შინაარსზე გადასვლა

მცნებაჲ სასჯულოჲ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„მცნებაჲ სასჯულოჲ“ — XV საუკუნის კანონიკური ძეგლი, ეპისტოლე, რომელიც ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქმა მიქაელმა გასცა აფხაზეთის საკათალიკოსოსთვის მის მიერ ცაიშელ-ბედიელი ეპისკოპოსის იოვაკიმეს კათალიკოსად ხელდასხმასთან დაკავშირებით 1470-1474 წლებში. შემორჩენილია ქართულ ენაზე შესრულებული პირი, რომელშიც მიქაელი ქართველებს მიმართავს: „ესე ქარტა თქუენთჳს აღვსწერე“. ძეგლი პირველად გამოსცა თედო ჟორდანიამ.

1470-იან წლებში მიქაელი საქართველოში იმყოფებოდა. მის ჩარევას ქართული ეკლესიის საქმეებში ხელი შეუწყო ბაგრატ იმერთა მეფისა და შამადავლა დადიან-გურიელის პოლიტიკურმა ამბიციებმა. შედეგად საქართველოს ეკლესია ორ —აღმოსავლეთ და დასავლეთ საკათალიკოსოდ გაიყო.

ეპისტოლის შესავალში განსაზღვრულია აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქცია: „და ეპისკოპოზი ლიხთამერისა, ჭოროხსა აქათ, ოვსეთსა აქათ, ზღჳაჲ პონტოს აქათ, სადა დიდისა ბიჭუინტისა სამზღუარი მიაწევს, ეპისკოპოზნი ამა იერუსალიმისა მარჯუენისაგან კათალიკოზისაგან იკურთხეოდიან“. ხაზგასმულია წარსულში ანტიოქიისა ტახტზე აფხაზეთის ეკლესიის დამოკიდებულების საკითხი. პატრიარქი მოუწოდებს „მამათა და ძმათა“ დაემორჩილონ კათალიკოსის ლოცვა-კურთხევას, ხოლო ურჩებს, სასულიერო და საერო პირებს, შეჩვენებითა და წყევლით ემუქრება. ტექსტში შემდეგ საუბარია სხვადასხვა დანაშაულზე (პატრონისადმი ღალატი და ორგულობა, უკანონო ქორწინებები და მრუშობა, სიძვა, მკვლელობები, მარხვის გატეხვა, უქმეთა დარღვევა და ა.შ.), რომელთათვისაც საეკლესიო სასჯელთა ნაცვლად მოცემულია გრძელი და უჩვეულო წყევლა-კრულვა.

  • ჟორდანია, თედო. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წ. II, ტფ., 1897
  • ქორიძე, თამარ. „მცნებაი სასჯულოი“ და საქართველოს საპატრიარქოს ორ — დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყოფა: (XV ს-ის 70-იანი წლები) // ვალერი სილოგავა: მოგონებები, სამეცნიერო სტატიები. - თბ., 2011. - გვ.129-137.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]