მიმაროპა
მიმაროპა | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
ადმ. ცენტრი | კალაპანი | |
შიდა დაყოფა | მარინდუკე, დასავლეთი მინდორო, აღმოსავლეთი მინდორო, პალავანი (პროვინცია), რომბლონი და პუერტო-პრინსესა | |
კოორდინატები | 10°40′00″ ჩ. გ. 119°30′00″ ა. გ. / 10.66667° ჩ. გ. 119.50000° ა. გ. | |
დაარსდა | 17 მაისი, 2002[1] | |
ფართობი | 29620.90 კმ² | |
მოსახლეობა | 3 228 558 (1 მაისი, 2020)[2] | |
| ||
მიმაროპა (ფილიპინების სამთავრობო საბუთებში დიდი ასოებით იწერება; ოფიციალურად ცნობილი როგორც სამხრეთ-დასავლეთ ტაგალოგის რეგიონი)[3] — ადმინისტრაციული რეგიონი ფილიპინებში. 2016 წლამდე IV-B რეგიონი ეწოდებოდა. ფილიპინების ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელსაც სხვა რეგიონებთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს (მეორე აღმოსავლეთი ვისაიასის რეგიონია). რეგიონის სახელწოდება აკრონიმია და შემადგენელი პროვინციების პირველი მარცვლებისგან შედგება: მინდორო (იყოფა ორ ნაწილად: აღმოსავლეთი მინდორო და დასავლეთი მინდორო), მარინდუკე, რომბლონი და პალავანი.
რეგიონი ადრე სამხრეთ ტაგალოგი შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც 2002 წლის 17 მაისს გაუქმდა.[4] 2005 წლის 23 მაისს 429-ე აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე პალავანი და მაღალურბანიზებული ქალაქი პუერტო-პრინსესა დასავლეთ ვისაიასის რეგიონს მიეკუთვნა.[5] იმავე წლის 19 აგვისტოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, გლორია მაკაპაგალ-აროიომ ხელი მოაწერა 129-ე ადმინისტრაციულ ბრძანებას, რომელიც 429-ე აღმასრულებელი ბრძანების გადახედვას ითვალისწინებდა.[6] 2016 წლის 17 ივლისს 10879-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა სამხრეთ-დასავლეთ ტაგალოგის რეგიონი, რომელსაც მიმაროპა ეწოდა და IV-B რეგიონი ჩაანაცვლა. სახელწოდების ცვლილებას ტერიტორიული ცვლილებები არ მოჰყოლია.[3]
მიმაროპის რეგიონული ცენტრი კალაპანია, თუმცა რეგიონული სამთავრობო ოფისები, როგორებიცაა საზოგადოებრივ საქმეთა და მაგისტრალთა დეპარტამენტი[7] და ბიუჯეტისა და მენეჯმენტის დეპარტამენტი, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში, კესონ-სიტიშია განთავსებული.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის 17 მაისს 103-ე აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად მიმაროპის რეგიონი კალაბარსონთან ერთად შეიქმნა როგორც IV რეგიონი (სამხრეთი ტაგალოგი). IV-B რეგიონის შემადგენლობაში სამხრეთ ტაგალოგის კუნძულოვანი პროვინციები შევიდა: მინდორო (აღმოსავლეთი და დასავლეთი მინდორო), მარინდუკე, რობლონი და პალავანი. IV-A რეგიონს კალაბარსონი ეწოდა.[4]
2005 წლის 23 მაისს, 429-ე აღმასრულებელი ბრძანების თანახმად პალავანის პროვინცია დასავლეთ ვისაიასის რეგიონის შემადგენლობაში შევიდა,[5] რის შემდეგაც IV-B რეგიონს მიმარო ეწოდა. კანონის მიღებას პალავანის მოსახლეობის კრიტიკა მოჰყვა და რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ ძველ რეგიონს მიეკუთვნა. 2016 წლის 17 ივლისს 10879-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა სამხრეთ ტაგალოგის რეგიონი, მიმაროპა.[3]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წელს მიმაროპის ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი იყო.[8][8] ინდუსტრიული სექტორის მაჩვენებელი 2006 წელს 6.1%-დან 19.1%-მდე გაიზარდა.[8]
2007 წლისთვის რეგიონული ეკონომიკის 42.1% სოფლის მეურნეობაზე, სატყეო საქმესა და თევზჭერაზე მოდიოდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.1%-ით გაიზარდა. სოფლის მეურნეობისა და თევზის რეწვის სექტორების განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ბრინჯის, სიმინდისა და სხვა მარცვლეულის, პირუტყვისა და თევზის რეწვის მოცულობის ზრდამ.
მიმაროპოს რეგიონული ცენტრი კალაპანია, რომლის ეკონომიკაშიც წამყვანი დარგები სოფლის მეურნეობა და თევზჭერაა. ქალაქის წლიურ შემოსავალში დიდი ადგილი უკავია სამანქანო მრეწველობასა და ტურიზმს, რის გამოც იგი ბოლო ათწლეულში ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია. სპეციალური განვითარების სივრცის დაარსების შემდეგ, განსაკუთრებით მსუბუქი მრეწველობის ეკოზონისა, რომელიც ურბანული განვითარების ტერიტორიაზეა განლაგებული, ქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდა. კალაპანი ფილიპინების ეკონომიკაშიც წამყვან როლს ასრულებს, რადგანაც ქვეყანაში საკვების მწარმოებელი ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონსა და ლუსონის დიდი ნაწილში ბრინჯის მთავარი ექსპორტიორია, რის გამოც სასოფლო-სამეურნო-პროგრესირებად და ურბანიზებულ ქალაქად ყალიბდება. ხუთი მთავარი პროდუქტია: ბრინჯი, ციტრუსები, ბანანი, რამბუტანი და ლანგსატი (Lansium parasiticum), ხოლო ხუთი მთავარი ინდუსტრია: ვაჭრობა, ტურიზმი, მომსახურების სფერო, საზღვაო და აკვაკულტურა და საკვების დამუშავებაა.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიმაროპაში არაერთი ტურისტული დანიშნულების ადგილი მდებარეობს: ბათჰალის გამოქვაბული, ბალანაკანის ყურე და ტრე-რეიესის კუნძულები მარინდუკეს პროვინციაში; თეთრი კუნძული მინდოროში; სან-ანდრესის ფორტი, გუიტინგ-გუიტინგის მთა და ბონბონის პლაჟი რომბლონში; პუერტო-პრინსესის მიწისქვეშა მდინარის ეროვნული პარკი და ელ-ნიდოს საზღვაო დაცული ტერიტორია პალავანზე.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიმაროპა 5 პროვინციას, 1 მაღალურბანიზებულ ქალაქს (პუერტო-პრინსესა),[9] 1 შემადგენელ ქალაქს (კალაპანი), 71 მუნიციპალიტეტს და 1 458 ბარანგაის მოიცავს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mimaropa, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Executive Order No. 103, s. 2002
- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ 3.0 3.1 3.2 An Act establishing the Southwestern Tagalog Region, to be known as the MIMAROPA Region. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 11, 2017. ციტირების თარიღი: January 4, 2017
- ↑ 4.0 4.1 Executive Order No. 103: Dividing Region IV into CALABARZON Region and MIMAROPA Region, Transferring the Province of Aurora to Region III and for Other Purposes. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 18, 2016. ციტირების თარიღი: November 1, 2014
- ↑ 5.0 5.1 Executive Order No. 429: Providing for the Reorganization of Administrative Region VI to Include the Province of Palawan and Puerto Princesa City. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 31, 2016. ციტირების თარიღი: November 1, 2014
- ↑ "Administrative Order no. 129" დაარქივებული February 19, 2006, საიტზე Wayback Machine. . National Statistical Coordination Board. Retrieved on March 22, 2011.
- ↑ Region IV-B Directory: Regional Office Directory. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 2, 2012. ციტირების თარიღი: November 2, 2014
- ↑ 8.0 8.1 8.2 NSCB - 2007 Gross Regional Domestic Product. National Statistical Coordination Board (July 28, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 20, 2009. ციტირების თარიღი: May 18, 2009
- ↑ „Puerto Princesa to hold plebiscite simultaneous with May 14 elections“ (პრეს-რელიზი). Philippine Information Agency. April 27, 2007.
|
|