პერტინაქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერტინაქსი
Publius Helvius Pertinax Augustus
Alba Iulia National Museum of the Union 2011 - Possible Statue of Roman Emperor Pertinax Close Up, Apulum.JPG
პერტინაქსის ქანდაკება ალბა-იულიის კავშირის ეროვნული მუზეუმიდან, რუმინეთი
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1 იანვარი, 193
მმართ. დასასრული: 28 მარტი, 193
წინამორბედი: კომოდუსი
მემკვიდრე: დიდიუს იულიანუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 აგვისტო, 126
დაბ. ადგილი: ალბა-პომპეია, იტალია
გარდ. თარიღი: 28 მარტი, 193 (66 წლის)
გარდ. ადგილი: რომი, იტალია
დაკრძ. ადგილი: რომი
მეუღლე: ფლავია ტიტიანა
მამა: ჰელვიუს საქსესუსი

პერტინაქსი (ლათ. Publius Helvius Pertinax Augustus;[1] დ. 1 აგვისტო, 126 – გ. 28 მარტი, 193) — რომის იმპერატორი 193 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში.[2] იგი ტახტზე წინამორბედის, კომოდუსის მკვლელობის შემდეგ ავიდა და ხუთი იმპერატორის წლის პირველი იმპერატორი იყო.

გააზატებული მონის ძედ დაბადებული პერტინაქსი, თავდაპირველად, მასწავლებლად მუშაობდა, სანამ არმიაში ოფიცრის თანამდებობა არ მიიღო. 160-იანი წლებში იგი პართიელებთან ომში იბრძოდა. ომში მოპოვებულმა წარმატებებმა ხელი შეუწყო მის დაწინაურებას როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ ასპარეზზე. მან პროვინციის მმართველისა და ქალაქის პრეფექტის თანამდებობების დაკავებაც შეძლო. პერტინაქსი სენატის წევრიც იყო დიონ კასიუსის თანადროულად.

კომოდუსის სიკვდილის შემდეგ, პერტინაქსი იმპერატორად გამოაცხადეს. იგი შეეცადა რამდენიმე რეფორმის წამოწყებას, თუმცა მისმა ხანმოკლე მმართველობამ ამ მცდელობებს წარმატების შანსი არ დაუტოვა. ერთ-ერთი რეფორმა, რომელიც პრეტორიანელთა გვარდიაში დისციპლინის აღდგენას ისახავდა მიზნად, კონფლიქტში გადაიზარდა, რაც, საბოლოოდ, გვარდიის მიერ იმპერატორის მკვლელობით დასრულდა. პერტინაქსის სიკვდილის შემდეგ, პრეტორიანელებმა იმპერატორის თანამდებობა აუქციონზე გაიტანეს. მისი ყიდვა მდიდარმა სენატორმა, დიდიუს იულიანუსმა შეძლო, რომლის მმართველობამაც 66 დღეს გასტანა.

იულიანუსის შემცვლელმა, სეპტიმიუს სევერუსმა სეპტიმუსი გააღმერთა. მისი ისტორიული რეპუტაციაც უმეტესწილად დადებითი იყო, რაც დიონ კასიუსის შეფასებებით იყო განპირობებული.

ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი კარიერა იმპერატორად გახდომამდე აღწერილია ჰისტორია ავგუსტაში და მრავალი არსებული წარწერის მიერაა დამოწმებულია. ალბა-პომპეიაში (იტალია),[3] გააზატებული მონის, ჰელვიუს საქსესუსის[4] ოჯახში დაბადებული პერტინაქსი, თავდაპირველად, გრამატიკუსად (გრამატიკის მასწავლებელი) მუშაობდა,[5] თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვიტა უფრო ფასეული სამსახური ეშოვა და მფარველობის დახმარებით კოჰორტაში ოფიცრად დანიშნეს.[6]

მომდევნო რომაულ-პართიულ ომში,[7] პერტინაქსმა თავის გამოჩენა მოახერხა, რაც მისი კარიერული დაწინაურებების სერიის საწინდარი გახდა. ბრიტანეთსა (VI ლეგიონის სამხედრო ტრიბუნად)[8] და დუნაიზე მსახურობის შემდეგ, მან დაკიის პროკურატორის თანამდებობა დაიკავა.[9] მარკუს ავრელიუსის მმართველობისას პერტინაქსმა, სასამართლო ინტრიგების წყალობით, კარიერული დაქვეითება განიცადა, თუმცა მალევე გამოძახეს მაკრომანებთან ომში კლავდიუს პომპეიანუსის დასახმარებლად.[3] 175 წელს იგი კონსულიც (სუფექტი) გახდა[10] და 185 წლამდე მართავდა ზემო და ქვემო მეზიის, დაკიის, სირიისა და საბოლოოდ, ბრიტანეთის პროვინციებს.[8]

180-იან წლებში პერტინაქსი რომის სენატში წამყვან როლს ასრულებდა, სანამ პრეტორიანელთა პრეფექტმა, სექსტუს ტიგიდიუს პერენისმა, არ აიძულა, რომ საჯარო ცხოვრებას ჩამოშორებოდა.[11] სამი წლის შემდეგ იგი ხელახლა გამოიძახეს ბრიტანეთში, სადაც რომის არმია აჯანყების ზღვარზე იდგა.[12] იგი ურჩი ჯარისკაცების დამორჩილებას შეეცადა, თუმცა ერთი ლეგიონი აჯანყდა და მის მცველს დაესხა თავს, რითაც პერტინაქსი სასიკვდილოდ გაწირა.[8] გამომჯობინების შემდეგ, მან მკაცრად დასაჯა მეამბოხეები, რამაც განამტკიცა მისი, როგორც დისციპლინის დამცველის სახე.[5] 187 წელს, როდესაც გადადგომა აიძულეს, მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ მკაცრი მმართველობის გამო ლეგიონები მის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი.[13]

188-189 წლებში პერტინაქსს აფრიკის პროკონსულის თანამდებობა ეკავა,[14] რის შემდეგაც რომის ქალაქის პრეფექტი გახდა[15] და იმპერატორთან ერთად კონსულობის პატივიც გაიზიარა.[8]

იმპერატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერტინაქსის ზეობისას მოჭრილი რომაული აურეუსი

მას შემდეგ, რაც 190-იანი წლების დასაწყისში კომოდუსის მოქმედებები სულ უფრო და უფრო ახირებული და არამართებული გახდა, მიჩნეულია, რომ პერტინაქსი ჩაერთო შეთქმულებაში, რომელიც 192 წლის 31 დეკემბერს იმპერატორის მკვლელობით დასრულდა.[5] შეთქმულება სისრულეში მოიყვანეს პრეტორიანელთა პრეფექტმა კვინტუს ემილიუს ლეტუსმა, კომოდუსის საყვარელმა, მარციამ და იმპერატორის ხაზინადარმა ეკლექტუსმა.[16] მკვლელობის შემდეგ, პერტინაქსი, რომელიც ამ დროისათვის ქალაქის პრეფექტის თანამდებობას იკავებდა, პრეტორიანელთა ბანაკისაკენ გაეშურა, სადაც იგი მომდევნო დილას იმპერატორად გამოაცხადეს.[17] მისი ხანმოკლე (86 დღე) ზეობა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.

ანტიკური პერიოდის მწერლები დეტალურად აღწერენ, თუ პერტინაქსის ტახტზე ასვლისას როგორ ელოდა პრეტორიანელთა გვარდია მისგან გულუხვ საბოძვარს და როდესაც იმედები გაუცრუვდათ, იმპერატორის საწინააღმდეგო მოქმედებები დაიწყეს. ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ პერტინაქსმა ფული არ იშოვა კომოდუსის ქონების გაყიდვით,[16] რომელიც მოიცავდა ამ უკანასკნელის ხარჭებსა და საყვარლებს, რომლებსაც იგი თავისი სექსუალური სიამოვნებებისათვის ინახავდა.[18][19] პერტინაქსმა რომაული სავალუტო სისტემის ძირეული რეფორმა განახორციელა და დენარიუსის ვერცხლის სინჯი 74%-დან 87%-მდე გაზარდა. შესაბამისად, ვერცხლის მასა 2,22 გრამიდან 2,75-მდე გაიზარდა.[20] მონეტარულმა რეფორმამ მის სიკვდილთან ერთად შეწყვიტა არსებობა.

პერტინაქსმა განებივრებული პრეტორიანელების მკაცრი სამხედრო დისციპლინის ქვეშ მოქცევა სცადა.[21] მარტის დასაწყისში იგი გადაურჩა შეთქმულებას, რომელიც მის დამხობას და იმპერატორის ტახტზე კონსულ კვინტუს სოზიუს ფალკონის აყვანას ისახავდა მიზნად, რაც მაშინ უნდა განხორციელებულიყო, როდესაც ის ოსტიაში იმყოფებოდა მარცვლეულის ტრანსპორტირების სისტემატიზაციის შესამოწმებლად.[22] შეთქმულება გასცეს. თავად ფალკონი შეიწყალეს, თუმცა გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ოფიცერთა ნაწილი სიკვდილით დასაჯეს.[23]

193 წლის 28 მარტს პერტინაქსი სასახლეში იმყოფებოდა, როდესაც, ჰისტორია ავგუსტას თანახმად, პრეტორიანელთა გვარდიის დაახლოებით სამასი ჯარისკაცი კარიბჭეებში შეიჭრა[24] (დიონ კასიუსის მიხედვით, ჯარისკაცთა რაოდენობა ორასს შეადგენდა).[25] ანტიკური პერიოდის წყაროები საუბრობენ იმაზე, რომ მათ დაპირებული ჯამაგირის მხოლოდ ნახევარი ჰქონდათ მიღებული.[22] არც დაცვას და არც სასახლის მოხელეებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. პერტინაქსმა ლეტუსი მათთან შესახვედრად გაგზავნა, თუმცა ამ უკანასკნელმა იმპერატორი მიატოვა და ამბოხებულთა მხარეს გადავიდა.[26]

ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გაქცევას ურჩევდნენ, პერტინაქსი აჯანყებულებთან მოლაპარაკებას შეეცადა და კინაღამ წარმატებასაც კი მიაღწია, მაგრამ ამ დროს ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მახვილი ჩასცა მას.[27] პერტინაქსს გააზრებული უნდა ჰქონოდა ის საფრთხე, რაც მას ძოწეულით შემოსვის შემდეგ დაემუქრებოდა. ამიტომაც მან უარი თქვა თავისი ცოლის ან ვაჟისათვის საიმპერატორო ტიტულების მინიჭებაზე,[16] რითაც საკუთარი მკვლელობის შემდეგ მათ დაცვას ცდილობდა. ამასთან, ისისც აღსანიშნავია, რომ მან თავისი სიმამრი, ტიტუს ფლავიუს კლავდიუს სულპიციანუსი ქალაქ რომის პრეფექტუს ურბიდ დანიშნა.

მკვლელობის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის საიმპერიო დინასტიები
ხუთი იმპერატორის წელი
ქრონოლოგია
პერტინაქსი 193 წ.
დიდიუს იულიანუსი 193 წ.
პესცენიუს ნიგერი 193 წ.
კლოდიუს ალბინუსი 193 წ. და 196-197 წწ.
სეპტიმიუს სევერუსი 193-211 წწ.
მემკვიდრეობა
წინამორბედი
ანტონინუსების დინასტია
მემკვიდრე
სევერუსების დინასტია

პრეტორიანელთა გვარდიამ იმპერატორის თანამდებობა აუქციონზე გაყიდა. მისი მოპოვება მდიდარმა სენატორმა, დიდიუს იულიანუსმა მოახერხა და ახალი იმპერატორი გახდა.[5] მისი ძალაუფლება მყარი არ აღმოჩნდა და საიმპერატორო ძალაუფლების დასაუფლებლად ხანმოკლე სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც იმავე წელს დასრულდა, როდესაც სეპტიმიუს სევერუსმა ყველა კონკურენტი ჩამოიშორა გზიდან და იმპერატორი გახდა.[28]

რომში შესვლის შემდეგ სეპტიმიუსმა პერტინაქსი კანონიერ იმპერატორად აღიარა, სიკვდილით დასაჯა მისი მკვლელი ჯარისკაცები და არა მხოლოდ დაარწმუნა სენატი გაეღმერთებინათ იგი და საჯარო დაკრძალვის პატივიც მიეგოთ,[29] არამედ მისი კოგნომენი, პერტინაქისც კი დაუმატა საკუთარ სახელს.[30] სევერუსმა მისი ტახტზე ასვლისა და დაბადების დღის აღსანიშნავად თამაშებიც გამართა.[31]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველადი წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორეული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Meckler, Michael. (1997) Pertinax (193 A.D). წაკითხვის თარიღი: 2015-12-01.
  • Bowman, Alan K. (2005). The Cambridge Ancient History: The Crisis of Empire, A.D. 193–337. Cambridge University Press. 
  • Birley, Anthony (2005). The Roman government of Britain. Oxford University Press. 
  • Canduci, Alexander (2010), Triumph & Tragedy: The Rise and Fall of Rome's Immortal Emperors, Pier 9, ISBN 978-1-74196-598-8
  • Gibbon, Edward (1788). The History of the Decline and Fall of the Roman Empire. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კლასიკური ლათინურით პერტინაქსის სახელი დაიწერებოდა, როგორც IMP(erator) CAES(ar) P(ublius) HELV(ius) PERTINAX AVG(ustus) იმპ(ერატორ) კეის(არ) პ(უბლიუს) ჰელვ(იუს) პერტინაქს ავგ(უსტუს).
  2. Thomas, History of the Roman Empire from the time of Vespasian to the Extinction of the Western Empire (1853), გვ. 158. მიუხედავად იმისა, რომ კომოდუსი 192 წლის 31 დეკემბერს მოკლეს, პერტინაქსი იმპერატორად 193 წლის 1 იანვრამდე არ გამოუცხადებიათ.
  3. 3.0 3.1 დიონ კასიუსი, 74:3
  4. Historia Augusta, Pertinax, 1:1
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Canduci, 2010
  6. Historia Augusta, Pertinax, 1:6
  7. Historia Augusta, Pertinax, 2:1
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Birley, 2005
  9. Historia Augusta, Pertinax, 2:4
  10. Meckler, 1997
  11. Historia Augusta, Pertinax, 3:3
  12. დიონ კასიუსი, 74:4
  13. Historia Augusta, Pertinax, 3:10
  14. Historia Augusta, Pertinax, 4:1
  15. Victor, 18:2
  16. 16.0 16.1 16.2 Bowman, 2005
  17. Historia Augusta, Pertinax, 4:5
  18. დიონ კასიუსი, 74:5
  19. Historia Augusta, Pertinax, 7:8
  20. Kenneth W. Harl. (1999) Roman Currency of the Principate. Tulane University. წაკითხვის თარიღი: 2015-12-01.
  21. Zosimus, 1:8
  22. 22.0 22.1 დიონ კასიუსი, 74:8
  23. Historia Augusta, Pertinax, 10:4
  24. Historia Augusta, Pertinax, 11:1
  25. დიონ კასიუსი, 74:9
  26. Historia Augusta, Pertinax, 11:7
  27. დიონ კასიუსი, 74:10
  28. დიონ კასიუსი, 74:17:4
  29. Historia Augusta, Pertinax, 15:1
  30. Historia Augusta, Pertinax, 15:2
  31. Historia Augusta, Pertinax, 15:5
პერტინაქსი
დაიბადა: 1 აგვისტო 126 გარდაიცვალა: 28 მარტი 193
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ულპიუს მარცელუსი
რომული ბრიტანეთის მმართველი
დაახლ. 185-187
შემდეგი:
უცნობია, შემდეგ დეციმუს კლოდიუს ალბინუსი
წინამორბედი:
ლუციუს კალპურნიუს პიზონი,
პუბლიუს სალვიუს იულიანუსი
რომის იმპერიის კონსული
დიდიუს იულიანუსთან ერთად
175
შემდეგი:
ტიტუს პომპონიუს პროკულუს ვიტრაზიუს პოლიონი,
მარკუს ფლავიუს აპერი
წინამორბედი:
კომოდუსი და მარკუს პეტრონიუს სურა სეპტიმიანუსი
რომის იმპერიის კონსული
კომოდუსთან ერთად
192
შემდეგი:
კვინტუს პომპეუს სოზიუს ფალკონი და გაიუს იულიუს ეროციუს კლარუს ვიბიანუსი
რომის იმპერატორები
წინამორბედი:
კომოდუსი
რომის იმპერატორი
193
შემდეგი:
დიდიუს იულიანუსი