ხივის სახანო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხივის სახანოს დროშა 1917 წლამდე
ხივის სახანოს დროშა 1917-1920 წლებში.

ხივის სახანო — ფეოდალური სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში (XVI-XX სს.) 1512 წელს შექმნა უზბეკმა ხანმა ილბარსმა. XVI-XVIII საუკუნეებში ხივის სახანოში მიმდინარეობდა გამუდმებული შინაფეოდალური ბრძოლა და ომები მეზობელ სახანოებთან. 1700, 1703, 1714 წლებში ხან შაჰ-ნიაზის ელჩები პეტრე I-თან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ხივის სახანოს ქვეშევრდომად მიღების თაობაზე. 1740 წელს ხივის სახანო დაიპყრო ნადირ-შაჰმა, მაგრმ მისი სიკვდილის შემდეგ ხივის სახანო კვლავ დამოუკიდებელი გახდა. 1763 წელს ხელისუფლება ყუნღირათის ტომმა აიღო. მუჰამედ რაჰიმმა (1806-1825 წწ.) დაამთავრა ხივის სახანოს გაერთიანება, შექმნა უზენაესი საბჭო, გაატარა გადასახადების რეფორმა, განამტკიცა ცენტრალური ხელისუფლება. 1873 წლის გენდემიანის საზავო ხელშეკრულებით ხივის სახანომ დათმო ამუდარიის მარჯვენა ნაპირის მიწები და რუსეთის ვასალად იქცა. . ხანი სარგებლობდა შეუზღუდავი უფლებებით. ქვეყანაში ძალაუფლება და თვითნებობა გამეფდა. ამ დროს სახანოს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა მუსლიმანური რეაქციული სასულიერო წოდება. ფეოდალური ურთიერთობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული პატრიარქალურ-გვაროვნულ მონათმფლობელურ წყობილებასთან. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ხივის სახანოში მწვავე პოლიტიკური ბრძოლა დაიწყო. 1920 წლის წითელმა არმიამ ხანის ხელისუფლება დაამხო. 1920 წლის 26 აპრილს კი გამოცხადდა ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა.

ლიტერატურა[რედაქტირება]