შინაარსზე გადასვლა

კასიუს დიონ კოქცეიანუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიონ კასიუსი)

კასიუს დიონ კოქცეიანუსი, დიონ კასიუსი (დ. დაახლ. 153 — გ. 235) — რომაელი ისტორიკოსი. წარმოშობით ბითინიის ქალაქ ნიკეიდან. ეკავა მაღალი სამოხელეო თანამდებობები, ეკუთვნოდა სენატორთა უმაღლეს წოდებას. ავტორია რამდენიმე ისტორიული თხზულებისა. ჩვენამდე (ნაწილობრივ დაზიანებულმა) მოაღწია „რომის ისტორიამ“ 80 წიგნად, რომელიც მოიცავს ხანას რომის დაფუძნებიდან 229 წლამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თხზულების ის ნაწილი, სადაც ავტორი თავის თანამედროვე მოვლენებს აღწერს და იყენებს ოფიციალურ დოკუმენტებს. მაგრამ კასიუს დიონ კოქცეიანუსის თხზულება რომის ისტორიის სხვა პერიოდებისთვისაც ძვირფას წყაროს წარმოადგენს, რამდენადაც აქ ძველ ისტორიკოსთა ნაშრომების გვერდით გამოყენებულია მხედართმთავართა, მოხელეთა ანგარიშები, მოგზაურთა აღწერილობები, დოკუმენტური მასალა. „რომის ისტორია“ უპირატესად პოლიტიკურ ისტორიულ ფაქტებს განიხილავს.

ნაშრომში მოიპოვება უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობები საქართველო-რომის ურთიერთობის შესახებ (პომპეუსის ლაშქრობა იბერია-კოლხეთში, შემდეგდროინდელი მოვლენები, რომთან იბერიის დამოკიდებულება ახ. წ. II საუკუნეში, ფარსმან II-ის დროს და სხვ.). ზოგი ამ ცნობათაგან სრული ან უნიკალურია.