სალომე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალომე
ეროვნება ებრაელები
წოდება იუდეას პრინცესა
ქალკის დედოფალი
მცირე სომხეთის დედოფალი
მეუღლე(ები) ფილიპე ტეტრარქი
არისტობულუს ქალკელი
მშობლები მამა: ჰეროდე II, იუდეას მთავარი
დედა: ჰეროდიასი

სალომე (ებრ. שלומית; ბერძ. Σαλώμη) — იუდეველი პრინცესა. ჰეროდე II-ისა და ჰეროდიასის ქალიშვილი, ტეტრარქ ჰეროდე ანტიპატროსის გერი, რომლის ბრძანებითაც თავი მოჰკვეთა იოანე ნათლისმცემელს და შემდეგ ლანგრით მიართვა.

იოსებ ფლავიუსის მიხედვით სალომე დაქორწინებული იყო თავის ბიძა ფილიპე ტეტრარქზე. ძვ.წ. 34 წელს, ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ იგი თავის ბიძაშვილ არისტობულუს ქალკელზე დაქორწინდა, რითაც მცირე სომხეთისა და ქალკის დედოფალი გახდა. ვინაიდან სახელი სალომე ძველ აღთქმაში მოხსენიებული არაა, ხშირად მას ჰეროდეს ქალიშვილის სახელით მოიხსენიებენ.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალომე დაიბადა ძვ.წ. I საუკუნეში, რომის იმპერიის იუდეას პროვინციაში. იგი იყო ადგილობრივი მთავრის, ჰეროდე II-ისა და მისი მეშვიდე ცოლის, ჰეროდიასის ქალიშვილი. დედამისს იოსებ ფლავიუსი „თავისი დროის ყველაზე ლამაზ ქალს“ უწოდებს. აღსანიშნავია, რომ მამამისის მამა იყო იუდეას მეფე ჰეროდე I დიდისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ მარიამნის ვაჟი.

სალომეს ბავშვობის შესახებ ცნობები არ არსებობს. მოგვიანებით იგი დააქორწინეს თავის ღვიძლ ბიძაზე — ფილიპე ტეტრარქზე. რამდენადაც ცნობილია, წყვილს შვილები არ შეეძინა და სალომე ჩვ.წ. 34 წელს დაქვრივდა. ამის შემდეგ იგი ცოლად გაჰყვა თავისსავე ბიძაშვილ არისტობულუსს, ქალკის მეფის ვაჟს. რამდენიმე წელიწადში, 49 წელს რომის იმპერატორმა აგრიპამ მისი ქმარი იმპერიიდან გააძევა, რამაც სალომეს იმედები გაუცრუა, თუმცა 54 წელს იმპერატორმა ნერონმა არისტობულუსი მცირე სომხეთის მეფედ დასვა. ამრიგად, სალომე ნიკოპოლთან მდებარე მცირე სომხეთის დედოფალი გახდა.

მათი მმართველობა სომხეთში არც თუ ისე დიდ ხანს გაგრძელდა, რადგანაც ისტორიული ცნობებით, დედოფალი სალომე 60-იან წლებში გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ჩვენამდე მოღწეულია არაერთი სომხური მონეტა, სადაც არისტობულუსი და სალომე ერთად არიან გამოსახულნი, როგორც სამეფო წყვილი. რამდენადაც ცნობილია, მას არც მეორე ქმრისგან ჰყოლია შვილები.

ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკოზის სახარების მიხედვით, მეფე ჰეროდეს დაბადების დღისადმი მიძღვნილ ბანკეტზე მისი ცოლი, ჰეროდიასი ცეკვავდა, რა დროსაც მათმა ქალიშვილმა ტყვეობაში მყოფ იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა და მამინაცვალს ლანგარზე დადებული მიართვა. მიუხედავად იმისა, რომ სახარებაში ამ გოგონას სახელი ნახსენები არ არის, იგი ხშირადაა გაიგივებული სალომესთან, რადგან იგი მათი ერთადერთი ასული იყო. მარკოზის სახარების მიხედვით, იოანემ ჰეროდიასის მეორე ქორწინებას უკანონო უწოდა, რის გამოც შეურაცხყოფილმა ჰეროდიასმა ქალიშვილს მისი სიკვდილით დასჯა მოსთხოვა.

სალომეზე საუბარია მათეს სახარებაშიც, თუმცა კონკრეტულ სახელს არც ის ასახელებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ძველ ბერძნულ ნაშრომებზე დაყრდნობით, ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სახარებაში იმიტომ არაა მისი სახელი ნახსენები, რომ მასაც დედის მსგავსად ჰეროდიასი ერქვა. მათი განმარტებით, დედა-შვილის ერთმანეთისაგან განსასხვავებლად უწოდებდნენ მას „ჰეროდიასის ქალიშვილს“, ან სულაც „გოგონას“.

დედოფალი სალომე ასევე ხშირად ერევათ ქრისტეს მოწაფე წმინდა სალომეში, რომელიც იესოს ჯვარცმას ესწრებოდა. მოციქულ ბართლომე თავის ნაშრომებში საუბრობს „სალომეს ცდუნების“ შესახებ, რაც უკვე დედოფალს ეხება, რომელიც მისი ჩანაწერების მიხედვით დაესწრო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. რამდენადაც ცნობილია, იგი მისი საფლავის სანახავად იყო მისული, რა დროსაც მოხდა ზემოთ ხსენებული სასწაული.

კულტურული მემკვიდრეობა და გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად უარყოფითი ხასიათისა, სალომეს პერსონაჟმა საკმაოდ ფართო ასახვა ჰპოვა ხელოვნების ყველა დარგში. მის შესახებ დაიწერა და შეიქმნა უამრავი პიესა, ნოველა, მუსიკა, ოპერა და წიგნი. სალომეს შესახებ გადაღებულია ექვსი ფილმი და სხვადასხვა პერიოდში შექმნილია უამრავი ძვირფასი ტილო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gillman, Florence Morgan. Herodias: At Home in the Fox's Den. Interfaces. Collegeville, Minn.: Liturgical Press, 2003. ISBN 0-8146-5108-9
  • Claudel, Paul-André. Salomé: Destinées imaginaires d'une figure biblique, Paris: Ellipses, 2013. ISBN 9782729883171
  • Constantine Cavafy (1976). The Complete Poems of Cavafy. Harcourt Brace Jovanovich. p. 245. ISBN 978-0-15-619820-2.
  • Alan Perks; Jacqueline Porteous (4 December 2009). A2 Drama and Theatre Studies: The Essential Introduction for Edexcel. Routledge. p. 171. ISBN 978-1-135-27001-8.
  • Georges-Claude Guilbert (26 March 2009). Literary Readings of Billy Wilder. Cambridge Scholars Publishing. pp. 31–35. ISBN 978-1-4438-0847-7.
  • Burton, Fisher D. (1 April 2000). Salome. Opera Journeys Publishing. p. 23. ISBN 978-1-930841-21-5.
  • Rosina Neginsky (16 October 2014). Salome: The Image of a Woman Who Never Was; Salome. Cambridge Scholars Publishing. p. 150. ISBN 978-1-4438-6962-1.
  • Denis Hollier (1997). Absent Without Leave: French Literature Under the Threat of War. Harvard University Press. p. 104. ISBN 978-0-674-21270-1.
  • Huysmans À rebours – Toni Bentley (2002) Sisters of Salome: 24
  • Patricia Petibon and Venice Baroque Orchestra conducted by Andrea Marcon. Rosso: Italian Baroque Arias. Deutsche Grammophon, 2010. DG 477 8763 (track 2)
  • C. G. Jung and Sonu Shamdasani. "Mysterium. Encounter". The Red Book: Liber Novus. WW Norton. p. 247. ISBN 9780393065671.
  • Beth Allison Barr (2008). The Pastoral Care of Women in Late Medieval England. Boydell Press. p. 73. ISBN 978-1-84383-373-4.