ოქროს ნაპირი (ბრიტანეთის კოლონია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოქროს ნაპირის კოლონია
გვირგვინის კოლონია

 

 

 

1821–1957
დროშა გერბი
ოქროს ნაპირი 1896 წელს.
დედაქალაქი კეიპ-კოსტი (1821–1877)
აკრა (1877–1957)
ენები ინგლისური (ოფიციალური), გა, აკანი, დანგმე, დაგბანი, გონჯა.
რელიგია ქრისტიანობა, ისლამი, აფრიკული ტრადიციული რელიგია.
მთავრობა კოლონიური მმართველობა
ისტორიული ერა პირველი მსოფლიო ომი
 -  დაარსება 1821
 -  დანიური ოქროს ნაპირის მიერთება 1850
 -  ნიდერლანდური ოქროს ნაპირის მიერთება 6 აპრილი, 1872
 -  ბრიტანული ტოგოლენდის მიერთება 27 დეკემბერი, 1927
 -  ბრიტანული ტოგოლენდის გამოყოფა 13 დეკემბერი, 1953
 -  მოიპოვა დამოუკიდებელობა განას სახელით 6 მარტი 1957
ვალუტა ოქროს ნაპირის აკი, ბრიტანეთის დასავლეთ აფრიკული ფუნტი
დღეს ამ ტერიტორიაზე განის დროშა განა

ოქროს ნაპირიბრიტანეთის კოლონია დასავლეთ აფრიკაში გვინეის ყურის სანაპიროზე, რომელიც მოგვიანებით, 1957 წელს გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო განა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქროს ნაპირს პირველას 1471 წელს მიაღწიეს პორტუგალიელებმა. აქ მათ დახვდათ მრავალრიცხოვანი აფრიკული სამეფოები, რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა ოქროს უმდიდრესი მარაგი. 1482 წელს პორტუგალიელებმა აქ ააგეს ციხე-სიმაგრე ელმინა. ეს იყო პირველი ევროპული ფორტი ოქროს ნაპირზე. აქედან აწარმოებდნენ ისინი მონებით, მძივებით, დანებით, იარაღით, ოქროთი, რომით და მინით ვაჭრობას. წარმატებული ვაჭრობის შესახებ სწრაფად გავრცელდა ხმები და შედეგად, ამ რეგიონს მოაწყდა დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, დანიის, პრუსიის, შვედეთის ვაჭართა მთელი არმია, რომელთაც ააგეს რამდენიმე ციხე-სიმაგრე სანაპირო ხაზის გასწვრივ. სახელწოდება „ოქროს ნაპირი“ მოდის ევროპელებისაგან, აქ მოპოვებული დიდი რაოდენობით ოქროს მარაგის გამო. მრავალი ასეული წლის მანძილზე ამ რეგიონის ეკონომიკის ძირითადი წამყვანი დარგი იყო მონათვაჭრობა.

ბრიტანეთის ოქროს ნაპირი შეიქმნა 1867 წელს, როდესაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაამხო აფრიკული სავაჭრო კომპანია და დაიპყრო მისი ტერიტორიების ნაწილი სანაპიროს გასწვრივ. მათ მიითვისეს აგრეთვე, სხვა ევროპული ქვეყნების ტერიტორიებიც, კერძოდ, დაიპყრეს დანიის ოქროს ნაპირი 1850 წელს და ნიდერლანდების ოქროს ნაპირი ფორტ ელმინას ჩათვლით, 1872 წელს დაიპყრეს აშანტის იმპერია და ფანტი. ევროპელთა გამოჩენამდე აშანტები მართავდნენ ტერიტორიების უმეტეს ნაწილს, ამიტომ ევროპელებს ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტები მათთან. აშანტები განაში წარმოადგენენ ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს. ბრიტანელებმა მათ დასამორჩილებლად შვიდი ანგლო-აშანტური ომი გადაიხადეს.

ანგლო-აშანტური ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ იყო შვიდი ომი, რომელიც პერიოდულად გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. აქედან პირველი ხუთი ომი აშანტის გამარჯვებით დამთავრდა. დიდმა ბრიტანეთმა სცნო აშანტის დამოუკიდებლობა. 1831 წლის შეთანხმებით განისაზღვრა აშანტისა და ინგლისის კოლონიურ მიწებს შორის საზღვარი.

მეექვსე ომის დროს (1873—1874 წწ.) ინგლისელებმა შეაღწიეს ქვეყნის სიღრმეში, გადაწვეს და გაძარცვეს აშანტის დედაქალაქი კუმასი. დაანგრიეს დედაქალაქის სამხედრო ნაგებობები და სამეფო სასახლეც, მაგრამ ინგლისელებმა ვერ მოახერხეს დედაქალაქში გამაგრება. აშანტის სამეფომ ფორმალურად შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. თუმცა შეთანხმებით მათ დიდი ბრიტანეთისათვის უნდა ეძლიათ ხარკი 50 ათასი ოქროს უნცია და უარი ეთქვათ ციხესიმაგრე ელმინასთან ვაჭრობის უფლებაზე. ასევე აეკრძალათ ელმინას ტერიტორიაზე დასახლების უფლება, რომლის უფლებაც აშანტიმ 1872 წელს ჰოლანდიისაგან შეიძინა. ამრიგად, აშანტიმ დაკარგა ოქროს ნაპირის შიდა რაიონებიდან ევროპელებთან ვაჭრობის მონოპოლია. ინგლისელებს თავისუფალი ვაჭრობის და გადაადგილების უფლება მიეცათ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. დედაქალაქ კუმასში მივლენილ იქნა ბრიტანელი ჩინოვნიკი ხელშეკრულების პირობების დაცვის მეთვალყურეობისათვის. მეექვსე ომში დამარცხებამ ფაქტობრივად წერტილი დაუსვა აშანტის დამოუკიდებელ განვითარებას. კონფედერაციამ ნელ-ნელა ჩამოშლა დაიწყო, მრავალი ადგილობრივი ბელადი აცხადებდა კუმასისაგან დამოუკიდებლობას. დაიწყო დეზინტეგრაციის და დაცემის პერიოდი.

მეშვიდე ომის შედეგად 1895—1896 წწ. ინგლისმა მთლიანად გაანადგურა აშანტი. დაიპყრო მისი ტერიტორიები და გააფორმა აშანტის იმპერიაში შემავალ ცალკეულ ტომებთან ხელშეკრულებები პროტექტორატის შესახებ, რის შედეგადაც ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა. 1901 წელს ინგლისელებმა აშანტის მთელი ტერიტორია გააერთიანეს ოქროს ნაპირის კოლონიაში.

ომის თარიღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1806 წ.
  • 1811 წ.
  • 1814—1815 წწ.
  • 1823—1826 წწ.
  • 1863—1864 წწ.
  • 1873—1874 წწ.
  • 1895—1896 წწ.

დამოუკიდებლობის დაკარგვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ანგლო-აშანტური ომი.

ანგლო-აშანტური ომების შედეგად, ბრიტანეთმა მთლიანად გაანადგურა აშანტი. დაიპყრო მისი ტერიტორიები და ცალკეულ ტომებთან გააფორმა ხელშეკრულებები. 1900 წელს დედა-დედოფალ იაა ასანტევას მეთაურობით აშანტი აჯანყდა. ეს იყო დამოუკიდებლობისათვის აშანტის უკანასკნელი ბრძოლა ბრიტანელების წინააღმდეგ. იგი ცნობილია როგორც, ბრძოლა ოქროს ტახტისათვის. ბრიტანელებმა აიღეს აშანტის დედაქალაქი კუმასი და ხელთ იგდეს სამეფო ტახტი. აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1901 წელს ინგლისელებმა აშანტის მთელი ტერიტორია გააერთიანეს ოქროს სანაპიროს კოლონიაში. 1902 წლის 1 იანვრიდან აშანტი ბრიტანეთის პროტექტორატი გახდა.

პროტექტორატის ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1901 წლიდან მთელი ოქროს ნაპირის მოსახლეობა განიხილებოდა, როგორც ერთიანი ხალხი და როგორც, ბრიტანეთის კოლონია. ეკონომიკაც კოლონიური პოლიტიკის შესაბამისად განვითარდა. ბრიტანელები აქედან მრავალნაირ ბუნებრივ რესურსს ეზიდებოდნენ. კერძოდ, ოქროს, რკინის მადანს, ალმასს, სპილოს ძვალს, წიწაკას, მარცვლეულს, კაკაოს, მერქანს. პროდუქციის ტრანსპორტირების გასაადვილებლად, ბრიტანელმა კოლონიზატორებმა ააგეს რკინიგზები და რთული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე განას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ასევე, ააგეს დასავლური ტიპის საავადმყოფოები, სკოლები და სხვა დაწესებულებები, რათა კოლონიაში გადასახლებული ბრიტანეთის იმპერიის მოსახლეობისათვის შეექმნათ კომფორტი.

დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოლონიის ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო მეტად მოითხოვდა ავტონომიას. დაიწყო დეკოლონიზაციის პროცესი. ოქროს ნაპირის უმნიშვნელოვანესი ლიდერი გახდა კვამე ნკრუმა, რომელიც სხვა მოთხოვნებთან ერთად, ბრიტანეთის იმპერიისაგან დაუყოვნებლივ დამოუკიდებლობას მოითხოვდა. საერთო-სახალხო აჯანყების შიშით დიდი ბრიტანეთი დათანხმდა მოთხოვნათა უმეტესობას. 1956 წელს ბრიტანული ტოგოლენდი, აშანტის პროტექტორატი და ფანტის პროტექტორატი გაერთიანდა. შეიქმნა ერთიანი კოლონია, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ოქროს ნაპირი. 1957 წელს კოლონიამ მიიღო დამოუკიდებლობა სახელწოდებით „განა“ ეს იყო შავკანიანთა პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო ბრიტანეთის თანამეგობრობის ფარგლებში.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]