიდან ბინადრობენ მრავალრიცხოვანი გველები (მ.შ. ანაკონდა), ხვლიკები, ნიანგები, კუები და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 John McCoy (2002). The World Geographical Encyclopedia, გვ. 589-593. ISBN 0787655813.