ტეპუი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტეპუი კუკენანი

ტეპუიმაგიდა მთები, რომელიც ვრცელდება გვიანის ზეგანზე მეტწილად ვენესუელის ფარგლებში. სიტყვა „ტეპუი“ პემონის მშობლიურ ენაზე აღნიშნავს „ღმერთების სახლს“. პემონის ტომი უმთავრესად გრან-საბანის ტერიტორიაზე სახლობს. ტეპუი რელიეფში გვხვდება როგორც იზოლირებული ობიექტი, სადაც ფართოდ არის გავრცელებული ენდემური მცენარეულობა და ცხოველთა ნაირსახეობა. აღსანიშნავია სერა-ნებლინა, აუტანა, აუიანტეპუი და რორაიმას მაგიდა მთები.

ტეპუის ტიპის მთები როგორც წესი ამაღლებულები არიან ჯუნგლების თავზე და აგებული არიან კამბრიუმამდელი კვარციანი ქვიშაქვების ბლოკებით. აუიანტეპუი დასაბამს აძლევს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ჩანჩქერსანხელს, რომლის სიმაღლე 1054 მეტრია.

მორფოლოგია[რედაქტირება]

რორაიმის მთის პლატო. ეროზიული პროცესების შედეგად წარმოქმნილი სპეციფიური კლდე

ტეპუი წარმოადგენს ვრცელი პლატოს ნაწილს, რომელიც ერთ დროს ფარავდა გრანიტულ კომპლექსს, მდინარეების ამაზონისა და ორინოკოს აუზის ჩრდილოეთურ საზღვრებს, ატლანტური სანაპიროდან მდინარე რიო-ნეგრომდე. გეოლოგიური ისტორიის მსვლელობაში პლატომ განიცადა ამოჭმა, რის შედეგად ტეპუი მოწმის ნაშთად მოგვევლინა.

კარსტული ძაბრი

ვენესუელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბრაზილიისა და გაიანის საზღვრებთან გრან-საბანის ტერიტორიაზე გამოიყოფა ათობით ტეპუის ტიპის მთები, სადაც თავმოყრილია საკმაოდ ვრცელი მოსწორებული მთები. ტეპუის მწვერვალებზე იზრდება სხვადასხვა შედგენლობის ტყე, სადაც ჭარბობს ჯადვარისებრნი და ანანასისებრნი. გვხვდება ასევე მწერიჭამია მცენარეები.[1] დიდი ასაკის გამო, ზოგიერთ ტეპუი გამოირჩევა ზედაპირული თავისებურებებით, სადაც განვითარებულია მღვიმეები, რომელთა წარმოშობა დაკავშირებულია წყალში ხსნადი ქანების (კირქვის) გადარეცხვასთან. აღსანიშნავია აბისმო-გაი-კოლეტის 671 მ სიღრმის მღვიმე. განვითარებულია ასევე კარსტული ძაბრები, რომელთა დიამეტრი 300 მ აღწევს. კარსტული ძაბრები გამომუშავებულია მიწისქვეშა მდინარეების გვირაბების კედლების ჩამონგრევის შედეგად.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

რორაიამის მთა

ტეპუი მთლიანად არის იზოლირებული ტყის ტერიტორიებისგან, რის გამოც ისინი „ეკოლოგიურ კუნძულებად“ გვევლინებიან. დიდი სიმაღლეების გამო განვითრებულია კლიმატის სხვადასხვაგვარობა. მაღალ ადგილებში განვითარებულია გრილი ჰავა, ხშირი კოკისპირული წვიმით, ქვემო ნაწილში არის ტროპიკული, თბილი და ნოტიო კლიმატი. საშუალო ტემპერატურა უდრის 8-20°C, ყველაზე მაღალ ადგილებში ტემპერატურა ეცემა 0°C-მდე. ნიადაგი ოლიგოტროფულია.[1] მთების იზოლირებამ განაპირობა ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის განვითარება. ხშირად ტეპუის მოიხსენიებენ როგოც გალაპაგოსის კუნძულებს, რამეთუ ტეპუიზე იზრდება დიდი რაოდენობით უნიკალური მცენარეულობა, ხოლო ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენელი მხოლოდ ტეპუიზეა გავრცელებული.

ტეპუის უმრავლესობა მდებარეობს კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ზოგიერთი ტეპუის მთა[რედაქტირება]

კუკენანი რორაიმის მთიდან
ტეპუიდან ვარდნილი ანხელის ჩანჩქერი
  • აუიანტეპუი – მეტად დიდი ფართობის ტეპუი (ფართობი 700 კმ²). მსოფლიოს ყველაზე მაღალი წყალვარდნილი — ანხელი გადმოედინება აუიანტეპუიდან.
  • რორაიმის მთა – მდებარეობს ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის სახელმწიფოების საზღვარზე. აქვს ბრტყელი კოშკისებრი მწვერვალი ციცაბო კალთებით. უმთავრესად აგებულია კვარციანი ქვიშაქვებით, დიაბაზისა და გაბროს დაიკებით. რობერტ შომბურგკის მონათხრობმა შთააგონა ართურ კონან დოილს თავისი სათავგადასავლო რომანის, „დაკარგული ქვეყნის“ დაწერა.
  • კუკენანი – სიმაღლე აღწევს 2,680 მ-ს.
  • აუტანა – სიმაღლე 1300 მ.
  • სარისარინიამა – მდებარეობს ვენესუელისა და ბრაზილიის საზღვრებზე. სიმაღლე 2300 მ. ცნობილია როგორც მომრგვალო ძაბრების არსებობით, რომელთა სიღრმე და დიამეტრი შეადგენს დაახლოებით 350 მ-ს. ძირზე ხარობს უნიკალური მცენარეულობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Uwe George: Inseln in der Zeit. Expeditionen zu den letzten weißen Flecken der Erde. 6. Auflage. Gruner und Jahr, Hamburg 2005, ISBN 3-570-06212-0.
  • Roland Stuckardt: Sitze der Götter. In: terra. Heft 3. Tecklenborg, Steinfurt 2004.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Tepuis — Terrestrial Ecoregions, WWF
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტეპუი&oldid=2400247“-დან