აკლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
აკლანი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი კალიბო
შიდა დაყოფა ალტავასი, ბალეტე, ბანგა, ბურუანგა, იბახაი, კალიბო, ლესო (აკლანი), ლიბაკაო, მადალაგი, მაკატო, მალაი (აკლანი), მალინაო (აკლანი), ნაბასი (აკლანი), ახალი ვაშინგტონი (აკლანი), ნუმანსია (აკლანი), ტანგალანი და ბატანი
კოორდინატები 11°40′00″ ჩ. გ. 122°20′00″ ა. გ. / 11.66667° ჩ. გ. 122.33333° ა. გ. / 11.66667; 122.33333
მმართველი Florencio Miraflores
დაარსდა 25 აპრილი, 1956[1]
ფართობი 1821.42 კმ²
მოსახლეობა 615 475 (1 მაისი, 2020)[2]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 36
საფოსტო ინდექსი 5600–5616
ოფიციალური საიტი http://aklan.gov.ph
აკლანი — ფილიპინები
აკლანი

აკლანი (ოფიციალურად აკლანის პროვინცია; ტაგალ. Lalawigan ng Aklan) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს დასავლეთ ვისაიასის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია კალიბო. პროვინცია მოიცავს კუნძულ პანაის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს. სამხრეთ-დასავლეთიდან ანტიკე ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― კაპისი, ხოლო ჩრდილოეთიდან ― სიბუიანის ზღვა და რომბლონი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე აკლანის ხედი

1956 წლის 25 აპრილს პრეზიდენტმა რამონ მაგსაიასაიმ №1414 რესპუბლიკურ აქტს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც აკლანის პროვინცია კაპისის პროვინციას გამოეყო.[3] პროვინციის შემადგენლობაში შევიდა ალტავასის, ბალეტეს, ბატანის, ბანგას, ბურუანგას, იბახაის, კალიბოს, ლესოს, ლიბაკაოს, მადალაგის, მალაის, მაკატოს, მალინაოს, ნაბასის, ნიუ-ვაშინგტონის, ნუმანსიისა და ტანგალანის მუნიციპალიტეტები შედიოდა. პროვინციის ინაუგურაცია 1956 წლის 8 ნოემბერს შედგა. აკლანის პირველ გუბერნატორად ხოსე რას მენესი დაინიშნა, რომელსაც პოსტი 1959 წლის 30 დეკემბრამდე ეკავა. 1960 წელს პირველად გუბერნატორად გოდოფრედო პ. რამოსი აირჩიეს, რომელიც შემდეგსი ვიცე-გუბერნატორმა, ვირგილიო ს. პატრისიომ შეცვალა. 1964-1971 წლებში გუბერნატორის პოსტი ორი ვადით ხოსე ბ. ლეგასპის ეკავა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკლანის პოლიტიკური რუკა

აკლანი კუნძულ პანაის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. სამხრეთ-დასავლეთიდან ანტიკე ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― კაპისი. ჩრდილოეთიდან სიბუიანის ზღვითაა გარშემორტყმული. პროვინციის საერთო ფართობი 1 821.42 კმ²-ია. მოიცავს კუნძულ ბორაკაისაც, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ კიდეში მდებარეობს.

პროვინცია გეოგრაფიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა: რელიეფი თეთრი ქვიჟის პლაჟებს, მანგროსა და მთიან ლანდშაფტებს მოიცავს. პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს მდინარე აკეანი. პროვინციის უმაღლესი წერტილებია: მადი-აკის მწვერვალი (1716 მ) და ნაუსანგის მთა (1566 მ).

აკლანი 17 მუნიციპალიტეტისგან შედგება.[4] პროვინცია ორ საკანონმდებლო რაიონად იყოფა. პირველი რაიონის წარმომადგენელი კარლიტო ს. მარკესია, ხოლო მეორე რაიონის ― ტეოდორიკო ტ. არესკო უმცროსი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატის ტომის ოჯახი კალიბოს საკათედრო ტაძრის წინ

2020 წლის აღწერით, აკლანის მოსახლეობა 615 475 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 340 ადამიანი 1 კმ²-ზე.

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ძირითად მოსახლეობას აკლანები შეადგენენ, რომლებიც ვისაიანურ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. პროვინციის სხვა მოსახლეებს ნეგრიტოსები შეადგენენ, რომლებიც ასევე ცნობილი არიან, როგორც ატის ხალხი. სულოდის ეთნიკური ჯგუფი ნაკლებად ცნობილი ტომია, რომელი ძირითადად პანაის ჰინტერლანდებში ცხოვრობს. პროვინციის ტერიტორიაზე ცხოვრობენ სხვა ვისაიანური ეთნიკური ჯგუფებიც: ჰილიგაინები, კარი-აები და კაპისნები.

2000 წლის მონაცემებით, პროვინციის საერთო მოსახლეობის (450 353 ადამიანი) 96.56%-ს (434 869 ადამიანი) აკლანები შეადგენენ, ჰილიგაინები ― 0.75%-ს (3 375), ტაგალები ― 0.5%-ს (2 271), კანკანაები ― 0.28%-ს (1 281) და სებუანები ― 0.21%-ს (939).[5]

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა აკლანურ ენაზე საუბრობს. მალაინურზე ძირითადად მალაის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საუბრობს, ბურუანგანურზე ― ბურუანგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. ინგლისური და ტაგალური ენა, როგორც ეროვნული ოფიციალური ენები, ადმინისტრაციულ და ბიზნეს საქმიანობაში გამოიყენება.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორაკაის ხედი. ტურიზმი ბორაკაის ეკონომიკის წამყვანი სექტორია

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკლანი პირველი კლასის პროვინციას მიეკუთვნება. პროვინციის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. აკლანში ბრინჯი მოჰყავთ, რომლის პლანტაციების ფართობი 42.218 ჰექტარს უდრის (პროვინციის მთლიანი სასოფლიო-სამეურნეო ტერიტორიის 0.39%).[6]

მთავარ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს შორისაა ქოქოსი. იმ ტერიტორიების ფართობი, რომელზეც ქოქოსია დარგული 32 276 ჰექტარს უდრის: იბახაის მუნიციპალიტეტში ― 4 317 ჰა, ბალეტეში — 2 611 ჰა, ბანგაში ― 2 314 ჰა, მაკატოში ― 2 089 ჰა, ხოლო ალტავასში ― 2 054 ჰა. კოპრას წარმოებით მაკატო ლიდერობს, სადაც ყოველწლიურად 2 770 ტონა მოსავალი მოჰყავთ. მეორე ადგილზეა ბალეტე (2 670 ტონა), ხოლო მესამეზე ― ლიბაკაო (2 400 ტონა). საერთო ჯამში პროვინციასი 25 375 ტონა კოპრას აწარმოებენ.[6]

აკლანის ტერიტორიაზე მოჰყავთ ბანანი,[7] მანგო, ლანგსატი და სხვა მცენარეებიც. პროვინცია სართავი ბანანის მოწინავე მწარმოებელიცაა.[6]

სათევზაო გუბურების საერთო ფართობი 7 807.14 ჰექტარს უდრის.

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. აკლანის პროვინციის ამჟამინდელი გუბერნატორი ფლორენსიო ტ. მირაფლორესია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — რეინალდო მ. კიმპო. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 390 360-ს უდრის (2019).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.chanrobles.com/republicacts/republicactno1414.html#.WMAXzoRJaDI
  2. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  3. Republic Act No. 1414 – An Act to Create the Province of Aklan (25 April 1956). ციტირების თარიღი: 18 March 2016
  4. List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 14 May 2014
  5. Aklan: Population Growth Rate up to 2.05 Percent in 2000; Table 5. Household Population by Ethnicity and Sex: Aklan, 2000 (24 July 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2021.
  6. 6.0 6.1 6.2 Economy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 18 March 2016
  7. Villanueva, Venus G. „Aklan still among top abaca producers in Phl“. The Daily Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-27. ციტირების თარიღი: 18 March 2016. ციტატა: „KALIBO, Aklan – The province of Aklan continues to be one of the country’s top 10 abaca producers, according to Aklan Governor Carlito S. Marquez. Abaca fiber production in Aklan also rose by 50.89 percent in 2011, which reached 1,874,691 kilograms in 2011, with an estimated value of P75 million. Production in 2010 was 1,242,344 kilograms.“