ვერძის შუბლი
ვერძის შუბლი — მომრგვალებული, გეგმაში ოვალური მოყვანილობის ასიმეტრიული კლდოვანი შვერილები, რომელიც გავრცელებულია ძველი და თანამედროვე გამყინვარების მხარეებში. წარმოადგენს მოძრავი მყინვარით მოსწორებულ და გაკრიალებულ მკვიდრი ქანების ამოზნექილ ზედაპირს — კლდოვან ბორცვებსა და დიდ კაჭარს. ვერძის შუბლების ერთობლიობა წარმოქმნის ხუჭუჭა კლდეებს.[1]
ფერდობი, რომელიც მიმართულია იქითკენ, საიდანაც მოდის მყინვარი, დამრეცი და გლუვია, საწინააღმდეგოდ მიმართული კი — ციცაბო და უსწორმასწორო. სიგრძე ასეულ მეტრს აღწევს, სიმაღლე — 50 მ. ვერძის შუბლი გავრცელებულია როგორც თანამედროვე, ისე ძველი გამყინვარების მხარეებში.[2]
ვერძის შუბლი კარგად არის გამოხატული ბალტიის ფარის რაიონებში, მათ შორის კარელიაში, კოლის ნახევარკუნძულზე. გვხვდება ასევე პამირშიც.[3] საქართველოში ვერძის შუბლი დამახასიათებელია მხოლოდ კავკასიონზე. რელიეფის აღნიშნული ფორმები კარგად ჩანს სვანეთში (მაგალითად უშბის მყინვარზე).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვერძის შუბლი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ვერძის შუბლი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 380.
- ↑ გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
- ↑ Геоморфологический словарь-справочник, Под редакцией П. Г. Шевченкова; Составитель Ахромеев Л.М., Брянск, 2002.
|