ABBA

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან აბბა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Logo ABBA.svg
ჯგუფის წევრები 1974 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ - ბენი ანდერსონი, ანი-ფრი ლიუნგსტადი, აგნეტა ფელტსკუგი, ბიორნ ულვეუსი
ჯგუფის წევრები 1974 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ - ბენი ანდერსონი, ანი-ფრი ლიუნგსტადი, აგნეტა ფელტსკუგი, ბიორნ ულვეუსი
ბიოგრაფია
წარმოშობის ადგილი სტოკჰოლმი, შვედეთი
ჟანრ(ებ)ი პოპი
ევრო დისკო
პოპ როკი, ევროპოპი
სინთპოპი
როკ ენ როლი
აქტიური 1972—1982
ლეიბლ(ებ)ი Polar (შვედეთი)
Polydor
(გერმანია/ნიდერლანდები)
Atlantic (აშშ/კანადა)
Universal (აშშ)
Epic (ბრიტანეთი/ირლანდია)
Vogue (საფრანგეთი)
Discomate
RCA (ავსტრალია/სამხრეთ ამერიკა/მექსიკა)
PolyGram
Carnaby
Sunshine (როდეზის/ზიმბაბვე)
Ariston/Dig It (იტალია)
ასოციაციები Hep Stars
Hootenanny Singers
Benny Anderssons Orkester
ვებგვერდი www.abbasite.com
ყოფილი წევრები
ანი-ფრი ლიუნგსტადი (ფრიდა)
აგნეტა ფელტსკუგი (ანა)
ბენი ანდერსონი
ბიორნ ულვეუსი

ABBAშვედური პოპ ჯგუფი, აქტიური იყო 1972-1982 წლებში. კვარტეტი ბენი ანდერსონის და ბიორნ ულვეუსის მეგობრობით შეიქმნა ანი-ფრი ლიუნგსტაგთან და აგნეტა ფელტსკუგთან ერთად. ისინი მსოფლიო ჩარტების ლიდერები იყვნენ 1970-იანებიდან 1980-იანი წლების დასაწყისამდე. სახელი ABBA ჯგუფის ოთხი წევრის სახელების აკრონიმია.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] აბბა-მდე (1960-იანი წლები)

18 წლის ბენი ანდერსონი მოხვდა პოპულარულ შვედურ პოპ-როკ ჯგუფში The Hep Stars, რომელიც ასრულებდა ცნობილი სიმღერების ქავერ-ვერსიებს. ამ კოლექტივს ასევე 'შვედურ ბითლზს' უწოდებდნენ. მათ ასევე საკუთარი ლეიბლი, Hep House ჩამოაყალიბეს. ანდერსონი ჯგუფში კლავიშიან ინსტრუმენტებზე უკრავდა და დაიწყო ორიგინალური სიმღერების შექმნაც, რომელთა ნაწილი - მათ შორის "No Response", "Sunny Girl", "Wedding" და "Consolation" პოპულარულად იქცა და შვედეთის ჰიტ-აღლუმებში 1966 წელს #1 ადგილი ეკავა.[1] ანდერსონს ასევე ჰქონდა წარმატებული თანამშრომლობა ლასე ბერგჰაგენთან - ერთად მათ 1968 წელს შექმნეს პოპულარული სიმღერა "Sagan om lilla Sofi" (პატარა სოფის ამბავი).

ბიორნ ულვეუსი საკუთარ კარიერას ასევე 18 წლის ასაკში იწყებდა, ჯგუფით The Hootenanny Singers, რომელიც ფოლკ-სკიფლს ასრულებდა, ინგლისურენოვანი სიმღერების სახით. ულვეუსი პარალელურად სოლო-ჩანაწერებზეც მუშაობდა. ანდერსონისა და ულვეუსის კოლექტივების გზები ტურნეების პერიოდში ხშირად იკვეთებოდა. 1966 წელს ბიორნმა და ბენიმ გადაწყვიტეს ერთობლივი სიმღერის ჩაწერა. ეს იყო "Isn't It Easy to Say", რომელიც მოგვიანებით The Hep Stars-მა ჩაწერა. სტიგ ანდერსონი, The Hootenanny Singers-ის მენეჯერი და ლეიბლის Polar Music დამაარსებელი, ამ თანამშრომლობაში დიდ პოტენციალს ხედავდა და დუეტს შესთავაზა მეტი სიმღერის დაწერა. ასეც მოხდა, თუმცა მხოლოდ 1969 წელს დაიწერა მათი ნამდვილად წარმატებული სიმღერები - "Ljuva sextital" და "Spelean" .

1969 წელს ევროვიზიის კონკურსისასთვის ანდერსონმა დაწერა "Hej, Clown". სიმღერა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში მოხვდა პირველ ადგილზე, მაგრამ შემდგომში მეორეზე გადაინაცვლა.[2] მაშინ ანდერსონი პირველად შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, მომღერალ ანი-ფრი ლიუნგსტადს, რომელიც იმავე კონკურსში მონაწილეობდა. ორი თვის შემდეგ მათ იქორწინეს. ანდერსონი და ულვეუსი 1969 წელს, როდესაც მათი ჯგუფები დაიშალა, გაერთიანდნენ სტუდიაში და 1970 წელს გამოსცეს პირველი ერთობლივი ალბომი Lycka. მასში შეტანილ სიმღერებში ვოკალებს თავად ასრულებდნენ, მაგრამ ანი-ფრი და აგნეტა ფელტსკუგი (ულვეუსის მეუღლე) დრო და დრო საკუთარ ხმებსაც ამატებდნენ. 1974 წლამდე ულვეუსი კვლავ გამოდიოდა და წერდა სიმღერებს ჯგუფთან The Hootenanny Singers, ხოლო ანდერსონი მუშაობდა მათი ჩანაწერების პროდიუსერად.

აგნეტა ფელტსკუგი 17 წლის ასაკში უკვე ცნობილი იყო, შვედეთის ჩარტში მოხვედრილი #1 ჩანაწერით და შემჩნეული იქნა კრიტიკოსებისა და სიმღერების ავტორების მიერ, როგორც შლაგერის სტილის სიმღერების შემსრულებელი. იგი ასევე იწერდა უცხოური ჰიტების ქავერ-ვერსიებს. ანი-ფრი მან 1968 წელს გაიცნო, ხოლო ულვეუსი - რამდენიმე თვის შემდეგ.

1969 წელს შვედეთის ტელევიზიისათვის სიუჟეტის გადაღებაში მონაწილეობისას ფელტსკუგი კვლავ შეხვდა ულვეუსს. ისინი 1971 წელს დაქორწინდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს ერთმანეთის სტუდიურ სესიებში [3]. მოგვიანებით ანდერსონმა და ლიუნგსტადმა ჩაწერეს ბექ-ვოკალები ფელტსკუგის მესამე ალბომისათვის Som jag är (1970). 1972 წელს ფელტსკუგმა როკ-ოპერის იესო ქრისტე-სუპერვარსკვლავი დადგმაში მარია მაგდალინელის როლი შეასრულა და დადებითი შეფასებები მიიღო. 1967-1975 წლებში მან ხუთი სტუდიური ალბომი გამოსცა.[4]

ანი-ფრი ლიუნგსტადი 13 წლის ასაკიდან მღეროდა და გამოდიოდა სხვადასხვა საცეკვაო ჯგუფთან, თუმცა ძირითადად ჯაზზე ორიენტირებულ კაბარეს სტილს მიჰყვებოდა. მან საკუთარი ჯგუფიც, Anni-Frid Four ჩამოაყალიბა. 1967 წლის ზაფხულში მან გაიმარჯვა ეროვნული ტალანტების კონკურსში სიმღერით "En ledig dag", რომელიც ალბომში Frida 1967-1972 არის შეტანილი. პირველი ჯილდო ითვალისწინებდა EMI-ს შვედურ განყოფილებასთან კონტრაქტს და ტელეშოუებში გამოსვლას. ლეიბლზე მან რამდენიმე სინგლი გამოსცა, რომელთა უმეტესობა იქცა ჰიტებად შვედურ ჩარტებში. ბენი ანდერსონთან თანამშრომლობის დაწყების ეტაპზე (1971) მას უკვე ჰქონდა #1 სინგლი , "Min egen stad" , რომელშიც ABBA-ს ყველა მომავალი წევრის ვოკალებიც ჟღერდა. ლიუნგსტადმა დაიწყო საკონცერტო გამოსვლები და ხშირად ჩნდებოდა რადიო და ტელეეთერში. ულვეუსი მან 1963, ხოლო ფელტსკუგი - 1968 წელს გაიცნო.

ჯგუფის მომავალ წევრებს ლიუნგსტადის ცხოვრება 1969 წელს დაუკავშირდა. 1969 წლის მარტში მან ფესტივალზე Melodifestivalen ანდერსონი გაიცნო. რამდენიმე კვირის შემდეგ, სამხრეთ შვედეთში სტუმრობისას ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი წყვილად იქცნენ. 1969 წლის სექტემბერში ანდერსონმა იმუშავა პროდიუსერად მის სინგლზე "Peter Pan", რომელიც იყო ლიუნგსტადის პირველი თანამშრომლობა ბენისთან და ბიორნთან. ანდერსონმა მოგვიანებით იმუშავა მის სადებიუტო სოლო-ალბომზე Frida (1971), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს. ანი-ფრი შვედეთში, 1969-1973 წლებში რამდენიმე კაბარე-შოუშიც მონაწილეობდა. ABBA-ს ჩამოყალიბების შემდეგ 1975 წელს მან კიდევ ერთი წარმატებული ალბომი, Frida ensam გამოსცა. მასში შეტანილი იყო ABBA-ს მომავალი სიმღერის "Fernando" ორიგინალური ვერსია, შვედურ ენაზე. სკანდინავიაში იგი ინგლისური ვერსიის გამოცემამდეც ჰიტად იქცა.[5]

[რედაქტირება] პირველი დიდი გამოსვლა და "Festfolk"

ოთხივე შემსრულებლის ნიჭის ერთად გამოვლენის მცდელობას ადგილი ჰქონდა 1970 წლის აპრილში, როდესაც ორივე წყვილი კვიპროსზე ისვენებდა. თავდაპირველად ისინი სანაპიროსთან გართობის სახით მღეროდნენ, მაგრამ მოგვიანებით ეს გადაიქცა სრულყოფილ გამოსვლად, რომელიც იქვე მყოფ გაერთიანებული ერების ჯარებს ეძღვნებოდა. ანდერსონი და ულვეუსი ამ პერიოდში უკვე იწერდნენ ალბომს Lycka, რომელიც 1970 წლის სექტემბერში გამოვიდოდა. ფელტსკუგი და ლიუნგსტადი ივნისში ამ სიმღერებისათის საკუთარ ვოკალებს ამატებდნენ, რაც გადაიზარდა ერთიანი ჯგუფის, "Festfolk" ჩამოყალიბების იდეად. 1970 წლის 1 ნოემბერს გოტენბურგში შედგა მათი შოუ, რომელსაც ძირითადად უარყოფითი შეფასებები ხვდა წილად. თუმცა, ულვეუსის და ანდერსონის მიერ შესრულებული "Hej, gamle man" მოწონებული იქნა (ამ სიმღერაში ჟღერდა ოთხივე მუსიკოსის შესრულება). ისინი ასევე ასრულებდნენ სოლო კომპოზიციებს საკუთარი ალბომებიდან, მაგრამ ცივი შეფასებების გამო, დროებით გადადეს პროექტზე მუშაობის ამბიციები და ყურადღება საკუთარ ალბომებზე გადაიტანეს.

[რედაქტირება] პირველი ერთობლივი ჩანაწერი - "Hej, gamle man"

"Hej, gamle man", სიმღერა გადარჩენის არმიის მოხუც ჯარისკაცზე, იქცა კვარტეტის პირველ ჰიტად. ჩანაწერის ავტორებად მითითებულები იყვნენ „ბიორნი და ბენი“. გაყიდვების მხრივ ჩარტში იგი #5, ხოლო სიმღერების პოპულარობით - შვედეთის ჩარტში #1 ადგილზე მოხვდა და იქ 15 კვირა იმყოფებოდა.

1971 წელს ოთხმა მუსიკოსმა განაგრძო თანამშრომლობა, დაამატა რა ვოკალები ერთმანეთის ჩანაწერებს. ფელტსკუგმა, ანდერსონმა და ულვეუსმა მაისში ერთობლივი საკონცერტო ტურნე ჩაატარეს, ხოლო ლიუნგსტადი ცალკე მოგზაურობდა. ხშირი ხმისჩამწერი სესიებით ოთხივე სტუდიაში ზაფხულში დაბრუნდა.[6]

[რედაქტირება] ჯგუფის ჩამოყალიბება (1970–1973)

Lycka-ს 1970 წელს გამოცემის შემდეგ დუეტის 'Björn & Benny' სახელით შვედეთში გამოვიდა ორი სინგლი - "Det kan ingen doktor hjälpa" და "Tänk om jorden vore ung", სადაც ფელტსკუგისა და ლიუნგსტადის უფრო გამოკვეთილი ვოკალი ჟღერდა. სიმღერებს შვედურ ჩარტში მცირე წარმატება ჰქონდა.

1971 წლის 6 ივლისს ფელტსკუგი და ულვეუსი დაქორწინდნენ. მათ და ანდერსონმა იმავე წლის ზაფხულში დაიწყეს გამოსვლა პარკებში.

სტიგ ანდერსონი, ლეიბლის Polar Music დამაარსებელი, მეინსტრიმული წარმატების მიღწევას ანდერსონისა და ულვეუსის მუსიკით აპირებდა. „ერთხელ ისედაც სიმღერას დაწერთ, რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცევა“ - ასეთი იყო მისი ერთგვარი წინასწარმეტყველება.[7] ანდერსონს და ულვეუსს მან შესთავაზე ფესტივალისათვის Melodifestivalen სიმღერის დაწერა. 1971 წლის ორი წარუმატებელი სიმღერის შემდეგ [8] ანდერსონმა და ულვეუსმა წარადგინეს ახალი სიმღერა "Säg det med en sång", რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო 1972 წლის კონკურსში, ვოკალისტ ლენა ანდერსონის მონაწილეობით. სიმღერა მოხვდა კონკურსის მესამე ადგილზე, რამაც სტიგ ანდერსონი ფრიად გაახარა. შვედეთში იგი ჰიტად იქცა.[9]

საერთაშორისო წარმატების პირველი ნიშნები მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც ანდერსონისა და ულვეუსის სინგლი "She's My Kind of Girl" ლეიბლმა Epic Records 1972 წლის მარტში, იაპონიაში გამოსცა. დუეტის ამ ჩანაწერმა იქ საუკეთესო ათეულში მოხვედრა შესძლო. იაპონიაში გამოიცა კიდევ ორი სინგლი - "En Carousel"[10] (სკანდინავიაში ცნობილი "En Karusell"-ის, სიმღერის "Merry-Go-Round" ადრეული ვერსიის სახით) და "Love Has Its Ways" (დაწერილი კოიჩი მორიტასთან ერთად.[11]

[რედაქტირება] პირველი ჰიტი ჯგუფის Björn, Benny, Agnetha & Anni-Frid სახით

ულვეუსი და ანდერსონი განაგრძობდნენ სიმღერების წერას და ექსპერიმენტებს ატარებდნენ ახალ ჟღერადობასთან და ვოკალურ არანჟირებებთან. "People Need Love" გამოიცა 1972 წლის ივნისში და მასში ჟღერდა აგნეტას და ანი-ფრიდის ვოკალები, რომლებსაც ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ. სტიგ ანდერსონის დახმარებით იგი გამოვიდა როგორც სინგლი, რომლის შემსრულებლად მითითებული იყო ჯგუფი Björn & Benny, Agnetha & Anni-Frid. ის მოხვდა 17-ე ადგილზე შვედეთის გაერთიანებულ ჩარტში, რომელშიც როგორც სინგლები, ასევე ალბომები მონაწილეობდნენ. ეს საკმარისი იყო, რათა მუსიკოსები დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ გარკვეულ გზას მიუყვებოდნენ.[12] სინგლი ასევე კვარტეტის ისტორიაში იქცა პირველ ჩანაწერად, რომელიც აშშ-ს ჩარტში მოხვდა, სადაც ჟურნალის Cashbox ჩარტში 114-ე ადგილი დაიკავა. იმავე ტერიტორიაზე, ჟურნალის Record World ჩარტში ის 117-ე ადგილზე მოხვდა. იგი გამოცემული იქნა Björn & Benny (with Svenska Flicka)-ს სახელით, ლეიბლზე Playboy Records. თუმცა, სტიგის თქმით, "People Need Love" იქცეოდა უფრო დიდ ჰიტად, რომ არა Playboy Records-ის მცირე ლეიბლის სტატუსი, რომელიც არ აძლევდა საშუალებას, სიმღერის დისტრიბუციით უფრო ფართო მასშტაბებში დაკავებულიყო - თუნდაც ფართო გაყიდვაში ჩაეშვა ან რადიოსადგურებისათვის დაერიგებინა.[13]

1972 წლის შემოდგომაზე ოთხეულმა გადაწყვიტა პირველი ერთობლივი ალბომის ჩაწერა და ხმისჩამწერი სესიები დაიწყო 1972 წლის 26 სექტემბერს. იმ დღეს აგნეტამ და ანი-ფრიდმა ჩაწერეს სიმღერის "Nina, Pretty Ballerina" ვოკალური ნაწილი და შეხამებული ხმებით მიღებული შედეგით დარწმუნდნენ მათი გაერთიანებული შემოქმედებითი ძალების ეფექტურობაში.

[რედაქტირება] "Ring Ring"

1973 წელს ჯგუფმა, მენეჯერთან ერთად, გადაწყვიტა ფესტივალზე Melodifestivalen კვლავ გამოჩენა, ამჯერად ახალი სიმღერით Ring Ring. ჩაწერისას სტუდიაში მათთან მუშაობდა პროდიუსერი მაიკლ ბ. ტრეტოუ, რომელიც იყენებდა ე.წ. „ხმის კედელს“ (მოგვიანებით პროდიუსერის მიერ გამოყენებული ეს ტექნოლოგია ჯგუფის ჟღერადობის დამახასიათებელ ნიშნად იქცა). სტიგ ანდერსონის დაკვეთით, ნილ სედაკამ და ფილ კოუდიმ დაწერის სიმღერის ინგლისურენოვანი ტექსტი. თუმცა, 1973 წლის 10 თებერვალს, ფესტივალზე სიმღერა მხოლოდ მესამე ადგილზე მოხვდა და ევროვიზიის კონკურსამდე ვერ მიაღწია. ჯგუფმა მაინც გამოსცა სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელსაც ასევე Ring Ring ეწოდა. ალბომის გაყიდვები შთამბეჭდავი იყო და სინგლი Ring Ring მოხვდა რამდენიმე ევროპული ქვეყნისა და აფრიკის ჩარტებში. სტიგ ანდერსონი, მიუხედავად ამისა, თვლიდა, რომ ნამდვილი წარმატება მოპოვებული იქნებოდა ბრიტანეთის ან აშშ-ს ჩარტში ჰიტის შემთხვევაში.[14]

[რედაქტირება] ოფიციალური სახელწოდება

1973 წელს სტიგ ანდერსონმა, რომელიც დაიღალა ჯგუფისათვის ულაზათო სახელწოდებების შერჩევით, გადაწყვიტა, რომ როგორც საჯაროდ, ასევე შიდა წრეებში მათთვის აბბა (ABBA) ეწოდებინა. ერთი შეხედვით, ეს იყო სიტყვების თამაში, ვინაიდან შვედეთში არსებობდა კომპანია Abba, რომელიც ზღვის პროდუქტებს აწარმოებდა. თუმცა, ამ კომპანიის პროდუქცია შვედეთის ფარგლებს გარეთ უცნობი იყო და ანდერსონს სჯეროდა, რომ სახელი საერთაშორისო მასშტაბით ეფექტური იქნებოდა. გოტენბურგის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა განცხადება ჯგუფის საუკეთესო სახელზე. ჯგუფის წევრებს მოსწონდათ "Alibaba", "FABB" და "Baba", მაგრამ საბოლოოდ ყველა ვერსია იგნორირებული იქნა და ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ მათი სახელწოდება ABBA იქნებოდა. კომპანიასთან Abba გაფორმდა შეთანხმება სახელის გამოყენებაზე.[15] ABBA არის აკრონიმი, შედგენილი ჯგუფის წევრთა სახელებისგან - აგნეტა, ბიორნი, ბენი და ანი-ფრიდი.[16] პრომო ფოტოსესიის დროს ბენიმ თავისი ინიციალი „ბ“ ხუმრობით შეაბრუნა და 1976 წლიდან დღემდე ჯგუფის ლოგოში იგი სწორედ ასე გამოიყენება. ეს ლოგოს მახასიათებელ ნიშნად იქცა და იგი რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნად აქცია.

სახელი ABBA პირველად მითითებულია სტუდიის Metronome (სტოკჰოლმი) ხმისჩამწერი სესიების აღმნიშვნელ ქაღალდზე, რომელიც 1973 წლის 16 ოქტომბრით თარიღდება. თავდაპირველად ეს სესია შედგა ჯგუფის Björn, Benny, Agnetha & Frida სახელით, მაგრამ მოგვიანებით სახელს ხაზი გადაესვა და დიდი ასოებით იქნა დასმული ABBA.

ოფიციალური ლოგო, რომელშიც გამოიყენება News Gothic-ის ტიპის შრიფტი, შექმნილი იქნა რუნე სოდერკვისტის მიერ და პირველად გამოჩნდა სინგლზე Dancing Queen, 1976 წლის აგვისტოში, მოგვიანებით კი გამოყენებული იქნა ყველა შემდგომ ალბომსა და სინგლზე. მაგრამ ოფიციალური ლოგოს იდეა დაებადა გერმანელ ფოტოგრაფ ვოლფგანგ ჰაილემანს, სინგლთან დაკავშირებული ფოტოსესიის დროს, რომელიც მოზარდთა ჟურნალისათვის Bravo მზადდებოდა. ფოტოსურათზე ჯგუფის ყოველი წევრი დგას საკუთარი სახელის ინიციალით. ფოტოსესიის შემდეგ ჰაილემანმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთს ინიციალი უკუღმა ეკავა. თუმცა, ჯგუფის წევრებს ეს იდეა მოეწონათ. მას შემდეგ, რაც ჯგუფთან კონტრაქტი გააფორმა, ლეიბლმა Polygram განაგრძო ასეთი პრინციპით შედგენილი სახელის გამოყენება, მაგრამ განსხვავებულ შრიფტებსაც იყენებდა. გარდა ამისა 1992 წელს მან ლოგოს სამეფო გვირგვინიც დაამატა - ეს მოხდა კრებულის ABBA Gold: Greatest Hits გამოცემისას. მოგვიანებით ლეიბლმა Universal Music შეიძინა Polygram და შესაბამისად, ABBA-ს ლეიბლი Polar Music International და ჯგუფის მუსიკალური კატალოგის მფლობელობა სტოკჰოლმში დაბრუნდა. ამის შემდეგ ორიგინალური ლოგო აღდგენილი იქნა ყველა ოფიციალურ ნაწარმზე.

[რედაქტირება] გარღვევა (1973–1976)

[რედაქტირება] ევროვიზია

ჯგუფი 1973 წელს ევროვიზიის კონკურსში სიმღერით "Ring Ring" მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმატება არ ჰქონიათ, სტიგ ანდერსონი უკვე 1974 წლის კონკურსზე ფიქრობდა.

ბენი, ბიორნი და სტიგ ანდერსონი დარწმუნებულები იყვნენ Melodifestivalen-ისა და ევროპული ტელევიზიების კონკურსებში, როგორც მუსიკალური ბიზნესის შექმნის საშუალებაში. 1973 წელს შვედურმა ტელევიზიამ ისინი მოიწვია 1974 წლის ევროვიზიის კონკურსისათვის შესარჩევი სიმღერის წარსადგენად და რამდენიმე ახალი ნომრიდან არჩეული იქნა "Waterloo". ამჯერად ჯგუფი მოექცა ინგლისში პოპულარული გლემ როკის გავლენის ქვეშ. "Waterloo" იყო აშკარა გლემ-სტილის პოპ სიმღერა, ჩაწერილი პროდიუსერ მაიკლ ბ. ტრეტოუს დახმარებით და wall-of-sound-ის მეთოდით.

ABBA-ს გამოსვლა ჰოლანდიურ ტელეარზე, 1974 წ.

ახალი ეროვნული აღიარება ჯგუფს 1974 წლის 9 თებერვალს ეწვია და ამჯერად ისინი საერთაშორისო კონკურსისათვის უფრო გამოცდილები და მომზადებულები იყვნენ. 1974 წლის 6 აპრილს მათ ევროვიზიის კონკურსზე მთავარი ჯილდო აიღეს, რაც ჯგუფს შანსს აძლევდა, ევროპაში ჩასულიყო და მონაწილეობა სატელევიზიო შოუებში მიეღო. "Waterloo" მოხვდა ევროპული ქვეყნების სინგლების ჩარტებში. იგი იყო მათი რიგით პირველი #1 სინგლი ბრიტანეთსა და გერმანიაში. აშშ-ში მან ბილბორდის 100-ეულის #6 პოზიციამდე მიაღწია და კოლექტივს ამ ქვეყანაში გზა გაუხსნა. გარდა პრომო კამპანიის ფარგლებში მოკლე ვიზიტისა, ისინი ეწვივნენ მაიკ დუგლასის შოუს. ალბომი Waterloo ბილბორდის ჩარტში მხოლოდ 145-ე ადგილზე ავიდა, მაგრამ აშშ კრიტიკოსების მიერ ერთსულოვნად მაღალი შეფასებები იქნა შემკული.

შემდეგი სინგლი, "Honey, Honey" აშშ-ს ბილბორდის 100-ეულში 27-ე ადგილამდე ავიდა და გერმანიაში #2 პოზიცია დაიკავა. ბრიტანეთში ლეიბლმა Epic გადაწყვიტა ამ სიმღერის მაგივრად "Ring Ring"-ის რემიქს-ვერსიის გამოცემა. "Honey, Honey" ჩაწერა ჯგუფმა Sweet Dreams და ეს ვერსია მოხვდა ჩარტის #10 პოზიციაზე. ორივე ჩანაწერის ბრიტანეთის ჩარტში გამოჩენა მოხდა ერთი კვირის ინტერვალით. "Ring Ring" ბრიტანეთში საუკეთესო 30-ეულშიც არ შესულა და წარმოიშვა ვარაუდი, რომ ჯგუფი ევროვიზიის ერთჰიტიან საოცრებას წარმოადგენდა.

[რედაქტირება] ევროვიზიის შემდეგ

1974 წლის ნოემბერში ჯგუფმა დაიწყო პირველი ევროპული ტურნე - დანიაში, დასავლეთ გერმანიასა და ავსტრიაში. მოლოდინის მიუხედავად, იგი წარმატებული არ ყოფილა, დარბაზების უმეტესობა არ შევსებულა. ამის გამო რამდენიმე კონცერტი გაუქმდა, მათ შორის - შვეიცარიაში დაგეგმილიც. ტურნეს მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა სკანდინავიაში 1975 წლის იანვარში მოგზაურობას, განსხვავდებოდა. ყველა საკონცერტო დარბაზი შევსებული იყო და ჯგუფმა საბოლოოდ მიიღო ნანატრი გამოხმაურებაც. კონცერტებით 1975 წლის ზაფხულში დაიწყო 16 თარიღიანი გამოსვლები შვედეთისა და ფინეთის ღია მოედნებზე. სტოკჰოლმის შოუს, გამართულს გრონა ლუნდის პარკში, დაესწრო დაახლოებით 19.200 მსმენელი.[17]

1974 წლის ბოლოს ბრიტანეთში სინგლის სახით გამოიცა "So Long", რომელიც Radio 1-ის მიერ როტაციაში ჩაშვებული არ იქნა, ამიტომ ჩარტშიც ვერ მოხვდა. 1975 წლის ზაფხულში გამოვიდა სინგლი "I Do, I Do, I Do, I Do, I Do", რომელსაც იგიგი რადიოსადგური ნაკლებ პროპაგანას უწევდა, მაგრამ სიმღერა ჩარტის #38 ადგილზე მოხვდა. 1975 წლის ბოლოს გამოვიდა სასათაურო ალბომი ABBA და სინგლი "SOS", რამაც ჯგუფი ბრიტანეთის ჩარტებში მოახვედრა. სინგლი 6-ე, ხოლო ალბომი 13-ე ადგილამდე მივიდა. "SOS" ასევე იქცა ABBA-ს რიგით მეორე #1 სინგლად გერმანიასა და ავსტრალიაში. წარმატება გაამყარა სინგლმა "Mamma Mia", რომელიც ბრიტანეთში, გერმანიასა და ავსტრალიაში #1 ადგილზე მოხვდა. აშშ-ში "SOS" Record World-ის სინგლების 100-ეულის #10, ხოლო ბილბორდის ცხეულ ასეულის - #15 ადგილზე შეაღწია და 1975 წელს მიიღო ჯილდო BMI-სგან, როგორც აშშ-ს ეთერში წლის ყველაზე აქტიურმა სიმღერამ.

ჯგუფის წარმატება აშშ-ში იმ დრომდე უმნიშვნელო იყო და სინგლებიც ამ ტერიტორიაზე არ გამოცემულა. 1976 წლამდე ჯგუფს უკვე ჰქონდა ბრიტანეთის ჩარტების საუკეთესო 30-ეულში მოხვედრილი 4 სინგლი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუსიკალურ ბაზარზე გასვლა რთული იყო. ალბომიდან ABBA ამერიკაში სამი სიმღერა ჰიტად იქცა, მაგრამ ალბომი ჩარტში Cashbox მხოლოდ 165-ე, ხოლო ბილბორდის სიაში - 200-ე ადგილს დასჯერდა. Creem-ის აზრით, აშშ-ში აბბა დაუდევარ სარეკლამო კამპანიას ეწეოდა. თუმცა, ამერიკული პრესის ერთი ნაწილი ჯგუფს დადებით შეფასებას აძლევდა. Cashbox-ის აზრით, „ABBA-ს მარკეტინგში იყო გემოვნებისა და არტისტული მახასიათებლების, კრეატიულობისა და საკუთარი თავის წარდგენის განმეორებადი თემა, რაც მათი მცდელობების კრიტიკას თითქმის შემაცბუნებლად აქცევს“. Creem წერდა: „SOS-ის ირგვლივ ამ ალბომზე იმდენი კარგი მელოდიაა, რომელიც დაგაფრთხობს“.

ავსტრალიაში მუსიკალური ვიდეოკლიპების "I Do, I Do, I Do, I Do, I Do" და "Mamma Mia" 1975 წლის აგვისტოში ეროვნულ ტელეარხებზე ჩვენებას მოჰყვა ჯგუფის მიმართ დიდი ინტერესი, რამაც სინგლებისა და ალბომების ჩარტებში ჯგუფის ნამუშევრებს მრავალთვიანი #1 ადგილი მოუტანა.

[რედაქტირება] სუპერვარსკვლავობა (1976–1981)

1976 წლის მარტში ჯგუფმა გამოსცა კრებული Greatest Hits, თუმცა იმ დროისათვის ბრიტანეთსა და აშშ-ში მხოლოდ ექვსი სინგლი ჰქონდა, რომელიც ჰიტად იქცა და საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილა. მიუხედავად ამისა, კრებული იქცა ჯგუფის პირველ ბრიტანულ #1 ალბომად და ოთხეული აშშ-ს საუკეთესო ალბომების 50-ეულის ჩარტშიც პირველად მოახვედრა, გაიყიდა რა ამ ქვეყანაში მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. ამ პერიოდში გერმანიაში გამოვიდა კრებული The Very Best of ABBA, რომელიც ასევე #1 ალბომად იქცა, მას კი Greatest Hits მოჰყვა, რომელიც გერმანიის ჩარტში 2-ე ადგილზე მოხვდა (მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების სიის მიხედვით, The Very Best-ს ჰგავდა. Greatest Hits-ში ასევე შეტანილი იქნა ახალი სიმღერა, Fernando, რომელიც დაწერილი იქნა ულვეუსისა და ანდერსონის მიერ შვედურ ენაზე, ლიუნგსტადის 1975 წლის სოლო ალბომისათვის Frida ensam (რომელიც თავის მხრივ, შვედეთის ჩარტების #1 ადგილზე მოხვდა). შვედეთში ლიუნგსტადის წარმატების შემდეგ ჩაიწერა სიმღერის ინგლისურენოვანი ვერსია, რომელმაც არანაკლებ 13 ქვეყანაში (ასევე ბრიტანეთში, გერმანიაში და ავსტრალიაში) #1 ადგილი მოიპოვა. სინგლი შემდგომში მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.[18] ავსტრალიაში იგი უმაღლეს პოზიციებს 14 კვირის განმავლობაში იკავებდა, საერთო ჯამში კი ჩარტში 40 კვირის განმავლობაში დარჩა. ისევე როგორც ბითლზის Hey Jude იმ დროისათვის ის იყო ავსტრალიის ჩარტის რეკორდსმენი და იქცა ამ ქვეყანაში ერთ-ერთ ბესტსელერ სინგლად. იმავე წელს მან ჯგუფს მოუტანა პირველი საერთაშორისო ჯილდო, არჩეული იქნა რა 1975 წლის საუკეთესო სტუდიურ ჩანაწერად. აშშ-ში ის მოხვდა Cashbox-ის 100-ეულის 10-ეულში და ბილბორდის ცხელი 100-ეულის 13-ე ადგილზე. ბილბორდის ახალგაზრდული თანამედროვე სიმღერების ჩარტის სათავეში მოქცევის შემდეგ, მან ჯგუფს მოუტანა პირველი ამერიკული #1 სინგლი.

ABBA-ს მეოთხე სტუდიური ალბომი, Arrival ევროპასა და ავსტრალიაში უკვე #1 ბესტსელერად იქცა და როგორც სტუდიური მუშაობის, ასევე სიმღერების შექმნის ახალ მიდგომას წარმოადგენდა. როკ მუსიკაზე უფრო მეტად ორიენტირებული Melody Maker და New Musical Express მას აღტაცებულები მიმოიხილავდნენ, ხოლო ამერიკელ კრიტიკოსთა უმეტესობა დადებითად აღწერდა. Arrival-იდან სინგლების სახით გამოცემულ სიმღერათა მთელი რიგი ჰიტებად იქცა. თავდაპირველად ესენი იყო Money, Money, Money, #1 ჰიტი გერმანიასა და ავსტრალიაში და Knowing Me, Knowing You, რიგით მეექვსე გერმანული #1 ჰიტი და მორიგი ბრიტანული #1. ნამდვილ სენსაციად იქცა Dancing Queen, რომელიც არა მხოლოდ ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრალიის ბაზარს იმორჩილებდა, არამედ აშშ-შიც პირველ ადგილზე მოხვდა. სამხრეთ აფრიკაში ჯგუფს ჰქონდა გამაოგნებელი წარმატება სიმღერებით Fernando, Dancing Queen და Knowing Me, Knowing You, რომელიც 1976-1977 წლებში ყველაზე გაყიდვადი სინგლების 20-ეულში მოხვდნენ. 1977 წელს ალბომი Arrival ნომინირებული იქნა ყოველწლიურ BRIT Awards-ზე, კატეგორიაში „წლის საუკეთესო საერთაშორისო ალბომი“. ამ დროისათვის აბბა ბრიტანეთში, დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკვე პოპულარული იყო. DVD ფილმში Frida – The DVD ლიუნგსტადი ამბობს, ამ დროისათვის, როდესაც ABBA-ს ჩანაწერები სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა, ის და ფელტსკუგი უკვე ჩამოყალიბდნენ, როგორც მომღერლები.

ჯგუფის პოპულარობა აშშ-ში კვლავაც, ევროპასთან შედარებით მცირე მასშტაბებით აღინიშნებოდა და Dancing Queen იქცა ბილბორდის 100-ეულის პირველ პოზიციაზე მოხვედრილ ერთადერთ სინგლად (თუმცა ბილბორდის სხვა ჩარტების პირველ ადგილებზე მოხვდა ჯგუფის სხვა სინგლები). მიუხედავად ამისა, Arrival ფინანსურად აშშ-ში იქცა კოლექტივის ნამდვილ გარღვევად, მოხვდა ბილბორდის 200-ეულის 20-ე ადგილზე და RIAA-ს მიერ ოქროს სტატუსით იქნა შეფასებული.

[რედაქტირება] ევროპული და ავსტრალიური ტურნე

1977 წლის იანვარში დაიწყო ჯგუფის პირველი დიდი საკონცერტო ტურნე. ABBA-ს სტატუსი დრამატულად შეიცვალა და ამჯერად მათ უკვე სუპერვარსკვლავებად თვლიდნენ. ტურნე დაიწყე ოსლოში (ნორვეგია), 28 იანვარს. კონცერტებზე წარმოდგენილი იყო მასიური სასცენო გაფორმება, რომელშიც შეტანილი იყო თავად ჯგუფის მიერ დაწერილი ოპერეტა „ოქროსთმიანი გოგონა“. ევროპასა და ავსტრალიაში კონცერტებს დიდი ინტერესით შეხვდნენ. შოუები გაგრძელდა დასავლეთ ევროპაში და დასრულდა ბრიტანეთში, მთლიანად გაყიდული ორი კონცერტით ლონდონში. ბილეთები ამ შოუებზე მხოლოდ საფოსტო შეკვეთით ვრცელდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბილეთების მოთხოვნათა რაოდენობა შეადგენდა 3.5 მილიონს შეადგენდა. Creem-ის დადებითი შეფასებების გარდა, რომლებშიც აღნიშნული იყო ჯგუფის მიერ სცენაზე სტუდიური მასალის შესრულების უნარი, აღსანიშნავია Melody Maker-ის უკმაყოფილება იმით, რომ საკონცერტო შემადგენლობის 16 მონაწილისგან ინდივიდუალურობა არ იგრძნობოდა. ალბერტ ჰოლში გადაღებული კონცერტების ნაწილი შეტანილი იქნა ფილმში ABBA: The Movie.

აგნეტა ფელტსკუგი ჯგუფის ევროპული და ავსტრალიური ტურნეს დასაწყისში, 1977 წლის 28 იანვარი

ტურნეს ევროპული ნაწილის შემდეგ, 1977 წლის მარტში ავსტრალიაში შედგა 11 კონცერტი, რომელსაც საერთო ჯამში, 160.000 მსმენელი დაესწრო. 3 მარტს სიდნეის საკონცერტო მოედანზე გამართულ კონცერტს 20.000 მსმენელი ესწრებოდა, მაგრამ შოუ ჩაშალა კოკისპირულმა წვიმამ (გარდა ამისა, აგნეტა კონცერტის დროს სველ სცენაზე დაეცა). მიუხედდავა ამისა, ჯგუფის წევრები მოგვიანებით თვლიდნენ, რომ ეს მათი კარიერის ყველაზე დაუვიწყარი გამოსვლა იყო. მელბურნში ჯგუფის ჩასვლას თან ახლდა ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრა. ჯგუფი გამოჩნდა 6000 შეკრებილის წინაშე. მელბურნში ისინი სამი კონცერტით გამოვიდნენ. ყოველ მათგანს ესწრებოდა 14.500 მსმენელი, მათ შორის - ავსტრალიის პრემიერ მინისტრი მალკოლმ ფრეიზერი, ოჯახთან ერთად. მელბურნში გამართულ პირველი კონცერტის დროს ღობის მიღმა შეიკრიბა დამატებითი 16.000 მსმენელი, რომელიც შოუს უსმენდა. ადელაიდაში, ვესტ ლეიკსის საფეხბურთო სტადიონზე ჯგუფი 20.000 მსმენელის წინაშე წარსდგა (სტადიონის მიღმა დამატებითი 10.000 მსმენელით). პერთში პირველი ხუთი კონცერტის პერიოდში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს გასართობ ცენტრში, სადაც კოლექტივს გამოსვლები უნდა ჰქონოდა, ბომბი იყო დამონტაჟებული. მათ ავსტრალიურ ტურნეს მოჰყვა ნამდვილი ისტერია და უპრეცედენტო ყურადღება მედია საშუალებების მხრიდან.

[რედაქტირება] დისკოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ABBA-ს დისკოგრაფია.

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Palm 2001
  2. Palm 2001
  3. Palm 2001
  4. Palm 2001
  5. Palm 2001
  6. Palm 2001
  7. Palm 2001
  8. Palm 2001
  9. Palm 2001
  10. Cover art for Björn and Benny single "En Carousel"/"Lycka". Discogs.com. წაკითხვის თარიღი: 23 August 2010.
  11. Palm 2001
  12. Palm 2001
  13. Interview with Songwriter magazine, 6, 1981, pp.23–25.
  14. Palm 2001
  15. Palm 2001
  16. ABBA's biography, page 2. abbasite.com. წაკითხვის თარიღი: 16 January 2008..
  17. Palm 2001
  18. Karen Collins (25 August 2009). Fernando the Flute – Details. Tagg.org. წაკითხვის თარიღი: 31 January 2010.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ABBA&oldid=1877374-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე