შიდა ქართლის ვაკე
შიდა ქართლის ვაკე — სამხრეთ კავკასიის მთათაშორისი ბარის შუა ნაწილი. შემოსაზღვრულია კავკასიონის, ლიხის, თრიალეთისა და ქართლის ქედებით. მოიცავს ტირიფონ-მუხრანის ვაკესა (ჩრდილოეთით) და შუა მტკვრის ხეობას (სამხრეთით), რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია კვერნაქის ქედით. ტირიფონ-მუხრანის ვაკეს უკავია ნეოგენური წყებების სინკლინი და წარმოქმნილია კავკასიონის მდინარეთა აკუმულაციური მოქმედებით. აბსოლუტური სიმაღლე 500-800 მეტრი. მისი დასავლეთი ნაწილი ტირიფონის ვაკეა, აღმოსავლეთი - საამილახვროსა და მუხრან-საგურამოს ვაკეები. მტკვრის ხეობა გამომუშავებულია კვერნაქისა და თრიალეთის ქედებს შორის, დატერასებულია. ხეობის ფსკერის აბსოლუტური სიმაღლეა 500-700 მეტრი.
ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შიდა ქართლის ვაკის ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. საშუალო წლიური ტემპერატურა 10-12°, იანვრისა -3°, ივლისისა - 20-22°. წელიწადში 500-700 მმ ნალექი მოდის.
ლანდშაფტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვაკეზე ძირითადად გავრცელებულია მდელოს ალუვიური კარბონატული, ტყის ყავისფერი და შავმიწისებრი ნიადაგები, რომელზედაც განვითარებულია სტეპური და ტყესტეპური მცენარეულობა. მთავარ მდინარეთა გაყოლებით ჭალის ტყის ფრაგმენტებია. გაბატონებულია კულტურული ლანდშაფტები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 744.