შინაარსზე გადასვლა

ბასილანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბასილანი
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა ლამიტანი, მალუსო, ლანტავანი, სუმისიპი, ტუბურანი, ტიპო-ტიპო, ტაბუან-ლასა, უნგკაია-პუკანი, ალ-ბარკა, ჰაჯი-მოჰამად-ახული, აკბარი, ჰაჯი-მუჰთამადი და ისაბელა (ბასილანი)
კოორდინატები 7°00′00″ ჩ. გ. 122°00′00″ ა. გ. / 7.00000° ჩ. გ. 122.00000° ა. გ. / 7.00000; 122.00000
მმართველი Hadjiman S. Hataman-Salliman
დაარსდა 27 დეკემბერი, 1973[1] და 16 ივნისი, 1948[2]
ფართობი 1327.23 კმ²
მოსახლეობა 426 207 (1 მაისი, 2020)[3]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 62
საფოსტო ინდექსი 7300–7306
ოფიციალური საიტი http://www.basilan.gov.ph/
ბასილანი — ფილიპინები
ბასილანი

ბასილანი (ოფიციალურად ბასილანის პროვინცია; ) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს მუსლიმური მინდანაოს ავტონომიურ რეგიონში. კუნძული ბასილანი სულუს არქიპელაგის უდიდესი კუნძულია და უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ზამბოანგის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროსთან.[4][5]

ბასილანის ყოფილი პროვინციული დედაქალაქი და შემადგენელი ქალაქი ისაბელა ბასილანის პროვინციული მთავრობის დაქვემდებარებაშია, თუმცა ადმინისტრაციულად ზამბოანგის ნახევარკუნძულის რეგიონის შემადგენლობაშია და სტატისტიკურად დამოუკიდებელ ერთეულად ითვლება. პროვინციის ამჟამინდელი დედაქალაქი ლამიტანია. მიუხედავად ამისა, პროვინციული კაპიტოლიუმი და სამთავრობო ოფისები კვლავ ისაბელაში მდებარეობს.[6]

ბასილანში სამი მთავარი ეთნოკულტურული ჯგუფი გამოიყოფა: ადგილობრივი იაკანები და შემდგომ დასახლებული ტაუსუგები და ჩავაკანოები. იაკანები და ტაუსუგები მეტწილად მუსლიმანები არიან, ხოლო ჩავაკანოები ― ქრისტიანები. პროვინციაში რამდენიმე პატარა ეთნიკური ჯგუფიც ცხოვრობს. ოფიციალური ენების, ინგლისურისა და ტაგალურის გარდა, ადგილობრივი ენაა იაკანური, ხოლო ლინგვა ფრანკა - ჩავაკანოა.

შემოსავლების მიხედვით ბასილანი მე-3 კლასის პროვინციას მიეკუთვნება. ფილიპინების მასშტაბით ბასილანში სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (საერთო მოსახლეობის 26.19%). ამ მაჩვენებლით ფილიპინების პროვინციებს შორის მე-20 ადგილზეა (მაგინდანაოში სიღარიბის მაჩვენებელი 44.24%-ია). ეროვნული მასშტაბით ბასილანი მესამე ადგილზეა მდიდარი და ღარიბი მოსახლეობის შემოსავლებს შორის სხვაობით. ჯინის კოეფიციენტი 0.2826-ს უდრის და მცირედით აღემატება პამპანგის, ბულაკანის, ნუევა-ესიხას, ტარლაკის, კავიტეს, ბატანესისა და ბატანგასის მაჩვენებელს.

ბასილანის ჩრდილოეთით ბასილანის სრუტე მდებარეობს, ჩრდილო-დასავლეთითა და დასავლეთით ― სულუს ზღვა, ჩრდილო-აღმოსავლეთით ― მოროს ყურე, ხოლო სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით ― სულავესის ზღვა.

ბასილანი სულუს არქიპელაგის უდიდესი და უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კუნძულია. პროვინცია ფილიპინების კუნძულებს: მინდანაოსა და ბორნეოს შორის მდებარეობს. ბასილანის სრუტე ყველაზე ვიწრო ნაწილში 17 საზღვაო მილის სიგრძისაა და კუნძულ ბასილანს მინდანაოსა და ზამბოანგის პორტისგან გამოყოფს. კუნძულის რელიეფი მარტივია. ურბანული ტერიტორიები ზღვის დონიდან 2.5 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო ჰინტერლანდისკენ 300 მეტრამდე იზრდება.

პროვინცია კუნძულ ბასილანსა და მრავალ მახლობელ კუნძულს მოიცავს. მთავარი კუნძულის დასავლეთით პილასის კუნძულთა ჯგუფი მდებარეობს, ხოლო სამხრეთით ― ბუბუანისა და ტაპიანტანის კუნძულთა ჯგუფი. პროვინცია ცუნამების საშუალო რისკის ქვეშაა. პროვინციის საერთო ფართობი 132 723 ჰექტარია. კუნძულ ბასილანის ფართობი 1 265.5 კმ²-ია, ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე 169.8 კმ-ს უდრის.[7]

ქალაქ ისაბელას, ლამიტანის, ტიპო-ტიპოსა და სუმისიპის მუნიციპალიტეტებს შორის მდებარე ტყის აღმოსავლეთ ნაწილში ბასილანის ეროვნული პარკი მდებარეობს. პარკი ზღვის დონიდან 971 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ბასილანის კლიმატი ზამბოანგის ნახევარკუნძულის სხვა ტერიტორიების მსგავსია. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 1 100 მმ-ია, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურა 26.6 °C (79.9 °F). ნალექების განაწილებაზე სამხრეთ-დასავლეთის მუსონები და ინტერტროპიკული კონვერგენციის ზონაში მდებარეობა ახდენს გავლენას. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ბასილანი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს.

ბასილანი ტაიფუნის ჯაჭვის გარეთ მდებარეობს. მარტიდან მაისამდე პერიოდი ცხელი და მშრალია, საშუალო ტემპერატურა 22 °C-ს (72 °F) უდრის. ივნისიდან ოქტომბრამდე პერიოდი წვიმიანია. ნოემბრიდან თებერვლამდე გრილა და ტემპერატურა 22°C-დან (72 °F) 28 °C-მდე მერყეობს (82 °F). საშუალო წლიური ტენიანობის მაჩვენებელი 77%-ია.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბასილანისა და მიმდებარე კუნძულების ტოპოგრაფიული რუკა

ბასილანი 11 მუნიციპალიტეტსა და 2 ქალაქს მოიცავს.

კუნძულ ბასილანის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქი ისაბელა მდებარეობს. ისაბელა შემადგენელი ქალაქი და პროვინციის ყოფილი დედაქალაქია (1975-2017). ქალაქის მოსახლეობა პროვინციული მოხელეების არჩევნებში მონაწილეობს, გადასახადებს ინაწილებს და პროვინციის ადმინისტრაციული მომსახურებებისა და ფუნქციების უზრუნველსაყოფად ბასილანის იურისდიქციის ქვეშაა. რეგიონული მომსახურებების უზრუნველსაყოფად ქალაქი ზამბოანგის ნახევარკუნძულის რეგიონის შემადგენლობაშია, მაშინ, როცა ბასილანის დანარჩენი ნაწილი მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონის შემადგენლობაში შედის.

წარსულში ბასილანი დასავლეთ მინდანაოს (ზამბოანგის ნახევარკუნძულის ყოფილი სახელწოდება) შემადგენლობაში იყო მოქცეული, თუმცა პლებისციტის დროს მოსახლეობის უმრავლესობამ პროვინციის მუსლიმური მინდანაოს ავტონომიურ რეგიონში გაეწვრიანებას დაუჭირა მხარი, გარდა ქალაქ ისაბელას მაცხოვრებლებისა. თავდაპირველად ქალაქს პასანგენი ეწოდებოდა. ისაბელაშ დღემდე განთავსებულია ბასილანის პროვინციული კაპიტოლიუმი, აღმასრულებელი ხელისუფლების რეზიდენცია, აღმასრულებელი ხელისუფლების განყოფილებების ოფისები და მეზობელი მუნიციპალიტეტების მუნიციპალური ოფისები. 1848 წელს ქალაქს ოფიციალურად ეწოდა ისაბელა-დე-ბასილანი, ესპანური ფორტის, ფორტ-ისაბელა-სეგუნდას შესაბამისად. ამ უკანასკნელმა კი სახელწოდება ესპანეთის დედოფალ ისაბელა II-ის პატივსაცემად მიიღო. 1973 წელს ქალაქს მუნიციპალიტეტის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2001 წლის 25 აპრილს კვლავ ქალაქი ისაბელა ეწოდა.

ადგილობრივი მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისაბელა, ლამიტანი და მალუსო

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ბასილანის პროვინციის ამჟამინდელი გუბერნატორი ჰჯიმან ს. ჰატამან-სალიმანია , ხოლო ვიცე-გუბერნატორი — იუსოპ ტ. ალანო. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში პროვინციის წარმომადგენელია მუჯივ ს. ჰატამანი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Presidential Decree No. 356
  2. Republic Act No. 288
  3. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  4. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-11. ციტირების თარიღი: 2021-11-07.
  5. ARMM to put up new Basilan capitol.
  6. Basilan Province Official Website - Contact us en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-24. ციტირების თარიღი: 2021-06-22
  7. Islands of Philippines. Island Directory. United Nations Environment Programme. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 20 August 2014