იგორ ტამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იგორ ტამი
რუს. Игорь Евгеньевич Тамм
დაბ. თარიღი 8 ივლისი, 1895(1895-07-08)[1] [2]
დაბ. ადგილი ვლადივოსტოკი, რუსეთის იმპერია[3]
გარდ. თარიღი 12 აპრილი, 1971(1971-04-12)[3] [4] [5] [1] [6] (75 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[3]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ფიზიკოს-თეორეტიკოსი, გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი, მგუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[7]
განთქმული მოსწავლეები Vladimir Kadyshevsky, Leonid Keldysh, Moisey Markov, Anri Rukhadze, Viktor Silin, Michail Leonovič Ter-Mikaėljan, Evgenii Feinberg, Semyon Shubin, Dmitry Blokhintsev, Vitaly Ginzburg, ანდრია სახაროვი და Alexander Davydov
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Nataliya Shuyskaya
შვილ(ებ)ი Evgeny Tamm
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ნობელის პრემია ფიზიკაში[8] [9] , სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი[10] , შრომის წითელი დროშის ორდენი, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი და სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია

იგორ ტამი (რუს. И́горь Евге́ньевич Тамм; დ. 8 ივლისი, 1895, ვლადივოსტოკი — გ. 12 აპრილი, 1971, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1958 წ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგორ ევგენის ძე ტამი დაიბადა 1895 წლის 8 ივლისს ქალაქ ვლადივოსტოკში, 1899 წელს ტამის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ელიზავეტოგრადში (ეხლანდელი კიროვობადი). აქვე დაამთავრა გიმნაზია 1913 წელს. იმავე წელს ტამი გაემგზავრა შოტლანდიაში და შევიდა ედინბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ იგი გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იმავე ფაკუტეტზე, დაასრულა 1918 წელს. 1918-1921 წლებში ტამი მასწავლებელია, 1921-1922 წლებში ლ. მანდელშტამი მას იწევს ოდესის პოლიტიკურ ინსტიტუტში სამუშაოდ. 1922 წლიდან იგორ ტამი მოსკოვს უბრუნდება და მუშაობას იწყებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, სადაც მრავალი განმავლობაში ხელმძღვანელობდა თეორიული ფიზიკის კათედრას. 1934 წლიდან ტამი დაინიშნა პ. ლებედევის სახელობის სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგედ. იგორ ტამი იყო სოციალისტური შრომის გმირი, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი და ნობელის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.

იგორ ტამის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მეცნნიერული გამოკვლევა ტამმა ლ.მანდელშტამის გავლენით დაიწყო. იგი ეხებოდა სნიზოტროპიულ გარემოს, ელექტროდინამიკას და კრისტალთოპტიკას ფარდობითობის სპეციალურ თეორიაში. მისი შემდეგი შრომები ეხება ფარდობითობის თეორიას, ბორის კვანტურ თეორიას და არარელატივისტურ კვანტურმექანიკას. 1930 წელს გამოქვეყნდა ტამის მნიშვნელოვანი შრომა, რომელშიც მან წარმოადგინა გაბნეული სინათლის დასრულებული კვანტური თორია. ამ შრომაში პირველად იყო ჩატარებული მყარ სხეულებში დრეკადი ტალღები დაკვანტვა და შემოტანილ იქნა ცნება — „ბგერითი კვანტების“ შესახებ.

იმავე წელს გამოქვეყნდა ტამის შრომების სერია პ. დირაკის მიერ ელექტრონის ახლად შექმნილ რელატივისტურ მექანიკაში; ამ თეორიმ გამოქვეყნებისთანავე დიდი სიმპათია დაიმსახურა ფიზიკოსებში იმის გამო, რომ იგი ადვილად განმარტავდა ელექტრონის სპინურ თვისებებს. მომდევნო წლებში იგორ ტამის ყურადღება მიიპყრო კვანტური მექანიკის ახალმა დარგმა - ლითონთა კვანტურმა თეორიამ. ამ დარგში ტამისა და მისი მოწაფეების შრომათა ციკლი მტკიცედ შევიდა ლითონების თანამედროვე თეორიაში. აქ პირველ რიგში უნდა დავასახელოთ შრომები, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარა ლითონებში ფოტოეფექტის თეორიას, და შრომები, რომლითაც აღმოჩენილ იქნა განსაკუთრებული ტიპის დონეები. 1934 წლიდან იგორ ტამმა დაიწყო მუშაობა ატომბირთვისა და კოსმოსური სხივების პრობლემებზე. 1945 წელს, 50 წლის ტამმა ბირთვული ძალებისადმი მიძღვნილი ახალი შრომების ციკლის გამოქვეყნება დაიწყო. ამ წელს მან გამოაქვეყნა შრომები, რომელშიც წამოაყენა ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედების შესწავლის ახალი მეთოდით. ამ მეთოდმა შესცვალა ე.წ. „შეშფოთების თეორიის“ მეთოდი, რომელიც მანამდე იყო გამოყენებული ბირთვულ ფიზიკაში. ამ მეთოდს „ტამის მეთოდი“ ან „ტამ-დანკოვის“ მეთოდი ეწოდება და მან სრულიად ახალი, მძლავრი ბიძგი მისცა მსოფლიოს ფიზიკოსებს ბირთვული ფიზიკის შესწავლის საქმეში.

1955 წლიდან იგორ ტამი ნაწილაკთა ურთიერთქმედების შესწავლას ორი მიმართულებით შეუდგა. ბირთვული ძალების პრობლემაზე იგორ ტამის პირველი 20 წლის კვლევა ცალმხრივად არ მიმდინარეობდა. იგი ნიადაგ ფიზიკის სხვა პრობლემებითაც იყო გატაცებული. ტამის მეცნიერული კვლევის მრავალფეროვნებაზე ლაპარაკობს დ. მანდელშტამთან ერთად შესრულებული შრომა დროისა და სივრცის განუზღვრელობათა თანაფარდობების აზრის შესახებ კვანტურ მექანიკაში. დაძაბული მეცნიერული შრომის პარალელურად იგორ ტამი დაუღალავად ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობასაც. ტამი ახლო ურთიერთიბაში იყო გამოჩენილდანიელ ფიზიკოსთან ნილს ბორთან. იგორ ტამი შეყვარებული იყო საქართველოზე, იგი ცნობილი იყო როგორც კარგი ალპინისტი და გამოქვაბულების საკითხით დაინტერესებული ადამიანი. იგი მრავალჯერ იყო ნამყოფი საქართველოში და დაწვრილებით ჰქონდა დათვალიერებული ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნავი ადგილები. ტამი განსაკუთრებული სიმპათიით იგონებდა ვარძიას, უფლისციხეს, დავითგარეჯსა და ხევსურეთს.

იგორ ტამი გარდაიცვალა 1971 წლის 12 აპრილს, მოსკოვში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 510-515

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  2. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  3. 3.0 3.1 3.2 Тамм Игорь Евгеньевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. SNAC — 2010.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Munzinger Personen
  7. Mathematics Genealogy Project — 1997.
  8. The Nobel Prize in Physics 1958Nobel Foundation.
  9. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  10. Большая золотая медаль РАН имени М.В.Ломоносоваრუსეთის მეცნიერებათა აკადემია.