შინაარსზე გადასვლა

ვარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვარიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი ვარიანი
კოორდინატები 42°04′23″ ჩ. გ. 44°02′01″ ა. გ. / 42.07306° ჩ. გ. 44.03361° ა. გ. / 42.07306; 44.03361
ცენტრის სიმაღლე 680
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1469[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
ოსები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვარიანი — საქართველო
ვარიანი
ვარიანი — შიდა ქართლი
ვარიანი
ვარიანი — გორის მუნიციპალიტეტი
ვარიანი

ვარიანისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (შიდა ქართლის მხარე), გორის მუნიციპალიტეტში, ვარიანის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: არაშენდა, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი).

მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დასავლეთი ნაწილი), მდ. ლიახვის მარჯვენა მხარეს, გორი–ნიქოზის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 680 მ-ზე, გორიდან 14 კმ-ში.

ვარიანი წყაროებში პირველად იხსენიება 1656 წლის საბუთში როსტომ მეფის მიერ სეხნის მაჩაბლის შვილებისთვის ამოწყვეტილი მაჩაბლის მამულის გადაცემის შესახებ. 1712 წელს ვახტანგ VI-მ ურბნელ ეპისკოპოსს განუახლა ვარიანის შეწირულობის სიგელი.

ვახუშტის მიხედვით, „რუისის მთის ძირს არს თედოწმინდა. მცირედ მას ზეით ერთვის დასავლეთიდამ ლიახუს ვარიანის ფშანი... ვარიანს ზეით ერთვის ლიახუს აღმოსავლეთიდამ პატარა ლიახვი“. ამ პერიოდში სოფელი და მისი შემოგარენი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქართლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა. 1789 წელს გადასახადებისგან შეწუხებულმა ვარიანელმა გლეხებმა საჩივრით მიმართეს ერეკლე II-ს. ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს საქართველოში შემოსული მტრის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. საბჭოთა პერიოდში სოფელში იყო მეხილეობის საბჭოთა მეურნეობა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა ინტერვენტებმა ვარიანი კლასტერული ჭურვებით დაბომბეს, 11 აგვისტოს კი მოახდინეს სოფლის დროებითი ოკუპაცია.

ვარიანი ქართველი მწერლისა და პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის (დ. 1840 ― გ. 1912) სამშობლოა. მის სახელს უკავშირდება სახალხო დღესასწაული „იაკობობა“, რომელიც 1971 წლიდან ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში აღინიშნება ვარიანში.

კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარიანის დასავლეთით, დაახლ. 0,5 კმ-ზე მდებარეობს გვიანდელი შუა საუკუნეების კოშკი. იგი საბრძოლო-საცხოვრებელი დანიშნულებისა იყო. მის მახლობლად ნასოფლარია (მოსახლეობა აყრილა XVIII საუკუნეში ლეკთა თარეშის გამო). სოფლის შუაში დგას რიყის ქვითა და აგურით ნაგები ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია (1835). იქვე მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი.

სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით სასაფლაოზე განვითარებული შუა საუკუნეების კიდევ ერთი ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიაა. ნაგებია დიდი ზომის რიყისა და მოყავისფრო შირიმის ქვებით. ჩრდილოეთის კარის თავზე ტიმპანში მოთავსებული წარწერა X–XI საუკუნეებით თარიღდება.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი) დაცულია თითბრის ზარი, 1777 წლის მხედრული წარწერით, რომლის მიხედვით, მეფის მგალობელ სოლომონსა და მის ძმა იოანე ნამორაძეს ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესიისათვის შეუწირავთ ზარი, გარდაცვლილი ძმის, მიქაელის სულის მოსახსენიებლად.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1469 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1959 960 999
2014[1] 1469 730 739
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II