ავლაბრის რეზიდენცია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავლაბრის რეზიდენცია
ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი

ავლაბრის რეზიდენცია მდებარეობა საქართველო

Red pog.svg
ადგილმდებარეობა საქართველოში
კოორდინატები 41°41′45.1″ ჩ. გ. 44°48′39.79″ ა. გ. / 
არქიტექტურული სტილი ნეოკლასიკური
მდებარეობა თბილისი
ქვეყანა საქართველო
კლიენტი საქართველოს მთავრობა
მფლობელი საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
დაიწყო 2004
გაიხსნა 12 ივლისი, 2009
საფასური ოფიციალური ბიუჯეტი უცნობია[1].
მედია ინფ.: 40 მლნ $[2] ან 800 მლნ $[3]
არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, მიკელე დე ლუკი
სხვა დიზაინერები საპროექტო სტუდია „არსი“
მისამართი ინტერნეტში [1]

ავლაბრის რეზიდენცია (ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი) — საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, მდებარეობს დედაქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ისტორიულ ავლაბარში (აქედან მომდინარეობს სახელიც), მ. აბდუშელიშვილის ქუჩა № 1. სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით[4], 2004-2009 წლებში, აშენდა. მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი[5][6], თუმცა საბოლოო სახე მას იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა, რომელსაც ასევე ეკუთვნის საქართველოს შსს-ს ახალი შენობა ისან–სამგორის რაიონში და შედარებით მოგვიანებით აგებული მშვიდობის ხიდი. რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა. იგი წარმოადგენს ერთ კვარტალში გაერთიანებულ განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექს, რომელიც შიდა ეზოს ირგვლივ ერთიანდება. პრეზიდენტის სასახლე ბარათაშვილის აღმართისკენ უშუალოდ კლდეზე გამოდის და მთაწმინდისკენ იხსნება თავისუფალი ხედით. სასახლის კომპოზიცია კლასიკურია — სამ-პორტიკიანი ჰორიზონტალური შენობა, ცენტრში გუმბათით სრულდება. მის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას მარტივი მოცულობის, გეგმაში „Γ“-ს ფორმის, შენობა, განკუთვნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის (კანცელარიისთვის), რომელიც სპეციალური გადასასვლელით უკავშირდება პრეზიდენტის სასახლეს.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

საქართველოს ფეოდალური ხანის მეფეთა რეზიდენციებიდან მხოლოდ მცირედია შემორჩენილი. მათ შორის არის თბილისში დარეჯანის სასახლე, რომელიც XVIII საუკუნეში ერეკლე II–ს მეუღლე დარეჯან დედოფალს ეკუთვნოდა, ამჟამად კი ბაგრატიონთა სახლის კუთვნილებაა. უშუალოდ გვიანი შუასაუკუნეების მეფეთა რეზიდენცია, რომელიც ზემო კალაში მდებარეობდა, აღა მაჰმად ხანის ჯარის შემოსევისას განადგურდა 1795 წელს. ამ ადგილზე, რუსეთის იმპერიის მმართველობის ხანაში, კავკასიის მთავარმმართებლის რეზიდენცია აიგო. მოგვიანებით, ახალი რეზიდენცია აიგო კალას გარეთ, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე, რომელსაც რეზიდენციის გამო სასახლის ქუჩა ეწოდა. დღეს აქ საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეა განთავსებული.

საბჭოთა პერიოდში კრწანისში რესპუბლიკის პირველი პირებისთვის, კომპარტიის პირველი მდივნებისთვის, აიგო რეზიდენცია, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტთა რეზიდენცია გახდა. 2004 წელს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი რეზიდენციის მშენებლობის სურვილი გამოთქვა. ეს რეზიდენცია ერთ კომპლექსში გააერთიანებდა საპრეზიდენტო სამყოფელსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას. გადაწყდა ავლაბარში, ალვანის, აბდუშელიშვილის, ლომოურისა და ცუცქირიძის ქუჩებში მოქცეული კვარტლის გამოყოფა, სადაც საპრეზიდენტო სასახლეს ალვანის ქუჩაზე გამომავალი საგზაო ინსპექციის შენობა დაეთმობოდა.

საგზაო ინსპექციის შენობა XIX ს–ის მეორე ნახევარში იყო აგებული მეფის ჟანდარმერიისთვის. საბჭოთა დროიდან მოყოლებული, იქ სახელმწიფო ავტოინსპექცია (მოგვიანებით საგზაო პოლიცია) იყო განთავსებული. ნეოკლასიციზმის სტილში გამართული ორსართულიანი შენობა დორიული კოლოსალური ორდერის სამი პორტიკით გამოდიოდა ალვანის ქუჩაზე და, დანარჩენ დამხმარე შენობებთან ერთად, მთელ კვარტალს აერთიანებდა.

თავიდან იგეგმებოდა შენობის რეკონსტრუქცია[4], თუმცა შენობის მდგომარეობამ მისი მთლიანად დაშლა და თავიდან აგება გახადა აუცილებელი. შედეგად გაიზარდა მშენებლობის ბიუჯეტი და ვადები. პირველი ბლოკი, რომელშიც სახელმწიფო ადმინისტრაცია განთავსდა, ექსპლუატაციაში 2008 წლის აპრილში შევიდა.[7][8][9] მშენებლობას თავიდან აწარმოებდა სამშენებლო კომპანია „ევრა“, რომელმაც სამშენებლო უფლება მთავრობისგან იმ პირობით მიიღო, რომ კომპანიის მფლობელი ვალერი გელაშვილი ალვანის №5-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლს გადასცემდა სახელმწიფოს. 2005 წელს ხელიუფლებასა და კომპანიას შორის მომხდარი ფინანსური უთანხმოების გამო, მშენებლობა სხვა ორგანიზაციას გადაეცა.[10][11][12] კომპლექსის პროექტი დამუშავდა დეველოპერული კომპანია „არსის“ საპროექტო სტუდიაში. მათ ეკუთვნით სახელმწიფო ადმინისტრაციის კორპუსის პროექტიც. საპრეზიდენტო სასახლის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, რომელსაც ავტოინსპექციის შენობის გადაკეთების იდეა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაბადებია[5], აქტიური მუშაობა კი ამ საკითხზე 2004 წლიდან დაიწყო.

ვიკიციტატა
„მისი გადაკეთების იდეა დამებადა ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულს, როცა ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა ძველი თბილისის რეკონსტრუქცია-რეგენერაცია, ... ჩემი აზრით, საქართველოს სჭირდებოდა «საქართველოს სახლი», ისევე, როგორც მთელ რიგ სხვა ქვეყნებს. ... ჩემთან, სახელოსნოში, რომ მოვიდა ბატონი მიხეილი, ის შენობა ფანჯრიდან დაინახა, ჩემს პროექტსაც გაეცნო და, მგონი, სწორედ მაშინ ჩაუვარდა გუნებაში თავისი რეზიდენციის იქ განთავსება. ამ ვიზიტის შემდეგ ძალიან სწრაფად გაპრეზიდენტდა და პირველი, რაც გააკეთა, მოითხოვა ჩემი ეს პროექტი.“
(გიგა ბათიაშვილი, პროექტის ავტორი - არქიტექტორი, ივლისი 2009[5])
საავტორო უფლების მოწმობა. საქპატენტი, 2006.

2007 წლიდან პროექტზე სამუშაოდ მოიწვიეს იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი მიკელე დე ლუკი[2],

ვიკიციტატა
„იდეა იყო, რო ეს ნეოკლასიკური შენობა, რომელიც იყო საკმაოდ ტრადიციული, გაგვეხადა ისეთი, რომელიც შიდა ინტერიერით იქნებოდა თანამედოროვე, მარტივი, არც ძალიან ძვირფასი, არც ისეთი ..., უბრალოდ იყოს სასიამოვნო, ისეთი, რომელიც იქნებოდა ძალიან ფუნქციონირებადი ყველასთვის და ამავდროულად ყოფილიყო ამ ახალი საქართველოს სახე.“
(ეკატერინე შარაშიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივლისი 2009[2])

არქიტექტორის ცვლამ შესაბამისის ასახვა ჰპოვა სასახლის არქიტექტურაზე. ასე მაგალითად, თავიდან სამივე პორტიკი ფრონტონით სრულდებოდა, ისე როგორც საგზაო ინსპექციის ძველ შენობაზე, თუმცა შემდგომ ფრონტონი მხოლოდ ცენტრალურს დაუტოვეს. მოგვიანებით გიგა ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი არქიტექტორისთვის პროექტის გადაცემა მასთან შეუთანხებლად მოხდა[5][6].

ყოფილი საგზაო პოლიციის შენობა, 2002.

ოფიციალურად მშენებლობის ხარჯები არ გამოქვეყნებულა, თუმცა პრეზიდენტის განცხადებით:

ვიკიციტატა
„სასახლის აშენება დაჯდა, დაახლოებით, პროცენტის მეხუთედზე ნაკლები მთელი საბიუჯეტო ხარჯების, რომელიც გაწია ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში.“

პრეზიდენტმა ეს განცხადება, იმ პრეტენზიების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც რეზიდენციის მშენებლობის დიდ ხარჯებთან დაკავშირებით გაჩნდა.[15][16][17][18] გადაცემა პოსტსკრიპტუმი–ის ინფორმაციით 4 წლის განმავლობაში მშენებლობაზე 40 მლნ. დოლარი დაიხარჯა[2], ხოლო გაზეთ კვირის პალიტრას ინფორმაციით ხარჯები 800 მლნ დოლარს აჭარბებს.[3][19][1]

რეზიდენცია ოფიციალურად გაიხსნა 2009 წლის 12 ივლისს, სპეციალური ცერემონიით, სადაც 1 600–მდე სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, პარლამენტარები, მთავრობის წევრები და კულტურის მოღვაწეები.[20][21]

[რედაქტირება] არქიტექტურა

სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი განთავსებულია ძველი თბილისის რაიონში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავლაბრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სამების საკათედრო ტაძრიდან დაახლოებით 200 მეტრში. მთელი კომპლექსი დაახლოებით 22000 მ² ფართობის მქონე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 1500 მ² უშუალოდ საპრეზიდენტო სასახლეს უკავია და დაახლოებთ ამდენივე პრეზიდენტის კანცელარიის კორპუსს. სასახლის ეზო ლანდშაფტური არქიტექტურის ელემენტებით არის დაფარული.

პრეზიდენტის სასახლის არქიტექტურა, ექსტერიერის ნაწილში, თავიდანვე განსაზღვრა კლასიცისტურ სტილში გამართულმა ავტოინსპექციის შენობამ, რომლის რეკონსტრუქციაც იყო დაგეგმილი. ეს არქიტექტურული მიმართულება არ შეცვალეს მიუხედავად ძველი შენობის სრულად დაშლისა და სასახლის თავიდან აგებისა.

ვიკიციტატა
„ყველას მოეხსენება, რომ ამ შენობის თანამედროვე ანალოგი რაიხსტაგია, რომელსაც ბრწყინვალე ხუროთმოძღვარმა, არქიტექტორმა ფოსტერმა დაადგა გუმბათი.“
(გიგა ბათიაშვილი, პროექტის ავტორი - არქიტექტორი, ივლისი 2009[5])
ვიკიციტატა
„პრეზიდენტის სასახლე ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს ავტორიტეტს გამოხატავს, ამიტომ ჩვენ სპეციალურად ავირჩიეთ კლასიკური არქიტექტურის ნაზავი, ბერძნულ-რომაული სტილი, იტალიური რენესასის ელემენტებით. ევროპაში თითქმის ყველა სამთავრობო შენობა კლასიკური არქიტექტურით არის აგებული - დიდი სვეტებითა და გუმბათით.“
(მიკელე დე ლუკი, პროექტის გამგრძელებელი არიტექტორი, დიზაინერი[2])

მთელი შენობა გამართულია მცირედ სახეცვლილი დორიული კოლოსალური ორდერით. ძველი შენობის მოცულობითი კომპოზიციიდან, დასავლეთ ფასადზე ის იმეორებს მხოლოდ 3 პორტიკს, მაგრამ განსხვავებით ძველი შენობისგან, სასახლე სივრცით-მოცულობითი კომპოზიციისაა (გუმბათის გამო). სასახლე ოთხსართულიანია, სარკული სიმეტრიის მქონე, შედგება სამი ნაწილისგან: ცენტრალური, სარიტუალო ნაწილი - გუმბათქვეშა სივრცე; მარცხენა ფლიგელი - პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი, სათათბირო ოთახები; მარჯვენა ფლიგელი - პრეზიდენცის კანცელარია და მოსასვენებელი. ცენტრალური ნაწილი - ჰოლი, სიმაღლეში ორ სართულს იკავებს. მის სივრცეს შუაში კვეთს ფლიგელების შემაერთებელი შუშის მოაიჯრებიანი, ქვევიდან ხით შემოსილი ხიდი. ჰოლში განთავსებულია XI საუკუნის ხელნაწერი ბიბლია მოოქროვილი და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ყდით (საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი ვიზიტის დროს ემიგრაციაში მყოფმა ბაგრატოვანთა შთამომავალმა ბიბლია საჩუქრად გადასცა პრეზიდენტს). ჰოლის თავზე, მესამე სართულზე, გუმბათქვეშა სივრცეა, განკუთვნილი სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. აქედანვე ხდება ასვლა გუბათქვეშა პანდუსზე.

სასახლე თავდაპირველი გადაწყვეტით, ივნისი 2007.

შენობის ფასადები მთელ სიბრტყეზე ჰორიზონტალურადაა დაყოფილი სართულშუა სარტყელებით. ფასადების ჰორიზონტალურ დაყოფას ხაზს უსვამს ფანჯრების მონოტონური რიგები ყველა სართულზე. შენობის სამი სართული ერთი მძლავრი კარნიზით სრულდება. გუმბათის მარჯვნივ და მარცხნივ შენობის მე-4 სართულია ამოყვანილი, ის ოდნავ შეწეული დასავლეთის ფასადის სიბრტყიდან და ტერასას ქმნის. განაპირა ნაწილებში, აქაც პორტიკებია მოწყობილი (ასევე შეწეული). სართული სრულდება მძლავრი კარნიზით, მსგავსად მე-3 სართულისა. შენობის ცენტრალური პორტიკი დასავლეთ ფასადზე ფრონტონით სრულდება, რომლის ცენტრშიც საქართველოს ფერადი, რელიეფური სახელმწიფო გერბია მოთავსებული. პორტიკის ფრიზი მხატვრული მოზაიკითაა დაფარული, რომელზეც მხედრული ანბანით წარწერილია „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმი - „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ (ავტ. მხატვარი ნატა ამირეჯიბი). შენობის აღმოსავლეთ ფასადი შედარებით უფრო მონოტონურია, რადგან ფასადის სიბრტყეს არღვევს მხოლოდ ერთი, ცენტრალური პორტიკი, ისიც ფრონტონის გარეშე. განაპირა ნაწილებში პორტიკების ილუზიას ქმნის დორიული პილასტრები. აქაც ფასადის კომპოზიცია იქმნება ჰორიზონტალური სართულშუა სარტყლებით და ფანჯრების რიგებით, რაც ორი მძლავრი კარნიზით სრულდება (მე-3 და მე-4 სართულზე). ამასთან მე-4 სართული, ფასადის სიბრტყიდან შეწეული არ არის. სამხრეთის და ჩრდილოეთის ფასადებიც ასევე დორიული პილასტრებითაა გაწყობილი.

სასახლის პირველ სართულზე მუზეუმია განთავსებული, სადაც გამოფენილია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისა და საქართველოს საპატიო სტუმრების მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის საჩუქრად მიძღვნილი ნივთები. მეორე სართულზე მდებარეობს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი, რომელიც განკუთვნილია ოფიციალური და სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებისათვის. საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ოთახი შედგება კაბინეტისა და ბიბლიოთეკისგან და განლაგებულია ორ სართულზე.

სასახლე მოპირკეთებამდე, 21 აგვისტო, 2008.

სასახლის გუმბათი, შენობის კოპოზიციაში დომინანტი ელემენტი, შესრულებულია ლითონში და მინაში. მინა სფერული სეგმენტების სახითაა ჩასმული ლითონის კარკასში. გუმბათი დამზადებულია გერმანიაში და ქართველი არქიტექტორის ვახტანგ ზესაშვილისა და იტალიელი არქიტექტორის ფრანკო ძაგარის ერთობლივი ნამუშევარია.

საპრეზიდენტო სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას პრეზიდენტის კანცელარიის კორპუსი, რომელიც სამხრეთ ფასადთან გამჭირვალე ხიდით უკავშირდება პრეზიდენტის სასახლეს. შენობა მარტივი მოცულობისაა, სამსართულიანი, გეგმაში „Γ“-ს ფორმის. თეთრი, მობათქაშებული სიბრტყეები დაყოფილია კვადრატული ფანჯრებით. შენობის ექსტერიერი შექმნილია ერთგვარი მემბრანული ფასადით, რომელიც ჰორიზონტალურად ეკვრის შენობას გარკვეულ დისტანციაზე და შეღებილია შავ-რუხ ფერებში (დამპროექტებელი „სტუდია არსი“).

სასახლის ეზოში განთავსებულია რამდენიმე მცირე არქიტექტურული ფორმა: მოძრავი მონუმენტი - გამოხატავს ხელისუფლების სამ შტოს - საკანონმდებლოს, აღმასრულებელსა და სასამართლოს (ავტორი: გერმანელი მოქანდაკე გაბრიელა ვან ჰაბსბურგი), საქართველოს მრავალეთნიკურობის ამსახველი მონუმენტი - შექმნილი გულის ფორმის 67 გამჭვირვალე შუშით (ავტორი - ესპანელი მოქანდაკე ალბერტო დომინგო), წყლის სარკე - მოზაიკური კომპოზიცია „ვინ ვართ, საიდან მოვდივართ“, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფრაგმენტებით (კომპოზიციის ავტორი - ქართველი მხატვარი ნატა ამირეჯიბი)[22].

[რედაქტირება] საინტერესო ცნობები

[რედაქტირება] სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 პრეზიდენტის გაუმჭვირვალე სასახლე. ჟურნალისტური გამოძიება. გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაცია (2009-11-27). წაკითხვის თარიღი: 2010-07-23.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 თეა ადეიშვილი. „ნაწილი II: პრეზიდენტის საყვარელი არქიტექტორი„, რეპორტაჟი, რუსთავი 2, 18 ივლისი, 2009. წაკითხვის თარიღი: 21 ივლისი, 2009. 
  3. 3.0 3.1 ხათუნა პაიჭაძე. „სად მივყავართ საიდუმლო გვირაბებს?„, პოლიტიკა და საზოგადოება, გაზეთი კვირის პალიტრა, N25 (777), 22-28 ივნისი, 2009, p. 5. წაკითხვის თარიღი: 21 ივლისი, 2009. ; ambebi.ge, maestro.ge.
  4. 4.0 4.1 4.2 ნინო კვიტაშვილი. “პრეზიდენტის სასახლე მდარე გემოვნების ნიმუშია“, სტატია ყოველკვირეული გაზეთიდან „ყველა სიახლე“, საინფორმაციო პორტალი ამბები.ge, 2010-08-09. წაკითხვის თარიღი: 2010-09-06. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 არმაზ სანებლიძე. „არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს პრეზიდენტის სასახლის ავტორობა მოჰპარეს„, პოლიტიკა, გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, 29 ივლისი, 2009. წაკითხვის თარიღი: 21 აგვისტო, 2009. 
  6. 6.0 6.1 გიგა ბათიაშვილი: „ავლაბრის უბანში ბევრი არქიტექტურული შეცდომაა გასასწორებელი“„, სიახლეების არქივი, გაზეთი „კომერსანტი“, 9 დეკემბერი, 2008. წაკითხვის თარიღი: 21 აგვისტო, 2009. 
  7. ნანა მამაგულიშვილი. „პრეზიდენტი ახალ რეზიდენციაში გადასახლდა„, საქართველოს ახალი ამბები, საინფორმაციო სააგენტო ახალი ამბები - საქართველო, 7 აპრილი, 2008. წაკითხვის თარიღი: 19 ივლისი, 2009. 
  8. საქართველოს პრეზიდენტი ახალ, ე. წ. ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა„, პოლიტიკა, ინტერპრესნიუსი, 7 აპრილი, 2008. წაკითხვის თარიღი: 19 ივლისი, 2009. .
  9. ნანა მამაგულიშვილი. „პრეზიდენტი ახალ რეზიდენციაში გადასახლდა„, საქართველოს ახალი ამბები, საინფორმაციო სააგენტო ახალი ამბები - საქართველო, 7 აპრილი, 2008. წაკითხვის თარიღი: 19 ივლისი, 2009. 
  10. ირაკლი იმნაიშვილი. „თავისუფალი სიტყვა„, ინტერვიუ ვალერი გელაშვილთან, გაზეთი „24 საათი“, N76, 8 აპრილი, 2006. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2009. .
  11. რუსუდან ჯამასპიშვილი. „ყაჩაღობა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?!„, სტატიები, ვებ პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ, 18 ივლისი, 2005. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2009. 
  12. გელაშვილი თავდასხმას პრეზიდენტის რეზიდენციას უკავშირებს„, სივილ ჯორჯია, 15 ივლისი, 2005. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2009. 
  13. პრეზიდენტი თავის ”არამდრიდრულ სასახლეზე” საუბრობს„, ახალი ამბები, სივილ ჯორჯია, 11 ივლისი, 2009. წაკითხვის თარიღი: 19 ივლისი, 2009. 
  14. შოთა ბუჩუკური. „რა დაჯდა პრეზიდენტის სასახლის აშენება„, პოლიტიკა, გაზეთი „ბანკები და ფინანსები“. წაკითხვის თარიღი: 19 ივლისი, 2009. .
  15. ნანა მიშელაშვილი. „შემცირდება თუ არა პარლამენტის ხარჯები„, ახალი ამბები, გაზეთი „ახალი თაობა“, N43, 16 თებერვალი, 2009. წაკითხვის თარიღი: 21 ივლისი, 2009.  ქეშირებული.
  16. გიგა ბუკია სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობაში 500 მლნ ლარის დახარჯვაში ადანაშაულებს„, ახალი ამბები, ipn.ge, 11 მარტი, 2009. წაკითხვის თარიღი: 21 ივლისი, 2009. , „ჯი-ეიჩ-ენი"
  17. ელენე ფარცვანია. „კონსერვატორები მოითხოვენ, გამოცხადდეს თუ რა სახსრებით შენდება სააკაშვილის რეზიდენცია„, საქართველოს ახალი ამბები, საინფორმაციო სააგენტო ახალი ამბები - საქართველო, 11 მარტი, 2009. წაკითხვის თარიღი: 21 ივლისი, 2009. .
  18. გიგა ბუკია: ვინ ლობირებს შპს ”სახელმწიფო უზრუნველყოფა”- ს ?!„, ახალი ამბები, კონსერვატიული პარტია, 11 მარტი, 2009. წაკითხვის თარიღი: 21 ივლისი, 2009. .
  19. სვეტლანა ბოლოტნიკოვა. „სააკაშვილი მოსვენებას არც მკვდრებს აძლევს და არც ცოცხლებს„, სტატიები, GeorgiaTimes.info, 15 ივლისი, 2009. წაკითხვის თარიღი: 21 ივლისი, 2009. .
  20. პრეზიდენტის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა„, რელიზი, პრეზიდენტის ოფიციალური საიტი, 12 ივლისი, 2009. წაკითხვის თარიღი: 17 ივლისი, 2009. .
  21. ავლაბრის რეზიდენცია ოფიციალურად გაიხსნა„, ახალი ამბები–საზოგადოება, 1 არხი, 13 ივლისი, 2009. წაკითხვის თარიღი: 17 ივლისი, 2009. .
  22. 22.0 22.1 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საქართველოს პრეზიდენტის სასახლე. წაკითხვის თარიღი: 2010-07-11.
  23. aMDL. წაკითხვის თარიღი: 2010-07-11.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ავლაბრის რეზიდენცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე