ბატანესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბატანესი
ტაგალ. Lalawigan ng Batanes
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ბასკო
შიდა დაყოფა ბასკო, იტბაიატი, ივანა (ბატანესი), მაჰატაო, საბტანგი და უიუგანი
კოორდინატები 20°35′00″ ჩ. გ. 121°54′00″ ა. გ. / 20.58333° ჩ. გ. 121.90000° ა. გ. / 20.58333; 121.90000
მმართველი მერილუ კაიკო
დაარსდა 1909
ფართობი 219.01 კმ²
მოსახლეობა 18 831 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 78
საფოსტო ინდექსი 3900–3905
300
300
ბატანესის ბორცვები

ბატანესი (ტაგალურ ენაზე: Lalawigan ng Batanes) — არქიპელაგი-პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს კაგაიანის ხეობის რეგიონში. იგი ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე პროვინციაა და უმცირესია როგორც ფართობით, ისე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. პროვინციის დედაქალაქია ბასკო, რომელიც კუნძულ ბატანზე მდებარეობს.

კუნძულთა ჯგუფი მდებარეობს ლუსონიდან დაახლოებით 162 კმ-ით ჩრდილოეთით და ტაივანიდან 190 კმ-ით სამხრეთით. ბატანესი კაგაიანის პროვინციის ბაბუიანის კუნძულებიდან ბალინტანგის არხითაა გამოყოფილი, ხოლო ტაივანიდან ბაშის არხით. მთელი პროვინცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. 2001 წლიდან მთავრობის ბრძანებით, პროვინციაში მუზეუმები და საკონსერვაციო პროგრამები ამოქმედდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინადუმპარანი, ივანატების სახლი, ერთ-ერთი უძველესი სტრუქტურა ბატანესის კუნძულებზე. სახლები იგე კირქვისა და მარჯნებისგან და Imperata cylindrica-ით იხურება

დღევანდელი ივატანები ავსტრანეზიელების შთამომავლები არიან, რომლებიც კუნძულებზე 4 000 წლის წინ, ნეოლითურ ხანაში გადასახლდნენ. ისინი სამკუთხა ფორმის სახლებში, იდჯანგები', ცხოვრობდნენ და შაქრის ლერწმისგან გამოხდილ ღვინოს, პალეკს სვამდნენ. ისინი ვალუტის სახით ოქროს იყენებდნენ და სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. ივატანების წინაპრები კარგი ზღვაოსნები და გემთმშენებლები იყვნენ.

1687 წელს კუნძულზე უილიამ დამპიერის ხელმძღვანელობით ინგლისურ-ნიდერლანდური ექსპედიცია ჩავიდა. იტბაიატს უილიამ III-ს საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი („ორანჟის კუნძული“), ხოლო ბატანს სახელი ეწოდა ჰენრი ფიცროის საპატივცემულოდ („გრაფტონის კუნძული“).[2]

სტრატეგიული მდებარეობის გამო კუნძულები იაპონიის საიმპერიო ძალების თავდასხმის ერთ-ერთი პირველი წერტილი აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროს. 1941 წლის 8 დეკემბერს ბატანის კუნძულებზე ტაივანური სამხედრო ძალები გადასხდნენ და ის პირველი ამერიკული ტერიტორია აღმოჩნდა, რომელიც იაპონელებმა დაიკავეს. შეჭრის მთავარი მიზანი ბასკოს მახლობლად მდებარე პატარა საჰაერო ველის დაცვა იყო, რომელიც იაპონელებმა წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს. მომდევნო დღეს ბასკოელმა იაპონელებმა კლარკის საჰაერო ბაზაზე იერიშში მიიღეს მონაწილეობა. მომდევნო დღეებში იაპონელების მიერ კლარკის საჰაერო ბაზის წარმატებული დაბომბვის შემდეგ ბასკომ მნიშვნელობა დაკარგა და 1941 წლის 10 დეკემბერს საზღვაო სამხედრო ძალები კამიგუინში შეჭრისთვის გადაიყვანეს.[3]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატანესის პოლიტიკური დაყოფა

პროვინციის ფართობი 219.01 კმ²-ია. პროვინცია ათი კუნძულისგან შედგება. იგი ლუსონის სრუტეში, ტაივანსა და ბალინტაგის არხს შორის. კუნძულები ხშირი ტაიფუნების წერტილია და ნაკლებადაა დასახლებული. სამი დიდი კუნძული: ბატანი, იტბაიატი და საბტანგი დასახლებულია.

პროვინციის უკიდურესი ჩრდილოეთი კუნძული, რომელიც ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთი ტერიტორიაცაა კუნძული მავულისია. ჯაჭვის სხვა კუნძულებია: მისანგა, დიტარემი, სიაიანი, დიოგო (ასევე დინემი), ივუჰოსი და დექუი. კუნძულები ლუსონის ვულკანურ თაღს მიეკუთვნება.

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატანესის თითქმის ნახევარი ბორცვებითა და მთიანებითაა დაფარული. ბატანის კუნძულის ჩრდილოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილები მთიანია. იტბაიატის კუნძულზე ფერდობები დასავლეთითაა დახრილი და მთებით ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი სანაპიროებია დაფარული, ხოლო საბტანგის შემთხვევაში მთიანი ტერიტორიები კუნძულის ცენტრალურ ნაწილს ფარავს.

კუნძულები მდებარეობს ბაშინის არხისა და ბალინტანგის არხის წყლებში, სადაც წყნარი ოკეანე ჩინეთის ზღვას უერთდება. კუნძულები მდებარეობს ფილიპინების, იაპონიის, ჩინეთის, ჰონგ-კონგისა და ტაივანის საზღვაო ხაზზე. პროვინციის მხოლოდ 1 631.5 ჰექტარი, 7.1% არის დაბლობი, ხოლო 17 994,4 ჰექტარი, 78.2% მთაგორიანია. პროვინციის რელიეფის გამო დრენაჟი საკმაოდ კარგია და ხანგრძლივი წყალდიდობები არაა დამახასიათებელი. იბტაიატი უფრო დაბალი მთებითა და ნახევარ-ზეგნებითაა დაფარული, რომლებიც ზღვის დონიდან 20-70 მეტრის სიმაღლის კლდეებითაა დაბოლოებული, სანაპირო ხაზების გარეშე. საბტანგის პატარა ვაკე ტერიტორიები მეჩხერადაა გავრცელებული მის სანაპიროებზე, ხოლო მისი ცენტრალური ნაწილი უმეტესწილად ციცაბო მთებითა და ღრმა კანიონებითაა დაფარული. პროვინციის რელიეფი ხედების მრავალფეროვნებას განაპირობებს, მაგრამ ისედაც მცირე პროვინციაში რელიეფის სირთულე სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უშლის.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ბატანესი ტროპიკული კლიმატის რეგიონს მიეკუთვნება. საშუალო წლიური ტემპერატურა 26.0°C-ია (78.8 °F), ხოლო საშუალო თვიური ტემპერატურა 22.0°C (71.6 °F)-დან (იანვარში) 28.5 °C (83.3 °F)-მდე (ივლისში) მერყეობს. ბატანესის კლიმატი სამხრეთ ტაივანის კლიმატის მსგავსია. ნალექიანობა მთელი წლის მანძილზე მაღალია. ყველაზე წვიმიანი თვე აგვისტოა, ხოლო ყველაზე მშრალი თვე - აპრილია. ყველაზე ცივი პერიოდი ნოემბრიდან თებერვლამდეა. ბატანესში ხშირია ტაიფუნები. 2016 წლის სექტემბერში ტაიფუნმა მერანტიმ მთელ პროვინციას გადაუარა.[4]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატანესი იყოფა 6 მუნიციპალიტეტად, რომლებიც 29 ბარანგაის მოიცავენ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოხუცი ივატანი ქალი

2015 წლის მონაცემების თანახმად, ბატანესის მოსახლეობის რაოდენობა 17 246 ადამიანს უდრის, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 79 ადამიანია.

ადგილობრივებს ივატანები ეწოდებათ და პრეისტორიული კულტურული და ლინგვისტური კავშირებით ბაბუიანის კუნძულებზე მცხოვრებ ბაბუანებთან და იამის ხალხთან აქვთ. ბატანესში ძირითადი ენა ივატანურია, რომელზეც ბატანისა და საბტანგის კუნძულების ბინადრები საუბრობენ. იტბაიატის მაცხოვრებლების მშობლიური ენა იტბაიატურია. პროვინციაში დომინირებული ივატანური ენა ავსტრონეზიულ ენებს მიეკუთვნება და დაწყებითი სკოლებიდან დაწყებული, კოლეჯებით დამთავრებული, ფართოდ ისწავლება.[5]

კუნძულების მაცხოვრობელთა უმრავლესობა (94%) რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია.

ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის 15 აგვისტოს ბატანესის ეკოლოგიასთან დაკავშირებით ჩატარებული ფართო გამოკვლევა ბატანესის ლანდშაფტებისა და ზღვის პეიზაჟების დასაცავად ეროვნული პარკის შექმნისთვის აუცილებელ სამეცნიერო საფუძველს წარმოადგენს.[6] მთლინი პროვინცია ნეგროსის ცენტრალურ ნაწილთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემვკიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.[7]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატანესის პროვინციაში მოხვედრა შესაძლებელია ბასკოს აეროპორტისა და იტბაიატის აეროპორტის მეშვეობით. კუნძულების მიმართულებით მანილიდან კვირასი სამჯერ ახორციელებს ფრენებს SkyJetAir, ხოლო ტუგეგარაოდან ფრენებს ადგილობრივი მცირე ავიაკომპანიები ახორციელებენ. 2013 წლის 1 მაისისდან ბატანესის მიმართულებით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ფრენები ხორციელდება PAL Express-ის მიერაც.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. (2013) 4000 Years of Migration and Cultural Exchange (en). ANU Press. ISBN 9781925021271. 
  3. The First Landings. ციტირების თარიღი: 18 March 2014.
  4. Clark, Steven (14 September 2016). „Eye of typhoon Meranti passes over Philippines' Itbayat“. Channel NewsAsia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 14 September 2016.
  5. www.BatanesOnline.com დაარქივებული 2007-12-12 საიტზე Wayback Machine.
  6. Final Report Batanes Biodiversity Survey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
  7. Centre, UNESCO World Heritage. UNESCO World Heritage Centre - Tentative Lists. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
  8. Airphil Express flies Manila to Basco (Batanes) starting May 2013. ციტირების თარიღი: 31 March 2018.