ხუთი იმპერატორის წელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ოთხი იმპერატორის წელი ან ექვსი იმპერატორის წელი.
რომის საიმპერიო დინასტიები
ხუთი იმპერატორის წელი
ქრონოლოგია
პერტინაქსი 193 წ.
დიდიუს იულიანუსი 193 წ.
პესცენიუს ნიგერი 193 წ.
კლოდიუს ალბინუსი 193 წ. და 196-197 წწ.
სეპტიმიუს სევერუსი 193-211 წწ.
მემკვიდრეობა
წინამორბედი
ანტონინუსების დინასტია
მემკვიდრე
სევერუსების დინასტია

ხუთი იმპერატორის წელი — ამ სახელითაა ცნობილი 193 წელი რომის იმპერიის ისტორიაში, როდესაც იმპერატორის ტიტულზე ხუთი კანდიდატი აცხადებდა პრეტენზიას. ესენი იყვნენ: პერტინაქსი, დიდიუს იულიანუსი, პესცენიუს ნიგერი, კლოდიუს ალბინუსი და ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი. ამ წელს დაიწყო სამოქალაქო ომის პერიოდი, რომლის დროსაც იმპერატორობას ერთმანეთს მრავალი მმართველი ეცილებოდა.

პოლიტიკური მღელვარება 192 წლის 31 დეკემბერს კომოდუსის მკვლელობით დაიწყო. მკვლელობისთანავე იმპერატორად პერტინაქსი გამოცხადდა, თუმცა ეს უკანასკნელიც მაშინვე პრეტორიანელთა ოპოზიციის პირისპირ აღმოჩნდა. მათ შეთქმულება მოაწყვეს და იმპერატორი მოკლეს. იგი მკვლელებს წინააღმდეგობას უწევდა.[1] პერტინაქსი იმპერატორი სულ სამი თვე იყო. ტახტზე იგი დიდიუს იულიანუსმა შეცვალა, თუმცა ეს უკანასკნელი 1 ივნისს ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა სეპტიმიუს სევერუსმა. სენატმა სევერუსი იმპერატორად ცნო, თუმცა მას დაუპირისპირდა პესცენიუს ნიგერი, რომელმაც თავი იმპერატორად გამოაცხადა.[2] ამით დაიწყო სამოქალაქო ომი ნიგერსა და სევერუსს შორის, რომლებმაც ჯარი შეკრიბეს და მთელი იმპერიის ტერიტორიაზე ერთმანეთთან ბრძოლა დაიწყეს. ომის გამო, სევერუსმა ნება მისცა კლოდიუს ალბინუსს, რომელსაც იგი საფრთხედ მიიჩნევდა, რომ მისი თანაკეისარი გამხდარიყო. ამით სევერუსი ცდილობდა თავიდან აეცილებინა იმპერატორის თანამდებობის წინასწარ დაკავება. ამან მას საშუალება მისცა კონცენტრაცია ნიგერთან მიმდინარე ომზე მოეხდინა.[1] ისტორიკოსთა უმეტესობა სევერუსსა და ალბინუსს ორ იმპერატორად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთდროულად მართავდნენ იმპერიას. სევერუსთა დინასტია 193 წლის ქაოსში იშვა.[2]

კომოდუსის დაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომოდუსის საღმა მმართველობამ სიგიჟეში გადაზრდა მაშინ დაიწყო, როდესაც მისი ახლო მეგობარი, კლეანდერი მოკლეს. ამ ფაქტის გამო კომოდუსს მკვლელობის შიში დასჩემდა. იგი ამ შიშს წარჩინებულთა და არისტოკრატიის ხოცვა-ჟლეტით ებრძოდა. მან საკუთარი თავი იდეოლოგიურად მმართველ „მეს“ ჩამოაშორა, როდესაც კვლავ დაბადების სახელი აირჩია იმ სახელების ნაცვლად, რომლებიც მამამისმა ტახტზე ასვლისას უბოძა. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და იგი კიდევ უფრო მეტად პარანოიდი გახდა. კომოდუსმა 192 წლის ბოლოს რომში დიდი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, სადაც მან მრავალი წარჩინებული დახოცა, რათა ერთპიროვნული კონსული გამხდარიყო. სამმა წარჩინებულმა, ეკლექტუსმა, მარციამ და ლეტუსმა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იმპერატორი მოკლეს. მკვლელებმა ახალ კეისრად პერტინაქსი გამოაცხადეს.[1]

კვლავ დავის საგანია თუ ვინ იყო ის პიროვნება, რომელმაც კომოდუსის მკვლელობა დაგეგმა. ზოგიერთი წყარო შეთქმულების მოთავედ პერტინაქსს ასახელებს, რადგანაც კომოდუსის სიკვდილის შემდეგ სწორედ მან მოიპოვა ძალაუფლება. ამ პოზიციის მიზეზი ისაა, რომ პერტინაქსის მტრებს სურდათ მისთვის რომში შუღლი ჩამოეგდოთ და ამისათვის მათ ეს უკანასკნელი დაადანაშაულეს, როდესაც, რეალურად, თავადაც წარმოდგენა არ ჰქონდათ ვინ იყო მკვლელობის ორგანიზატორი.[1]

პერტინაქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერტინაქსი

პერტინაქსმა მაღალ პოლიტიკურ მდგომარეობას წარმატებული სამხედრო კარიერით მიაღწია. იგი აფრიკის პროკონსულად მსახურობდა, რამაც იგი იმ იმპერატორთაგან პირველად აქცია, რომელთაც თავისი პოლიტიკური როლის შესრულება აფრიკიდან დაიწყეს.[3] იგი ერთ-ერთი იყო იმ მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურათაგან, რომლებიც საახალწლო ხოცვა-ჟლეტას გადაურჩნენ. იმპერატორობა პერტინაქსისათვის მარტივად არ დაწყებულა, რამდენადაც კომოდუსმა თავისი მმართველობით სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები შეუქმნა. მას ტახტზე ასვლისთანავე შეექმნა თავისი საკუთარი პრობლემებიც, როდესაც იგი კომოდუსის მკვლელობის დაგეგმვაში დაადანაშაულეს. მას, აგრეთვე, აბრალებდნენ კლეანდერის, კომოდუსის მომხრის, მკვლელობასაც, რამაც დასაბამი მისცა კომოდუსის პარანოიას.

პერტინაქსი ძლიერ განსხვავდებოდა კომოდუსისაგან. იგი დისციპლინით გამოირჩეოდა, თუმცა მალევე დაკარგა არმიის მხარდაჭერა, რადგანაც მის მიმართ კომოდუსის მსგავსი კეთილგანწყობილებით არ გამოირჩეოდა. ამან განაპირობა პრეტორიანელთა გვარდიის მიერ მის მოსაკლავად შეთქმულების მოწყობა, რომელიც 28 მარტს წარმატებით განხორციელდა. იმპერატორი მაშინ მოკლეს, როდესაც იგი გადატრიალების შეჩერებას ცდილობდა. კეისრის ტახტი დიდიუს იულიანუსმა დაიკავა.[1]

დიდიუს იულიანუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდიუს იულიანუსმა ძალაუფლება აფრიკის პროკონსულობით მოიპოვა. მან ამ თანამდებობაზე პერტინაქსი შეცვალა. იულიანუსმა იოლად როდი მოიპოვა იმპერატორობა. საამისოდ მან ერთგვარ შეჯიბრში დაჯაბნა პერტინაქსის სიმამრი, სულპიციანუსი. ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ მოიპოვა იულიანუსმა სენატის მხარდაჭერა, იყო ის, რომ მან ჯარს სულპიციანუსზე მეტი თანხა შესთავაზა. თავდაპირველად, იგი ყოფილი იმპერატორის მკვლელობაშიც დაადანაშაულეს. ორმა საჯარო ფიგურამ საზოგადოების შიში კრიზისში უპირატესობის მოსაპოვებლად გამოიყენა. ესენი იყვნენ პესცენიუს ნიგერი, სირიის მმართველი და სეპტიმიუს სევერუსი. პერტინაქსის მკვლელობიდან 12 დღის შემდეგ სევერუსმა იულიანუსის ნაცვლად თავი იმპერატორად გამოაცხადა. ბრბომ, რომელიც იულიანუსის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი, დასახმარებლად პესცენიუს ნიგერს მოუხმო. 1 ივნისს იულიანუსი სიკვდილით დასაჯეს. პერტინაქსის მკვლელობიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ.[1]

პესცენიუს ნიგერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიგერმა თავისი კარიერა სირიის მმართველობით დაიწყო. როდესაც ბრბომ მისი დასახმარებლად მოხმობა დაიწყო, იგი სევერუსის მეამბოხედ იქცა, რამდენადაც ამ უკანასკნელს სჯეროდა, რომ სწორედ მას უნდა ჰქონოდა სრული ძალაუფლება და იმპერიის მოსახლეობის ერთგულება. ნიგერმა, საბოლოოდ, თავი იმპერატორად გამოაცხადა, რითაც კიდევ უფრო მწვავედ დაუპირისპირდა სევერუსს.[1] ნიგერს იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში მოკავშირეები ჰყავდა და როდესაც სევერუსი მას ჯარით დაემუქრა, მანაც შეკრიბა არმია თავისი მოკავშირეებისაგან და კონკურენტს ორი წლის განმავლობაში იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ებრძოდა. საბოლოოდ, ქალაქ ისუსთნ ნიგერი სევერუსთან სამოქალაქო ომში დამარცხდა.[2]

კლოდიუს ალბინუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლოდიუს ალბინუსის მონეტა[4]

ალბინუსი იმპერატორის თანამდებობისათვის შეჯიბრში 193 წელს ჩაერთო, როდესაც მან კომოდუსის სიკვდილის შემდეგ შეთავაზებულ იმპერატორობაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, მან კეისრის ტიტული მოიპოვა, რადგანაც სევერუსს იმპერიის სამართავად დამხმარე სჭირდებოდა, სანამ მთელი მისი ყურადღება ნიგერთან მიმდინარე სამოქალაქო ომზე იქნებოდა გადატანილი. სევერუსი და ალბინუსი ამ დროისათვის მტრებად ითვლებოდნენ, თუმცა მათ შორის მაინც დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელმა უფრო მეტი ძალაუფლება და კეისრის ტიტული მიიღო. ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ ეს ხელშეკრულება ფორმალური ხასიათის იყო და მხოლოდ სევერუსისათვის იყო სარგებლის მომტანი, რომელმაც გამარჯვება მხოლოდ ალბინუსის დახმარებით შეძლო, თუმცა საამისოდ თავისი საიმპერატორო ძალაუფლების რაიმე ნაწილი არ დაუთმია.[5] ალბინუსი ბრიტანეთს აკონტროლებდა. ამ ხელშეკრულბას კი მისთვის გალიისა და ესპანეთის მმართველობაც უნდა მოეტანა. წყაროთა უმეტესობა ხელშეკრულებას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ ორს შორის უბრალო შეთანხმება არსებობდა, რამაც სევერუსს საშუალება მისცა მიეღწია თავისი მიზნისათვის და ნიგერი დაემარცხებინა. მომდევნო სამი წელი ალბინუსი კეისრად რჩებოდა, სანამ მასა და სევერუსს შორის სამოქალაქო ომმა არ იფეთქა, რომელში გამარჯვების შემდეგაც სევერუსი ერთპიროვნული იმპერატორი გახდა.[2]

სეპტიმიუს სევერუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეპტიმიუს სევერუსის ბიუსტი მიუნხენის გლიფტოთეკაში.

შეიძლება ითქვას, რომ სევერუსი პერტინაქსის მკვლელობის შემდეგ უკვე იმპერატორი იყო. ზოგიერთი წყარო სევერუსსა და პერტინაქსს ერთმანეთთან აკავშირებს და მოკავშირეებს უწოდებს. ეს, შესაძლოა, ხსნიდეს თუ როგორ მოიხვეჭა სევერუსმა ამხელა ძალაუფლება ასეთ ქაოტურ პერიოდში. 28 მარტის მკვლელობიდან 12 დღის შემდეგ სევერუსმა, რომელსაც ზურგს სენატი უმაგრებდა, თავი იმპერატორად გამოაცხადა.[1] მან სიკვდილით დასაჯა იულიანუსი, თუმცა ძლევამოსილ წარჩინებულთა შორის მტრები გაიჩინა, მათ შორის ნიგერი და ალბინუსი. იგი, თავდაპირველად, ტახტზე ასვლას კომოდუსის მკვლელობის შემდეგვე გეგმავდა, თუმცა იმ სიჩქარის წყალობით, რომლითაც მკვლელებმა იმპერატორად პერტინაქსი გამოაცხადეს, მას ამის საშუალება არ მიეცა. ზეობის პირველი რამდენიმე წელი მან პესცენიუს ნიგერთან მიმდინარე სამოქალაქო ომს დაუთმო, რომელსაც იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში ებრძოდა. სევერუსმა იმპერატორობა კლოდიუს ალბინუსს გაუზიარა და მასთან ხელშეკრულებაც კი გააფორმა, რათა იგი მტრის ნაცვლად მოკავშირედ ექცია და სანაცვლოდ, მას მოჩვენებითი კეისრობაც კი მიანიჭა, თუმცა რეალური ძალაუფლება მასთან არ გაუნაწილებია.[5] თავისი ორივე მტრის დამარცხების შემდეგ, სევერუსი მათ მხარდამჭერებსაც გაუსწორდა, რათა ხალხის თვალში საკუთარი თავი ერთპიროვნულ კეისრად წარმოეჩინა. ნიგერის დამარცხების შემდეგ, მან ყურადღება ალბინუსზე გადაიტანა და მის წინააღმდეგ სამოქალაქო ომი წამოიწყო, რომელშიც, საბოლოოდ, გაიმარჯვა კიდეც მოწინააღმდეგეზე.[6] უკანასკნელი მეტოქის განადგურების შემდეგ სევერუსი უკვე მთელ იმპერიაზე ფლობდა სრულყოფილ კონტროლს. მან საფუძველი ჩაუყარა სევერუსების დინასტიას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Rahman, Abdur (2001). The African Emperor? The Life, Career, and Rise to Power of Septimius Severus, MA thesis. University of Wales Lampeter. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Birley, Arthur R. (1999). Septimius Severus: The African Emperor. New York: Routledge, გვ. 89-128. ISBN 0415165911. 
  3. Birley, Arthur R. Septimius Severus: The African Emperor. New York: Routledge, 1999. 89-128.
  4. This coin celebrates Saeculum Frugiferum, the embodiment of a "fruitful era", probably Ba'al Hammon, a Phoenician divinity worshipped in North Africa, where Clodius came from.
  5. 5.0 5.1 Van Sickle, C.E. (April 1928). „Legal Status of Clodius Albinus, 193-96“. Classical Philology. University of Chicago Press. 23 (2): 123–127. doi:10.1086/361015.
  6. Burckhardt, Jacob. The Age of Constantine the Great. Los Angeles: University of California Press, 1949. 19-21.