დიუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიუნა)
ქვიშიანი დიუნები
ქვიშიანი დიუნები

დიუნი (გერმ. Düne)[1] — ქვიშიანი ბორცვი ან ბორცვები, რომელიც წარმოიქმნება მცენარეულობით გაუმაგრებელ ქვიშიან ზედაპირზე ზღვის, ტბისა და მდინარის ქვიშიან სანაპიროზე. უდაბნოს ბარხანისაგან განსხავებით, დიუნის ქარპირა შეზნექილი კალთა დამრეცია (8–20°), ქარზურგა გამოზნექილი კალთა — ციცაბო (32–40°), სიმაღლე 5–30 მ, ზოგჯერ 100 მ აღწევს.[2]

დიუნის გასწვრივ პროფილი ასიმეტრიულია. დიუნი გადაადგილდება გაბატონებული ქარის მიმართულებით ათიოდე მეტრის სიჩქარით წელიწადში. დიუნების წარმოქმნის საუკეთესო ადგილია მოძრავი ქვიშებით დაფარული ვაკე ადგილები, სადაც ღია ქვიშიანი სივრცე ყოველთვის დაფარულია ქვიშის სერებითა და სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ბორცვებით.[3]

მოძრავ დიუნებს დიდი ზიანი მოაქვთ: ისინი ფარავენ მინდვრებს, ბაღებს, სოფლებსა და პატარა ქალაქებსაც კი. მათი მოძრაობის შესაჩერებლად მიმართავენ ეგრეთ წოდებულ ქვიშების გამაგრებას, რაც ძირითადად მასობრივად დანერგილ ხეებსა თუ ბუჩქნარებში გამოიხატება. ასეთ შემთხვევაში მცენარეული ფესვები ამაგრებენ ქვიშას და ქარი ვეღარ ახერხებს მათ გადატანას.[4]

დიუნების ნელი გადაადგილების პროცესს გაბატონებული ქარის მიმართულებით დიუნების მიგრაცია ეწოდება. საზღვარგარეთის ლიტერატურაში დიუნი საერთო ტერმინია ქარის მიერ შექმნილი ქვიშიანი რელიეფის ფორმისათვის — უდაბნოებში, ზღვის ნაპირებზე, მდინარეთა ჭალებში და ა.შ.[5]

დიუნები წარმოიქმნება სხვადასხვა განედზე კლიმატური პირობების დამოუკიდებლად, რითაც განსხვავდება არიდული პირობებისათვის დამახასიათებელი ბარხანებისაგან. დიუნებსა და ბარხანებს შორის მორფოლოგიური განსხვავება განისაზღვრება ბუნებრივი პირობებით. დიუნები გავრცელებულია ევროპაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვა.[5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 581.
  3. Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.,
  4. Дюны // Большая советская энциклопедия
  5. 5.0 5.1 გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.