ანტონინუს პიუსი
ანტონინუს ტიტუს ავრელიუს ფულვუს პიუსი | |
---|---|
Antoninus Titus Aurelius Fulvus Pius | |
ანტონინუს პიუსის ბიუსტი, მიუნხენის გლიპოტოთეკა | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | ახ. წ. 138 |
მმართ. დასასრული: | ახ. წ. 161 |
წინამორბედი: | ადრიანე |
მემკვიდრე: | მარკუს ავრელიუსი |
კონსული | |
მმართ. დასაწყისი: | 120 |
მმართ. დასასრული: | 120 |
აზიის პროკონსული | |
მმართ. დასაწყისი: | 135 |
მმართ. დასასრული: | 136 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 სექტემბერი, 86 წ |
გარდ. თარიღი: | 7 მარტი, 161 წ |
დინასტია: | ანტონინუსების დინასტია |
რელიგია: | რომაული რელიგია |
ანტონინუს პიუსი, ანტონინუს ტიტუს ავრელიუს ფულვუს პიუსი (Antoninus Titus Aurelius Fulvus Pius) (დ. 19 სექტემბერი, 86, ლანუვიუმი — გ. 7 მარტი, 161) — რომის იმპერატორი ახ. წ. 138 წლიდან. იგი დაიბადა სენატორის ოჯახში, 120 წელს რომის კონსული იყო, 135-136 წლებში რომის პროკონსული. შემდგომში იმპერატორმა ადრიანემ იშვილა და თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. 138 წელს მიიღო - „პიუსისა“ (ღვთისმოსავი) და „სამშობლოს მამის“ წოდება. ატარებდა მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას.
ანტონინუს პიუსის დროს სახელმწიფო გაძლიერდა პოლიტიკურად და ეკონომიურად. მოწესრიგდა პროვინციების მმართველობა. ანტონინუს პიუსის ღონისძიებებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა კანონი, რომლითაც ისჯებოდა მონის მკვლელი მონათმფლობელი და იძულების წესით იყიდებოდნენ ულმობელ მეპატრონეთა მონები.
ანტონიუს პიუსმა გაამაგრა სახელმწიფო საზღვრები („ანტონინუსის კედელი“ ბრიტანეთში). იცავდა სენატორული არისტოკრატიას და წარჩინებული კლასების ინტერესებს, რამაც გამოიწვია აჯანყება რომის პროვინციებში (ეგვიპტეში, დაკიაში, აქაიაში, იუდეაში).
ანტონინუს პიუსი 52 წლის იყო, როდესაც იმპერატორი გახდა. გავლილი ჰქონდა სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის გრძელი გზა. თავიდანვე ადრიანეს მხარდამჭერი იყო. აქტიურად მონაწილეობდა იმ რეფორმების გატარებაში, რომელთაც იმპერიის ეკონომიკური ცხოვრების აღორძინება ემსახურებოდა. ანტონინუსი იყო ადრიანეს საგადასახადო-საფინანსო კანონმდებლობის მთავარი სპეციალისტი. თავი გამოიჩინა ადმინისტრაციულ სფეროში, როგორც სირიის გამგებელმა. მის კარიერულ წინსვლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ადრიანეს მიწვევამ სახელმწიფო საქმეების საბჭოს ხელმძღვანელად. ანტონინუს პიუსი აგრძელებდა ადრიანეს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. საოცარი თავშეკავებით უდგებოდა იმპერიის ცალკეულ პროვინციებში წარმოქმნილ კონფლიქტებს.
ანტიკური ხანის ავტორების მოწმობით, ანტონინუს პიუსი ადამიანური სითბოთი შემკული პიროვნება იყო, რომის იმპერატორთა შორის გამოირჩეოდა ჰუმანური თვისებებით. მან შეცვალა წინამორბედთა მკაცრი ადმინისტრაციული წესები. ანტონინუს პიუსის ბრძანებით, შეწყდა ქრისტიანების დევნა. იმპერატორმა კანონმდებლობით აუკრძალა მონათმფლობელებს მონების სიკვდილით დასჯა და მოითხოვა ამ უკანასკნელებთან მოპყრობის შემსუბუქება. იმპერატორი იყო პირველი, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა სისხლის სამართლის მკაცრი ნორმების შემსუბუქება.
ანტიკური ხანის ავტორებს ანტონინუს პიუსი სამართლიანობის იდეალურ დამცველად ჰყავთ დახატული, მას რომის ლეგენდარულ მეფეს, ნუმა პომპილიუსს, ადარებდნენ. პიუსის განსაკუთრებული ღირსება იყო შემწყნარებლობა. იმპერატორის ბიოგრაფი იულიუს კაპიტოლინი წერს: პროვინციებში გამომძალველობისათვის გასამართლებულ მოხელეთა შვილებს უბრუნებდა მამის ქონებას, ოღონდ იმ პირობით, რომ ნაძარცვი დაებრუნებინათ იმ პირთათვის, ვისაც წაართვეს.
ანტონინუს პიუსმა საგრძნობლად შეამცირა ადრიანეს გრანდიოზულ მშენებლობათა გეგმა, რამაც ხარჯებს შეამცირა და საიმპერატორო ხაზინა გაზარდა. ამავე დროს, იჩენდა საოცარ ხელგაშლილობას, რომელიც ფართოდ არის ასახული მონეტებზე. პიუსის ინიციატივით შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაციები ქალებისათვის „ფაუსტინას ქალიშვილების“ სახელწოდებით (ფაუსტინა იყო ანტონინუსის მაუღლე, რომელიც გარდაიცვალა 141 წელს. საქველმოქმედო საზოგადოება იმპერატორმა მის ხსოვნას მიუძღვნა).
ანტონინუს პიუსი აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო პროცესებში, ურთიერთობა ჰქონდა მანამდე რომისათვის უცნობ ქვეყნებთან. ცნობილია, რომ მის დროს ეწვივნენ ჩინეთს ბერძენი ვაჭრები, რომლებიც თავს ანტონინუს პიუსის ელჩებს უწოდებდნენ. იმპერატორის მშვიდობიანი პოლიტიკა ყოველთვის არ ამართლებდა. მის დროსაც იმპერიის ცალკეულ პროვინციებში ხდებოდა შეიარაღებული გამოსვლები ბრიტანეთში, იუდეაში, ეგვიპტეში, მავრიტანიაში, რის წინააღმდეგაც აქტიურად იბრძოდა იმპერიის ხელისუფლება.
ანტონინუსმა აქტიურად ჩართო რომის შეიარაღებული ძალები შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე შემოჭრილი ბარბაროსული ტომების წინააღმდეგ. ანტონინუს პიუსის საგარეო ურთიერთობაში ანტიკური ხანის ავტორები განსაკუთრებული ხაზგასმით გამოყოფენ იბერიის მეფის ფარსმანის ვიზიტს რომში. რომაელი ავტორები გვაუწყებენ, რომ კაპადოკიაში გამართულ ადრიანეს თათბირის მუშაობაში ფარსმანმა მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ურთიერთობამ რომსა და იბერიას შორის არსებითი ცვლილებები განიცადა. ბერძენ-რომაელი ავტორების გადმოცემით, ფარსმანი მეუღლით, შვილითა და დიდი ამალით ეწვია მსოფლიოს დედაქალაქს. ადრიანეს დროს წარმოქმნილი პრობლემები, როგორც ჩანს, ანტონინუს პიუსთან მშვიდობიანი მოლაპარაკებით დამთავრდა. საეჭვო არ არის, რომ ვიდრე ფარსმანი რომში გამოცხადდებოდა, მთელი რიგი საკითხებისა წინასწარ იქნებოდა შეთანხმებული და მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი სამეფო ოჯახის სტუმრობა. წყაროების გადმოცემით, ფარსმანი პატივისცემით მიუღიათ. მათივე მტკიცებით , იბერებმა სამხედრო ასპარეზობაც გამართეს იმპერატორისა და რომაელ დიდებულთა წინაშე. დიპლომატიური მისიის კულმინაციად იქცა ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ძეგლის აღმართვა მარსის მოედანზე. რომს უამრავი მეფე სტუმრობდა, მაგრამ მსგავსი პატივით არავინ მიუღიათ. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმ დიდ მნიშვნელობაზე, რომელსაც რომაული აღმოსავლური დიპლომატია იბერიასა და მის მეფე ფარსმანს ანიჭებდა.
ანტონინუს პიუსი გარდაიცვალა 161 წელს 75 წლის ასაკში. მის შემდეგ იმპერატორი გახდა მარკუს ავრელიუსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქავთარია გ., რომის ისტორია, ტ. II, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2020, გვ. 167-169.
- გოგოლაშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 498.
წინამორბედი: ადრიანე |
რომის იმპერატორი 138–161 |
შემდეგი: მარკუს ავრელიუსი ლუციუს ვერუსი |