მყინვარული ნაკაწრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მყინვარული ნაკაწრი რეინირზე
მყინვარული ნაკაწრი ალპებში

მყინვარული ნაკაწრიმყინვარისა და მასში შეყინული მორენული მასალის გადაადგილების შედეგად ქანის ზედაპირზე დარჩენილი კვალი — ღარები, ნაკაწრები, რომელთა მიმართულება მყინვარის მოძრაობის თანხვედრილია. მყინვარული ნაკაწრი საიმედოდ მიუთითებს გამყინვარების განვითარებაზე, თუმცა მისი უქონლობა თავისთავად არ გამორიცხავს მყინვარის არარსებობას.[1]

ანტარქტიდის მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ მყინვარული ნაკაწრი ხანმოკლე წარმონაქმნია. ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვის შედეგად იგი შეიძლება მალევე გაქრეს.[1] მყინვარული ნაკაწრი მიკრორელიეფის ფორმებს მიეკუთვნება და შემორჩენილია დედამიწის მთელს ზედაპირზე. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული რელიეფთან და იკავებს მნიშვნელოვან ფართობს.[2]

მყინვარული ნაკაწრი მყინვარის საფუძველში მოძრავი ნატეხი ქანებითაა დატანიებული. ნატეხის ზომაზეა დამოკიდებული ნაკაწრის სიღრმე, მაგრამ უფრო ხშირად 1–2 მმ-ისაა,[2] სიგანე 2–5 სმ, ხოლო სიგრძე რამდენიმე მეტრი.[3] ძალიან ვიწრო ნაღარი შეიძლება მოპრიალებაშიც გადავიდეს. ზედაპირული ნაკაწრები და მოპრიალებები საკმაოდ ხშირად გვხვდება გამყინვარების არეებში. ისინი (ტილიტებთან და სხვა მყინვარულ დანალექებთან) დედამიწის ძველი გამყინვარების მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენენ.[2]

მყინვარული ნაკაწრი შეიძლება გადავიდეს მყინვარულ ნაღარში, რომელიც როგორც ჩანს, წარმოიქმნება მსხვილი ნატეხების მიერ ცალკეული ნაკაწრების გაფართოების შედეგად. ნაკაწრის ზომები დამოკიდებულია მყინვარის საგების ქანების ლითოლოგიაზეც. ყველაზე წვრილი ნაკაწრები ჩვეულებრივ, მხოლოდ წვრილმარცვლოვან და რბილ ქანებზე შეიმჩნევა, მაშინ როდესაც უფრო ღრმა იარები ძირითადად მტკიცე ქანებზეა წარმოდგენილი. ნაკაწრების დიდი წილი წარმოქმნილია მყინვარების კიდურ ზონებში.[2]

ნაკაწრები განლაგებულია ყინულის მოძრაობის პარალელურად და ემსახურება მოძრაობის მიმართულების აღდგენას. ამას მხარს უჭერს ნაკაწრების ასიმეტრია, რომლის დისტალური ბოლო რიგ შემთხვევაში წვეტიანია, ხოლო პროქსიმალური — ბლაგვი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ю. Кожевников, Н. Жедлезнов-Чукотский. Берингия: История и эволюция. Москва, „Наука“, 1995
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Асеев А.А., Маккавеев А.Н. Геоморфология. Том 4. Гляциальная геоморфология, Москва, 1976 г., 177 стр.
  3. Ледниковая штриховка | Всероссийский научно-исследовательский геологический институт им. А.П. Карпинского