შინაარსზე გადასვლა

ენეასი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენეასი


სქესი: მამრობითი
მამა: Anchises
დედა: აფროდიტე
მეუღლე: ლავინია და Creusa
შვილები: ასკანიუსი, Etias[1] , Silvius, Anthemone და Aemilia[2]
გამოსახულებები
ენეასი გარბის ალმოდებული ტროადან.

ენეასი (ძვ. ბერძნ. Αἰνείας, ლათ. Aenēās) — ძველბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტესა და ანქისეს ძე, ტროის მეფის პრიამეს ნათესავი, ტროის ომის ერთ-ერთი გმირი. რომაულ მითოლოგიაში რომის დამაარსებლების რომულუსისა და რემუსის ლეგენდარული წინაპარი.

ტროას დაცემის შემდეგ გმირმა ენეასმა და მისმა ახლობლებმა ბერძნებისგან თავი გაქცევით დააღწიეს. ისინი დასხდნენ გემზე და გასცურეს ბედის საძიებლად ეტრურიისკენ. იგი ჯერ მაკედონიაში გაჩერდა, შემდეგ სიცილიაში და ბოლოს დაბინავდა ლავრენტიუმში. მათ ჯერ კონფლიქტი მოუვიდათ ადგილობრივ მეფე ლათინუსთან, შემდეგ კი ზოგი ვერსიით ენეასმა დაამარცხა ლათინი და ისინი დანათესავდნენ, ხოლო სხვა ვერსიით კი ბრძოლის დაწყების წინ ლათინი წინ გამოვიდა და გამოჰკითხა ჩამოსულებს, თუ ვინ იყვნენ და საიდან, როდესაც შეიტყო მათი ამბავი, გადაწყვიტა დამეგობრება. მეგობრობის ნიშნათ კი მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი ენეასს. ამის შემდეგ ტროადან წამოსულებმა დააარსეს ქალაქი, რომელსაც ენეასის ცოლის პატივსაცემად ლავინიუმი დაარქვეს. მალე ენეასს შეეძინა ვაჟი ასკანიუსი.

ლათინუსი მალე დაიღუპა რუტულების მეფე ტურნუსთან ბრძოლაში, რის შემდეგაც დამარცხებულმა რუტულებმა დახმარება ეტრუსკულ ქალაქ ცერეს მეფეს სთხოვეს. ეტრუსკებს აღელვებდათ ახალი სახელმწიფოს შექმნა და მას თავისი უსაფრთოებისთვის სახიფათოდ მიიჩნევდნენ, ამიტომ დათანხმდნენ კავშირზე. ენეასმა კი ასეთი განსაცდელის წინაშე გააერთიანა თავისი ერი აბორიგენებთან და ორივე ერს უწოდა ლათინები. ლათინების და ეტრუსკების ბრძოლაში ლათინებმა გაიმარჯვეს, ხოლო ენეასი დაიღუპა და დაკრძალეს მდინარე ნუმიკთან.

ენეასს ტროადან გაჰყავს ანქისე

ათი წელი გრძელდებოდა ტროას ალყა, მაგრამ ვერც ერთი მხარე ვერ აღწევდა გამარჯვებას. ბოლოს აქაველებმა ხერხს მიმართეს. მათ ააგეს ხის დიდი ცხენი და შიგ საუკეთესი მებრძოლები ჩასვეს, თვითონ კი მახლობელ კუნძულ ტენედოსზე გადავიდნენ. მეორე დღეს ტროელებმა მტრის ბანაკი დაათვალიერეს და ეგონათ, რომ ბერძნები შინ დაბრუნდნენ. ბევრი იფიქრეს თუ რა ექნათ ტროას ცხენისათვის, მაგრამ საბოლოოდ ლაოკოონისა და კასანდრას გაფრთხილების მიუხედავად ცხენი ქალაქში შეიყვანეს. ღამით აქაველები ცხენიდან გადმოვიდნენ და უკან მობრუნებულ თანამოძმეებს გაუღეს ჭიშკარი. ბერძნებმა მთელი ქალაქი გადაწვეს. ენეასმა და რამდენიმე ტროელმა ბერძნების ფორმა ჩაიცვეს და მტერს შეესივნენ, მაგრამ აქაველები რიცხვით მაინც სჯობნიდნენ ტროელებს და ამიტომ მათ პრიამოსის სასახლეს მიაშურეს. აქ ენეასმა პრიამოსის გვამი ნახა და თავისი ოჯახი გაახსენდა. რის ვაი-ვაგლახით მიაღწია მამამისთან, მაგრამ ანქისემ უარი უთხრა ტროას დატოვებზე. ამ დროს ენეასის შვილს, ასკანიუსს თავზე ღვთაებრივი ცეცხლის ალი მოედო. ანქისე ღვთის ნებას წინ ვეღარ აღუდგა და ენეასს გაჰყვა. ტროას გასასვლელთან იყვენენ, როდესაც მტრის ხმა შემოესმათ. ენეასს შეეშინდა და გზიდან გადაუხვია. გონს რომ მოეგო კრეუზა ვეღარ დაინახა. მამა და შვილი საიმედო ადგილას გადამალა და თვითონ კი ცოლის საძებნელად წავიდა. ბოლოს იმედი რომ გადაეწურა ცოლის ლანდი წამოადგა და დაამშვიდა:

ვიკიციტატა
„ნუ დარდობ, ასეთი იყო ღმერთის ნება, მე აქ უნდა დავრჩენილიყავი. შენ კი დიდხანს მოგიწევს ხეტიალი, ბოლოს ჰესპერიას მიადგები, სადაც ტიბრი მოჩუხჩუხებს, გექნება შენი სამეფო, გვერდს დედოფალიც დაგიმშვენებს. მხოლოდ ერთსა გთხოვ, შვილს არ მოაკლო ზრუნვა და სიყვარული“

რაღას გააწყობდა ენეასი, დაბრუნდა მამასა და შვილთან და მათ ირგვლივ შემოკრებილ დევნილებთან ერთად იდას მთისკენ გასწია, სადაც ხომალდები ააგეს და შორეული მიწისაკენ გასწიეს.

ენეასი და დიდო

კართაგენის ნაპირზე მოხვედრილმა ენეასმა გემები დამალა და აქატესთან ერთად გარემოს დასაზვერად გაემართა. მათ გზად მონადირედ გადაცმული ვენერა შემოხვდათ, რომლისგანაც შეიტყვეს, რომ კართაგენს ტვიროსიდან გამოქცეული დედოფალი დიდო მართავდა. ვენერამ ისინი შებურა და უჩინრად მიიყვანა დიდოს სასახლემდე. აქ ენეასმა თავისი თანამოძმეები იხილა, რომლებიც ქარიშხალს გადაურჩნენ და დედოფალმა შეიფარა. დიდომ ენეასი სტუმართმოყვრულად მიიღო და გემებთან დარჩენილ ტროელებს საუკეთესო საქონელი გაუგზავნა. შვილზე მზრუნავმა ენეასმა ასკანიუსის მოსაყვანად აქატე გაგზავნა. მაგრამ სანამ ასკანიუსი მივიდოდა, მანამდე ვენერას თხოვნით მისი სახე კუპიდონმა მიიღო, რომელსაც განზრახული ჰქონდა დედოფალი ენეასის სიყვარულის ალით დაეწვა.

ენეასისა და დიდოს ნადიმი
ენეასი უყვება დიდოს ტროას დაცემის ამბებს

დიდებული ნადიმი გაიმართა. კუპიდონი ჯერ ენეასს მოეხვია, შემდეგ კი დიდოს ჩაეკრა გულში. დედოფალმა არ იცოდა, რომ ღმერთს ჰკოცნიდა. შემდეგ ენეასმა დედოფლის თხოვნით ტროას ამბების მოყოლა დაიწყო. მეორე დღეს ენეასი და დიდო სანადიროდ წავიდნენ, მაგრამ ნადირობისას კოკისპირული წვიმა წამოვიდა და დიდოსა და ენეასს თავის შეფარება გამოქვაბულში მოუწიათ, სადაც დედოფალი ტროელ გმირს დაუკავშირდა. ეს ამბავი მალე მთელ კართაგენს მოედო. განრისხდა მეზობელი ქვეყნის მეფე იარბასი, რომელსაც დიდოს ცოლად მოყვანა უნდოდა. მან იუპიტერს სთხოვა მათი დაშორება. იუპიტერმა ტროელებს მერკური გაუგზავნა, რომელმაც ამცნო მათ, რომ კართაგენისათვის თავი უნდა დაენებებინათ და იტალიისაკენ აეღოთ გეზი. ენესმა ეს დაუმალა დიდოს და ფარულად დაიწყო გამგზავრებისთვის მზადება, მაგრამ დედოფალმა მაინც შეიტყო და საშინლად განრისხდა. მაგრამ რომ ვერაფერს გახდა, თავის მოკვლა გადაწყვიტა. მან სამეფოს შუაგულში დიდი კოცონი დაანთო. ენეასს შეეშინდა დიდოს მათთვის რამე არ დაეშავებინა და სასწრაფოდ გაშორდნენ ნაპირს. დიდოს ზღვაში გასული გემების დანახვაზე გულმა ვეღარ გაუძლო, კოცონთან მივიდა და თავი ცეცხლს მისცა. ტროელები შუა ზღვიდან ხედავდნენ იმ ცეცხლს, რომელზედაც კართაგენის დედოფალი იწვოდა.

ენეასი იტალიისაკენ მიცურავდა, მაგრამ გზაში ქარიშხალი ამოვარდა და ტროელებს მოუწიათ იტალიის ნაცვლად ისევ სიცილიაში გადასულიყვნენ. აქ მათ შემოხვდათ მეფე აკასტესი, რომელმაც უცხოელები გულთბილად მიიღო. ენეასმა აქ ასპარეზობები გამართა, რომელსაც არ ესწრებოდნენ ტროელი ქალები. ისინი მოშორებით ანქისეს ცხედარს დასტიროდნენ. ამ დროს იუნონამ ტროელებთან გააგზავნა ირისი, რომელმაც მოკვდავი ადამიანის სახე მიიღო და ქალებისკენ გაემართა. მან ტროელი ქალები დაარწმუნა, რომ იტალიაში ვერასოდეს ჩავიდოდნენ და ჯობდა სიცილიაში დარჩენილიყვნენ, სადაც ანქისეს საფლავი იყო. ირისი დასწვდა მაშხალას და გემს ცეცხლი წაუკიდა. ასე მოიქცნენ სხვა ქალებიც. ამ დროს მოვიდა ენეასი სხვა ტროელებთან ერთად და იუპიტერს შეევედერა ცეცხლი ჩაექრო. იუპიტერმა ისმინა ენეასის თხოვნა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ცეცხლი კი ჩაქრა, მაგრამ ოთხი გემი მაინც დაიწვა. ენეასმა აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ ათენას ქურუმმა ნავტესმა დაარწმუნა, რომ ვისაც მასთან მგზავრობა არ შეეძლო ისინი დაეტოვებინა და დანარჩენები წაეყვანა. ენეასი ასეც მოიქცა, მან სიცილიაში ქალაქი დააარსა და ის ხალხი დატოვა, ვისაც მგზავრობა არ შეეძლო. თვითონ კი ისევ იტალიისკენ გასწია.

ენეასი ნეპტუნის დახმარებით მშვიდად მიცურავდა და სიბილას მღვიმეს მიადგა, სადაც ბედის გაგება მოინდომა და ორაკულთან მივიდა. ორაკულმა უწინასწარმეტყველა, რომ იტალიაში კი მივიდოდნენ, მაგრამ ამ მისვლას ინანებდნენ. ამის მიზეზი ისევ ქალი იქნებოდა. შემდეგ ენეასმა მამის სანახავად მიწისქვეშეთში ჩასვლაში დახმარება სთხოვა ორაკულს. მისანმაც გზა მიასწავლა.:

ვიკიციტატა
„ტყეში ოქროსფოთლიანი ტოტი იპოვე. რკინით ან სპილენძით არ შეეხო. როდესაც ერთ შტოს მოტეხავ იმწამსვე მეორე ამოვა. წვეროს ახედე, როდესაც თვალს ჰკიდებ, რაც გჭირდება, იმწამსვე მოსწყვიტე. თუ ბედი გწყალობს ნაყოფი თვითონ დაგნებდება, თუ არა და ძალით ვერაფერს გააწყობ. გარდა ამისა შენს ბანაკში უსულო გვამია. სანამ მას არ მიაბარებ მიწას, მანამდე ვერ იხილავ სტიქსის მიუკარებელ ჭალას“

ენეასი დაღონებული დაბრუნდა ბანაკში და იქ გმირი მისენუსი მკვდარი დახვდა. ტროელმა გმირმა დაასაფლავა თუ არა თანამებრძოლი, დაინახა ორი მტრედი. ენეასი მტრედებს გაჰყვა და ოქროსნაყოფიან ხეს მიადგა. ენეასმა ოქროს ნაყოფი მოწყვიტა და ისევ სიბილას გამოქვაბულში დაბრუნდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მითოლოგიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მითოლოგიაზე.
  1. 1.0 1.1 Παυσανίας 3.22.11 // Description of Greece
  2. 2.0 2.1 Schröder W. A. Aemilius 150a // Supplementband XII / Hrsg.: K. ZieglerStg: J.B. Metzler, 1970.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენეასი“-დან