ბიწმენდის ეკლესია
ბიწმენდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის ცენტრში, თარიღდება XIX საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (13,6 X 7,8 მ), ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც (კარ-სარკმლების წირთხლები, სარკმლის ზღუდარები, ლავგარდანი, იატაკი). შიგნიდან და გარედან თაღოვან შეღრმავებაში ჩასმული სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც უშუალოდ ერწყმის ნავის გრძივ კედლებს, ისევე როგორც კონქი კამარას. საკურთხეველში სამი ფართო სწორკუთხა სარკმელია. ასეთივე ფართო სწორკუთხა სამ-სამი სარკმელია გაჭრილი ეკლესიის გრძივ კედლებშიც. ერთი პატარა სარკმელი შესასვლელის თავზეა. ჩრდილოეთ სარკმელი მოგვიანებით ნიშად გადაუკეთებიათ.
გრძივი კედლები გარედან გამაგრებულია ოთხ-ოთხი სწორკუთხა კონტრფორსით. დასავლეთ ფასადზე კარი დასრულებულია აგურით ნაწყობი მუზარადისებრი თაღით და მოჩარჩოებულია რელიეფური სწორკუთხოვანი საპირით. ამავე ფასადზე, სარკმლის ზემოთ, ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. შენობის დასავლეთ ფრონტზე აღმართულია აგურით ნაგები სწორკუთხოვანი, ოთხივე მხრიდან თაღოვანი მალებით გახსნილი სამრეკლო, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 272.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10503