ტავი-ტავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტავი-ტავი
დროშა გერბი
Tawi-Tawi Flag.png Official Seal of Tawi-Tawi.svg

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Bongao, Languyan, Mapun, Panglima Sugala, Sapa-Sapa, Sibutu, Simunul, Sitangkai, South Ubian, Tandubas და კუს კუნძულები (ტავი-ტავი)
კოორდინატები 5°12′00″ ჩ. გ. 120°05′00″ ა. გ. / 5.20000000° ჩ. გ. 120.08333333° ა. გ. / 5.20000000; 120.08333333
მმართველი Yshmael Sali
დაარსდა 1973
ფართობი 1087.40 კმ²
ოფიციალური ენა Sama
მოსახლეობა 440 276 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 68
საფოსტო ინდექსი 7500–7509
ოფიციალური საიტი http://www.tawitawi.gov.ph/
ტავი-ტავი — ფილიპინები
ტავი-ტავი

ტავი-ტავი (ტაგალ. Lalawigan ng Tawi-Tawi) ― კუნძულოვანი პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს მუსლიმური მინდანაოს ბანგსამოროს ავტონომიურ რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ბონგაო.[2]

ტავი-ტავი ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე პროვინციაა. საზღვაო საზღვარი მალაიზიის შტატ საბაჰთან და ინდონეზიის პროვინცია ჩრდილოეთ კალიმანტანთან გადის. პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთით სულუს პროვინცია მდებაროებს. ტავი-ტავის შემადგენლობაში შედის ჩრდილო-დასავლეთით სულუს ზღვაში მდებარე კუნძულებიც. საბაჰიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს მაპუნი და კუს კუნძულები.

1973 წლამდე მუნიციპალიტეტები, რომლებიც ამჟამად ტავი-ტავის პროვინციის შემადგენლობაშია, სულუს იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციას სახელი მთავარი კუნძულის შესაბამისად ეწოდა. კუნძულის სახელწოდება მომდინარეობს ჯავი-ჯავიდან, რაც მალაიურ ენაზე ბანიანის ხეს აღნიშნავს,[3] რომელიც კუნძულზე უხვად ხარობს.[4] ადრეულ ესპანურ ჩანაწერებში კუნძული მოხსენიებულია, როგორც ტაუიტაუი,[5] ტავი-ტავი (Tavi-Tavi) და ტავიტავი (Tavitavi).[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტავი-ტავი უძველეს ხანაშივე დასახლებული იყო ადამიანებით, რაზეც არქეოლოგიური ნაშთებიც მეტყველებს. ნახშირბადის შემცველობის მიხედვით, ადამიანები აქ ჯერ კიდევ ძვ.წ. 6800-3190 წლებში ცხოვრობდნენ. ბოლობოკის კლდოვანი თავშესაფრის გამოქვაბულის არქეოლოგიურ საიტზე აღმოჩენილია ძვლები, ნამარხი ნაშთები და სხვა არტეფაქტები, რის გამოც 2017 წელს მთავრობამ არქეოლოგიური საიტი მნიშვნელოვან კულტურულ საგანძურად გამოაცხადა.

წლების მანძილზე ტავი-ტავის ტერიტორიაზე ძირითადად სამას ეთნიკური ტომები ცხოვრობდნენ. ზოგიერთ კუნძულზე საუკუნეების წინანდელი საკრძალავი ადგილებია აღმოჩენილი.[7][8]

1380 წელს ფილიპინების მასშტაბით პირველი მეჩეთი, შეიხ ქარიმოლ მახდუმის მეჩეთი არაბმა ვაჭარმა და მისიონერმა, მახდუმ ქარიმმა დააარსა. მახლობელი ტერიტორიების მოსახლეობა ისლამზე მოექცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სულუს პროვინციის მახლობლად სულუს სასულთნო ჩამოყალიბდა. ტაუსუგებისგან განსხვავებით, სამას ტომებმა ანიმისტური წარმოდგენების ნაწილი შეინარჩუნეს.[9]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანგუანი, პროვინციის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძული

ტავი-ტავი ფილიპინების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, სულუს ზღვასა და სულავესის ზღვას შორის. პროვინცია სულუს არქიპელაგის შემადგენლობაშია და მოიცავს ტავიტავის კუნძულსა და 106 პატარა კუნძულს, რომლებიც გარს არტყია. საერთო ფართობი 1 087.4 კმ²-ია. მთავარი კუნძულის ფართობი 580.5 კმ²-ია. არქიპელაგის ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძულია პანგუანი, რომელიც ფილიპინები-მალაიზიის საზღვართან მდებარეობს.

ტავი-ტავიში ორი სეზონი გამოიყოფა: წვიმების სეზონი და მშრალი სეზონი. პროვინციაში ძირითადად ზომიერი კლიმატია. ყველაზე ნალექიანი პერიოდი აგვისტოდან ნოემბრამდეა. წელიწადის დარჩენილი პერიოდი ძირითადად მშრალია და იშვიათად წვიმს.

ბიოგეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის მთავარ კუნძულზე ხერხემლიანებისა და უხერხემლოების არაერთი ენდემური სახეობა ბინადრობს და სხვადასხვა ჯიშის მცენარეები ხარობს, რომლებიც უნიკალურია ამ ჰაბიტატისთვის. მათ შორისაა: ტავიტავის ყავისფერი მტრედი, სულუს რქაცხვირა და ტავიტავის მიწის მტრედი.

უკანასკნელ წლებში ადამიანთა დასახლებების ფართობის ზრდამ ტყის ზონაში სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის ტყეების მასების შემცირებასთან ერთად ენდემური სახეობების უმრავლესობის ჰაბიტატი მნიშვნელოვნად შეამცირა და ამჟამად სახეობათა ნაწილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფადაა აღიარებული.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტავი-ტავის ადმინისტრაციული დაყოფა

ტავი-ტავი 11 მუნიციპალიტეტისგან შედგება, რომლებიც 2 საკანონმდებლო რაიონად იყოფა. პროვინცია 203 ბარანგაისგან შედგება. დედაქალაქია ბონგაო. ლანგუიანის მუნიციპალიტეტი პრეზიდენტმა მარკოსმა შექმნა ამბოხებულთა მეთაურის, ჰადჯირილ მატბასთვის, რომელიც მთავრობას 1970-იან წლებში შეუერთდა. პროვინციის უკიდურესი ჩრდილოეთი მუნიციპალიტეტია მაპუნი, რომელსაც წარსულში კაგაიან-დე-ტავი-ტავი და კაგაიან-დე-სულუ ეწოდებოდა. სიმუნულის მუნიციპალიტეტში ფილიპინების უძველესი მეჩეთი მდებარეობს. სიტანგკაი ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში მდებარე მუნიციპალიტეტია. პროვინციის შემადგენლობაში შედის კუს კუნძულებიც, რომელიც კუების თავშესაფარი და დაცული ტერიტორიაა.

ტავი-ტავის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი სულუს არქიპელაგის კუნძულებზე მდებარეობს, რომელთაგანაც ორი: მაპუნი და კუს კუნძულები სულუს ზღვაში მდებარეობს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 440 276 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 400 ადამიანი კმ²-ზე. პროვინციის მკვიდრთა უმრავლესობა სამას კულტურულ-ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება.[10]

პროვინციის ლინგვა-ფრანკა ტაუსუგის ენაა, სულუს არქიპელაგის სხვა პროვინციების მსგავსად. მოსახლეობის ნაწილი სამას ენაზე საუბრობს. მოსახლეობის 99% ისლამის მიმდევარია, 0.7% კი ქრისტიანია. პროვინციის მუსლიმანი მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტია. ისინი შაფი'ის მაზჰაბის მიმდევრები არიან.

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. 2021 წლისთვის ტავი-ტავის პროვინციის გუბერნატორი იშმაელ ი. სალია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — მაიკლ კ. აჰაჯა. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში პროვინციის წარმომადგენელი რაშიდინ ჰ. მატბაა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Batasang Pambansa ng Pilipinas. (4 April 1979) Batas Pambansa Bilang 24 - AN ACT TRANSFERRING THE PROVINCIAL CAPITAL OF TAWI-TAWI FROM BATO-BATO TO BONGAO, AMENDING SECTION TWO OF PRESIDENTIAL DECREE NUMBERED THREE HUNDRED TWO. ციტირების თარიღი: 12 August 2016
  3. Crawfurd, John (1852). A Grammar and Dictionary of the Malay Language: With a Preliminary Dissertation, Volume 2. Smith, Elder & Co., გვ. 59. 
  4. United States Congress (1907). Congressional edition, Volume 5113. United States Government Printing Office. 
  5. Combes, Francisco (1667). Historia de las islas de Mindanao, Jolo y sus adyacentes. Herederos de Pablo de Val.. 
  6. რედ. Pio A. De Pazos y Vela-Hidalgo: Jolo, Relato Historico-Militar: Desde Su Descubrimiento Por Los Espanoles en 1578 A Nuestros Dias (1879). Imprenta y Estereotipia de Polo. 
  7. Peralta, Jesus T. (1980). „Southwestern Philippine Art“. Anthropological Papers (National Museum (Philippines)) (7): 32–34.
  8. Baradas, David B. (1968). „Some Implications of the Okir Motif in Lanao and Sulu Art“ (PDF). Asian Studies. 6 (2): 129–168. S2CID 27892222. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2019-01-29. ციტირების თარიღი: 2021-12-01. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  9. Clifford Sather (2006). "Sea Nomads and Rainforest Hunter-Gatherers: Foraging Adaptations in the Indo-Malaysian Archipelago - The Sama-Bajau", The Austronesians: Historical and Comparative Perspectives. ANU E Press, გვ. 257–264. ISBN 9781920942854. 
  10. Tawi Tawi. Encyclopædia Britannica, Inc.. ციტირების თარიღი: 29 August 2014