გალბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერვიუს სულპიციუს გალბა
Servius Sulpicius Galba Caesar Augustus
Stockholm - Antikengalerie 4 - Büste Kaiser Galba.jpg
გალბას ბიუსტი
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 9 ივნისი, 68
მმართ. დასასრული: 15 იანვარი, 69 (7 თვე)
წინამორბედი: ნერონი
მემკვიდრე: ოტონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 დეკემბერი, ძვ. წ. 3
დაბ. ადგილი: ტერაჩინის მახლობლად, იტალია
გარდ. თარიღი: 15 იანვარი, 69 (71 წლის)
გარდ. ადგილი: რომი
მეუღლე: ემილია ლეპიდა
დინასტია: დინასტიის გარეშე
დედა: მუმია აქაიკა
რომის საიმპერიო დინასტიები
ოთხი იმპერატორის წელი
ქრონოლოგია
გალბა 68-69 წწ.
ოტონი 69 წ.
ვიტელიუსი 69 წ.
ვესპასიანე 69-79 წწ.
მემკვიდრეობა
წინამორბედი
იულიუს-კლავდიუსების დინასტია
მემკვიდრე
ფლავიუსების დინასტია

სერვიუს სულპიციუს გალბა (ლათ. Servius Sulpicius Galba Caesar Augustus;[1] დ. 24 დეკემბერი, ძვ. წ. 3 — გ. 15 იანვარი, 69) — რომის იმპერატორი 68 წლის 9 ივნისიდან 69 წლის 15 იანვარს მის მკვლელობამდე. ის იყო ტარაკონის ესპანეთის მმართველი და საიმპერატორო ტახტის ხელში ჩაგდება ვინდექსის აჯანყების დროს მოახერხა. იყო ოთხი იმპერატორის წლის პირველი იმპერატორი. გალბა, აგრეთვე, ძვ. წ. I საუკუნეში დაბადებული უკანასკნელი იმპერატორიც იყო.

წარმომავლობა და ოჯახური ხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა, როგორც სერვიუს სულპიციუს გალბა, სვეტონიუსის სიტყვებით, „ტარაკინას მახლობელ ბორცვზე აღმართულ ვილაში, ფუნდის მიმართულებიდან ხელმარცხნივ.“[2]

პაპამისი, მამის მხრიდან, სერვიუს სულპიციუს გალბას შვილი იყო. გალბას მამამ კონსულობაც მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი, კუზიანი და გულგრილი მოსაუბრე იყო, სასამართლოში ის გულმოდგინე ადვოკატი იქცეოდა.

დედამისი იყო მუმია აქაიკა, ლუტაციუს კატულუსის (კონსული ძვ. წ. 78 წელს) შვილიშვილი და ლუციუს მუმიუს აქაიკუსის შვილთაშვილი. მათ გალბას გარდა მხოლოდ ერთი, უფროსი შვილი ჰყავდათ, რომელსაც გაიუსი ერქვა. თავისი ქონების უდიდესი ნაწილის გაფლანგვის შემდეგ, მან რომი დატოვა და თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ტიბერიუსმა იმ წელს პროვინციების განაწილებაში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მისცა და ამგვარად შეურაცხყო. გალბას მამა მეორედ ლივია ოკელინაზე, დედოფალ ლივიას შორეულ ნათესავზე დაქორწინდა. მოგვიანებით, დედინაცვალმა გალბა იშვილა. ამ უკანასკნელმა მისი სახელებიც მიიღო და გახდა ლუციუს ლივიუს ოკელა სულპიციუს გალბა. გაიმპერატორებამდე მას ასეც მოიხსენიებდნენ.

გალბას ოჯახი წარჩინებულთა რიგს მიეკუთვნებოდა, თავად კი დიდი სიმდიდრის პატრონი იყო. ადრეულ წლებში მას შესანიშნავი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდად მოიხსენიებდნენ. როგორც ამბობდნენ, ავგუსტუსმა და ტიბერიუსმა მას დიდებული მომავალი უწინასწარმეტყველეს (ტაციტუსი, ანალები, vi. 20; სვეტონიუსი, გალბა 4; დიონ კასიუსი 57.19.4).

მისი ცოლი, ემილია, ერთგვარად დაკავშირებული იყო ზოგიერთი თავისი ახლობლის ქორწინებით იულიუს-კლავდიუსებთან. მათ ორი შვილი ჰყავდათ, შესაძლოა, გაიუსი და სერვიუსი (სავარაუდოდ, ლივიუს ოკელა გალბა), რომლებიც მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალნენ. უფროსი ვაჟი, დაახლოებით, 25 წელს დაიბადა. მისი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, რადგანაც ახალგაზრდა გარდაიცვალა. იგი დანიშნული იყო თავისი დედინაცვლის შვილზე, ანტონია პოსტუმაზე, თუმცა ისინი არასდროს დაქორწინებულან. მათი ნიშნობა 48 წლითაა დათარიღებული და ეს წელი, ძირითადად, მისი გარდაცვალების თარიღადაც მიიჩნევა.

უმცროსი ვაჟი 25 წლის შემდეგ, თუმცა 30 წლამდე უნდა დაბადებულიყო. მან თავის უფროს ძმაზე დიდხანს იცოცხლა. 58 წელს იგი კვესტორი იყო, თუმცა შემდეგ პოლიტიკაში აღარ ჩანს. ძირითადად, მიჩნეულია, რომ იგი 60 წლისათვის გარდაიცვალა. გალბა უმცროსი არასდროს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია.

სვეტონიუსის აღწერის თანახმად, გალბა „ვნებას ძლიერი და ასაკოვანი მამაკაცებისადმი უფრო ამჟღავნებდა.“[3] როგორც ჩანს, ეს ერთადერთი შემთხვევაა რომის ისტორაში, როდესაც დასახელებული მამაკაცი აცხადებს, რომ იგი ზრდასრულ მამაკაცებს ანიჭებს უპირატესობას.[4]

საჯარო სამსახურში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

20 წელს გალბა პრეტორი გახდა, 33 წელს კი — კონსული. გალიაში, გერმანიაში, აფრიკაში და ესპანეთში მან სახელი გაითქვა თავისი სამხედრო ნიჭიერებით, სიმკაცრითა და მიუკერძოებლობით. კალიგულას გარდაცვალებისას გალბამ უარი თქვა თავისი მეგობრების შეთავაზებაზე პრეტენზია განეცხადებინა იმპერატორობაზე და ერთგულად ემსახურებოდა კლავდიუსს. ნერონის მმართველობის პირველ ნახევარში იგი პენსიაზე იყო, სანამ 61 წელს იმპერატორმა მას ტარაკონის ესპანეთი არ უბოძა.

68 წლის გაზაფხულზე გალბამ შეიტყო, რომ ნერონს მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული და რომ გალიაში იულიუს ვინდექსმა ამბოხება წამოიწყო. თავდაპირველად, იგი ფიქრობდა ვინდექსის მაგალითისათვის მიებაძა, მაგრამ ვეზონტიოსთან ამ უკანასკნელის დამარცხებისა და თვითმკვლელობის[5] შემდეგ, გალბამ ყოყმანი დაიწყო. ამბობდნენ, რომ ნერონისაგან გალბას განდგომის უკან ლაქია, კალვია კრისპინილა იდგა.[6]

ახალმა ამბავმა, რომ ნიმფიდიუს საბინუსი, პრეტორიანელთა პრეფექტი მას მხარს უჭერდა, გალბას სულისკვეთება გამოაცოცხლა. მანამდე იგი საკუთარი თავისათვის მხოლოდ სენატისა და რომაელი ხალხის ლეგატის დაძახებას ბედავდა, ნერონის თვითმკვლელობის შემდეგ კი გალბამ ტიტული კეისარიც მიიღო და პირდაპირ რომისაკენ დაიძრა.

ნერონის სიკვდილის შემდეგ, ნიმფიდიუს საბინუსი შეეცადა გალბას ჩამოსვლამდე ხელში ჩაეგდო ძალაუფლება, თუმცა პრეტორიანელთა გვარდიის ერთგულების მოპოვება ვერ შეძლო და მოკლეს. ოქტომბერში რომში გალბას გამოჩენამდე ამ უკანასკნელს ჯარისკაცები შეხვდნენ მოთხოვნებით. გალბას პასუხი ბევრი მათგანის მოკვლა იყო.

იმპერატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალბა — ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

თავისი ხანმოკლე მმართველობისას გალბას უპირველესი საზრუნავი სახელმწიფოს ფინანსური პრობლემების მოგვარება იყო, საამისოდ მას მრავალი არაპოპულარული ღონისძიების გატარება მოუხდა, რომელთაგან ყველაზე სახიფათო პრეტორიანელებისათვის იმ ჯილდოს მიცემაზე უარის თქმა იყო, რომელიც მათ მისი სახელით აღუთქვეს.[7] გალბა აბუჩად იგდებდა შეხედულებას, რომ ჯარისკაცები მათი ერთგულებისათვის უნდა „მოესყიდა.“ მისი სისასტიკე მთელ იმპერიაში იყო ცნობილი. სვეტონიუსის მიხედვით, გალბამ უზარმაზარი გადასახადები აკრიფა იმ ტერიტორიებიდან, რომლებმაც მისი იმპერატორად აღიარება დააყოვნეს.[8]

იგი, აგრეთვე, ბევრს უსჯიდა სიკვდილს სასამართლოს გარეშე და იშვიათად თანხმდებოდა მოქალაქეობის მოთხოვნებს.[9] მან კიდევ უფრო გაიტეხა სახელი ხალხში თავისი სულმდაბლობითა და პომპეზურობისა და წარმოდგენების ზიზღით. ხანდაზმულმა ასაკმა მისი ენერგია შეიწირა და მთლიანად ფავორიტების ხელში მოექცა.

როგორც ამბობდნენ, სამი მათგანი — ტიტუს ვინიუსი, რომელიც გალბას თანაკონსული გახდა; კორნელიუს ლაკონი, პრეტორიანელთა გვარდიის მეთაური და გალბას აზატი იკელუს მარკიანუსი, ფაქტობრივად, აკონტროლებდნენ იმპერატორს.[9] გალბაზე გავლენის გამო მათ „სამ მასწავლებელს“ ეძახდნენ. ამ ყოველივემ ახალი იმპერატორის არაპოპულარულობა გამოიწვია.

პროვინციის მმართველობის ბოლო პერიოდში, გალბა უქნარა და გულგრილი იყო, თუმცა ეს გამოწვეული იყო ან იმით, რომ არ სურდა ნერონის ყურადღება მიეპყრო, ან ასაკობრივი უძლურებით. ტაციტუსი ამბობს, რომ იგი ყველანაირად იმპერიის ღირსი იყო, თუმცა მხოლოდ მანამდე სანამ იმპერატორი გახდებოდა („omnium consensū cāpax imperiī nisi imperasset“).

სამხედრო ამოხება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

69 წლის 1 იანვარს ზემო გერმანიის ორმა ლეგიონმა გალბასათვის ერთგულების ფიცის მიცემაზე უარი განაცხადა. მათ მისი ქანდაკებები დაამხეს და ახალი იმპერატორის შერჩევა მოითხოვეს. მომდევნო დღეს ქვემო გერმანიის ჯარისკაცებიც აჯანყდნენ, გადაწყვიტეს თავად აერჩიათ ახალი იმპერატორი და პროვინციის გუბერნატორი ვიტელიუსი იმპერატორად გამოაცხადეს.

რევოლუციის დაწყებამ გალბას გააცნობიერებინა საკუთარი არაპოპულარულობა და საერთო უკმაყოფილება. მოახლოებული ქარიშხლის შესაჩერებლად, გალბამ იშვილა და თავის მემკვიდრედ და შემცვლელად გამოაცხადა ლუციუს კალპურნიუს პიზონ ლიცინიანუსი. მოსახლეობამ მემკვიდრის შერჩევის ფაქტი შიშის გამოვლინებად მიიჩნია, პრეტორიანელთა გვარდია, რომელიც ტრადიციულ საჩუქარს ამაოდ ელოდა უკმაყოფილო დარჩა, მარკუს სალვიუს ოტონი კი, რომელიც თავად მოელოდა, რომ გალბა მას იშვილებდა, იმპერატორს მისი არჩევანის გამო ჩამოშორდა.

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოტონი ლუზიტანიას მართავდა და გალბას ერთ-ერთი ადრეული მხარდამჭერი იყო. იგი პიზონის შერჩევით იმედგაცრუებული დარჩა და უკმაყოფილო პრეტორიანელებთან მოლაპარაკებები დაიწყო. 69 წლის 15 იანვარს მათ იგი იმპერატორად გამოაცხადეს. გალბა მეამბოხეებთან შესახვედრად გაემართა, თუმცა იმდენად ღონეგამოცლილი იყო, რომ იგი ტახტრევნით გადაიყვანეს. სვეტონიუსის მიხედვით, გალბამ სიკვდილამდე ტილოს ჯავშანიც ჩაიცვა, თუმცა არ დაუფარავს, რომ ამდენ მახვილს იგი ვერ ააცილებდა.[10] იგი ოტონის კავალერიას გადააწყდა და კურციუსის ტბასთან მოკლეს. ერთი მცველი, ცენტურიონი სემპრონიუს დენზუსი მის დაცვას შეეწირა. პიზონი ამ მოვლენებიდან მცირე ხნის შემდეგ მოკლეს. პლუტარქეს მიხედვით, სიკვდილის წინ გალბამ მკვლელებს კისერი მიუშვირა სიტყვებით „დაჰკარით, თუ ეს რომაელთა სიკეთისთვის იქნება!“

მისი მოკვლის შემდეგ, გალბას თავი ოტონს მიუტანეს. ამ უკანასკნელმა ის თავისი ბანაკის მიმყოლებს მისცა, რომლებიც საჯაროდ დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ მას. სვეტონიუსის სიტყვებით, „აზატმა პატრობიუს ნერონიანუსმა ას ოქროდ გამოისყიდა მათგან გალბას თავი და იმ ადგილას დააგდო, სადაც გალბას ბრძანებით მისი პატრონი სიკვდილით დასაჯეს. ბოლოს და ბოლოს, ხაზინადარმა არგივუსმა მისი თავიც და სხვა ნაწილებიც თავის კერძო ბაღებში, ავრელიუსის გზაზე დაკრძალა.“[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კლასიკური ლათინური მართლწერითა და რეკონსტრუირებული კლასიკური ლათინური გამოთქმით:
    SERVIVS SVLPICIVS GALBA CAESAR AVGVSTVS ˈsɛr.wi.ʊs sʊɫˈpɪ.ki.ʊs ˈgaɫ.ba ˈkae̯.sar au̯ˈgʊs.tʊs
  2. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, გალბა, 4
  3. სვეტონიუსი, გალბა, 22
  4. Richlin, The Garden of Priapus: Sexuality and Aggression in Roman Humor, Oxford, 1992
  5. პლუტარქე, გალბა 6.4
  6. Calvia Crispinilla. Women of History. A Bit of History. წაკითხვის თარიღი: June 11, 2012.
  7. სვეტონიუსი, გალბა 16
  8. სვეტონიუსი, გალბა 12
  9. 9.0 9.1 სვეტონიუსი, გალბა 14
  10. სვეტონიუსი, გალბა 19
  11. სვეტონიუსი, გალბა 20
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გნეუს დომიციუს აჰენობარბუსი და ლუციუს არუნტიუს კამილუს სკრიბონიანუსი
რომის იმპერიის კონსული
ლუციუს კორნელიუს სულა ფელიქსთან ერთად
33
შემდეგი:
პაულუს ფაბიუს პერსიკუსი და ლუციუს ვიტელიუსი
რომის იმპერატორები
წინამორბედი:
ნერონი
რომის იმპერატორი
9 ივნისი, 6815 იანვარი, 69
შემდეგი:
ოტონი
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
სილიუს იტალიკუსი და პუბლიუს გალერიუს ტრაქალუსი
რომის იმპერიის კონსული
ტიტუს ვინიუსთან ერთად
69
შემდეგი:
ფაბიუს ვალენსი და არიუს ანტონინუსი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გალბა&oldid=3107638“-დან