შინაარსზე გადასვლა

წყალქვეშა მთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყალქვეშა მთა — ზღვის ფსკერიდან აზიდული იზოლირებული მთა, რომელიც ვერ აღწევს ზღვის დონეს და შესაბამისად არ წარმოქმნის კუნძულს. როგორც წესი ვულკანური წარმოშობისაა. აქვს მკვეთრად გამოყოფილი მწვერვალი და ციცაბო ფერდობები. კონუსური ან გუმბათისებრი მოყვანილობისაა. ოკეანის საგებიდან აზიდულია 1000-4000 მ-მდე. მსოფლიო ოკეანეში არსებობს დაახლოებით 20 ათასი წყალქვეშა მთა. დამახასიათებელია ფორმისა და ზომების სხვადასხვაგვარობა. უკანასკნელ წლებში რამდენიმე აქტიურ წყალქვეშა მთას მიაგნეს ჰავაის კუნძულებთან. ჰორიზონტულ კვეთში წყალქვეშა მთების ფორმა მეტწილად ელიფსურია ან უბრალოდ წაგრძელებული. წყალქვეშა მთებიდან აზიდული ქანების ნიმუშები ძირითადად შედგება მიკროკრისტალური ან მინისებური ოკეანური ბაზალტისაგან. წყალქვეშა მთების მწვერვალი და ფერდობები როგორც წესი, დაფარულია ზღვიური დანალექების ფენით. 1970-იანი წლების ბოლოს წყნარი ოკეანის რუკაზე გამოსახული იყო 10 ათასზე მეტი წყალქვეშა ობიექტი. პრაქტიკულად თითოეული ოკეანოგრაფიული ექსპედიცია პოულობს ახალ წყალქვეშა მთებს. წყალქვეშა მოქმედი ვულკანებიდან აღსანიშნავია ლოიჰი ჰავაის კუნძულებთან. წყალქვეშა მთა საფრთხეს უქმნის გემების უსაფრთხო ნაოსნობას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]