თეთრი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „თეთრი სახლი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თეთრი სახლი (მრავალმნიშვნელოვანი).
თეთრი სახლის ჩრდილოეთი ფასადი
თეთრი სახლის სამხრეთი ფასადი
თეთრი სახლი 1814-1815

თეთრი სახლი (ინგლ. White House) — აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია და კანცელარია ვაშინგტონის ცენტრში (1800 წლიდან). სახელი ეწოდა შენობის ფერის გამო. 1792 წელს ააგეს, 1814 წელს ინგლისელებმა დაწვეს, ოთხი წლის შემდეგ კი აღადგინეს. ხშირად ტერმინით „თეთრი სახლი“ მოიხსენიებენ აშშ-ის მთავრობას პრეზიდენტის მეთაურობით.

თეთრი სახლის მშენებლობა 1792 წელს დაიწყო და დასრულდა 1800 წელს. იგი ორჯერ გადააკეთეს. დღეისათვის მისი მთავარი ნაწილი 132 ოთახისაგან შედგება. პირველი და მეორე სართულის ოთახების უდიდესი ნაწილი ოფიციალური ცერემონიალებისათვის არის განკუთვნილი. მესამე სართული კი – მხოლოდ პრეზიდენტის და მისი სტუმრებისათვის. სახლს გარს აკრავს 18 ჰექტარი პარკი. მსოფლიოში სახელგანთქმული ოვალური კაბინეტი მოთავსებულია პირველი სართულის მარჯვენა ფრთაზე, პრეზიდენტის სამუშაო მაგიდა მუხისაა. ეს მაგიდა, ისე როგორც ბევრი ნივთი ამ კაბინეტში, ისტორიულია. მაგიდა აშშ-ის პრეზიდენტს აჩუქა ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ.

ოვალური კაბინეტი ზემოდან

პირველი სართულის სამხრეთი ფრთის ფართო ჰოლში პრეზიდენტი იღებს სტუმარი სახელმწიფოს მეთაურებს. ოფიციალური სადილის დაწყების წინ საპატიო სტუმრებს პრეზიდენტი იღებს ყვითელ სალონში, რომელიც მოთავსებულია მეორე სართულის ცენტრალურ ნაწილში. შემდგომ სტუმრებთან ერთად ჩადის ქვედა სართულზე, სადაც განლაგებულია სამი სალონი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის პრეს-კონფერენციისათვის არის განკუთვნილი.

შენობის დასავლეთ ნაწილში ოფიციალური სადილების დარბაზია, სადაც ერთდროულად 140-მდე კაცი თავსდება. მასიურ ბუხარზე ამოტვიფრულია შენდეგი სიტყვები: „ზეცას ვთხოვ, დალოცოს ეს შენობა და ყველა, ვინც ამ სახლში იცხოვრებს! დაე, იყოს პატიოსანი და ბრძენი ის ადამიანი, რომელიც ამ სახლიდან მართავს ქვეყანას“. აქვე მოთავსებულია ამავე დანიშნულების მეორე უფრო მცირე დარბაზი.

მესამე სართულზე ოფიციალური დასასვენებელი ოთახებია სტუმრებისათვის და ოჯახის წევრებისათვის. საერთო ჯამში ამ შენობაში 22-მდე ოთახია ოფიციალური მიღებისა და საზეიმო ცერემონიალებისათვის. აქვეა დამხმარე სათავსოებიც: სამზარეულო, სარემონტო და სხვა.

თეთრ სახლში ბევრი ძვირფასი ნივთია: ხალიჩები, გობელენები, ბროლი, ნახატები. პარკში რამდენიმე აუზი და ჩოგბურთის კორტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: