ამაზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია მდინარის შესახებაა. მითური ხალხისთვის, იხილეთ ამორძალები. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ ამაზონი (მრავალმნიშვნელოვანი)
ამაზონი
ესპ. და პორტ. Amazonas

ამაზონის შესართავი, თანამგზავრული ფოტო
ქვეყანა პერუს დროშა პერუ
კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ქალაქები იკიტოსი (პერუ), მანაუსი (ბრაზილია), ბელენი (ბრაზილია), მაკაპა (ბრაზილია)
სათავე ანდები
15°31′05″ ს. გ. 71°45′55″ დ. გ. / 15.51806° ს. გ. 71.76528° დ. გ. / -15.51806; -71.76528
სათავის მდებარეობა პერუს დროშა პერუ
სათავის სიმაღლე 5170 მ
შესართავი ატლანტის ოკეანე
0°42′28″ ჩ. გ. 50°05′22″ დ. გ. / 0.70778° ჩ. გ. 50.08944° დ. გ. / 0.70778; -50.08944
სიგრძე 6437 კმ
აუზის ფართობი 7 050 000 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 209 000 მ³/წმ

ამაზონის აუზი
ამაზონი — სამხრეთი ამერიკა
ამაზონი
ამაზონი
— სათავე, — შესართავი
ამაზონი ვიკისაწყობში

ამაზონი (ესპ. და პორტ. Amazonas) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, მსოფლიოში უდიდესი მდინარე აუზის ფართობითა და წყალუხვობით, აგრეთვე, ზოგიერთი შეფასებით — სიგრძითაც. აბორიგენი ინდიელები მას პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე) ან პარანა-გუასუს (დიდი მდინარე) უწოდებენ. წარმოიქმნება მდინარეების მარანიონისა და უკაიალის შეერთებით, რომლებიც სათავეს ანდებში იღებენ. მარანიონის სათავიდან ამაზონის სიგრძე დაახლ. 6,5 ათ. კმ-ია, უკაიალის სათავიდან — დაახლ. 7,1 ათ. კმ. აუზის ფართობი (შენაკად ტოკანტინსის აუზის ჩათვლით) 7180 ათ. კმ². აუზის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთი რაიონები — ბოლივიაში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში. მიედინება ძირითადად ამაზონის დაბლობზე, ეკვატორის სიახლოვეს, სუბგანედური მიმართულებით. ჩაედინება ატლანტის ოკეანეში.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარის შესართავი 1500 წელს აღმოაჩინა ესპანელმა ვინსენტე იანიეს პინსონმა, რომელმაც ამაზონს „Rio Santa Maria de la Mar Dulce“, ანუ „მტკნარი ზღვის წმინდა მარიამის მდინარე“ უწოდა (მდინარის მიერ ოკეანის წყლის გამტკნარების გამო). პირველი შორეული გაცურვა 1541–1542 წლებში ესპანელმა კონკისტადორმა ფრანსისკო დე ორელიანამ განახორციელა. 172 დღეში მისმა რაზმმა თითქმის 6 ათასი კმ გაცურა. გზად ესპანელები შეეტაკნენ ინდიელთა მებრძოლ ტომებს. მდინარე ტრომბეტასის შესართავთან ახლოს ინდიელ მეომართა პირველ რიგებში იბრძოდნენ მშვილდ-ისრებით შეიარაღებული მაღალი და ნახევრად შიშველი ქალები. ისინი ესპანელებს ამორძალების ანუ ამაზონების შესახებ ანტიკურ მითს მოაგონებდნენ, ამიტომაც ორელიანმა, ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, მდინარეს „ამაზონი“ დაარქვა.[1]

მდინარის აუზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაზონის ყველაზე წყალუხვი მარცხენა შემდგენელი — მდინარე მარანიონი — სათავეს იღებს პერუში, დასავლეთ კორდილიერების აღმოსავლეთ კალთებზე, 4840 მეტრ სიმაღლეზე, მთებში ღრმა ღრმულში მიედინება წყნარი ოკეანის სანაპიროს პარალელურად, შემდეგ ტრიალდება აღმოსავლეთით, იჭრება ანდებში და წარმოქმნის 27 ე.წ. პონგოს (ღრმა და ვიწრო კლდოვან ხეობებს თითქმის ფრიალო კედლებით). მთებიდან გამოსვლის შემდეგ მიედინება ამაზონის დაბლობზე და მარჯვნიდან მდინარე უკაიალის შერთვით სათავეს უდებს ამაზონს. ამაზონის კალაპოტი შემოფარგლულია დაბალი ნაპირებით, რომელიც მდინარისკენ სამ ფართო საფეხურად ეშვება: ზედა საფეხური (ტერა-ფირმა), დაუტბორავი ნაპირი, რომელიც ხეობის ძირითადი კალთებითაა წარმოქმნილი და სიმაღლეში 50 მეტრი და უფრო მეტია; შუა საფეხური (ვარზეა), ჭალის ნაწილი, რომელიც ნაპირებიდან დიდი გადმოსვლების დროს იტბორება; ქვედა საფეხური (იგაპო, ანუ ჭაობი), ჭალა, რომელიც ნაპირებიდან ჩვეულებრივი გადმოსვლების დროს იტბორები. ამაზონში მდინარე რიუ-ნეგრუს ჩადინების ადგილიდან ქვემოთ ჭალის სიგანე 80–100 კმ-ია, ქალაქებთან ობიდუსთან და სანტარენთან — რამდენადმე ვიწრო. ჭალაში მრავალი ტოტი, ფშანი, ტბა და ნამდინარევია; ნაპირების გასწვრივ — დაბალი კალაპოტისპირა მიწაყრილები. ოკეანიდან 350 კმ-ში ამაზონი წარმოქმნის მსოფლიოში უდიდეს დელტას (ფართობი დაახლ. 100 ათ. კმ²). ჩამონადენის ძირითადი ნაწილი გადის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტოტებში, წყლის ნაწილი — აღმოსავლეთის ტოტში, რომელსაც პარა ეწოდება; მათ შორის მოქცეულია მსოფლიოში უდიდესი მდინარისმიერი კუნძული — მარაჟო (ფართობი 48 ათ. კმ²).[1]

ჰიდროლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაზონი წყალს კრებს სამხრეთ ამერიკის ფართობის 40%-იდან, იერთებს 500-ზე მეტ მსხვილ შენაკადს, რომელთაგან 17 სიგრძით 1600–3500 კმ-ია. ძირითადი შენაკადებია: ჟურუა, პურუსი, მადეირა, ტაპაჟოსი, შინგუ, ტოკანტინსი (მარჯვენა); ნაპო, ისა, ჟაპურა, რიუ-ნეგრუ (მარცხენა). ყველაზე დიდი წყლოვანებით გამოირჩევა მადეირა, რიუ-ნეგრუ და ჟაპურა. მდინარის სიგანე მარანიონისა და უკაიალის შეერთების შემდეგ დაახლოებით 2 კმ-ია, შუა წელზე — 5 კმ-მდე, ქვემოზე — 20 კმ-მდე, შესართავამდე — 80–150 კმ; შუა წელზე კალაპოტის სიღრმე დაახლ. 70 მეტრია, ქალაქ ობიდუსთან — 136 მეტრამდე, შესართავში — 15–45 მეტრი. შენაკადებს ამაზონში ჩააქვს სხვადასხვა ფერის წყალი: მუქი (რიუ-ნეგრუ), მღვრიე თეთრი (ჟურუა, პურუსი, მადეირა), მომწვანო (ტაპაჟოსი); არის შენაკადები ყვითელი, რუხი და მოწითალო ფერის წყლითაც კი. ამაზონი მსოფლიოში ერთადერთი მდინარეა წყლის ფერთა ამგვარი სიმრავლით. ამაზონეთში ტენის მთავარი წყარო ნალექია, რომელიც ატლანტიკიდან მოსულ ჰაერის მასებს მოაქვს. ნოტიო ტროპიკული ტყეების ზონაში, რომელიც ამაზონის აუზს ფარავს, წელიწადში საშუალოდ მოდის 2000 მმ-მდე ნალექი, შესართავსა და ჩრდილო-დასავლეთ ამაზონეთში (ანდების მთისწინეთში) — 3000 მმ-ზე მეტი, ანდების ზოგიერთ რაიონში — 6000 მმ-მდე. მდინარე წყალუხვია მთელი წლის განმავლობაში. წვიმების სეზონი მონაცვლეობით დგება: სამხრეთ ნახევარსფეროში (ოქტომბერი – აპრილი) — მარჯვენა შენაკადებზე, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (მარტი – სექტემბერი) — მარცხენა შენაკადებზე, ამიტომ ჩამონადენის სეზონური მერყეობა შენელებულია. დამახასიათებელია ჰაერის მაღალი ფარდობითი ტენიანობა (75–100%); აორთქლებადობა, უხვ ნალექებთან და მაღალ რადიაციულ ბალანსთან (2900–3800 მჯ/მ²) შედარებით, დაბალია — იშვიათად აღემატება 1200 მმ-ს წელიწადში. აორთქლების მაქსიმალური სიდიდე (1500 მმ წელიწადში) აღრიცხულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ამაზონეთში და ამაზონის შენაკადებსა და მდინარე ორინოკოს შორის. ამაზონის აუზისათვის დამახასიათებელია მოწითალო-ყვითელი ფერის ლატერიტული ეწერიანი ნიადაგი, რომელიც ჩამოყალიბებულია მისგან ფერითა და სტრუქტურით ძნელად გასარჩევ, ათეულობით მეტრის სისქისა და მაღალი წყალგამტარობის გამოფიტვის ქერქზე. წყლის საშუალო მრავალწლოვანი ხარჯი ობიდუსის ჰიდროლოგიურ პოსტზე (ოკეანიდან დაახლ. 900 კმ-ში) 173 ათ. მ³/წმ-ია (ჩამონადენის წლიური მოცულობა 5460 კმ³). მის ქვემოთ მსხვილი შენაკადებისა (ტაპაჟოსი, შინგუ, ტოკანტისი) და დელტის ზედაპირიდან და მდინარესთან მომიჯნავე ხმელეთიდან მოხვედრილი წყლის (აორთქლებაზე ნალექების სიჭარბის შედეგად) ხარჯზე ჩამონადენი წელიწადში 1820 კმ³-ით იზრდება. შედეგად, ამაზონს წელიწადში ოკეანეში შეაქვს საშუალოდ 7280 კმ³ მდინარის წყალი (მსოფლიო ოკეანეში ჩადინებული ყველა მდინარის ჩამონადენის 18%). ატლანტის ოკეანეზე ამაზონის უზარმაზარი ჩამონადენის გამამტკნარებელი გავლენა ვლინდება დელტის ნაპირებიდან 900 კმ მანძილზე. წელიწადში ჩამოაქვს 900 მლნ. ტონა ნატანი. ამ მხრივ ჩამორჩება მხოლოდ განგისა და ბრაჰმაპუტრის ნატანს, რომელიც მათ საერთო დელტაში ჩადის.[1]

ამაზონის წყლის ზედაპირის დახრილობა უმნიშვნელოა, ამიტომ ოკეანური ნახევარდღეღამური 3–5-მეტრიანი მოქცევები ვრცელდება შესართავიდან ზევით დაახლ. 1000 კმ-ზე (მსოფლიოს მდინარეებში უდიდესი მაჩვენებელი). დელტის ტოტებში მოქცევის ტალღა წარმოქმნის ბუნებრივ მოვლენას — ბორს (აქ მას პოროროკას, ანუ „მგრგვინავ წყალს“ უწოდებენ). ინდიელთა ერთ-ერთ კილოზე პოროროკას „ამაზუნუ“ ეწოდება (ზოგიერთი გეოგრაფი მდინარის სახელს აქედან წარმოებულად თვლის).[1]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდიდარი და უნიკალურია ამაზონის მცენარეული და ცხოველთა სამყარო. ნამდინარევებსა და ფშანებში იზრდება მსოფლიოში უდიდესი დუმფარა — ამაზონის ვიქტორია (ფოთლების დიამეტრი 2 მეტრამდეა). ამაზონის წყლებში ბინადრობს 2000-მდე სახეობის თევზი (დედამიწის მტკნარწყლიანი ფაუნის მესამედი), მ.შ. გიგანტური არაპაიმა (სიგრძე 5 მეტრამდე, მასა 200 კგ-მდე), ელექტრული გველთევზა, მდინარის ბოლოქაცვიასებრნი, მდინარის მტაცებელი ზვიგენები და პირანია. ძუძუმწოვრებიდან — ლამანტინი (შესართავში), ამაზონური დელფინი. დამახასიათებელია შავი კაიმანი და თანამედროვე გველებიდან უდიდესი — ანაკონდა (სიგრძე 11,4 მეტრამდე).[1]

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაზონი ფლობს მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პოტენციალს (დაახლ. 280 მლნ. კვტ·სთ წელიწადში), თუმცა მისი გამოყენება უმნიშვნელოა. შენაკადებთან ერთად ამაზონი წარმოქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს წყლის გზათა შიდა სისტემას საერთო სიგრძით 25 კმ-ზე მეტს. სანაოსნოა ოკეანიდან 4300 კმ-ზე (პონგო-დე-მანსერიჩეს ხეობამდე); ქალაქ მანაუსამდე (ოკეანიდან 1690 კმ) ადიან საოკეანო გემები. მდინარეზეა პორტები: ბელენი (ტოტ პარაზე), სანტარენი, ობიდუსი (ბრაზილია), იკიტოსი (პერუ). ამაზონის უნიკალურ ეკოსისტემაზე ყველაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს წყალსაცავების მშენებლობა, რომლებშიც ჩაედინება დიდი რაოდენობით ორგანული ნაერთები. ეს წყალსატევები ხდებიან მწერებით გადამტანი საშიში დაავადებების (მაგ., ვისცერალური ლეიშმანიოზის, ბანკროფთოზული ფილარიოზის) წყაროები. ნოტიო ტროპიკული ტყეების მასიური ჭრა ეკოლოგიურად საშიშია მთელი დედამიწისათვის, რამდენადაც ეს ტყეები პლანეტის ატმოსფეროში ჟანგბადის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Ананичева, М. Д.. Амазонка ru. Большая российская энциклопедия. Электронная версия (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-15. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2022