ნერვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკუს კოკიუს ნერვა კეისარი ავგუსტუსი
MARCVS COCCEIVS NERVA CAESAR AVGVSTVS

ნერვას ბიუსტი, პალაცო მასიმო ალე ტერმე, რომი
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 18 სექტემბერი, 96
მმართ. დასასრული: 27 იანვარი, 98
წინამორბედი: დომიციანე
მემკვიდრე: ტრაიანე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 ნოემბერი, 30
დაბ. ადგილი: ნარნი, იტალია
გარდ. თარიღი: 27 იანვარი, 98 (67 წლის)
გარდ. ადგილი: სალუსტის ბაღები, რომი
დაკრძ. ადგილი: ავგუსტუსის მავზოლეუმი
შვილები: ტრაიანე (შვილობილი)
დინასტია: ანტონინების დინასტია
მამა: მარკუს კოკიუს ნერვა
დედა: სერგია პლავტილა

ნერვა (ლათ. Marcus Cocceius Nerva Caesar Augustus; მარკუს კოკიუს ნერვა კეისარ ავგუსტუსი;[1] დ. 8 ნოემბერი, 30 — გ. 27 იანვარი, 98) — რომის იმპერატორი 96-98 წლებში. ნერვამ საიმპერატორო ტახტი 65 წლის ასაკში დაიკავა, მანამდე კი ნერონისა და ფლავიუსების დინასტიის იმპერატორების სამსახურში იყო. ნერონის დროს იგი იმპერატორის გარემოცვის წევრი იყო და გადამწყვეტი როლი ითამაშა 65 წელს პიზონის შეთქმულების მხილებაში. მოგვიანებით, როგორც ფლავიუსებისადმი ლოიალურად განწყობილ პირს, 71 და 90 წლებში, შესაბამისად, ვესპასიანესა და დომიციანეს ზეობისას, კონსულის თანამდებობაც ეკავა.

96 წლის 18 სექტემბერს დომიციანე შეთქმულების შედეგად სასახლეში მოკლეს. იმავე დღეს რომის სენატმა ნერვა იმპერატორად გამოაცხადა. ეს სენატის მიერ რომის იმპერატორის არჩევის პირველი შემთხვევა იყო. როგორც ახალმა მმართველმა, ნერვამ აღთქმა დადო, რომ აღადგენდა დომიციანეს ავტორიტატული მმართველობისას შეზღუდულ თავისუფლებას.

ნერვას ხანმოკლე მმართველობას ართულებდა ფინანსური სიძნელეები და მისი უუნარობა განემტკიცებინა თავისი ავტორიტეტი რომის არმიაში. საბოლოოდ, 97 წლის ოქტომბერში პრეტორიანელების მიერ მოწყობილმა აჯანყებამ ნერვა აიძულა მემკვიდრე ეშვილებინა. გარკვეული განხილვის შემდეგ, ნერვამ იშვილა და თავის მემკვიდრედ გამოაცხადა ტრაიანე, ახალგაზრდა და პოპულარული სარდალი. ზეობის თითქმის 15 თვიანი პერიოდის შემდეგ, ნერვა 98 წლის 27 იანვარს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. იმპერატორი ტრაიანე გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნერვას ცხოვრების უმეტესი ნაწილი ბურუსითაა მოცული, ანტიკური პერიოდის ისტორიკოსები მას ბრძენ და თავდაჭერილ იმპერატორად მიიჩნევენ. ნერვას უდიდეს წარმატებას ის წარმოადგენდა, რომ მან მოახერხა სიკვდილის შემდეგ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება უზრუნველეყო, რაც ნერვა-ანტონინუსების დინასტიის დასაბამი გახდა.

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკუს კოკიუს ნერვა დაიბადა სოფელ ნარნიში, რომიდან 50 კილომეტრში ჩრდილოეთით, მარკუს კოკიუს ნერვასა (კონსულ-სუფექტი 40 წელს) და სერგია პლავტილას ოჯახში.[2] ანტიკური პერიოდის წყაროები მისი დაბადების თარიღად ასახელებენ 30 და 35 წლებს.[3] მას ჰყავდა სულ ცოტა, ერთი დადასტურებული და, სახელად კოკეია, რომელიც დაქორწინებული იყო ლუციუს სალვიუს ტიტიანუს ოტონზე, მომავალი იმპერატორის, ოტონის ძმაზე.[2]

ფლავიუსების დინასტიის ფუძემდებლის, ვესპასიანეს მსგავსად, ნერვაც არა რომაულ, არამედ იტალიურ ნობელიტეტს ეკუთვნოდა.[4] მიუხედავად ამისა, კოკეიების გვარი გვიანი რესპუბლიკისა და ადრეული იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული და გამოჩენილი პოლიტიკური ოჯახი იყო, რომლებსაც ყოველ თაობაში ეკავა კონსულის თანამდებობა. ნერვას პირდაპირი წინაპრები მამამისის მხრიდან, რომელთაგან ყველას მარკუს კოკიუს ნერვა ერქვა, ჯერ კიდევ იმპერატორ ავგუსტუსის დროიდან საიმპერატორო გარემოცვასთან იყვნენ დაკავშირებულები.[5]

ნერვას დიდი პაპა ძვ. წ. 36 წელს რომის კონსული იყო და იმავე წელს აზიის პროვინციის მმართველის თანამდებობაც ეკავა. პაპამისი კონსულ-სუფექტი გახდა 21 ან 22 წელს და ცნობილი იყო, როგორც იმპერატორ ტიბერიუსის პირადი მეგობარი. იგი თან ახლდა იმპერატორს კაპრიზე ნებაყოფლობითი განმარტოვებისას 23 წლიდან და გარდაიცვალა 33 წელს. ნერვას მამამ კონსულობა 40 წელს, იმპერატორ კალიგულას დროს მიიღო.[5] კოკეიები იულიუს-კლავდიუსების დინასტიასთან სერგია პლავტილას ძმასა, ოქტავიუს ლენასაა და ტიბერიუსის შვილთაშვილზე, რუბელია ბასაზე ქორწინებით იყვნენ დაკავშირებულნი.[4]

საიმპერატორო სამსახურში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნერვას ცხოვრების ადრეული წლებისა თუ ადრეული კარიერის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, როგორც ჩანს, იგი არც ტრადიციულ ადმინისტრაციულ და არც სამხედრო კარიერას გაჰყოლია. 65 წელს იგი პრეტორად აირჩიეს და წინაპრების მსგავსად, საიმპერატორო გარემოცვაში გადაინაცვლა როგორც ნიჭიერმა დიპლომატმა და სტრატეგმა.[2] როგორც იმპერატორ ნერონის მრჩევლემა, მან წარმატებით შეუწყო ხელი პიზონის შეთქმულების გამჟღავნებასა და მხილებას 65 წელს. უცნობია კონკრეტულად რა წვლილი შეიტანა ნერვამ გამოძიებაში, მაგრამ მისი სამსახური საყურადღებო უნდა ყოფილიყო, რამდენადაც ამის გამო მან ისეთივე ჯილდო და პატივი მიიღო, როგორიც ნერონის დაცვის პრეფექტმა ტიგელინუსმა. ნერვა ტრიუმფითაც დაჯილდოვდა, რაც, როგორც წესი, სამხედრო გამარჯვებებს ეძღვნებოდა ხოლმე და მოიპოვა უფლება საკუთარი ქანდაკებები მთელ სასახლეში ჰქონოდა დადგმული.[2]

ნერვას ბიუსტი კელნის რომაულ-გერმანული მუზეუმიდან. გერმანია.

ნერვას თანამედროვე პოეტის, მარციალის მიხედვით, ნერონი დიდ პატივს სცემდა ნერვას ლიტერატურულ უნარებს და მას მათი დროის ტიბულუსს უწოდებდა.[6] ნერონის გარემოცვის კიდევ ერთი გამოჩენილი წევრი იყო ვესპასიანე, ასაკოვანი და პატივცემული სარდალი, რომელმაც 40-იან წლებში სამხედრო ტრიუმფები იზეიმა. როგორც ჩანს, იმპერატორის მრჩევლად ყოფნის დროს ნერვას ვესპასიანე დაუმეგობრდა და შესაძლოა, თვის უმცროს ვაჟზე, დომიციანეზე ზრუნვაც კი სთხოვა, როდესაც თავად 67 წელს იუდეველთა ამბოხების ჩასახშობად გაემგზავრა.[7]

68 წლის 9 ივნისს ნერონის თვითმკვლელობამ იულიუს-კლავდიუსების დინასტიას წერტილი დაუსვა, რამაც ქვეყანა ოთხი იმპერატორის წლის სახელით ცნობილ ქაოსურ სამოქალაქო ომში ჩაითრია. ამ წელს საიმპერატორო ტახტი მონაცვლეობით ეკავათ გალბას, ოტონსა და ვიტელიუსს, სანამ 69 წლის 21 დეკემბერს, საბოლოოდ, ვესპასიანე არ გახდა იმპერატორი. დანამდვილებით არაფერია ცნობილი ნერვას ადგილსამყოფლის შესახებ 69 წლის განმავლობაში, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ოტონი მის დისქმარი იყო, იგი ფლავიუსების ერთ-ერთ უპირველეს და ძლიერ მხარდაჭერად იკვეთება.[8]

უცნობი დამსახურებისათვის ნერვა ვესპასიანეს ზეობის დასაწყისში, 71 წელს, კონსულის თანამდებობით დაჯილდოვდა. ეს დიდი პატივი იყო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ამ თანამდებობის დაკავება ახალი რეჟიმის პირობებში მალევე შეძლო, არამედ იმიტომაც, რომ ნერვა ნაკლებად პრესტიჟული სუფექტის ნაცვლად ნორმალური, სრული კონსული იყო, რამაც იგი იმ მცირერიცხოვან არაფლავიუს პირთაგან ერთ-ერთად აქცია, რომელთაც ვესპასიანეს იმპერატორობის დროს ამგვარი პატივი ხვდათ წილად.[8] 71 წლის შემდეგ ნერვა კვლავ ქრება ისტორიული ჩანაწერებიდან. სავარაუდოა, რომ მან გააგრძელა უჩინარი მრჩევლის კარიერა ვესპასიანესა და მისი ვაჟების, ტიტუსისა და დომიციანეს, ზეობის წლებში.

89 წლის 1 იანვარს ზემო გერმანიის მმართველმა, ლუციუს ანტონიუს სატურნინუსმა, მაინცთან მყოფ თავის ორ ლეგიონთან ერთად ხატების მხარდაჭერით აჯანყება წამოიწყო.[9] ქვემო გერმანიის მმართველი, ავლუს ბუკიუს ლაპიუს მაქსიმუსი რეციის პროკურატორთან, ტიტუს ფლავიუს ნორბანუსთან ერთად მაშინვე გაემართა რეგიონისკენ. 24 დღეში აჯანყება ჩაახშეს და მისი წინამძღოლები მაინცთან სასტიკად დასაჯეს. მეამბოხე ლეგიონები ილირიკუმში, ფრონტის ხაზზე გაგზავნეს, ხოლო ის ლეგიონები, რომლებიც იმპერატორს ამბოხების ჩახშობაში დაეხმარნენ სათანადოდ დააჯილდოვეს.[10]

დომიციანემ აჯანყების შემდეგი წელი კონსულობის ნერვასათვის გაზიარებით დაიწყო. კვლავ, მისთვის ბოძებული ეს პატივი იმაზე მიანიშნებს, რომ ნერვას გარკვეული როლი ჰქონდა ნათამაშები შეთქმულების გამჟღავნების საქმეში, შესაძლებელია ისეთივე ფორმით, როგორც ეს პიზონის შეთქმულების დროს გააკეთა ნერონის მმართველობისას.[11] სხვა ვერსიით, დომიციანეს შესაძლოა ნერვა თავის მეწყვილედ იმ მოტივით შეერჩია, რომ ხაზი გაესვა თავისი რეჟიმის სტაბილურობისა და არსებული სტატუს კვოსთვის.[8] რევოლუცია დამარცხდა და იმპერიაც წესრიგს დაუბრუნდა.

იმპერატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტახტზე ასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დომიციანეს ბიუსტი. კაპიტოლიუმის მუზეუმები, რომი.

96 წლის 18 სექტემბერს დომიციანე საიმპერატორო კარის მოხელეთა მიერ მოწყობილი შეთქმულების შედეგად სასახლეში მოკლეს.[12] ფასტები, ოსტიური კალენდარი, გადმოგვცემს, რომ დომიციანეს მკვლელობის დღესვე სენატმა იმპერატორად ნერვა გამოაცხადა.[13] მისი პოლიტიკური გამოცდილების მიუხედავად, ეს შესანიშნავი არჩევანი იყო. ნერვა ხანდაზმული და უშვილო იყო. კარიერის უმეტესი ნაწილი კი საზოგადოებისაგან მოფარებულად ჰქონდა გატარებული, რამაც უბიძგა როგორც ანტიკური პერიოდის, ისე თანამედროვე ავტორებს ეჭვები გამოეთქვათ დომიციანეს მკვლელობაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით.[14][15]

დიონ კასიუსის მიხედვით, შეთქმულებს ნერვასთან, როგორც მომავალ იმპერატორთან, მკვლელობამდე ჰქონდათ მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ მან, სულ მცირე, იცოდა მაინც გეგმის შესახებ.[16][17] იგი არ ჩნდება მოვლენათა სვეტონიუსისეულ ვერსიაში, თუმცა ეს შეიძლება გასაგებიც იყოს, რამდენადაც მისი ნაშრომები ნერვას პირდაპირი შთამომავლების, ტრაიანესა და ადრიანეს დროს გამოქვეყნდა. იმის აღნიშვნა, რომ დინასტია ხელისუფლებაში მოსვლას მკველობას უმადლოდა, ნაკლებად კორექტული იქნებოდა.[16] მეორე მხრივ, ნერვა იმპერიაში დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობდა და მისი, როგორც ფლავიუსების ერთგული მხარდამჭერის რეპუტაციასა და ცხოვრებაში განვლილ გზასაც არ უნდა გამოეწვია დიდი ნდობა შეთქმულებში. ზუსტი ფაქტები ისტორიამ ბუნდოვანი გახადა,[18] თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ნერვა იმპერატორად მხოლოდ სენატის საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა, მკვლელობის ამბის გამჟღავნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.[13]

მიუხედავად იმისა, რომ ასაკისა და სუსტი ჯანმრთელობის გამო იგი არცთუ სასურველი კანდიდატი უნდა ყოფილიყო, ნერვა უსაფრთხო არჩევანად იყო მიჩნეული, განსაკუთრებით მისი ხანდაზმულობისა და უშვილობის გამო.[19] გარდა ამისა, მას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ფლავიუსების დინასტიასთან და სენატის ანგარიშგასაწევი ნაწილის პატივისცემითაც სარგებლობდა. ნერვას ნანახი ჰქონდა ნერონის სიკვდილით გამოწვეული ქაოსი და იცოდა, რომ რამდენიმე საათის ყოყმანსაც კი შეეძლო სასტიკი სამოქალაქო ომი გამოეწვია, ასე რომ, ნაცვლად შეთავაზებაზე უარის თქმისა და აჯანყებების წამოწყების რისკის შექმნისა, ნერვამ თანხმობა განაცხადა.[20] შესაძლოა გადაწყვეტილება ნაჩქარევად იქნა მიღებული, მაგრამ ეს ალბათ სამოქალაქო ომის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად და არც ნერვა და არც სენატი შეთქმულებაში გარეული არ უნდა ყოფილიყო.[21]

ნერვას ტახტზე ასვლის შემდეგ სენატმა დომიციანეს სახელზე გამოსცა დამნაციო მემორიე (ხსოვნის შეჩვენება), რომლის ძალითაც ყოფილი იმპერატორის მონეტები და ქანდაკებები გადაადნეს, თაღები დაანგრიეს, სახელი კი ყველა საჯარო ჩანაწერიდან ამოშალეს.[22][23] მრავალ შემთხვევაში დომიციანეს არსებული პორტრეტები, როგორიცაა კანცელერიის რელიეფზე, უბრალოდ ხელახლა გამოკვეთეს იმგვარად, რომ ნერვასათვის დაემსგავსებინათ, რამაც ახალი გამოსახულებების სწრაფ გამრავლებასა და მასალის ხელახლა გამოყენებას შეუწყო ხელი.[24] გარდა ამისა, ფართო სასახლეს, რომელიც დომიციანემ პალატინის ბორცვზე ააგო და რომელსაც ფლავიუსების სასახლის სახელით იცნობდნენ, სახელი შეუცვალეს და „ხალხის სახლი“ უწოდეს, ხოლო ნერვამ რეზიდენციად ვესპასიანეს ყოფილი ვილა აირჩია სალუსტის ბაღებში.[25]

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმეტესწილად დანგრეული პერისტილის უკანასკნელი სვეტები, რომელიც გარს ერტყმოდა ნერვას ფორუმის ცენტრში მდებარე მინერვას ტაძარს. სურათზე არსებული შესასვლელი არ წარმოადგენს ორიგინალურ ელემენტს, არამედ ერთ-ერთია შუა საუკუნეების მრავალ მოდიფიკაციათაგან.

მთავრობის ცვლილება მისაღები მოვლენა იყო, განსაკუთრებით სენატორებისათვის, რომლებიც დომიციანეს მმართველობის პირობებში სასტიკად იდევნებოდნენ. თავისი მხარდამჭერების მიმართ კეთილგანწყობის გამოვლენის მყისიერ ჟესტს წარმოადგენდა ნერვას საჯარო ფიცი, რომ მისი იმპერატორობის განმავლობაში არც ერთი სენატორი არ დაისჯებოდა სიკვდილით.[26] მან ღალატის ბრალდებით წამოწყებული სასამართლო პროცესების დასრულების შესახებ გამოაცხადა, გაათავისუფლა ორი პატიმარი, რომლებიც სწორედ ამ ბრალდებით იყვნენ დატუსაღებულები და მრავალ გადასახლებულს ამნისტია მიანიჭა.[23]

დომიციანეს მიერ ჩამორთმეული ყველა ქონება შესაბამის ოჯახებს დაუბრუნდა.[23] ნერვა სენატის თავის მთავრობაში ჩართვასაც შეეცადა, თუმცა ეს მცდელობა ბოლომდე წარმატებული არ ყოფილა. იგი უმეტესწილად კვლავ სანდო მეგობრებსა და მრჩევლებს ეყრდნობოდა და ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობებს სენატის პრო-დომიციანურ ჯგუფებთან. ნერვას მტრული ურთიერთობების გადატანაც მოუხდა, რაც, შესაძლოა, მისი სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული სულ მცირე ერთი შეთქმულების საფუძველი ყოფილიყო.[27][28]

ნერვა, რომელიც იმპერატორად მხოლოდ სენატის ინიციატივით გამოცხადდა, იძულებული იყო რომის უბრალო მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სხვადასხვა ღონისძიებისათვის მიემართა. იმ დროისათვის გავრცელებული ჩვეულების თანახმად, იმპერატორის შეცვლას თან უნდა მოჰყოლოდა ხალხისა და არმიის გულუხვი დასაჩუქრება ფულითა და სხვა საჩუქრებით. შესაბამისა, თითოეულმა მოქალაქემ 75 დენარიუსის ღირებულების კონგიარიუმი მიიღო, ხოლო ჯარისკაცებმა და პრეტორიანელებმა სავარაუდოდ, 5000 დენარიუსის ღირებულების დონაცივუმი მიიღეს.[29] ამ ყოველივეს კი ფინანსური რეფორმების მთელი სერია მოჰყვა, რომელიც ყველაზე გაჭირვებული რომაელებისათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.[30]

ყველაზე ღარიბებს ნერვამ 60 მილიონ სესტერციუმამდე ღირებულების მიწის ნაკვეთები დაურიგა.[26] მან მშობლები და შვილები 5%-იანი სამემკვიდრეო გადასახადისაგან გაათავისუფლა და იტალიელ მიწისმფლობელებს სესხები დაურიგა იმ პირობით, რომ ისინი თავიანთი წილის 5%-ს თავიანთ მუნიციპალიტეტებს გადაუხდიდნენ გაჭირვებული ოჯახების ბავშვების დასახმარებლად. მოგვიანებით ალტერნატიული სქემები გააფართოვეს ტრაიანემ, ანტონინუს პიუსმა და მარკუს ავრელიუსმა.[31] გარდა ამისა, შემსუბუქდა მრავალი გადასახადი, ხოლო რომის პროვინციებმა პრივილეგიები მიიღეს.[29] ნერვამ სავარაუდოდ, გააუქმა ფისკუს იუდაიკუსი, დამატებითი გადასახადი, რომელიც იმპერიის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებ ებრაელებს უნდა ეხადათ: მის ზოგიერთ მონეტაზე გამოსახულია წარწერა FISCI IUDAICI CALUMNIA SUBLATA (ებრაელთა გადასახადისათვის ბოროტგანზრახული დევნის გაუქმება).

ცოტა ხნით ადრე, ნერვას ხარჯები ტვირთად დააწვა რომის ეკონომიკას, თუმცა, შესაძლოა, ეს არც ისე უაღრესად დამანგრეველი იყო, როგორც ამას საიმი ვარაუდობდა.[32] აუცილებელი გახდა სპეციალური კომისიის შექმნა, რათა რადიკალურად შეემცირებინა ხარჯები.[33] ყველაზე გადაჭარბებული რელიგიური მსხვერპლშეწირვები, თამაშები და დოღები გაუქმდა, ხოლო ახალი შემოსავლების მიღება მოხერხდა დომიციანეს კუთვნილი ქონებიდან, რაც მოიცავდა აუქციონზე გემების, მამულებისა და ავეჯის გაყიდვასაც კი.[26] საკმაო მოცულობის ფული იქნა ამოღებული დომიციანეს ვერცხლისა და ოქროს ქანდაკებების გადადნობის შედეგად და ნერვამ აკრძალა მის პატივსაცემად მსგავსი გამოსახულებების გაკეთება.[23]

რადგანაც ნერვას მმართველობა ასე ხანმოკლე იყო, მან მხოლოდ რამდენიმე საჯარო პროექტის განხორციელება მოასწრო და ძირითადად ფლავიუსების მიერ წამოწყებულების დასრულებაზე იყო გადართული. ეს მოიცავდა საგზაო სისტემის ინტენსიურ აღდგენით სამუშაოებსა და აკვედუკების გაფართოებას.[34] ამ უკანასკნელს ხელმძღვანელობდა ყოფილი კონსული სექსტუს იულიუს ფრონტინუსი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა მათი არასწორი გამოყენების დასასრულებლად და მოგვიანებით გამოაქვეყნა საყურადღებო ნაშრომი რომის წყალმომარაგების სისტემაზე De Aquis Urbis Romae.[35] ნერვას დროს აგებული ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა იყო ჰორეა ნერვეს სახელით ცნობილი ბეღელი[36] და მცირე საიმპერატორო ფორუმი, რომელიც დომიციანეს დროს დაიწყო და რომელიც ავგუსტუსის ფორუმს მშვიდობის ტაძართან აკავშირებდა.[37] მისგან ბევრი აღარაფერია შემორჩენილი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ვია დეი ფორი იმპერიალი კვეთს მას.

მემკვიდრესთან დაკავშირებული კრიზისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნერვას მიერ 97 წელს მოჭრილი რომაული აურეუსი. რევერსზე იკითხება Concordia Exercituum, რაც რომის იმპერატორისა და არმიის ერთობას გამოხატავს. ამას ემატება ორი გადაჭდობილი ხელი არმიის შტანდარტის ფონზე.
ნერვას ბრინჯაოს ქანდაკება რომის ფორუმზე, რომი.

მიუხედავად ნერვას მიერ გატარებული ღონისძიებებისა, რაც მიზნად ისახავდა შეენარჩუნებინა პოპულარობა სენატსა და რომაელ ხალხში, დომიციანესადმი კეთილგანწყობა კვლავაც ძლიერად იყო შემორჩენილი არმიაში, რომელმაც მკვლელობის შემდეგ დაუყოვნებლივ მოითხოვა დომიციანეს გაღმერთება.[22] პრეტორიანელთა გვარდიის ჯარისკაცების დასაშოშმინებლად ნერვამ დაითხოვა მათი პრეფექტი, ტიტუს პეტრონიუს სეკუნდუსი, დომიციანეს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და იგი ყოფილი მხედართმთავრით, კასპერიუს ელიანუსით ჩაანაცვლა.[38]

აგრეთვე, ტახტზე ასვლის შემდეგ ჯარისკაცებისათვის დარიგებული გულუხვი დონაცივუმით ნერვა იმედოვნებდა, რომ დაუყოვნებლივ შეძლებდა რეჟიმის ძალადობრივი ცვლილების წინააღმდეგ გამოთქმული ნებისმიერი პროტესტის გაჩუმებას, თუმცა პრეტორიანელებმა ეს ღონისძიებები არასაკმარისად მიიჩნიეს და ყოფილი იმპერატორის მკვლელების სიკვდილით დასჯა მოითხოვეს, რაზეც ნერვამ უარი განაცხადა.[39] სიტუაციის ამგვარ განვითარებასთან დაკავშირებული უკმაყოფილება გაგრძელდა და საბოლოოდ, ნერვას მმართველობის უდიდესი კრიზისი გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ დომიციანეს სიკვდილის შემდეგ ძალაუფლების სწრაფმა გადაცემამ სამოქალაქო ომის დაწყება აღკვეთა, მალევე აშკარა გახდა, რომ ნერვა იმპერატორის თანამდებობაზე დიდი ეფექტურობით არ გამოირჩეოდა; მისი რბილი ხასიათი მისი მმართველობის მიმართ გაჩენილი უარყოფითი განწყობის მიზეზად იქცა. ტახტზე ასვლისთანავე ნერვამ ღალატის ბრალდებებით დაწყებული სასამართლო პროცესების შეწყვეტა ბრძანა, თუმცა იმავე დროს სენატს ნება მისცა გაეგრძელებინა დამბეზღებელთა დევნა. ამ ყოველივემ ქაოსი გამოიწვია, რამდენადაც ყველა საკუთარი ინტერესებისათვის მოქმედებდა და ამავდროულად მტრებთან საქმეების გარკვევას ცდილობდა. კონსულმა მარკუს კორნელიუს ფრონტონმა ისიც კი აღნიშნა, რომ ნერვას ანარქიას ისევ დომიციანეს ტირანია სჯობდა.[23] 97 წლის დასაწყისში გამოაშკარავდა სენატორ გაიუს კალპურნიუს პიზონ კრასუს ფრუგი ლიცინიანუსის მიერ მოწყობილი შეთქმულება, თუმცა ნერვამ კიდევ ერთხელ თქვა უარი შეთქმულთა სიკვდილით დასჯაზე.[40][41]

მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა ნერვას აკშარად გამოკვეთილი პოლიტიკური მემკვიდრის არარსებობამ, რასაც ემატებოდა იმპერატორის ხანდაზმულობა და ავადმყოფობა.[42] მას საკუთარი ბიოლოგიური შვილი არ ჰყავდა, ჰყავდა მხოლოდ შორეული ნათესავები, რომლებიც იმპერატორობისათვის შეუფერებელნი იყვნენ, ამდენად მემკვიდრე უნდა არჩეულიყო რომის პროვინციების მმართველების ან მხედართმთავრებისაგან და როგორც ჩანს, ნერვა 97 წლისათვის ფიქრობდა კიდეც სირიის გავლენიანი მმართველის, მარკუს კორნელიუს ნიგრინუს კურიატიუს მატერნუსის შვილად აყვანაზე.[43] ამ მოსაზრებას ფარულად ეწინააღმდეგებოდნენ უფრო პოპულარული სამხედრო მეთაურის, მარკუს ულპიუს ტრაიანუსის მხარდამჭერები. ამ უკანასკნელს უმეტესად ტრაიანეს სახელით იცნობდნენ და გერმანიის საზღვრისპირა არმიებს მეთაურობდა.[43]

97 წლის ოქტომბერში სიტუაციის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, როდესაც პრეტორიანელებმა კასპერიუს ელიანუსის მეთაურობით ალყა შემოარტყეს საიმპერატორო სასახლეს და ნერვა მძევლად აიყვანეს.[28] იგი იძულებული გახდა შეესრულებინა მათი მოთხოვნები, გადაეცა დომიციანეს სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები და აჯანყებული პრეტორიანელებისათვის მადლობის გადასახდელად სიტყვითაც კი გამოსულიყო.[44] ტიტუს პეტრონიუს სეკუნდუსი და პართენიუსი, დომიციანეს ყოფილი ხაზინადარი, მოძებნეს და დახოცეს. ნერვა ამ ყოველივეს უვნებელი გადაურჩა, თუმცაღა მისმა რეპუტაციამ აუნაზღაურებელი დარტყმა მიიღო.[28]

ნერვამ გააცნოებიერა, რომ მისი მდგომარეობა აღარ იყო მყარი მემკვიდრის მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც მოიწონებდა როგორც არმია, ასევე – ხალხი.[38][45] ამ მოვლენებიდან მალევე მან ტრაიანეს შვილად აყვანისა და მისი მემკვიდრედ დასახელების შესახებ განაცხადა,[28] რაც არსებითად ტახტიდან გადადგომასაც ნიშნავდა.[46][47] ტრაიანემ ოფიციალურად მიიღო კეისრის ტიტული და 98 წელს ნერვასთან ერთად კონსულობის პატივიც გაიზიარა. დიონ კასიუსის სიტყვებით:

ამგვარად, ტრაიანე გახდა კეისარი და შემდგომში იმპერატორიც, მიუხედავად იმისა, რომ ნერვას ცოცხალი ნათესავებიც ჰყავდა. თუმცა ნერვა ოჯახური ურთიერთობებისადმი პატივისცემას არასდროს აყენებდა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მაღლა. იგი არც ტრაიანეს შვილად აყვანას ესწრაფვოდა, რამდენადაც ეს უკანასკნელი არა იტალიელი, არამედ ესპანელი იყო, ხოლო უცხოელს ჯერ არასდროს პყრობია რომის უზენაესი ხელისუფლება, თუმცა იგი არა მის წარმოშობას, არამედ მის უნარებს ითვალისწინებდა.[48]

დიონ კასიუსის მიერ პოპულარიზებული ხსენებული შეხედულების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ნერვას მემკვიდრის არჩევასთან დაკავშირებით, რეალურად, დიდი არჩევანი სულაც არ ჰქონდა. მწვავე კრიზისთან დაპირისპირებულ იმპერატორს სასწრაფოდ სჭირდებოდა იმ კაცის მხარდაჭერა, რომელიც მისი შელახული რეპუტაციის აღდგენას შეძლებდა.[45] ერთადერთი კანდიდატი საკმარისი სამხედრო გამოცდილებით, კონსული წინაპრებითა და კავშირებით, ტრაიანე იყო.[38] უნდა ითქვას ისიც, რომ ედვარდ გიბონის მტკიცებამ, რომ ნერვამ ამ მოქმედებით საფუძველი ჩაუყარა ნერვა-ანტონინების დინასტიაში მიღებულ შვილად აყვანის გზნით მემკვიდრის არჩევის ტრადიციას, თანამედროვე ისტორიკოსებში დიდი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.[49]

გარდაცვალება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრაიანეს დროს, 115 წელს მოჭრილი რომაული აურეუსი. რევერსზე გამოსახულნი არიან ტრაიანეს ბიოლოგიური მამა, მარკუს ულპიუს ტრაიანუსი (მარჯვნივ) და ტრაიანეს მამობილი, გაღმერთებული ნერვა (მარცხნივ).
ნერვა როგორც იუპიტერი. კაპიტოლიუმის მუზეუმებში დაცული ქანდაკების ტვიფარი. პუშკინის მუზეუმი (მოსკოვი).
ნერვას ქანდაკება ქალაქ ნარნიში.
ნერვას უნიკალური, გვიანდელი 1-ლი საუკუნის კალცედონის ბიუსტი კერძო კოლექციიდან.

98 წლის 1 იანვარს თავისი მეოთხე კონსულობის დასაწყისში, ნერვამ პირადი აუდიენციის დროს ინსულტი მიიღო.[50] ცოტა ხნის შემდეგ ციებ-ცხელება დაეწყო და 28 იანვარს საკუთარ ვილაში, სალუსტის ბაღებში გარდაიცვალა.[51][52] სენატმა იგი ღმერთად შერაცხა,[51] მისი ფერფლი კი ავგუსტუსის მავზოლეუმში დაკრძალეს.[53]

ნერვა საიმპერატორო ტახტზე ყოველგვარი ინციდენტის გარეშე შეცვალა ტრაიანემ, რომელსაც რომაელი ხალხი დიდი ენთუზიაზმით შეეგება. პლინიუს უმცროსის თანახმად, ტრაიანემ ნერვას პატივსაცემად ტაძარი მიუძღვნა,[54] თუმცა მისი რაიმე კვალი ჯერ არ აღმოუჩენიათ; მისი გაღმერთების აღსანიშნავადაც მემორიალური მონეტები მხოლოდ ნერვას სიკვდილიდან ათი წლის შემდეგ მოიჭრა. დიონ კასიუსის მიხედვით, პრეტორიანელთა პრეფექტი, კასპერიუს ელიანუსი, რომელმაც ნერვას წინააღმდეგ ამბოხება წამოიწყო, ტრაიანეს ტახტზე ასვლისთანავე დაითხოვეს.[55]

იმის გამო, რომ ამ პერიოდის შესახებ წერილობითი წყაროები ცოტაა, ნერვას ცხოვრების შესახებ ბევრი რამ კვლავაც ბუნდოვანია. მისი ზეობის შესახებ დაწერილი უმთავრესი ნაშრომი მე-ე საუკუნის ისტორიკოსს, დიონ კასიუსს ეკუთვნის. მისი რომის ისტორია, რომელიც თითქმის ათასწლეულს მოიცავს იტალიაში ენეასის ჩასვლიდან 229 წლამდე, ნერვას გარდაცვალებიდან ას წელზე მეტი ხნის შემდეგ იყო შედგენილი. დამატებითი დეტალები აღებულია Epitome de Caesaribus-დან, ნაშრომიდან, რომლის სავარაუდო ავტორადაც მე-4 საუკუნის ისტორიკოსს, ავრელიუს ვიქტორს ასახელებენ.

შედარებით ამომწურავი ტექსტი, რომელიც სავარაუდოდ დეტალებში აღწერს ნერვას ცხოვრებას, არის ნერვას თანამედროვე ისტორიკოსის, ტაციტუსის ისტორია, რომელიც რომის ისტორიის სამ ათწლეულს მოიცავს, ნერონის თვითმკვლელობიდან (69) დომიციანეს მკვლელობამდე (96). მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, პირველმა ხუთმა წიგნმა, რომლებიც ოთხი იმპერატორის წელს აღწერს, დღემდე მოაღწია. გნეუს იულიუს აგრიკოლას ბიოგრაფიის შესავალში ტაციტუსი ხოტბას ასხამს ნერვას ზეობას და მას უწოდებს „ყველაზე ბედნიერი ეპოქის აისს, [როდესაც] ნერვა კეისარმა უწინ შეუთავსებელი სუვერენიტეტი და თავისუფლება ერთამენთს შეუხამა.“[56]

ისტორიის შემორჩენილი წიგნებიც ასეთივე კეთილგანწყობით საუბრობენ ნერვას ხანმოკლე მმართველობის შესახებ, თუმცა არც ერთი მათგანი არ გვთავაზობს არსებით კომენტარებს მის პოლიტიკაზე. როგორც დიონ კასიუსი, ასევე ავრელიუს ვიქტორი ხაზს უსვამენ მის სიბრძნესა და თავდაჭერილობას,[26][57] დიონ კასიუსი კი მაღალ შეფასებას აძლევს ნერვას გადაწყვეტილებას შვილად აეყვანა და მემკვიდრედ გამოეცხადებინა ტრაიანე.[48] ამ შეხედულებებს მოგვიანებით დამატებითი პოპულარობა შესძინა მე-18 საუკუნის ინგლისელმა ისტორიკოსმა ედვარდ გიბონმა თავის ნაშრომში რომის იმპერიის დაკნინება და დაცემა. გიბონი ნერვას ხუთ კარგ იმპერატორს შორის მოიაზრებდა, ერთმანეთის მემკვიდრე ხუთ მმართველთაგან, რომელთა მიერაც იმპერია „იმართებოდა აბსოლუტური ძალაუფლებით, რომელსაც წინამძღვრობდა სიბრძნე და სათნოება“ 96-180 წლებში. მიუხედავად ამისა, გიბონიც კი აღნიშნავს, რომ თავის მემკვიდრეებთან შედარებით, ნერვას, შესაძლოა, აკლდა წარმატებული მმართველობისათვის აუცილებელი თვისებები:

ნერვა ძლივსძლივობით დათანხმდა ძოწეულის დომიციანეს მკვლელებისაგან მიღებას, სანამ აღმოაჩენდა, რომ მის უღონო ასაკს ძალა არ შესწევდა შეეჩერებინა საჯარო არეულობის ნიაღვარი, რომელიც მისი წინამორბედის ხანგრძლივი ტირანიის განმავლობაში ბევრად გაძლიერდა. მისი რბილი ხასიათი დადებითად იყო შეფასებული, თუმცა გადაგვარების გზაზე მდგომ რომაელებს უფრო მხნე პიროვნება სჭირდებოდათ, რომლის მართლმსაჯულებასაც ტერორი დამნაშავისაკენ უნდა მიემართა.[58]

თანამედროვე ისტორიკოსებმა გააფართოვეს ეს შეხედულება და ნერვას ახასიათებენ, როგორც კეთილი განზრახვის მქონე, თუმცა სუსტ და არაეფექტურ მმართველს. სენატი კმაყოფილი იყო მისი ზეობისას ხელახლა დამკვიდრებული თავისუფლებით, თუმცა ნერვას მიერ იმპერიის ფინანსების არასწორმა მართვამ და არმიაში ავტორიტეტის არარსებობამ რომი კინაღამ სერიოზული კრიზისის პირას მიიყვანა.[29] კასპერიუს ელიანუსის მიერ მოწყობილი ამბოხება სულაც არ იყო ჩაფიქრებული როგორც პუტჩი, არამედ მიზნად ისახავდა იმპერატორზე ზეგავლენის მოხდენას.[38] ტრაიანეს შვილად აყვანამ გაამყარა მისი ძალაუფლების საფუძველი პატივცემული, საიმედო მხედართმთავრით, როგორც მისი მემკვიდრით. მარისონი ასკვნის, რომ ნერვას ნამდვილი ტალანტი შეუთავსებელი იყო იმპერატორობასთან:

ნერვა იყო, როგორც ჩანს, მაქსიმალურად „მზრუნველი“ ადამიანი. იგი აშკარად არ იყო კარგი ორატორი და ვიღაცას იმგვარი შთაბეჭდილებაც კი დაუტოვა, რომ ის უკეთ მუშაობდა პატარა ჯგუფებში, სადაც პრობლემებისადმი მისი ტრადიციულად მშვიდი მიდგომა შთაბეჭდილებას ახდენდა ხალხზე. [...] დღეს კი კარგადაა ცნობილი, რომ უმეტესად, როდესაც „უკიდურესად მზრუნველი“ ადამიანი მნიშვნელოვან სამთავრობო თანამდებობას იკავებს, შედეგი საკმაოდ საშინელია ხოლმე. რომი ნამდვილად კატასტროფა იყო; მაგრამ თუმცა ყველა მეტ-ნაკლებად თანამედროვე მწერალი „ფრთხილად“ არჩევდა სათქმელს, ნერვას მთავრობა ნამდვილად შეუფერებელი იყო. უსამართლო არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ იგი იმის ილუსტრაციას წარმოადგენდა, რასაც დღეს „პიტერის პრინციპს“ უწოდებენ.[59]

ნერვას მმართველობა რომის ისტორიაში წარმოადგენდა აუცილებელ შუალედს ანტონინების დინასტიის მიერ ძალაუფლების აღებამდე.[19] მისი მმართველობის პერიოდში დასრულებულ ერთადერთ საჯარო პროექტს, ნერვას ფორუმსაც კი საბოლოოდ Forum Transitorium, „გარდამავალი ფორუმი“ ეწოდა.[60]

ნერვასადმი მიძღვნილი ორი ქანდაკების ნახვა ახლაც შეიძლება მასთან დაკავშირებულ ქალაქებში. ინგლისში, გლოსტერში, მის პატივსაცემად დაარსებულ ქალაქში, საუზგეითის ქუჩის დასაწყისში დგას მისი ცხენოსანი ქანდაკება. იტალიაში, მისი დაბადების ადგილად მიჩნეულ ქალაქ ნარნიში, კოკიო ნერვას ქუჩაზე მისი მეორე ქანდაკება დგას.[61][62]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Grainger, John D. (2003). Nerva and the Roman Succession Crisis of AD 96–99. London: Routledge. ISBN 0-415-28917-3. 
  • Jones, Brian W. (1992). The Emperor Domitian. London: Routledge. ISBN 0-415-04229-1. 
  • Murison, Charles Leslie (2003). „M. Cocceius Nerva and the Flavians“ (subscription required). Transactions of the American Philological Association. University of Western Ontario. 133 (1): 147–157. doi:10.1353/apa.2003.0008.
  • Syme, Ronald (1930). „The Imperial Finances under Domitian, Nerva and Trajan“. The Journal of Roman Studies. Society for the Promotion of Roman Studies. 20: 55–70. doi:10.2307/297385.
  • Syme, Ronald (1982). „The Marriage of Rubellius Blandus“. The American Journal of Philology. The Johns Hopkins University Press. 103 (1): 62–85. doi:10.2307/293964. JSTOR 293964.

რეკომენდებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Syme, Ronald (1958). Tacitus. Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-814327-3. 
  • Syme, Ronald (1983). „Domitian: The Last Years“. Chiron. 13: 121–146.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

პირველადი წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორეული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კლასიკური ლათინურით ნერვას სახელი დაიწერებოდა შემდეგნაირად: MARCVS COCCEIVS NERVA CAESAR AVGVSTVS.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Grainger (2003), გვ. 29
  3. ავრელიუს ვიქტორი მიუთითებს 35 წელზე, ხოლო დიონ კასიუსი 30 წელს ასახელებს. ეს უკანასკნელი უფრო ფართოდ მიღებული მოსაზრებაა (Wend, n. 2). რონალდ საიმი ნერვას შემდგომ თანამდებობებთან 35 წელს უფრო შესაფერისად მიიჩნევს; იხ. Syme, Ronald (1958). Tacitus. Oxford: Oxford University Press, გვ. 653. ISBN 0-19-814327-3. 
  4. 4.0 4.1 Syme (1982), გვ. 83
  5. 5.0 5.1 Grainger (2003), გვ. 28
  6. Murison (1003), გვ. 148
  7. Murison (2003), გვ. 149
  8. 8.0 8.1 8.2 Murison (2003), გვ. 150
  9. Jones (1992), გვ. 144
  10. Jones (1992), გვ. 149
  11. Grainger (2003), გვ. 30
  12. Jones (1992), გვ. 193
  13. 13.0 13.1 Murison (2003), გვ. 153
  14. Murison (2003), გვ. 151
  15. Grainger (2003), გვ. 4–27
  16. 16.0 16.1 Jones (1992), გვ. 194
  17. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVII.15
  18. Syme, Ronald (1983). „Domitian: The Last Years“. Chiron. 13: 121–146.
  19. 19.0 19.1 Jones (1992), გვ. 195
  20. Murison, გვ. 156
  21. Jones (1992), გვ. 196
  22. 22.0 22.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 23
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVIII.1
  24. Last, Hugh (1948). „On the Flavian Reliefs from the Palazzo della Cancelleria“. The Journal of Roman Studies. Society for the Promotion of Roman Studies. 38 (1–2): 9–14. doi:10.2307/298163. JSTOR 298163.
  25. Pliny the Younger, Panegyricus 47.4
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVIII.2
  27. Wend, David. (1997)Nerva (96–98 A.D.). ციტირების თარიღი: 2007-09-23.
  28. 28.0 28.1 28.2 28.3 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVIII.3
  29. 29.0 29.1 29.2 Syme (1930), გვ. 63–65
  30. ნერვას ფინანსური რეფორმების სრული მიმოხილვისათვის იხილეთ Merlin, Alfred (1906). Les Revers Monétaires de l'Empereur Nerva (French). Paris. ციტირების თარიღი: 2007-08-14.  დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
  31. Ashley, Alice M. (1921). „The 'Alimenta' of Nerva and His Successors“. The English Historical Review. 36 (141): 5–16. doi:10.1093/ehr/XXXVI.CXLI.5.
  32. Sutherland, C.H.V. (1935). „The State of the Imperial Treasury at the Death of Domitian“. The Journal of Roman Studies. Society for the Promotion of Roman Studies. 25: 150–162. doi:10.2307/296596. JSTOR 296596.
  33. Syme (1930), გვ. 61
  34. Syme (1930), გვ. 58
  35. Syme (1930), გვ. 60
  36. Platner, Samuel Ball (1929). A Topographical Dictionary of Ancient Rome. Oxford University Press, გვ. 260–263. ციტირების თარიღი: 2007-09-22. 
  37. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 5
  38. 38.0 38.1 38.2 38.3 Lendering, Jona. (2005)Casperius Aelianus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-15. ციტირების თარიღი: 2007-09-22.
  39. Aurelius Victor (attrib.), Epitome de Caesaribus 12.7 დაარქივებული 2020-11-08 საიტზე Wayback Machine.
  40. Aurelius Victor (attrib.), Epitome de Caesaribus 12.6 დაარქივებული 2020-11-08 საიტზე Wayback Machine.
  41. კრასუსი ტარენტუმში გადაასახლეს. იგი მოგვიანებით იმპერატორმა ადრიანემ დასაჯა სიკვდილით.
  42. დიონ კასიუსი describes Nerva as having to vomit up his food, see Dio, LXVIII.1.3
  43. 43.0 43.1 Lendering, Jona. Pliny, Nerva and Trajan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-15. ციტირების თარიღი: 2007-08-13.
  44. Aurelius Victor (attrib.), Epitome de Caesaribus 12.8 დაარქივებული 2020-11-08 საიტზე Wayback Machine.
  45. 45.0 45.1 Syme (1930), გვ. 62
  46. Pliny the Younger, Panygericus 7.4
  47. Syme, Ronald (1980). „Guard Prefects of Trajan and Hadrian“. The Journal of Roman Studies. Society for the Promotion of Roman Studies. 70: 64. doi:10.2307/299556. JSTOR 299556.
  48. 48.0 48.1 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVIII.4
  49. Geer, Russell Mortimer (1936). „Second Thoughts on the Imperial Succession from Nerva to Commodus“. Transactions and Proceedings of the American Philological Association. The Johns Hopkins University Press. 67: 47–54. doi:10.2307/283226. JSTOR 283226.
  50. Aurelius Victor (attrib.), Epitome de Caesaribus 12.10 დაარქივებული 2020-11-08 საიტზე Wayback Machine.
  51. 51.0 51.1 Jerome, Chronicle, Romans, p275
  52. Aurelius Victor (attrib.), Epitome de Caesaribus 12.11 დაარქივებული 2020-11-08 საიტზე Wayback Machine.
  53. Aurelius Victor (attrib.), Epitome de Caesaribus 12.12 დაარქივებული 2020-11-08 საიტზე Wayback Machine.
  54. Pliny the Younger, Panegyricus 11.1
  55. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVIII.5
  56. ტაციტუსი, აგრიკოლა 3. ორიგინალური წინადადება: primo statim beatissimi saeculi ortu Nerva Caesar res olim dissociabilis miscuerit, principatum ac libertatem.
  57. Aurelius Victor (attrib.), Epitome de Caesaribus 11.15 დაარქივებული 2020-11-08 საიტზე Wayback Machine.
  58. Gibbon, Edward [1776] (1906). „3“, რედ. John Bagnell Bury: The History of the Decline and Fall of the Roman Empire Vol. 1, J.B. Bury, New York: Fred de Fau and Co. ციტირების თარიღი: 2007-08-13. 
  59. Murison, გვ. 155–156
  60. Platner, Samuel Ball (1929). A Topographical Dictionary of Ancient Rome: Forum Nervae. Oxford University Press, გვ. 227–229. ციტირების თარიღი: 2007-09-22. 
  61. The Nerva Statue. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2007. ციტირების თარიღი: 2007-09-30.
  62. Narnia italy. ციტირების თარიღი: 2008-02-02.
ნერვა
დაიბადა: 8 ნოემბერი, 30 გარდაიცვალა: 25 იანვარი, 98
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დომიციანე
რომის იმპერატორი
96-98
შემდეგი:
ტრაიანე
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ვესპასიანე და ტიტუსი
რომის იმპერიის კონსული
71
ვესპასიანესთან ერთად
შემდეგი:
ვესპასიანე და ტიტუსი
წინამორბედი:
ტიტუს ავრელიუს ფულვუსი და მარკუს ასინიუს ატრატინუსი
რომის იმპერიის კონსული
90
დომიციანესთან ერთად
შემდეგი:
მანიუს აკილიუს გლაბრიონი და ტრაიანე
წინამორბედი:
გაიუს მანილუს ვალენსი და გაიუს ანტისტიუს ვეტუსი
რომის იმპერიის კონსული
97-98
შემდეგი:
ავლუს კორნელიუს პალმა ფრონტონიანუსი და კვინტუს სოზიუს სენეციონი